ეს ქარაფშუტა მონატრება ცათამბჯენია, არ ამჩნევია კიბეებად გულის რელსები, ახლა ისე ვარ, თითქოს სული შინ დამრჩენია, ზოგჯერ მთვარეებს, ზოგჯერ მზის სხივს ვეალერსები.
ხდება ისეც, რომ ღიმილები უფრო დაგღლიან, მერე ღიმილიც ეფარება ხედვის მთა-გორებს, ვერ გავექეცი შენს თბილ თვალებს ზეცისთაღიანს, თუმცა ეგ შენი სიყვარული ფიფქებს მაგონებს.
შენი სიჩუმე ჩუმი თმენის ბუდეებია, თითქოს ურჯულო ჩემი რწმენით რჯულიერდები, ჯულიეტები იმ ქვეყნიდან არ ბრუნდებიან, აღარასოდეს აღდგებიან ჯულიეტები.