 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 11 ივნისი, 2025 |
შეშის ღუმელიდან გამოსულ გრძელ მილებს შორის შავმა სითხემ გზა იპოვნა და ნაპრალიდან გამოჟონა. წითლად შეღებილმა კიბემ მურისფერი ნაშხეფარი მონდომებით დაიხატა. იმ იმედით აღსავსემ, რომ დედაჩემის მზერა მთელი უბედურების წამიერი გაცნობიერებასავით მყისვე განგაშს ატეხდა დაღლილ-დაქანცული დიასახლისის ნერვულ სისტემაში, კიდევ მრავალჯერ შეუშვირა წითლად მოცინარი უსულო სახე ცხელი მურის შავ წვეთებს. როცა ეს სახლი აშედა, საღებავების ყიდვისას ფერთა გართო გამაზე არ უფიქრიათ ბებიაჩემსა და პაპაჩემს. თავისებურები იყვნენ. მინიმალიზმის დამახინჯებული და წარუმატებული პროდუქტი უფრო შეეფერება მათ ხასიათს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეპითეტი. ერთი-მეორის მიყოლებით შეწყვიტეს სუნთქვა. ჯერ მამრმა გაიკვალა სიკვდილის უღრანი ტყეები ჯენტლმენურად და ერთი წლის ინტერვალში ნაზი და ფაქიზი ბებიაჩემიც მიჰყვა. თითქოს იმ ქვეყნად, ვიღაც ახალ დაწყვილებულებს შვილები ეყოლათ და ისინი კვლავაც ერთად არიან. ამჯერად ერთმანეთით დატკბებიან, როგორც და-ძმა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნეს, ზუსტად ამაზე აუფორიაქდა ორივეს სიბერე შეპარული გულები და იმავე გულებით გადაწყვიტეს, რომ ჯვარი დაეწერათ, რადგან პირზე დუჟის მოდგომის შემდეგ მზე და მთვარესავით ტრაგიკული ბედი არ გაეზიარებინათ. მახსოვს, ძლივს აბობღდა პაპაჩემი საკურთხევლის წინ რამდენიმე სანტიმეტრით ამაღლებულ პოდიუმის მსგავს რაღაცაზე, რომელზეც სხვა დროს მღვდელი პოზიორობდა ხოლმე. მე მივეხმარე ფეხის ადგმაში. მაშინ გავიქფიქრე, რომ ძალიან უნდოდათ ერთად ყოფნა. ალბათ-მეთქი ფიქრების პაუზას ესეც მივაყოლე ბანქოს კარტებივით. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა მესმის მათი გადაწყვეტილებისა. მონატრების ტკივილები უკვე დამეწყო. კიბეზე ვამბობდი... ძალიან ბევრი წითელი საღებავი იყიდეს მაშინ და მაგოტომაც არის, რომ მთელი სახლი სააღდგომოდ შეღებილი კვერცხებივით სისხლისფრად ბრდღვიალებს. მაგრამ ბრდღვიალი გადაჭარბებული ნათქვამია იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მთვარისა ზარმაცობს. *** რომ დავიბადე, თავის ზომაზე დიდი პერანგი ეცვა და როგორც გამოუცდელი მოცეკვავე, მღელვარე მიმიკებით შენიღბული ადგამდა არეულ ნაბიჯებს. ქაოტური ბოდიალი და ზურგზე ამობურცული, ხერხემლის გასწვრივ წარმოქმნილი გრძელი ნაკეცი იმ აკორდს ჰგავდა, რომლის გაჟღერება მამაჩემს არასდროს გამოსვლია. ჩემთვის არაერთხელ მოუყოლიათ, რა ხდებოდა სახლში, როცა ყველა სადღაც მიდიოდა და რჩებოდა მხოლოდ მამაჩემი. შავი პიანინო მონადირის გასროლილი ტყვიით დაჭრილივით სიკვდილს ჩაჰყურებდა წყვდიადისფერ თვალებში და ხმას იხლეჩდა უკიდურესი შეძრწუნებისგან. ღრიალებდა უკანასკნელი ამოსუნთქვებით, ვიდრე მამაჩემს არ მობეზრდებოდა პირველი ოქტავის ბოხი და მბრძანებლური ბგერების სმენა. სულ ცდილობდა, რომ იმ წიკვინა ხმების გამომწვევი