ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2025


წარსულის ქრონიკები


ჩვენი ბავშვობა სულ სხვა იყო.
სკოლისკენ, გვახსოვს,
გზად გავივლიდით ლეონიძის მწვანე ჭიშკართან
და სიზმრებიდან გადმოსული,
ფშატებთან ახლოს,
იდგა გოგლა და
ფიქრიანად პალტოს იკრავდა..

ერთი მარიტა ყველა უბანს ჰყავდა და ყველა
ორღობის ახლოს,
ჯოხით იდგა, კვლავ ციციკორე.
როცა ესტატეს სამრეკლოდან ზარი რეკ(ავ)და
ქვრივი დედები,
ლოცვასავით, დარდს იცინოდნენ.

ჩვენი სოფელი გაშლილიყო, ახლოს, იორთან
და ივრის წყალში იგრილებდნენ სუნთქვას ცხენები.
მზე რომ დუღდა და
ცის ვარცლიდან გადმოდიოდა,
ლავაშს აკრავდნენ ცხელ თონეში, თეთრი ხელებით

დედები.
მამებს ტყეებიდან მოჰქონდათ ფიჩხი
და ზამთრისათვის ორიოდე გამხმარი მორი,
რათა თოვლიან ღამეებში გაგვეთბო სისხლი.
გვეკითხა ბევრი "თაისი" და "მემენტო მორი".

როდესაც დუღდა პიტნის ჩაი,
სპილენძის ქეთლით
"ფეჩზე" და გარეთ,
მთვარე იყო ყველაზე მარტო..
როცა გვიკვირდა ყველაფერი და მაინც ვერ ვთქვით,
ის რაც გვიკვირდა,
ფიქრები კი თოვლივით დადო
ბავშვურ გულებში, აზრებში და ფანტავდა ნისლებს,
ივრიდან ზანტად წამოსული დინჯი ქარები.
უკვე დიდებმა, როგორ ვნახეთ მზისფერი ქრისტე,
აღდგომის ღამეს,
მომაკვდავი მამის თვალებში.

მანამდე იყო ალუბლები, თეთრი ნუშები.
როგორ არჩევდნენ ბებიები გამხმარ ლობიოს.
ისმოდა ჩენჩოს შარიშური აივნების ქვეშ,
პაპების ოხვრა-
გავაბოლოთ, "ასტრა" მოვწიოთ.

დაიწყებოდა "ზაოტობა".
ენთო კოცონი
და ცხელი არყის სუნი ჰქონდა სოფლის საღამოს.
იყო სიცილი,
ჟრიამული,
მღერა,
ლოცვანი..
ბედნიერ ყოფნას დასასრული ჰქონდა არასდროს,
გვეგონა ასე, პატარებს და ვხედავდით ანფასს
ყოფიერების, სიცოცხლის თუ
უბრალოდ ყოფნის.
მერე ბავშვობა იმ ანკარა წყაროსთად დაგვრჩა,
სადაც მრავალჯერ გაგვტეხია კოკა, თუ დოქი.

მერე ბავშვობა, იმ კაკლის ხის ჩრდილებში გაქრა,
მამები ერთად, რომ ბერტყავდნენ გრძელი "ხარიხით".
მოვიჩრდილეთ და აღარც ბებო,
არც პაპა არ ჩანს,
ზოგს ობოლი და ზოგს საბრალო ქვრივი დაერქვა.

მათი ეზოდან ყვავილებმა საფლავის კართან
გადაინაცვლეს და სურნელიც გაჰყათ სუმბულის.
ახლა თუთის ქვეშ აბრეშუმებს არავინ ართავს.
არავინ პენტავს ბალიშების ფაფუკ ბუმბულებს.

აღარავინ ქსოვს მზითევისთვის ჯადოსნურ ფარდაგს.
აღარ ქარგავენ ფარდაგებზე ნუსხურ წარწერებს.
თქვენი ბავშვობა ჩვენს ბავშვობას
არაფრით არ ჰგავს.
ჩვენს ბავშობაში ისევ კაკლის აკვნებს არწევენ
მოგონებები
და ჩონგურის ხმებით თვრებიან
შორი ლანდები.
ქვევრებიდან ისმის ყრუ ექო.
იმ ბილიკებზე ჩავლასაც კი ერიდებიან
ჩვენი სიზმრების ქრონიკები,
/თურმე/, პოეტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები