ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2025


დიალოგი დაქალის ქმართან (დრაკონის სიზმარი 21-ე საუკუნის მიჯნაზე) 9

9
შევიდნენ ოთახში. კახაც გაშტერებული იდგა. როგორც იქნა, უთხრეს, კურტკები გაიხადეთო და ადგილები გამოუნახეს. მაგიდასთან კახას მეგობრები და ნათესავები ისხდნენ. ირაკლის თამადას პირისპირ მოუწია დაჯდომა. ეკა და გვანცას კი - მის მარცხნივ და მარჯვნივ.
ბევრს სვამდნენ - განსხვავებული თიხის ჭურჭელი, ზარის ფორმის ჭიქა... თამადა, კახას სიძე დიდის ამბით ირაკლის გადააწოდებდა ხოლმე.
გვანცა შიგადაშიგ კახასაც ელაპარაკებოდა, მაგრამ ძირითადად ირაკლის, რადგან მის გვერდით იყო.
კახას შავი, ხუჭუჭი ძაღლი ეკას გვერდით იჯდა და წკმუტუნებდა.
- ნერვოზი სჭირს, - თქვა კახამ.
გვანცას გვერდით ადგილი განთავისუფლდა და კახა გადმოჯდა - იქ ვიწროდ ვიჯექიო. გვანცამ თავზე დაადო ხელი და კახა რაღაცნაირად გაიპრანჭა. “ძაან მორცხვია”, - თქვა გვანცამ.
კახამ ირაკლის დაუწყო ლაპარაკი. გვანცამაც თქვა რაღაც.
- შენ ნუ ეკვეხები! - შეუღრინა კახამ.
- შეც ნერვოზი ხომ არ გაქვს?!.
- ღამე ხომ დარჩები? - ჰკითხა კახამ ცოტა ხნის მერე.
- არა.
- დარჩები? - ახლა ირაკლიმ ჰკითხა, რომელმაც გვანცას პასუხი ვერ გაიგო.
- არა.
თამადამ გვანცას და ეკას სადღეგრძელო დალია, ალავერდი ირაკლისთან გადავიდა.
- ორივე მაგარი გოგოა, არც კი ვიცი, რომელი უფრო ნიჭიერია და რომელი მეტად მიყვარს! - დაახეთქა ირაკლიმ.
- შენ შიგ ხომ არა გაქვს! - გვანცას მიუტრიალდა კახა. მერე ისიც სადღეგრძელოს ამბობდა.
- ეკას თავი როგორ მოგწონს? - ჰკითხა გვანცამ, - ხო მაგარი თავი აქვს!
- ლამაზი თავი და დიდი ჭკუა! - შეაქო კახამ.
გვანცა სააბაზანოში გავიდა, უცნაური საკეტი იყო და კარი კარგად ვერ დაკეტა. გარედან თითქოს ვიღაც აწვებოდა და ისიც შიგნიდან მიაწვა.
როცა გამოვიდა, ირაკლი იდგა კარებთან, დერეფნის ბოლოში კი კახა და მათკენ იყურებოდა. გვანცამ ირაკლის გაუღიმა და კახასკენ წავიდა.
- რა სტრიპტიზი მოაწყვეთ?! - ჰკითხა კახამ.
ისევ დასხდნენ, ისმებოდა სადღეგრძელოები.
ძაღლი გვანცას გვერდით გადმოჯდა და გვანცა და ირაკლი ეფერებოდნენ. მერე ირაკიმ გვანცას ჭიქა შეუცვალა, თავის ჭიქაში დაუსხა შამპანური.
- წავედით? - ჰკითხა ცოტა ხნის მერე ირაკლიმ.
- როგორც გინდა, - გვანცამ საათს დახედა.
თამადამ სთხოვა, ნახევარ საათს კიდევ დარჩითო.
ამასობაში გვანცა გამოშტერდა, აღარ იცოდა რა ეკეთებინა.
- მზის სათვალე რომ დამრჩა შენთან, მომცემ? - ჰკითხა კახას და მის ოთახში გავიდნენ.
- შენი ოთახი სხვანაირი მახსოვდა, - თქვა გვანცამ.
- ახლა უფრო მოგწონს? - ჰკითხა კახამ და მოფერება დაუწყო. ხელით უბიძგა და საწოლზე დასვა. მერე სცადა დაეწვინა, მაგრამ გვანცა დაუსხლტა და კარების გაღება უნდოდა, მაგრამ ვერ გააღო. კახამ ისევ დაითრია და ლოგინზე დააგდო.
- შემეშვი, - უთხრა გვანცამ და ისევ ადგომა დააპირა. ამ დროს მისდა გასაოცად კახამ კარები გააღო. კარებში ირაკლი იდგა.
- რა იყო?! - ჰკითხა კახამ.
- მივდივართ, გვაგვიანდება.
- მალაპარაკე ხუთი წყთი გვანცასთან!
- წავიდეთ, - უთხრა გვანცამ ირაკლის, მაგრამ ირაკლი ოთახში შემოვიდა.
- რა გინდა! - უთხრა კახამ, - შენ და გვანცას შორის რამე ხომ არ არის?!
- კი, არის, - უთხრა ირაკლიმ, ხელში სიგარეტი ეჭირა.
- იატაკზე რატომ დამიფერფლე? - აუშარდა კახა.
- არ დამიფარფლებია, ძმაო, - ირაკლიმ მხარზე სცადა ხელის დადება.