კლავიშებიც ჰარმონიულად შეეპარებინა მარცხენა ხელით აჟღრიალებულ უწესრიგო მუსიკისთვის, მაგრამ არასდროს, საერთოდ არასდროს მოსწონდა, რასაც უკრავდა. ჩემი აზრით, შექმნის პრობლემა ჰქონდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ: მისი სპერმა საჭირო ადგილას მოხვდა და მერე მე დავიბადე. ის ნაკეცი სხვა არაფერი იყო, თუ არა ღმერთის მცდელობა, ჯერ ხერხემალი ამოეძვრინა მამაჩემის სხეულიდან და შემდეგ - ერთი ნეკნი მოეცილებინა ახალი სუნთქვის დასაწყებად. მე მეკუთვნოდა ის ახალი სუნთქვა და რაკი განწირული ვიყავი იმისათვის, რომ მეცოცხლა, ალბათ ამიტომაც გავიმარჯვე ღმერთის წამოწყებულ თამაშში და დედამიწამ კიდევ ერთი, სათესლე ჯირკვლებიანი ადამიანი შეიმატა. შავი პიანინო შემიყვარდა. დაშალეს. მეტკინა. მივხვდი, რომ სიყვარული აუცილებლად მატკენდა და გულგრილობას შევაფარე თავი. თუ საკუთარ თავს ვერ ვჯაბნიდი და მაინც მიყვარდებოდა, ყველა ემოციურ დამოკიდებულებას ისე ვუყურებდი, როგორც სასიკვდილო განაჩენს და ნელ-ნელა ზიზღით მავსებდა ნათელი და ლამაზი ფერები სამყაროში. ჩუმად მიყვარდა ყოველთვის. ჩუმად მტკიოდა მუდამ. ჩუმად ვტიროდი ღამე მთვარესთან და ჩუმად მიხაროდა გრანდიოზული ამბები ჩემს თავს. არასდროს გამომლევია სიხარული. შიგნიდან შავს - ბედნიერი ღიმილი მანათებდა. ერთხელ მეზობელმა მითხრა, არ დამავიწყდება შენი ღიმილიანი მოსალმებებიო. გამახსენდა, საყვარელი რომ ვიყავი იმ ხანებში, როცა მეზობლებისთვის გამარჯობის თქმა სასიცოცხლო ძალებს არ მართმევდა.
*** მომხიბვლელი ღამეა. სიბნელიდან ხანდახან ზოგიერთი ფრინველის ლაღი ხმაური ისმის და მთვარეს ნახევრად ეღიმება, რადგან ბრწყინვალებისგან გაძარცვული დანარჩენი ნაწილი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი ფერით აქვს მზაკვრულად ჩამუქებული. ან თავად მოიპარა ის კაშკაშა ფერი, რომლითაც ახლა მიელვარებს თავის ალესილ, კალათის ფორმის კბილებს, სადაც ჩემი სევდაც ეტევა და კიდევ მილიონობით ადამიანისაც. გროვდება ყველა ჩუმი ოცნება ამ კალათაში, რომელიც უძირო აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმის ფსიქოლოგად შექმნილი ღამის მნათობის ჩუმ სარწეველაში და, ალბათ, არასდროს აივსება იმ კრიტიკულ ზღვრამდე, როდესაც ვულკანებივით მთქნარების გარეშე მოუწევს გაღვიძება. მჯერა, შორსაა ეს წითელი ხაზები და ისევე ვერ დასანახი, როგორც შეიძლება, რომ ასტრონავტის მზერამ ვერ დასაზღვროს კოსმოსის უსასრულობა. თვალთმაქცია მთვარე და საშინელი მსმენელი. რაც მეტს უყვები, უფრო ღრმას ხდის მტანჯველ წყლულებს. არ იცინის. მზისკენ მიშვერილი ტრაკი ან სახე უბზინავს და მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ჩვენამდე მოაღწიოს, რადგან მთვარე ღმერთი არ არის და ვერ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად არსებობს, თუკი თვალებს არ ავაპყრობთ ღამის მომნუსხველ სილამაზეში ბოროტი განზრახვებით შემოჭრილ ფორმაცვალბად და სხვისგან მოპარული სინათლით აკიაფებული მისი სხეულისკენ. არასაიმედო