 | ავტორი: ელენე96 ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2025 |
უკვე რამოდენიმე წელია, ყოველ დილით ასე ოფიციალურად ვესალმები საკუთარ თავს. ორშაბათის დილამ კიდევ ერთხელ თავხედურად შემახსენა შენი თავი. სამი თვე გავიდა რაც დავშორდით და ისევ ისეთ იდიოტს ვემსგავსები, როცა მახსენდები. მესამედ რეკავს მაღვიძარა. სურვილი მიჩნდება კედელზე მივახეთქო, მაგრამ მერე მახსენდება, რომ 3399 ლარი გადავიხადე. ეგეც დედაჩემის იყიდა, რომელიც უკვე ხუთი წელია იტალიაშია და ერთ გაჩანჩალებულ პაპას უვლის. ბევრი რომ არ გავაგრძელო... გიგი მქვია, 29 წლის ვარ და სამოთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობ. ბინა ერთი შეხედვით მყუდროა — კედლების ფერები, ავეჯი, განათება, ნახატები... ყველაფერი დედაჩემის გემოვნებითაა შერჩეული. არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... დედაჩემს ყოველთვის კარგი გემოვნება ჰქონდა. (პროსტა) აი, მამაჩემის არჩევაში ვერ ვიტყოდი იგივეს. დედაჩემი 16 წლის იყო, როცა ჩემზე ფეხმძიმედ დარჩა და იმ დღის შემდეგ ის კაცი 10 წელი არ უნახავს. ახლა უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, სამი ქალიშვილი ჰყავს. (ნუ, მკიდია.) ჯერ კიდევ სანამ ყავის აპარატი გადმოღერღავს თავის ერთ დოზას, დღევანდელ გეგმას გადავხედავ.
ვარ პუნქტუალური. სიმაღლე 1.76. ზოდიაქო — ქალწული. კარგ ხორციან გოგოს ვეპატიჟები პაემანეზე... მოიცა, მართლა გეგონათ, რომ ნომერს დავწერდი? არა, დღეიდან ქალებზე დროებით უარს ვამბობ. სანამ ამ აბორდებულ გრძნობას არ მოვერევი. ოთარს სულ დავცინოდი — „გათხოვილ ქალებზე ნუ ნადირობ, ერთხელაც იქნება დაგბრიდავენ“. ახლა კი, ისე ვარ, როგორც ჩემი თანამშრომელი.
დღის რეჟიმი:
სამსახურში დრო ისე გადის, რომ მასზე ფიქრისთვის დრო არ მრჩება. მთავარია, ნაცნობი მელოდია არ გაისმას სადმე, ან ოთარმა რამე სენტიმენტალური არ წამოროშოს... თორემ ისევ იმ ჩემს გატაყვლეფილ სავარძელში მიწევს თავის ჩაღუნვა. სამსახურში მისვლა მარტო თინიკოს გამო მიხარია. (თინიკო ჩემი უფროსია) ქალი არ არსებობს ფორმაში არ იყოს. სულ ახერხებს ჩვენს გაოცებას. მართალია თავიდან სწერვა მეგონა, მერე რომ დავუმუღამე, საერთო ენა ვიპოვეთ. იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობს. მეც. ქალია — "Lady" და ამავდროულად ძალიან მკაცრი.
**
რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ან არ გამომდიოდა, არ ვიცი. კაცები ქალების რაოდენობას არასდროს ვითვლით (ცხადია), მაგრამ იქიდან სამზე სერიოზულად ვფიქრობდი. ვფიქრობდი რა... მევასებოდნენ. შეყვარებულს სამი თვეა რაც დავშორდი. ის ღამე კარგად მახსოვს. მთელი დღე ისე წვიმდა, ლამის ცა ფეხად ჩამოვიდა ძირს. ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო. ახლა დედაჩემი ამას რომ კითხულობდეს, სიამაყით გადაირეოდა: „ეს რა ბიჭი გამიზრდია, წერა დაუწყია...“ „არასოდეს თქვა არასოდეს“ — მაგ გამოთქმას ვეთანხმები. წერა, რომანტიკა, ემოციები... (რა ჩემთან მოსატანია?) მე ერთი თავზეხელაღებული ტიპი ვიყავი. დილით ვიწყებდი დალევით, ღამით მოწევით ვამთავრებდი. თამთამ რომ დამაფიცა, იმ დღიდან შევეშვი. (თამთა — ჩემი მესამე ყოფილია.) დალევაზე კი ვერ ვიტყვი იმავეს. უაზროდ რომ მეკეტება, ხანდახან მგონია, გადავყვები.
მეგობარი მყავს — მაგდა. იმენა ჯიგარია. სულ ჩემ გვერდით არის. ტვინს კი მიბურღავს, მაგრამ მართალია. არის მომენტები, როცა ყველას ვერიდები. აი, ყველას. არც სურვილი მაქვს, ათასნაირი ნუგეში ვისმინო. ვიტყვი — „გავრბივარ“, ვითომ საქმიანი ტიპივით, და მერე მეც არ ვიცი, სად მივდივარ. დღის მანძილზე თავს ვინარჩუნებ. სამაგიეროდ, ღამე ვარ ცუდად. 7 საათამდე ნორმალურად ვარ, ჭამაც კი ვასწრებ, დეპრესიამდე. კარგი კულინარი არ ვარ, მაგრამ გურმანი კი ვარ. ახლა, დავფიქრდი და მწადს არც ისე ცუდად ვწვავ. დღე ყოველთვის დედაჩემის ვიდეოზარით მთავრდება. ხელში ხან საწოვარი უჭირავს, ხან თავდაცვის ფარი. პაპას სკლეროზი აქვს. ზოგჯერ ავიწყდება, რომ ინვალიდია. ადგება და შუაღამით კედელთან ისე აიტუზება, ვითომ მოჩვენებაა. ხო, რავი... ზოგჯერ დედაჩემის არ მესმის. ვეუბნები: „დატოვე ეგ კაცი, დაბრუნდი სახლში“. მერე დაიწყებს ათას მიზეზზე ლაპარაკს და ბოლოს ისე გამოდის, რომ პაპა ებრალება. პაპას რას ვერჩი, არ არის ცუდი კაცი. უბრალოდ ეს ქალი იქაურობას შეეჩვია და ეშინია, რომ აქ ვეღარ გააგრძელებს ისე, როგორც ადრე.
**
ეს თამბაქოც ყელში მაქვს უკვე. მოვუკიდებ და ისე ჩაქრება, თითქოს ჩემზე მეტად დაიღალა. კომპიუტერის თამაშებიც... უკვე მომბეზრდა. ვიღაც უსამართლოდ მომკლავს, მერე მეზობელი შეწუხდება, მე ავყვირდები, ან მაუსი უნდა შემომემტვრეს... ან ამ საწყალ კლავიატურასაც აღარ შერჩა კნოპკები. ხო ვამბობდი — ღამე მბრიდავს. გავიხედავ მთვარეა. თავში მიტრიალებს თამთას უკანასკნელი სიტყვები და მომენტალურად სურვილი მიჩნდება თავს რამე დავუშავო. დავურეკო? იქნებ ავაკითხო? ამდენი დრო გავიდა... არ მგონია ისევ ისტერიკა გამიმართოს. ძალიან მშვიდად ავუხსნი, რომ მის დას კი არ ვეჩალიჩებოდი — მეჩალიჩებოდა. ძალიან ცუდ პონტში გავჩითე, ძმაო. მისი და მართლა საყვარელი ბავშვია. პროსტა ძალიან მაგრად გამიჩალიჩა.
**
ერთი ჩვევა მქონდა. სამსახურის მერე ყოველთვის თამთასთან ავდიოდი. ცოტა უჟმური იყო, მაგრამ რაღაცებში მალე "ვკერავდი". შავ ღვინოზე გიჟდებოდა. დალევდა ერთ ჭიქას და რბილდებოდა. ხშირად მითქვამს კიდეც: „ეს ქალი სულ მთვრალი უნდა მყავდეს.“ თბილი სიტყვები არ უყვარდა. არც ეს ბანალური „მიყვარხარ“. სამსახურიდან გვიან თუ გამოვიდოდი — დაივიწყე პაემანი. ქუჩაში თავს 5 წუთით არ გამოყოფდა. მოიმიზეზებდა ათასს მიზეზს და ჩაიკეტებოდა თავის წიგნების პერსონაჟებთან ერთად. არა, განათლებული ქალები მომწონს, მაგრამ აი, ის რომ მე დამიკიდოს, ვერ ვიტან. ერთი ღამე გვიან, 3 საათზე, თაიგული შევუკვეთე. არა, ჩემით ხელს არ მოვკიდებდი, კურიერმა აუტანა და კართან დაუტოვა. მომდის მესიჯი: „მადლობა.“ რა მადლობა, ქალო?! შენს გამო რა გავაკეთე და ერთი სიტყვა ძლივს გემეტება. კაი, ვაპატიე. ჯერ მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული რაც ვხვდებოდით. არ გაინტერესებთ, სად გავიცანი? ბარში იყო თავის დაქალებთან ერთად. ფეხზე ძლივს იდგა, ისე სვამდა და ცეკვავდა. აშკარად ვინმეს აგდება უნდოდა. ბართან ერთდროულად მივედით და:
_ "რამე ისეთი დამისხით, რაც ყველაზე ძლიერი გაქვთ." _ "თავის მოკვლა თუ გინდა, პირდაპირ თქვი." (ეს ინსტინქტურად ვუპასუხე)
ოპა... ამ ქალს ვიღაც ნაძირალამ გული ატკინა და ჯავრი ახლა ჩემზე იყარა. სიამოვნებით გავუგრძელებდი საუბარს, მაგრამ მალე მოვიდა მისი გადაპრანჭული დაქალი და ხმამაღლა თქვა:
_ „წამო დაო, ყველაზე რეგვენის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ.“
არა, საღოლ! ასე უნდა ამშვიდებდე დაქალს მიტოვების მერე! იმ ღამეს ვაფშე არ ვაპირებდი ბარში წასვლას, მაგრამ მაგდას დაბადების დღე იყო. ჩვენი სამეგობრო წრე 12-ზე დაიშალა. არ ვიცი, რა მჭირდა, მაგრამ დავრჩი. თითქოს რაღაც დაუმთავრებელი მქონდა... რაღაც მომენტში დავინახე, თამთა გარეთ გაიქცა. აშკარად ცუდად იყო. უკან გავყევი... არ იფიქროთ, რომ მდგომარეობით სარგებლობა მინდოდა. უბრალოდ, მაგრად დამევასა.
_ კარგიცაა, იქნებ ასეც უნდა მომხდარიყო. _ რა? რომ მიმატოვა? _ არა, გული რომ აგერია. — (აი, ხო ვამბობ, რომანტიკა ჩემი საქმე არაა. ქალს პირველად ვხედავ და ესეთი დიალოგი?)
მერე მეკითხება: _ შეგვიძლია 24 საათით გავქრეთ? _ რა პონტში? _ უბრალოდ. აქედან წამიყვანე გთხოვ.
ეს თქვა თუ არა ჩემს მკერდზე მაშინვე გაითიშა. ტელეფონს დავხედე, დაბლოკილი აქვს. არც სახელი ვიცი, არც მისამართი. ბარში ვიხედები და დაქალებმაც მიატოვეს. ავიყვანე სახლში. ხო, რას მიყურებთ? არ მისარგებლია არაფრით. ადამიანურად მოვიქეცი, მარტოსულ ადამიანს დავეხმარე. ფეხსაცმელი გავხადე და ჩემს საწოლში დავაწვინე. მე კი სტუმრის ოთახში დავწექი. არა, მართლა ასეთ ქალს რომ კაცი მიატოვებს, იმ კაცს რა ქვია? თქვენ მითხარით.
**
იქნებოდა ალბათ გამთენიის 5 საათი, როცა მოულოდნელად ზურგზე რაღაცნაირი სიმხურვალე ვიგრძენი. ვაღიარებ, მესიამოვნა. მეც ავდექი და საპირისპიროდ გადავბრუნდი. _ არაფერი თქვა... უბრალოდ გაჩუმდი. (არა რა, ეს ქალი ნამდვილად გიჟია. და აი, ზუსტად ეგეთი ქალები მიზიდავს.) თვალის გახელა ვერც მოვასწარი და ხელი პირზე ამაფარა. რაღაცის კითხვა დავაპირე და მოულოდნელად თავისივე ხელს აკოცა. მიწვევდა? აბა რა... დილის 5-ზე ქალი ჩემს საწოლში გადმოდის, ზურგიდან ნახევრად შიშველი მეხუტება და მერე ამ ფოკუსებს ატარებს...
**
იმ დღეს ვიღვიძებ ალბათ 10 საათზე. მაშინვე თამთას ძებნა დავიწყე. შორს არ წასულა. გაუღვიძია და სამზარეულოში ყავის მომზადებას ცდილობდა, თუმცა როგორც ჩანდა, აპარატს ვერ გაუგო. ცოტა არეული იყო. და აი, რა ლამაზია... დღეს თუ გინდა ქალი ნატურალური ნახო, მაშინ მას აუცილებლად გამთენიისას შეხედე. ფეხშიშველი და თანაც შენს მაისურში. რა საოცარი სურათი დაგიხატეთ არა? ] არადა მართლა ასე მოხდა.
_ დილამშვიდობისა. _ მადლობა, რომ ქუჩაში არ დამტოვე. (სულ ეს არის?) _ არაფრის. ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. _ არა. შენი ადგილზე ბევრი ჩემი მდგომარეობით ისარგებლებდა. შენ კი ეს არ გაგიკეთებია. _ კი, მაგრამ დილით... _ აღარ გააგრძელო... ეს უბრალოდ ჩემი გამოცდა იყო. კარგი ბიჭი ხარ. დიდი ნებისყოფა გაქვს. (რას ბოდავს ეს ქალი? რა გამოცდა?! მე რომ მომენდომებინა, ნამდვილად გახდებოდა ჩემი. პროსტა, მართლა არ ვიკადრებდი იმ მდგომარეობაში მყოფ ქალთან რამეს. აი, მაშინ ყველაზე იდიოტად ვიგრძნობდი თავს. ამის შემდეგ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. როგორც დიდი ხნის ნაცნობი, ისე შევიდა აბაზანაში. (აი ახლა თუ შევუარდები... არა რა, მართლა ძლიერი ნებისყოფა მაქვს.) მოემზადა და წავიდა. ერთი კი მოახერხა — თავისი ნომერი საწოლთან დამიტოვა. ქალი თუ ამას გაგიკეთებს... რა პონტში უნდა გაჩერდე? გიწვევს და ამ გამოწვევას ვერ გაუტარებ... პახოდუ, თუ შენც დაგევასა.
**
იმ ღამის შემდეგ გავიდა დაახლოებით ერთი თვე. რა გაცინებს? ვერ გავბედე. თანაც ჩემებური ამბები მჭირდა. დრო მჭირდებოდა ჩემ თავში გავრკვეულიყავი. ის ყველაფერი ჩემთვის პატარა საქმე არ ყოფილა. ჰო, კაციც ვარ, მაგრამ მეც მაქვს ამბიციები და ემოციები. ერთი ძმაკაცი მყავს _ ვატო. გადამრჩენელს ვეძახი. ვერ მოასწრებ თქმას უკვე იცის რა გჭირდება. ერთ დღეს, სამსახურში ადრე გამოვედი და ვურეკავ:
_ უბანში ხარ? _ ხო, აბა სად უნდა ვიყო. _ ბიჭო, დაფიქრება მჭირდება და მიდი რა, გამიჩითე რამე. _ ახლა გადარბენებზე ვარ. საღამოს ამოდი ჩემთან. _ რომლისკენ? _ 9-ზე გაწყობს? _ ჯიგარი ხარ. საღამომდე.