- ხელი, ხელი! - კახამ მარცხენა ხელი აუქნია, ამ დროს კი მარჯვენა მუშტი ყბაში ამოკრა ირაკლის.
გვანცამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ირაკლი მის წინ ეგდო იატაკზე გაშხლართული და კახა წიხლებს ურტყამდა.  გვანცა თვითონაც ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა, ხან შუაში ჩავარდა, ხან ფეხებიდან იჭერდა კახას, კარების გაღება სცადა, მაგრამ კარები არ გაიღო, ეტყობა კახას დაეკეტა ჩხუბის დაწყებამდე. კახა გიჟივით იყო - სახეში ურტყამდა ირაკლის წიხლებს. გვანცა ვერაფრით შველოდა, არ იცოდა რა ექნა და ბოლოს ეკას დაუძახა. ირაკლის სახე სისხლში იყო. ამ დროს კარები გაიღო და ბიჭები შემოცვივდნენ, გარეთ კი კახას დედა და დისშვილები იყვნენ. ბიჭებმა გაათრიეს ირაკლი, სააბაზანოში გაიყვანეს.
გვანცას ასე საშინლად ცხოვრებაში არ უგრძვნია თავი! ოთახში გავიდა, ეკა ისევ მაგიდასთან იჯდა.
- ნახე რა, ირაკლი... - თვითონ რაღაც ერიდებოდა, მაგრამ ეკა რომ არ ადგა, ისევ თვითონ გავიდა ირაკლის სანახავად. ჯერ წყალს ასხამდნენ და მერე კახას ოთახში საწოლზე დააწვინეს.
კახა სასტუმრო ოთახში შევარდა და ყვიროდა:
- ოთახში შემომივარდა, ხუთი წუთი არ დამალაპარაკა გვანცასთან, თან კარები ჩაკეტა, ეგ ვითომ მუსიკოსი, ეგა!..
ეკას თავი ჩაეღუნა და ჩუმად ტიროდა.
- გიჟია, ეგ ხო ნორმალური არ არის! - დერეფანში ყვიროდა გვანცა.
- ვინ არ არის ნორმალური? - ჰკითხა კახას მეგობარმა.
- კახა, აბა სხვა ვინ!
კახას მეგობარი გვანცას გაეწელა, თვალები გადმოუქაჩა, მუშტები მოუღერა, - კახაზე ამას როგორ ამბობ!..
მეორე მეგობარი მათ აშველებდა.
გვანცა ისევ შევიდა ირაკლისთან, რომელიც ახლა წამომჯდარიყო. გვანცამ ხელები მოხვია, ირაკლიმაც მოხვია ხელები. გვანცამ ყურში რაღაც უთხრა და თავზე მოეფერა. ამ დროს ვიღაცეებმა შემოიხედეს და ისევ მიიმალნენ. იატაკზეც სისხლის წვეთები იყო.
ბოლოს ისევ ყველანი სასტუმრო ოთახში იყვნენ. კახა “რეჩებს” ამბობდა:
- მე და გვანცა ადრე ახლობლები ვიყავით, მერე რაღაც კი შეიცვალა, მაგრამ ეტყობა, მთლად არ გადამიარა...
ირაკლის მარჯვენა ლოყა სისხლიანი ჰქონდა. გვანცამ თავისი ცხვირსახოცი დაასველა და დაადო.
- აი, ეს წაუსვი, - კახამ რაღაც მალამო მისცა გვანცას და გვანცა თითით უსვამდა სახეზე ირაკლის. “კინაღამ მოკლა და ახლა ზრუნავს!” - გაიფიქრა გვანცამ, - “ნაღდად ძაღლის მალამოა”.
- ძაღლი დაგლეჯილი რომ იყო, ამ მალამომ მაგრად უშველა, - თქვა კახამ.
გვანცას ყველაფერში თავისი თავი ეგონა დამნაშავე - საშინლად იყო, უსაშინლესად, განადგურებული იყო.
ოჯახის წევრები კი ჩამომსხდარიყვნენ დივანზე და იმათ უყურებდნენ. ყველას წყლიანი, თანაგრძნობიანი თვალები ჰქონდა.
- ეს რა მომივიდა, - ამბობდა კახა, - მე აგრესიული მეგონა, ახლა მიტყდება!
- ამით კი არა, ამით უნდა იყო მაგარი! - ირაკლიმ ჯერ ხელზე მოკიდა ხელი კახას, მერე თითი თავზე მიადო.
- გვანცას რომ შევხედე, ცარცისფერი ედო!.. - ყვებოდა კახა.
გვანცა მასთან მივიდა.
- ამას არასოდეს გაპატიებ! - სადღაც ყურთან უთხრა და თვალები ცრემლით აევსო.
მერ წამოვიდნენ, სიძე აცილებდათ.
გზა მოყინული იყო.
- ჩვენთან წავიდეთ, - უთხრა გვანცას ირაკლიმ და ყველნი ერთად წავიდნენ.
სახლში როცა მივიდნენ, ეკამ ცხვირსახოცი დაასველა და ირაკლის თვალზე დაადო.
გვანცა ისევ საშინლად გრძნობდა თავს და ეს მდგომარეობა კიდევ რამდენიმე დღეს გაუგრძელდა.