და დესტრუქციული, ყოველთვის სფეროსებური სხეული აქვს, მაგრამ მაინც წრესავით მრგვალი ჩანს პერიოდულად და სხვა დროს - ნამგლისებური და კიდევ სხვა დროს - ბიპოლარული აშლილობით დაავადებულივით ვექტორული ნახევრები. მაინც მიყვარს. ვერ ველევი იმ მდგომარეობას, მის სარწეველაში მკვდარივით მისვენებული რომ დავცურავ ღამის სირინოზულ ტალღებში და ფიქრებს ვერ ვაჩერებ ერთ ადგილას, რომლთაც ძალიან უნდათ გულწრფელობის თამაშში მთავარი ჯილდო მოიგონ და დამარცხებული დატოვონ საუკუნეების მანძილზე მოგებას შეჩვეული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული და უმოწყალოდ ვერაგი მთვარე. ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთივით სამართლიანი და პრინციპულია, მაგრამ ადამიანივით კანონმორჩილიც კი შეიძლება, რომ ეწოდოს. არავის გამოარჩევს თავისი შვილების გარდა. აი, ეს კი სხვა რამეა და აქ უნდა გავჩუმდე. წერა კვლავ დამეზარა. ვდუმდები. ფიქრები საჭეს დაუბრუნდა და მენტალურად მუნჯი გავხდი. ნახვამდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საჭე - მიმართულების მაკონტროლებელი; ფიქრებს მთვარესთან შეჯიბრი მობეზრდათ და კვლავ გადაწყვიტეს ჩემ ნებაზე იარონ. საჭესთან დაბრუნება ამას ნიშნავს. მენტალური დამუნჯება ისაა, რომ აღარ მსურს წერის გაგრძელება იმ მომენტში და ვინაიდან ფიქრები საჭეს დაუბრუნდა, მენტალურ ენერგიებს ჩანახატის თემაზე აღარ მივმართავ. ეგოისტი გამოვდექი. საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ შემიძლია ვაკონტროლო და ჩემ ნებაზე წარვმართო ფიქრთა ღელვა, უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი.
ღამით თუ დღისით, ფრინველები ლაღად ხმაურობენ. მაგრამ მეც არ ვიცი, რას დავცინე იმ პირველი წინადადებით. ან შეიძლება ისევ ვცრუობ და სიმართლის თქმა არ მინდა. ტყუილის მოფიქრება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის აღიარება.
თვალთმაქცია მთვარე, აბა რა! ხანდახან მგონია, რომ საკუთარ თავს ვლანძღავ და დავცინი. საჭე - მიმართულების მაკონტროლებელი; ფიქრებს მთვარესთან შეჯიბრი მობეზრდათ და კვლავ გადაწყვიტეს ჩემ ნებაზე იარონ. საჭესთან დაბრუნება ამას ნიშნავს. მენტალური დამუნჯება ისაა, რომ აღარ მსურს წერის გაგრძელება იმ მომენტში და ვინაიდან ფიქრები საჭეს დაუბრუნდა, მენტალურ ენერგიებს ჩანახატის თემაზე აღარ მივმართავ. ეგოისტი გამოვდექი. საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ შემიძლია ვაკონტროლო და ჩემ ნებაზე წარვმართო ფიქრთა ღელვა, უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი.
ღამით თუ დღისით, ფრინველები ლაღად ხმაურობენ. მაგრამ მეც არ ვიცი, რას დავცინე იმ პირველი წინადადებით. ან შეიძლება ისევ ვცრუობ და სიმართლის თქმა არ მინდა. ტყუილის მოფიქრება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის აღიარება.
თვალთმაქცია მთვარე, აბა რა! ხანდახან მგონია, რომ საკუთარ თავს ვლანძღავ და დავცინი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|