არადა მართლა მიშველა. ბევრ ისეთ რამეში დამეხმარა, სადაც საღად ვერ ვფიქრობდი. მოკლედ, მეორე დღეს თამთას ვურეკავ:
_ დღეს ადრე გავთავისუფლდი. ვიფიქრე, სადმე ლამაზ გოგოსთან ერთად ყავა ხომ არ დამელია. _ უკაცრავად, რომელი ხართ? _ გიგი ვარ. შენი გადამრჩენელი. _ ვა, გიგი! როგორ ხარ? _ თბილად. შენ? _ არამიშავს. ერთ საათში გამოვალ სამსახურიდან და მე თვითონ დაგირეკავ.
---
გავიდა ერთი საათი... და არ რეკავს. ნუთუ დამიკიდა? ძალიან მაღიზიანებს ასეთი იდიოტური პონტები. მერე რეკავს. ჰო, ახლა რა ვქნა? ავიღო თუ არ ავიღო? ბიჭო, რას ინაზები?! უპასუხე!
_ აბა, ყავა თუ სადმე მარტინი დავლიოთ? _ მოდი დღეს ალკოჰოლი არ გვინდა. მინდა გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. სადმე მშვიდ ადგილას დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. _ კარგი, მაშინ მესენჯერში ლოკაციას გაგიზიარებ. _ შენ რა, ჩემი სოციალური მისამართიც იცი? _ გაცნობის წამიდან. (უკვე მიყვარდება ეს ქალი.)
**
სხვა დროს რაც ხელში მხვდება იმას ვიცმევ, მაგრამ იმ დღეს აშკარად ბევრი ვიზრუნე ჩემს გარეგნობაზე. ჯერ იყო წვერი მოვიწესრიგე. ხო, წვერს ვატარებ, თორემ ისე თოთო ბავშვს ვემსგავსები. ერთადერთხელ გავიპარსე — ისიც სამსახურის გამო მომიწია, და მერე მთელი დღე ჩემზე სასაცილო მიმები იწერებოდა. განსაკუთრებული არაფერი: თეთრი მაისური, ღია ფერის ჯინსი და ნაცრისფერი ჰუდი ყოველი შემთხვევისთვის მანქანაში სულ მაქვს ხოლმე. მაისის დასაწყისი იყო, მაგრამ საღამოს მაინც სასიამოვნოდ გრილოდა. თამთამ არჩევანი იაპონურ რესტორანზე გააკეთა. უყვარს იაპონური სამზარეულო. გიჟდება. მოკლედ, სუში ვჭამეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ ცხოვრებისეულ დეტალებზე, ცოტაც დავლიეთ და ღამე ქუჩებშიც გავისეირნეთ. მერე, წესით, როგორც ყველა რომანტიკულ ფილმში ხდება — გოგო უნდა მიმეცილებინა სახლამდე და წასვლამდე მეკოცნა კიდეც... მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ სხვა უბედურება მოხდა. ქალმა მომკიდა ხელი და წავედით კლუბში. თავიდან საკაიფოდ მახსოვს ყველაფერი. არყით დავიწყეთ. მერე რაღაც არაორიგინალური კოქტეილი მოიტანა. ბოლომდე რომ დავლიე აი, მაშინ მივხვდი, რომ დამერხა. არადა, როგორც წესი, ასე მარტივად არ მბრიდავს სასმელი. ეს იყო და... მეორე დღეს ვიღვიძებ მის სახლში, სადაც თამთას გარდა კიდევ ორი "დაო" ცხოვრობდა. აი, კიდევ სად აღმოვჩნდი იდიოტურ სიტუაციაში. ერთ-ერთი იყო 16-ის. მოგვიანებით გავიგე, რომ თამთა და მარიამი დები იყვნენ. მარიამი მაგარი საყვარელი ბავშვია. ვნახე თუ არა მისი მწვანე თვალები მომეწონა. ყველაზე მეტად კი ის ორმოები, ღიმილისას რომ უჩნდებოდა. თვალი გავახილე თუ არა, თამთამ ხელში ჩემი მანქანის გასაღები მომაჩეჩა და მთხოვა, რომ მარიამი კოლეჯში წამეყვანა. უარი არ მითქვამს. მანქანაში ჩაჯდა თუ არა ყველა დეტალს აკვირდებოდა. საყვარელი ბავშვი კი იყო, მაგრამ აშკარად უცნაურიც.
---
_ ჩემს დას კაცებში სულ უმართლებდა. _ მასეც ვერ ვიტყოდი... _ სამაგიეროდ სიმპათიური იყო. შენსავით… (ეეჰ, ბავშვი, გაიწიე. ხო ვამბობდი — ის მეჩალიჩებოდა და არა მე.) _ მოვედით. _ რა? _ შენი კოლეჯი აქ არის. ჩასვლის დროა! _ გული მიგრძნობს, რომ კიდევ შევხვდებით.
**
დღეს ისე აცივდა, ადგომაც კი მეზარება. არადა სამსახურში უეჭველი უნდა ვიყო. გუშინ გვაცნობეს, რომ მასხრები ვჭირდებით. მოდი, ორიოდე სიტყვით ჩემს სამსახურზეც გეტყვით: თინიკო — ენერგია ქალი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეს საქმე წამოიწყო. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის განწყობის ასამაღლებლად ვაწყობთ უამრავ გასართობ ივენთებს. აი, შეიძლება ერთ დღეს ბურატინოც კი ვიყო, მაგრამ ვაფშე არ მიტყდება. იმ დროს ადამიანს სტიმული ყველაზე მეტად სჭირდება. ერთი ბავშვი განსაკუთრებულად შემიყვარდა — ნიკუშა, 9 წლის. უნდა ნახოთ, რა საკაიფოდ ხატავს. ბევრი დიდი ვერ დახატავს ქალის პორტრეტს ისე, როგორც ნიკუშა. ბავშვს საოცარი ენერგეტიკა აქვს. თითქმის ყოველ მეორე დღეს პირველზე ქიმია უწევს, 5-ზე კი შეიძლება დამირეკოს და სტადიონზე ჩაყვანა მთხოვოს. მოკლედ რომ ვთქვა ძალიან მაგარი ბავშვია, და მის გარდა კიდევ ბევრია ასეთიც. თავიდან, როცა ეს შემოთავაზება მივიღე, ვთქვი: "ბავშვებს რა აიტანს..." არადა, ყველაზე სუფთა არსებები არიან. კლინიკა ჩვეულებრივ გასართობ ცენტრებად ვაქციეთ. ოთარი რომ მიმყავს კლინიკაში ბატუტზე დადგება და პატარებზე უკეთ ერთობა. არადა რო კითხო მაჩოა და ნებისმიერი ქალის დაკერვა შეუძლია. კლინიკაშიც იმიტომ მომყვება, რომ ერთ ქალია რეგისტრატურაში მუშაობს, მაგრად ევასება. მაგარი სწერვაა უკვე ექვსი თვეა ეჩალიჩება ოთარი და ვერ დაიკერა. არადა ოთარი ვერ უდგება სწორად. თუ ხედავ, რომ ქალს მაგრად კიდიხარ, ისე უნდა ქნა, რომ პირიქით — აქეთ მოიქციო ყურადღება. როგორ? ჩემს გაკვეთილებზე ჩაეწერეთ და დანარჩენს იქ გეტყვი. ახლა კი... საქმის დროა.
**
გადავხედე მთელი დღის გეგმას და როგორც ჩანს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, რადგან აქ ოთარის საქმეებსაც მე ვაგვარებ. მერე დადგება, იტრაბახებს: „მაგრად მოვხოდე სცენაო“... ბოლოს ნერვებს მომიშლის და შემოსასვლელში დავაყენებ, რომ სტუმრები მაინც შემოუშვას დარბაზში. მხატვარი და დიზაინერი ბარბარეა. ზედმეტსახელად ბაბილინა ჰქვია — ყოველ ჯერზე შეუძლია სცენა ზღაპრის სამყაროდ აქციოს. დღეს სცენაზე „კონკიას“ ვდგამთ. მსახიობები პირველი კურსის სტუდენტები არიან. ვუყურებდი და ვფიქრობდი: რა განვითარებული თაობა მოდის... ერთდროულად სცენაზე თამაშიც შეუძლია და ინსტაგრამზე დასთორვაც. არცერთ შესვენებას არ გამოტოვებენ. პანტაპუნტით გადიან აივანზე სიგარეტის მოსაწევად. კაი, მე ჯანდაბას — 17 წლისამ დავიწყე მოწევა. მაგრამ გოგოებიც? საინტერესოა, ამათ რა მიზეზი ჰქონდათ, პირველ ღერს რომ მოუკიდეს? უეჭველი ,,პრესტიჟი" ეს გახდა მათი საწყისი მიზეზიც. მეტ ახსნას ვერ ვუძებნი. მოკლედ რომ ვთქვა — ეს ახალგაზრდები არ დამევასნენ. საღამოს 7-ზე, როგორც იქნა სცენა ავშალეთ. საშინლად გადაღლილი ვარ, მაგრამ ერთი ვიცი, მაგრად მშია. უკვე ერთი კვირაა მაგდა შეხვედრას მთხოვს. ხან რას ვატყუებ, ხან რას. უკვე საკუთარი თავი ტერორისტი მგონია.
დავურეკე თუ არა, ბედნიერი ხმით მიპასუხა:
— გიგიიი! — კრეატივო, თუ გცალია, წამო სადმე, ვჭამოთ. — კი მცალია. სად? — ლოკაციას ჩაგიგდებ. გამოხვალ, თუ გამოგიარო? — არა იყოს, ტაქსით გამოვალ.
არადა ისე მშიოდა, სადმე ტრადიციული ცხელი კერძების ჭამა მომინდა. თითქმის რესტორანში შესულს, მოულოდნელად ზურგიდან მაგდა დამადგა. ისე მაგრად ჩამეხუტა, ამ დაღლილობამ უარესად ქანცი გამაძრო. არადა მეც მომენატრა თითქმის სამი თვეა არ მინახავს. იცით, მაგდა როგორია? ,,მოსიარულე კრეატივი." საოცრად მღლის ლაპარაკით და სანამ ვნახავ, ენერგია მჭირდება რომ მოვუსმინო, მაგრამ შანსი არაა, მომბეზრდეს. რაღაც საოცარ ენერგიას ატარებს. ესაა, რაც მასში ყველაზე მეტად მიყვარს და ვაფასებ. შესაკვეთად ერთი ზედმეტად მოწესრიგებული ბიჭი მოვიდა. მაგდას მეტი არც უნდოდა და მოაღო პირი:
— ხინკალი მინდა... მწვადი, ხაჭაპური, ოჯახური, აფხაზურა, ქათმის სალათი და კარტოფილი მექსიკურად... — მოიცადეთ, დარჩა კიდევ რამე, რაც მენიუში არ წერია? — კარგი რა, გიგი. დღეს უფროსმა ისე გამომაცალა ენერგია, საშინლად მშია. უი ხო... მწვანე ტყემალიც დაამატეთ. ნუ, პური თავისთავად... და ტარხუნის ლიმონათი. — გასაგებია. ბატონო, თქვენც ხომ არ დაამატებდით რამეს? — რა გინდა, მეგობარო? ჩემი ხელფასის უკანასკნელ კაპიკს მართმევ? მიდი, მოიტანე რაც ჩემმა მეგობარმა გითხრა...
როგორც ყოველთვის, შეკვეთა იმდენ ხანს აგვიანებს, ვგრძნობ, რომ ჭამაზე უარს ვიტყვი და ბიუჯეტიც დამეზოგება.
მარაა...
ცხელი ხინკალი მოვიდა თუ არა, ყველაფერი დამავიწყდა. მაინც ქალაქური მიყვარს. ხელის წაკვრა ვერ მოვასწარი, მაგდამ ხელი ჩამარტყა. ახლა ამან სურათი რომ არ გადაიღოს და არ დასთოროს — ხომ არ შეუძლია? ვუყურებ და არ მჯერა... მაგდამ ერთი სულის მოთქმით 15 ხინკალი შეჭამა. კარგია, მე ხუთი მაინც შემხვდა. აშკარად შია, თორემ ამდენი ხანი ასე ჩუმად არ იჯდებოდა. გადავედით სალათზე. ტარხუნის წვენით სავსე ჭიქებს ერთმანეთზე მივუკარით და თან მოულოდნელად აგვიტყდა სიცილი. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენი პირველი შეხვედრის დღე გვახსენდება. ხო ვამბობდი, მოსიარულე კრეატივიია. დადის, შეუძლია შეუჩერებლად იბოდიალოს, ღორე-ღორე… და სადმე ქუჩის ბოლოს თუ წააწყდები. იმ დღესაც აზრზე არ ვარ, რატომ მომიწია ქუჩაში გასვლა და უაზროდ სიარული. აი, ხო გამახსენდა, სამსახურიდან კატრიჟები წამოვიღე და მერე ოთარი უნდა მენახა. მეტროსთან ვდგავარ და მესმის ისეთი საშინელი ქალის კივილი, რომ უნებურად ყურადღება მივაქციე. გარშემოც იმდენი ხალხი იდგა, ვერც ხვდებოდნენ რა ხდებოდა. ეს მაგდა ასე განწირული რატომ გაჰკიოდა? სულ ცოტახანში შევამჩნიე, რომ სერიოზული პანიკა დაეწყო. აი, სულ ცოტაც და გონებას დაკარგავდა. მიზეზი არ გაინტერესებთ?
—
— გახსოვს? (უკვე სიცილს ვიწყებთ) — ვიხსენებ და დღემდე ვერ ვიგებ, 5-სანტიმეტრიანმა კალიამ როგორ შეგაშინა? — მაგ სახელს ნუ ახსენებ! (უკვე კანკალს იწყებს) — კარგი, დაივიწყე… — შენკენ რა ხდება? — რავი, ძველებურად. იქით კვირას სემინარები მეწყება და უკვე დაღლილი ვარ. — ნუ წუწუნებ. — შენ რა ქენი? დაივიწყე ის განებივრებული ქალი? — შენ სულ როგორ არ გევასებოდა თამთა... — მოიცა, შენ მართლა გგონია, რომ თამთა დის გამო დაგშორდა? ეგ უბრალოდ მიზეზი იყო, დამიჯერე. მესმის ქალების... ეგეთები იღებენ იმას, რაც უნდათ, და საკმარისია ფულიანი ტიპი გამოჩნდეს, ისე დაგადებენ, უკანაც არ მოიხედებიან. — ეს შენ საიდან იცი? ვინმესთან ნახე? — გიგი... — ნახე, მეთქი?!! — რა გაყვირებს? — ნუ მიწელავ, დაფქვი. — კი, ვნახე. გასულ კვირას გოგოებთან ერთად ბარში ვიყავით დასალევად. დავინახე ვიღაც ტიპთან ერთად და ზასაობდა. თავიდან მეგონა, მივამსგავსეთქო, მაგრამ... — ღადაობ, თამთა არ იქნებოდა...
რესტორნიდან რომ გამოვედით, მაგდას სახლში გაყვანა შევთავაზე. უარი მითხრა, მაგრამ წასვლამდე ერთი რჩევაც მომცა: „ცივ გონებაზე არასდროს მიიღო გადაწყვეტილება. კარგად დაფიქრდი, რისი გაკეთება გინდა, რომ მერე არ დაგჭირდეს ფიქრი იმაზე, ეს შეცდომა როგორ გამოვასწორო. ახლა წადი და ჭკვიანად იყავი.“
ტელეფონზე ვურეკავდი — არ აიღო. სახლში ავაკითხე — კარი არავინ გამიღო. ვიღაც მეზობელმა გამოიხედა და მითხრა: — შვილო, გოგოები რამდენიმე კვირაა, რაც გადავიდნენ. — სად გადავიდნენ, არ იცით? — აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, შვილო?
მაინც გიპოვი! ამ განვითარებულ სამყაროში შენი პოვნა როგორ უნდა გამიჭირდეს... იქნებ მაგდაც მართალი იყო და კარგიცაა, რომ დღეს თამთა ვერ ვნახე. დამშვიდება ნამდვილად მჭირდებოდა. თითქმის ერთწლიანი თავშეკავების შემდეგ მოვწიე. ახლა, როგორც არასდროს, თავი ყველაზე ამაზრზენი მგონია. სულ ვამბობდი — ქალი თუ სხვასთან წავა, ესე იგი შენ ვერ შეძელი იმის მიცემა, რაც მას ავსებდა. გაყინულ აივანზე ღამის 3 საათამდე ვიჯექი. ცოტა აზრზე რომ მოვედი, მერე მივხვდი, რომ შემცივდა. ცხელი აბაზანა მივიღე და დივანზე ისე გავითიშე, აღარაფერი მახსოვს.
**
მეორე დღეს შაბათია. გამიმართლა, არავინ გამაღვიძებს-მეთქი... და მესმის კარის უაზრო ბრახუნი. საათს დავხედე და ჯერ მხოლოდ 8 საათია. ხო, არ ღადაობთ?! შანსი არაა, კარს არ გავაღებ. ახლა ტელეფონი რეკავს. რა მოხდა, ქვეყანა დაიქცა? ძლივს დასვენების დღე მაქვს, თანაც საშინელი ღამე მქონდა. ამის *****!!! კარებამდე მისვლას ისევ ტელეფონს ვუპასუხო ჯობია:
— ე, ბიჭო, კარები გააღე, უკვე ნახევარი საათია ******* ვდგავარ. — შე ****, საათის ცნობა არ იცი? არც კალენდარს ცნობ? დღეს დასვენების დღე მაქვს. როგორც მოხვედი, ისე დაახვიე აქედან. — ბიჭო, დედაჩვენს ვიღაც იტალიელი ყავს. უეჭველი უნდა გებაზრო. გააღე კარები.
ეს ჩვეულებრივი რეგვენი ლაშაა — ჩემი (ნახევარ) ძმა. დედაჩემმა ის ჩემთან ერთად გაზარდა. ჩემზე 6 წლით უმცროსია. შეიძლება ჩემზე მაგარ ტანზეა, მაგრამ ჭკუით მაინც მოკლე ფეხები აქვს. ახლა დედაჩემის სიყვარულიღა მაკლდა... თანაც, იტალიელ მამინაცვალს შანსი არაა, არ მივიღებ. რა უნდა მექნა? გავუღე კარები ამ ***** და ეგრევე — ჩვეულებრივი მგელივით მაცივარს ეცა. გადმომიყარა ყველაფერი, რაც მაღალკალორიული მქონდა. რო კითხო, მოწევას თავი დაანება და ახლა სულ ჭამად არის ქცეული. სანამ კბილები გამოვიხეხე და ცოტათი აზრზე მოვედი, ამან აქაურობა საბომჟეთს დამიმსგავსა.
— რამდენჯერ გითხარი, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოწიე! — კარგი ხო... — თქვი ეგ სისულელე, საიდან მოიტანე, და წადი. — აუ, შენ კიდევ დეპრესიაში ხარ, ხო. მოიცა... რა ერქვა? თამთა, ხო? — მაგის სახელი მეორედ აღარ ახსენო! ნერვებს ნუ მიშლი და მითხარი, დედაზე ეს სისულელე საიდან მოიტანე? — ბებიას ავაკითხე წინა კვირას სოფელში და ყური მოვკარი, ქალები რო ლაპარაკობდნენ. — ე ბიჭო! — რა გაღრიალებს? — რამდენჯერ გითხარი: ქალების ჭორაობას არ მოუსმინო და დასჯილი ბავშვივით ჩემთან ნუ გამორბიხარ ყველაფერი დასაფქავად! ან თუ წინა კვირას თუ გაიგე, აქამდე სად იყავი, უქმე დღეს დილაუთენია რომ ჩამომინგრიე კარები?! — გადამავიწყდა, რა მოხდა? შენ რა, ძმა საერთოდ არ მოგენატრა? — მომენატრა კი არა... მოდი აქ, თავი უნდა გაგიხეთქო! — მოიცადე ძმაო, ნუ მირტყავ, ამ ფეხზე ტრავმა მაქვს! — უარეს ტრამვას მიიღებ, თუ აქედან არ დაახვევ! — კარგი ხო... რა გჭირს? მივდივარ! — წადი!!! — ორშაბათს სამსახურში რომ მიხვალ, თინიკო მომიკითხე!
**
ახლა როგორ გინდა, ძილი კიდევ შეიბრუნო? არადა გეგმაში მქონდა 12-მდე საბნიდან თავს არ წამოვყოფდი. უქმე დღეს, როგორც წესი, მძინავს. მერე სოციალურ ქსელებში ვკლავ დროს. კომპიუტერსაც ჩავუჯდები, თუ ნებისყოფა შემწევს. საღამოს სადმე გავდივარ დასალევად. აი, დღეს კი დილიდან თამთას მისამართის გაგებას ვცდილობ. ავდექი და Instagram-ზე მივწერე: „ტელეფონი აიღე. უეჭველი უნდა გნახო.“ შეტყობინება იმ წამსვე გახსნა — მაგრამ დამსინა. ეს ავადმყოფური ჩვევა ხომ საერთოდ მბრიდავს... ძალადობის მომხრე ვაფშე არ ვარ, მაგრამ იმ წამს მინდოდა მემოქმედა. სამი საათის მერე მწერს: „რა გინდა?“ აი, ამ სამ საათში მეტი ვერაფერი მოიფიქრა? ბრაუნის შოკოლადი მინდა ჯეკ! - რა უნდა მინდოდეს ახლა შენგან? საერთოდ არაფერი. უბრალოდ, რაც მაქვს სათქმელი მინდა ყველაფერი გითხრა და მერე საერთოდ შეგეშვა. მოკლედ, შეხვედრაზე მაინც დავითანხმე. ისევ რომელიღაც იაპონურ ბარში გავედით. როგორც ყოველთვის, აგვიანებს. მანამდე სასმელი შევუკვეთე და ველოდები. მივიდა...
აუ, რა ლამაზია, არადა... შავი, თეძომდე თმა აქვს. მოკლე კაბა აცვია. ზუსტად ის, რომელიც ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა. იცის და მაინც იმით მოვიდა. _ გიგი, გამიხარდა შენი ნახვა. (აუ, კაი... ბიძაშვილივით მელაპარაკება...) _ ეგრე აკოცე შენს დაქალებს. _ რა უხეში ხარ? _ უხეში კი არა, გოგო, დამშორდი და ეგრევე აიშვი, არა?! _ რას ბოდავ? შენს მერე არავინ მყოლია. შენც იცი, როგორ მიყვარხარ. ძაან მიჭირდა უშენოდ ეს პერიოდი. _ შანსი არაა, ვეღარ გამაცურებ... აბა მანქანაში მე ჩავუხტი?! ფუ... პროსტა რა, ამაზრზენ ადამიანად იქეცი, ნეტავ იცოდე. _ არ ვიცი, ეს სისულელე ვინ რა გითხრა, მაგრამ ის მანქანა მამაჩემის ძმისია და ბარშიც ბიძაშვილი მაკითხავდა. (თქვენ რა ფიქრობთ, უნდა დავუჯერო? ახლა რომ დავუჯერო, მერე ისევ იგივეს იზავს.)
_ ნეტავ იცოდე, შენი აღარ მჯერა. _ ეს იმიტომ, რომ აღარ გიყვარვარ... _ შეიძლება...