_
“სიცოცხლის ბოლოს რომ მკითხონ, რომელ დღეს წაშლიდი შენს ცხოვრებაშიო, კახას დაბადების დღეს დავასახელებდი,” - ფიქრობდა გვანცა.

- ირაკლი როგორ არის?
- ვერ სუნთქავს, ნერწყვს ვერ ყლაპავს და მაინც ბედნიერია!

გვანცა ყოველდღე ნახულობდა ირაკლის. ამ ამბავმა კიდევ უფრო დააახლოვა.
გასიებული ტუჩი, ლოყაზე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებული თვალი... ორი დღის მერე ფილტვი ასტკივდა - მთელი ღამე არ მეძინა, მხოლოდ ერთ მდგომარეობაში არ მტკიოდა, ვერ ვბრუნდებოდიო... გვანცა ისე განიცდიდა, მასაც ფილტვი ასტკივდა, მთელი ღამე გაუნძრევლად იწვა.
- ბევრ სიგარეტს ნუ ეწევი, - ეხვეწებოდა ირაკლის.
- მიყვარხარ, - ებნებოდა ირაკლი, - ნუთუ კიდევ გჭირდება ამის მტკიცება... მე და ეკა ერთად კარგად ვერ ვართ. ადრეც გვქონია ლაპარაკი დაშორებაზე (არც ისეთი იდეალური წყვილი ვართ, როგორც ყველას ჰგონია), მაგრამ მე არ მინდა, რომ შენ დაგბრალდეს...
- ჩემთვის სხვების აზრს მნიშვნელობა არა აქვს.
- ხომ იქნები ჩემთან...

_

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები