 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ივლისი, 2025 |
ჩემო ქართველებო, - გიორგი სააკაძის ქვეყნის შვილებო, დღეს ჩვენ რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართველები გვქვია, ეს დიდწილად გიორგი სააკაძის დამსახურებაა.
მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, გიორგი სააკაძეს ეროვნული გმირის წოდებას მივანიჭებდი!
რომ არა გიორგი სააკაძე, დღეს საქართველოს სპარსეთი ერქმეოდა!
მარტყოფის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებიდან 400 წელი გავიდა!
მარტყოფის გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი სააკაძე იყო!
1625 წელს მარტყოფის ველზე ქართველმა მამულიშვილებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით შაჰ-აბას პირველის არმიას მუსრი გაავლეს!
გიორგი სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით.
„არაფერია ქვეყნად ისეთი ძვირფასი, ნამდვილმა მამულიშვილმა სამშობლოსათვის მსხვერპლად რომ ვერ გაიღოსო“, შვილის წარკვეთილი თავის ხილვისას უთქვამს სახელოვან ქართველ სარდალს.
,,ჩვენი დიდი მოურავი - გიორგი სააკაძე აღმაშენებლის მოდელის პიროვნება იყო - თანმიმდევრული, დღენიადაგ დაძაბული, მარად და ყველგან მთავარი იდეით შეპყრობილი - ერთიანი საქართველოს ხილვის მოსურნე“... ეს სიტყვები ჯანსუღ ღვინჯილიას ეკუთვნის!
გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“
,,ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული“. ეს სიტყვები ეწერა გიორგი სააკაძის ფარზე.
გიორგი სააკაძეს ქებით მოიხსენიებდნენ და მის ღვაწლს დადებითად აფასებდნენ: პლატონ იოსელიანი, ანტონ ფურცელაძე, ილია, ვაჟა, აკაკი, სიმონ ქვარიანი, ვასილ ბარნოვი, ტიციან ტაბიძე, სანდრო შანშიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), ნიკო ბერძენიშვილი, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ ჭიაურელი, ირაკლი აბაშიძე, ივანე გომართელი, დავით გვრიტიშვილი, გივი ჯამბურია, მერაბ ბერძენიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, ლევან სანიკიძე, ნოდარ ასათიანი, როსტომ ნიორაძე, დევი კაჭარავა, ოთარ მამფორია, აკაკი გელოვანი, აკაკი ხორავა, თამაზ ნატროშვილი და სხვები.
რაც შეეხება ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის აზრს, თამაზ ნატროშვილის წიგნში წავიკითხე: სტუდენტებს უთხოვიათ ბატონი ივანესთვის, თავისი აზრი დაეფიქსირებინა გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით. ივანე ჯავახიშვილს მოკლედ მიუგია თავისი სტუდენტებისთვის: ,,ვერც კარგს ვიტყვი, ვერც ავსაო“.
ჩემში აღფრთოვანებას იწვევს პოეტ ვაჟა ოთარაშვილის დამოკიდებულება გიორგი სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან. ბატონი ვაჟა ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობს სააკაძის ღვაწლზე, წიგნი გამოსცა გიორგი სააკაძეზე.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დიდება გმირებს დიდება! დიდება გმირებს დიდება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|