**
დილით თვალს ვახელ და რაღაც საშინელ ხასიათზე ვარ. მახსენდება, როგორ მივაცილე ღამით ჩემი ყოფილი სახლამდე. ნეტავ იცოდეთ, როგორ არ მინდოდა ეგ ყველაფერი. არ ვენდობი! მოღალატეს თუ ერთხელ აპატიებ — მეორედაც გიღალატებს. თან, რა პონტია... არ მინდა ისე იფიქროს, რომ ეს შერჩა. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ჩემი გრძნობა დავმალო. ძალიან მინდა ამ ქალს შევუსრულო! ვცდილობ, გავიხსენო ის დრო, როცა იმ ქალს ვენდობოდი, ვის გვერდითაც ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ვცდილობ, გავიხსენო ყოველი წამი, როცა მისი სახე ხელებში მეჭირა. ვცდილობ... საკუთარ თავს ვეჭიდავები, რომ გამახსენდეს, როდის იყო ეს ქალი გულწრფელი ჩემს მიმართ. ვიხსენებ... და ვხვდები, რომ არც არასდროს ყოფილა. კარგი, დაივიწყე. დღეს კვირაა და გეგმები მაქვს. ჯერ ყავას დავლევ და მერე ბოქსზე წავალ. ხო, შეიძლება ჩემი ძმა ჩემზე მაგარ ტანზეა, მაგრამ ვარჯიშით თავს მეც ვიწუხებ. (ზოგჯერ) სამსახურის გადამკიდე ფორმიდან ცოტათი ამოვვარდი, მაგრამ ვცდილობ, ტემპი არ ჩავაგდო. ყოველ კვირას მაინც ვარჯიშისთვის ვიტოვებ დროს. გრუშა ახლა ერთადერთი რამეა, რაზეც ჩემი ემოციები გადამაქვს.
ასეთ დროს დარბაზში შეიძლება კაცებისგან მიტოვებულ ქალებსაც შეხვდე. ხელს ისე მოიქნევენ, გეგონება ქათამმა დაარყა გრუშას და არა ქალმა. მერე იქვე სტვენენ: _ დეგენერატო! ჩემი მიტოვება როგორ გაბედე?! _ ეს არ შეგრჩება! დამიჯერე, ეს არ შეგრჩება!
შანსი არაა, ახლა ყველაზე მაგარი ჰგონიათ თავი. ნახევარ საათიანი ვარჯიშის მერე დგებიან სარკის წინ და სელფს იღებენ ტექსტით: „აი, ხო მეტყობა როგორ გამწურა ჩემს ფიტნეს ინსტრუქტორმა“ (არადა, ამასაც მოფიქრება უნდა...) ზოგი მართლა ვარჯიშობს და მაგარ შედეგსაც დებს, მაგრამ ეგეთი ქალები მაინც მაგრად მაღიზიანებენ. დღეს მარტო ვარჯიში ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაგრამ აი, ზაზა... მაგარი კაცია. ვეჩნად მეჩითება დარბაზში, განსაკუთრებით კვირაობით. შევედი თუ არა, ჯერ შორიდან ამიწია ხელი, მერე მომიახლოვდა.
_ გიგის გაუმარჯოს! გიგის! _ ზაზას ვენაცვალე, როგორ ხარ ძმა? _ ნელი ხოდით... გამიხარდა შენი ნახვა. გავიგე, მოწევას თავი დაანებე? ძმაო, ნუთუ ასე მოქმედებენ ქალები შენზე? _ არა, ძმა. ქალი არაფერ შუაშია. მალე 30-ს მივუკაკუნებ და სანამ დროა, ფორმაში უნდა ჩავდგე. _ კარგი, მაშინ წამო შევუბეროთ! _ ბაზარი არაა. მიდი შენ, მეც მოვალ მალე.
არ ვიცი, რა გამჩენმა არ მომასვენა, ვარჯიშის დაწყებამდე კაფეში შევიხედე. იმ თავხედს უყვარდა იქ ყავის მოწრუპვა და მეგონა, კიდევ შემეფეთებოდა ის უღმერთო. მაცივრიდან წყალი ავიღე და ის იყო უკან გამოვბრუნდი, მაკა შემხვდა. (ეხლა ამას აქ რა უნდა?) ვინ არის მაკა? ძველი ამბავია, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ჯერ დაბნეული მიყურებდა, მერე ძლივს ამოღერღა რამოდენიმე სიტყვა:
_ გიგი? ხო ნამდვილად შენ ხარ? _ კი, მაკა. მე ვარ. როგორ ხარ? დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. _ 5 წელი... _ ვა, მართლა? ასე კონკრეტულად არ მახსოვდა. _ საერთოდ არ შეცვლილხარ. ისევ ისეთი ხარ, უბრალოდ ცოტა სევდიანი მეჩვენები. (ახლა ამან ეს საიდან მოიტანა?) _ აშკარად მოგეჩვენა... მაკა, მაპატიე, ვარჯიშს ვიწყებ, მელოდებიან. გამიხარდა შენი ნახვა. _ კიდევ შევხვდებით? _ აი, მაგდენი უკვე არ ვიცი.
რას მიყურებთ? აბა რა უნდა მექნა, საუბარი გამეგრძელებინა და პაემანზეც დამეპატიჟებინა? მაპატიეთ, მაგრამ ახლა მაკას ადგილი ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არ არის. ტყუილად ინტერესდებით... ნამდვილად არ ვაპირებ მოგიყვეთ, ვინ არის მაკა. თანაც ის მარტო ერთი ღამით იყო და მორჩა. კარგი, გავიარეთ! მე და ზაზამ კაი 20 წუთი დავაყარეთ, მერე კიდევ კარგა ხანს ვივარჯიშე და წყლის გადასავლებლად შევედი. იქიდან გამოსულს, როგორც წესი, შიმშილის შეგრძნება მიჩნდება. ახლა დეიდას ცხელ-ცხელ კატლეტებზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, თანაც უკვე კვირაზე მეტია ქალი მეპატიჟება და ვერაფრით მოვახერხე ასვლა. მზიკო ჩემი მეორე დედაა. როგორც თავად ამბობს, ის, ვინც უყვარდა, სხვა შეირთო ცოლად და სწორედ ამის შემდეგ თქვა უარი გათხოვებაზე. მთელი თავისი ცხოვრება დედაჩემის წასვლის შემდეგ თავის დიშვილებს შესწირა. მზიკოს შავი, დიდრონი თვალები აქვს. ყველაზე მეტად რაც მასში მომწონს, მარცხენა თვალის ქუთუთოზე თეთრი ხალი აქვს. როცა შემოვძახებ:
_ მზიკო, შენ ჩემი ვარსკვლავი ხარ! _ გიგი, ჩემო ბიჭო... ეს ვარსკვლავი დიდი ხნის წინ ჩაქვრა...
დიდი იმედგაცრუებით ამას ჩაილაპარაკებს და თითქოს ყელში დაგროვებულ დარდს ერთიანად ამოიყვანს ხოლმე. მზიკომ იცის ჩემი დამოკიდებულება ლაშას მიმართ და მაინც დამისვა სუფრის თავში. სამზარეულოს კარი შევაღე თუ არა, მომღიმარი სახით დამხვდა. გეგონებოდა, გამიხარდა ამის იქ ნახვა... მზიკოს სუფრა უკვე გაუწყია და მე მელოდებოდნენ. ლაშამ მხარზე ხელი დამკრა:
_ ძმას გაუმარჯოს! _ შენ რა... დღესაც არ იყავი უნივერსიტეტში? _ არა რა, ძმაო. შენ არასდროს გიხაროდა ჩემი ნახვა. ვერასდროს იტანდი, დედა ჩემს მიმართ რომ უფრო გამოხატავდა სიყვარულს. _ ბიჭებო... ბიჭებო! ეს რა სიტყვებია? ასე მგონია, არასოდეს არ გაიზრდებით! _ მზიკო, ხომ ხედავ? პრობლემებს გიგი ეძებს და არა მე. ყოველთვის ეს ეძებდა შარს... _ იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა ამის მიზეზი! მზიკო, შენ იცი, ამ რეგვენმა გუშინ რა გააკეთა? _ ისეთი არაფერი გამიკეთებია. მზიკო, ამას არ დაუჯერო. უბრალოდ ძმა მომენატრა და მოვინახულე. _ და რომელ საათზე? დილის 8-ზე თავზე დამადგა! _ 8-ის ნახევარი იყო, ძმა. _ მით უმეტეს! _ კარგით რა, ბიჭებო... მეტი საქმე არ გაქვთ? ამხელა კაცები ხართ და რაზე კამათობთ, არ გცხვენიათ?
მზიკოს ყოველთვის ბეზრდებოდა ჩვენი კამათის მოსმენა. გაბრუნდება ხოლმე და თავის ფორტეპიანოს მიუჯდება. გადაშლის წლების წინ აწყობილ ნოტების რვეულს და დაკვრას დაიწყებს. ასეთ დროს ყველაზე კარგად ბავშვობა მახსენდება. მახსენდება, ბაბუა როგორ დაგვსვამდა მე და ლაშას მუხლებზე და მუსიკის ჰანგებზე ცხოვრებისეულ რჩევებს გვაძლევდა. ერთი განსაკუთრებით მახსენდება: „შვილო, ნურასოდეს შეგშურდება სხვისი. ყოველთვის გერჩივნოს შენი პატარა ლუკმა და არასდროს შეჰყურო ხელებში სხვას. საკუთარ ღირსებას გაუფრთხილდი. არასდროს მისცე უფლება ვინმემ შენი ღირსება შელახოს. ყოველთვის იდექი შენს სიმაღლეზე“... ძალიან ხშირად, როცა თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობ, მოულოდნელად ფიქრების ზედაპირზე ეს სიტყვები ამოტივტივდება და მერე სიამაყის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე. ესეც მარტო იმიტომ, რომ ვახტანგი იყო ძალიან ღირსეული კაცი. კაცმა ღირსეულად აღზარდა სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი. ახლა ცოცხალი რომ იყოს, ლაზარესაც უნდა მოსწრებოდა. ლაზარე სულ რაღაც 5 თვისაა და უნდა ნახოთ, ყოველი სურათის გადაღებისას როგორი მამაკაცური გამოხედვა აქვს.
წამოვედით... ახლა, როგორც ყოველთვის, პირველობას არ ვთმობთ მე და ლაშა — ერთდროულად გამოვდივართ. ბოლოს ისე მოხდა, რომ დავეჯახეთ კიდეც ერთმანეთს:
_ გამატარე! _ გაიარე! _ გიგი... _ რა გინდა? _ იცოდე, ერთ დღეს აღარ გეყოლები და მერე დაგწყდება გული, ასე რომ მექცეოდი. _ რას ბოდავ? საიდან მოიტანე ახლა ეს? _ რა ვიცი... ვიფიქრე, ასე მაინც მოგილბობდი გულს. _ ახლა მართლა გცემ... _ კარგი რა ძმაო, რამდენს მირტყამ... მაჟოლები გამიჩნდა უკვე...
ადარა, მიყვარს ეს რეგვენი. რა გავაკეთო? ჩემი ძმაა. შეიძლება მის სხეულში ჩემი სისხლი არ ჩქეფს, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრად ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ხო, ბავშვობაში სულ ვკამათობდით და დღემდეც ასეა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სიყვარულის ხარჯზე ხდება. ახლა ჯერ სახლში ავალ, ცოტაც მოვწესრიგდები და მერე თანამშრომლებთან ერთად სადმე გავდივარ დასალევად. საინტერესოა ოდნავ ნასვამი ოთარის ნახვა... თინიკოს სიმთვრალეზეც არ ვიტყოდი უარს. საინტერესოა, მართლა ისეთი საშიშია, როგორც ამას თვითონ ამბობს? სახლის კარი გავაღე თუ არა, ჩემი ჯეკი (ჯეკი ჩემი ძაღლია) ტანზე შემახტა. უკვე 6 თვისაა და ისეთი გამხდარა, ლამის წამაქციოს. ამ ბოლო დროს ვერც მას ვეღარ ვაქცევ სათანადო ყურადღებას. კარგი, მოკლედ: ვაჭამე, წყალი დავუსხი, კარი გავუღე და გარეთ გავუშვი. სანამ ის მთელ უბანს მოირბენდა, მეც გადავწყვიტე, მზადება დამეწყო. მოდით, ქალებო, აღიარეთ ახლა,რომ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ბიჭები ძალიან გიზიდავთ... ჰოდა, ზუსტად ასე ვაპირებ დღეს საღამოს გასვლას. თეთრი მაისური, ნაცრისფერი პერანგი, თეთრი ბოტასები, ოდნავ მუქი შარვალი და შავი ქურთუკი. მგონი ცუდი არ უნდა იყოს, ხომ? არა, მოიცათ! სრულ იდიალურობისთვის რაღაც აკლია. აბა, შენ მიპასუხე, ლამაზო მკითხველო — რა შეიძლება იყოს? მართალი ხარ... სუნამოა. (მეგობარმა ახლახანს მაჩუქა) ეს იყო, გასასვლელად მზად ვიყავი, რომ ჯეკიც კარზე მომადგა. კარი გავუღე თუ არა, აივანზე წავიდა და იქვე დაწვა. მანქანა არ მინდა. ფეხით სიარული მირჩევნია. ჯერ იყო ჩემს უბანში მოჭადრაკე კაცებს მივესალმე. გვერდით რომ ყოველთვის ერთი არყის ბოთლი "ზაპასად" უდევთ. მერე იმ კეთილ მეზობელ იზოს გადავეყარე. არ არსებობს შემხვდეს და მაშინვე არ მკითხოს: _ რა კარგი ბიჭი ხარ, შვილო, და ცოლი რატომ არ მოგყავს? ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობ რამე არ დავაფარო თავზე, მაგრამ ბოლოს მაინც ზრდილობიანი ბიჭივით გავუღიმებ და გზას ვაგრძელებ. უეცრად როგორ აცივდა... ტყავის ქურთუკი ბოლომდე შევიკარი და ფეხსაც ცოტა ავუჩქარე. ჩემს ყურსასმენებში მოულოდნელად გაიჟღერა სიმღერამ "ცაში ახედე". და უცებ გავჩერდი... ან ახლა გაჩერების დროა? არც ზებრაზე ვდგავარ და არც ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ვარ. მანქანები გაუჩერებლად მისიგნალებენ — ესეც მარტო იმიტომ, რომ ისევ ის "თავხედი" ქალი გამახსენდა. ეს იყო, გადავლახე ცენტრალური გზა და ჩემი ტელეფონი რეკავს. უცნობი ნომერია. რა თქმა უნდა, იქამდე არ ვუპასუხე, სანამ ნომერი "ნომრების ბაზაში" არ გადავამოწმე. ოხ ეს რეკლამები... ახლა ამის დრო იყო? ნეტა ვინ უნდა იყოს? ამან კიდე ჩემი ნომერი საიდან გაიგო? თუ არ ვუპასუხე, კი არ გაჩერდება...
**
_ გიგი, გამარჯობა... _ მაკა, გისმენ. _ გიგი... არც კი ვიცი, როგორ გითხრა. _ როგორც არის, ისე თქვი. _ შენი ძმა... _ ვერ გავიგე, მაკა. რა ხდება? შენ... შენ რა, ტირიხარ? _ გიგი... შენი ძმა საავადმყოფოშია.
ვცდილობდი გამეხსენებინა გზა, საითაც უნდა გამეგრძელებინა სვლა. თითქოს ადგილზე მომკლეს და ახლა ჩემი უსულო სხეულის თრევა ისევ მე მომიწევს. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში წავედი. გზაში ვბრაზობ აბსოლუტურად ყველაფერზე. პირველ რიგში საკუთარ თავზე. ახლა თავში იმ სიტყვებმა დამარტყა, ცოტა ხნის წინ მზიკოს კართან რომ მითხრა ლაშამ. ხო, არ ღადაობთ?! ლაშა, თუ ახლა მეღადავები და ეს კიდევ შენი ოინებია, გეფიცები, ახლა მე მოგკლავ! ტაქსი საავადმყოფოს პარკინგთან გავაჩერე. ახლა აზრზე არ ვარ... უნდა შევიდე? ნეტა წინ რა მელოდება? ნუთუ ახლა ეს ყველაფერი მართლა ჩემს თავს ხდება? ეს იდიოტი უეჭველი ისევ მოტოდან გამოვარდა და ალბათ ახლა მეორე ფეხი მოიტეხა. და თუ ასეა — მივალ და თავს მე გავუტეხავ! ე, ბიჭო... მეშინია და ახლა მაგრად დავიძაბე... ეს თეთრი კედლები და წამლებით გაჟღენთილი შენობა ხომ საერთოდ გულს მირევს. გაფართოებული თვალებით ვეძებ ამ ჩემ ძმას. მჯერა, ახლა რომელიმე კედელთანაა ატუზული და ჩემს შეშინებას ცდილობს. არადა, ასე არ ხდება. ველოდები... ამაოდ. ვიღაც თეთრ ხალათიანი მედდა მომიახლოვდა და ისეთი ბედნიერი სახით მეკითხება:
_ ვინმეს ეძებთ? _ დიახ, ჩემს ძმას. _ რა ჰქვია თქვენს ძმას? _ ლაშას... ლაშა ვეძებ... _ დამელოდეთ, გადავამოწმებ.
ეს თქვა და უცბად ჩემთან იმდენი ადამიანი მოცვივდა... ყველა რაღაცას მეუბნება. გამამხნევებელ ფრაზებს...
_ გიგი, დამშვიდდი ძმაო. ლაშა მაგარი კაცია, უეჭველი გამოძვრება. _ ძმა, ჩვენ აქ ვართ... შენს გვერდით...
ზოგი ჩემი ახლობელია, ზოგი ლაშას მეგობარი... აი, ახლა ნამდვილად ვხვდები, რომ ყველაფერი ცუდადაა. და ლაშას მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. ე ბიჭო, ფეხები მიკანკალებს... ახლა, როგორც არასდროს, თავს ვერ ვიკავებ. მინდა კედლები გავანგრიო და რეანიმაციაში შევვარდე. „პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა თავი აქვს დარტყმული...“ იქ ვიღაც ამას ამბობს და ვგრძნობ ჭკუიდან ვიშლები. ხო არ ღადაობთ?!! ლაშა უნდა ვნახო. მისი ნახვა მინდა.
_ გამიშვით! _ გიგი, ახლა ამის დრო არ არის. ახლა ძალა უნდა მოიკრიბო და მზიკოს მიხედო. მას ახლა შენ სჭირდები... ვინ უნდა მივხედო?!! ახლა ამ მდგომარეობაში მე ვინმეს მივხედავ? მკიდია... ცოტაც დავიცდი და რეანიმაციაში შევალ.
სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, არ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება. გარეთ გამოვედი. ერთ საათში ალბათ ერთი კოლოფი სიგარეტი მოვწიე. ხალხი არ ილევა, მოდიან და ისეთი სახეები აქვთ, თითქოს მისამძიმრებენ. ახლა სურვილი მიჩნდება ყველას **** დავაფარო თავზე! ლაშა ცოცხალია! ვიცი, ახლა გაუნძრევლად წევს, მაგრამ მალე ფეხზე წამოდგება და პირობას ვდებ: აი, ვაფშე სახლიდან არ გავუშვებ! თუ უნდა, მაგიდაზე იაროს — ფეხსაცმელებით. ეს რა მწარე ხარ, ძმაო... გამაგრდი.
_ ძმა, რომელია? _ ეს კითხვა გაისმა თუ არა მედდასთან მივვარდი. _ მე ვარ! წამიყვანეთ!
ბევრი არაფერი მახსოვს... რაღაც ლურჯი ხალათი ჩამაცვეს და მედდას უკან დამუნჯებული მივყვები. _ უკაცრავად, არის აქ ვინმე? _ დიახ, გისმენთ. _ გეშლებათ... ეს ჩემი ძმა არ არის. _ ძალიან ვწუხვარ...
მედდამ თავი გვერდზე გააბრუნა. ვღრიალებდი ალბათ ლომივით. ეს რა არის? რა გაუკეთე საკუთარ თავს?! სახე სულ გადაშავებული აქვს, თვალებიც კი არ უჩანს. სხეულზე იმდენი რაღაც აქვს შეერთებული, ფაქტობრივად დაშლილია... ნეტავ ეს არ მენახა...
რამდენიმე საათის წინ მითხარი:
„მე აღარ გეყოლები.“ საინტერესოა — ამ დროს რაზე ფიქრობდი? ამის *****!!! კიდევ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაზე მწარე ხუმრობაა. მაგრამ ამის საშუალებას შენც აღარ მაძლევ. ხელის კანკალით ლაშას მხარზე ხელი დავადე. უეცრად შეცბა. ეს რეფლექსია. მან იგრძნო, რომ იქ ვიყავი. ექიმსაც გაეღიმა. „ძლიერი ბიჭია...“ ჩაილაპარაკა და თან იქაურობის დატოვება მთხოვა. რანაირად უნდა მივიღო ლაშა ასეთი? მერე აქ დარჩენის უფლება როგორ უნდა მივცე... რეანიმაცია დავტოვე და ფეხები უკან მრჩება. როგორც კი დერეფანში გამოვედი ხელებში მზიკო ჩამივარდა. _ ეს ჩემ დას როგორ ვუთხრა?! დედათქვენს როგორ ვუთხრა?! რას იტყვის, შვილები ჩაგაბარე და ვერ მიხედეო?! ვერაფერი გავაკეთე. ახლა ყველაზე უმოქმედო ადამიანი ვარ. არავის დამშვიდება არ შემიძლია, არც საკუთარი თავის. გარეთ გამოვედი და ერთი ვიკითხე:
_ ავარია ისევ იმ მოტო რბოლაზე მოხდა? _ კი, ძმა. დღეს ფინალი იყო. — ლაშას მეგობარმა მიპასუხა.
**
სულ ვაფრთხილებდი „შეეშვი ამ რბოლას, თავს დაიღუპავ.“ ახლა თავი მართლა დაიღუპა, და მეც... მეც ფაქტობრივად მკვდარი ვარ.
– სად არის ახლა ის დაწყევლილი მოტოციკლი? – რავიცი ძმაო, პოლიციამ წაიყვანა. – მიმიყვანეთ იქ... ახლავე!
მივუახლოვდი და გადამეკეტა. ვუყურებ ამ წყეულ რკინას არაფერი სჭირს. ეს ჩემი ძმა კიდევ... რა დღეშია. თვალებიც კი არ უჩანს ნორმალურად. ვგრძნობ, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ხელში რაც კი მძიმე მომხვდა, ვურტყი... ვურტყი იქამდე, სანამ მისგან აღარაფერი დარჩა. სისხლი მდის ხელიდან, მაგრამ ამას უკვე ვეღარ ვგრძნობ. რამდენჯერ დაგიმალე... რამდენჯერ დაგიმტვრიე, შეეშვი-მეთქი! და მაინც ააწყე! უყურე ახლა... ამას შეხედე!!! შენ გამოხვალ მაგ შენობიდან და მთელი ცხოვრება დაგჭირდება ამ ჯართის ასაწყობად... ვყვირი, ვღრიალებ, ვკანკალებ, ვიღაც მაკავებს... არადა გაჩერება არ მინდა. არ შემიძლია. „გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა“ – ამ სიტყვების გახსენებაზე შიგნიდან მანგრევს რაღაც. რატომ არ ჩავეხუტე?! რატომ არ ვუთხარი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის?! ხელი ავიქნიე, ვიღაცები მეჯახებიან, ვიღაც მაკავებს. უკვე ყველაფერი მტკივა, ხელებში ძალა აღარ მაქვს და ეგრევე მუხლებში ვიკეცები. ვიღაცამ ხელი მხარზე დამადო.
– გიგი... უკვე დროა. – რისი დროა, მაკა? – საავადმყოფოდან დარეკეს... ვიზიარებთ.
გაგრძელება იქნება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გამარჯობა. ეს არის დაწერილი 2020 წელს. რამოდენიმე ნაწილი შევაერთე ერთად და ასე გამოვიდა. :)) გამარჯობა. ეს არის დაწერილი 2020 წელს. რამოდენიმე ნაწილი შევაერთე ერთად და ასე გამოვიდა. :))
1. 20 ცამდე წავიკითხე და გავთიშე, რატომ დატვირთე ამდენი სად გეჩქარებოდა, ასე არ შეიძლება. 20 ცამდე წავიკითხე და გავთიშე, რატომ დატვირთე ამდენი სად გეჩქარებოდა, ასე არ შეიძლება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|