ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2025


დიალოგი დაქალის ქმართან (დრაკონის სიზმარი 21-ე საუკუნის მიჯნაზე) 10

გვანცამ ეკა ინახულა, ძალიან საყვარელი იყო, თმა ცოტა წამოზრდოდა. სადილობდა და გვანცას სთხოვა, ლუდს ხომ ვერ ამომიტანო?.. ლუდი დალიეს, ეკა თან ხატავდა, ყოჩივარდები ჩაედო ვაზაში. ცოტა არ იყოს, “გადავარდნილის” შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავისუფალი, სწრაფი მოძრაობები ჰქონდა. საღებავები დიდ, მრგვალ, დასაკრავ ფირფიტაზე დაესხა. “მაგარი პალიტრა გაქვს,” - უთხრა გვანცამ, შავ ჯემპრზეც ესვა საღებავები და სახესა და ხელებზეც.
- როგორა ხარ? - ჰკითხა გვანცამ.
- კარგად ვარ. ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, მარტო მინდა ვიყო. ბავშვობაშივე შევეჩვიე - სულ მარტო ვიყავი და ჩემს თავს ვეთამაშებოდი... ხატვა კაი რამეა... პარადოქსული - თან ადვილი, თან ძნელი, თავსატეხივით არის. სანამ მიხვდები, ძნელია, რომ გაიგებ, მერე ადვილია...
ზარი დაირეკა. გვანცამ კარები გააღო. ოთახში ირაკლი შემოვიდა. ეკას აშკარად გაუხარდა, თვალები გაუბრწყინდა... მათი ლაპარაკი მსუბუქი და თითოსიტყვიანი იყო.
ირაკლი საწოლზე დაჯდა. რაღაც მომენტში ეკა დაკვირვებულად მიაჩერდა, რაღაცნაირი მიშტერებული ყურება იცოდა. ირაკლის სინთეზატორი უნდა წაეღო, თან რაღაც წიგნი მოუტანა ეკას მხატვრობაზე.
ეკა ხატავდა, გვანცა და ირაკლი კი სამზარეულოში საჭმელს აკეთებდნენ.
- რა იდილია გვაქვს! - ეცინებოდა გვანცას, - მთავარი მეგობრობა და სულიერი ურთიერთობაა, სხვა ყველაფერი - მეორეხარისხოვანი.

_
საღამოზე ირინამ დაურეკა გვანცას:
- ჯგუფელები მხოლოდ ხასიათს მიფუჭებენ, ისეთ ხალხში მინდა ყოფნა, ვისაც ვუყვარვარ. მოდი, ეკა და ირაკლისთან წავიდეთ.
გვანცა ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა.
- მეზარება, შენ წადი.
ირინამ მერე სალის დაურეკა და ერთად წავიდნენ.
ახალი მისულები იყვნენ, ირინას მამამ რომ დარეკა - ირინას ნუ დაათრობთ, ნუ დაალევინებთო...
სალიმ თავის თავზე აიღო ირინას გაკონტროლება, ჭიქებს უმალავდა ირინას.
მერე გვანცას ურეკავდნენ:
- ირინა ცუდად იქცევა, - ეუბნებოდა სალი.
- სალი იქცევა ცუდად, - ეუბნებოდა ირინა, - არაყი დაღვარა!..
ირინამ მაინც მოახერხა დათრობა, მერე, როგორც ყოველთვის, ჩაი მოუნდა, მერე - ცეკვა.
უკვე გვიან იყო და სალი უკან დასდევდა, სახლში წამიყვანეო (იმ პირობით წაყოლოდა ირინას, თუ სახლში მანქანით გაიყვანდა), ირინა კი მაგიდის ქვეშ იმალებოდა. ბოლოს წაიყვანა სალი, თვითონ უკან უნდა მობრუნებულიყო და ირაკლიც გაყვა.
სალიმ ისევ გადაურეკა გვანცას სახლიდან და ეს ამბავიც მოუყვა.
გვანცამ იფიქრა, ახლა დასაძინებლად დავწვები და ვიეჭვიანებო, თითქოს მაზოხისტური სიამოვნება უნდოდა განეცადა, მაგრამ მანამდე მიხვდა, რომ ვერ იეჭვიანებდა, იმიტომ რომ ირინასაც იცნობდა და ირაკლისაც.

_
გვანცას უცნაური სიზმრები ესიზმრა, პრობლემები, კიმპლიქტები - სიმბოლოებით ხედავდა. წინააღმდეგობა თუ გარდაუვალობა... ციფრები... რომელიღაც ციფრზე გადაბიჯების უფლება არ ჰქონდა, მკაცრად იყო აკრძალული... გვანცა დაიძაბა, ეს ციფრი ერთიანი იყო....

_
მეორე დღეს გვანცა ირაკლის შეხვდა, ძველი თბილისის ქუჩებში ისეირნეს, მეტეხზეც ავიდნენ, მტკვრის პირას ეხვეოდნენ ერთმანეთს... თან ამ დროს თოვდა და გვანცა ბედნიერი იყო. გამოფენებიც დაათვალიერეს, მერე კაფეში ისხდნენ გვიანობამდე.
ირაკლი ეხვეწებოდა, ჩვენს მე-11 სართულზე ავიდეთო...
- ჩემს გონებას ჩემი გრძნობების არ ესმის... - ეუბნებოდა გვანცა, - ახლა არ შემიძლია. შენ თუ გესმის შენი თავის?
- მე კი.
- სახლში უნდა წავიდე.
ირაკლიმ სენტიმენტალური სცენები მოაწყო, გაიბუტა... გზისპირას ხესთან დადგა და “წადიო”...
- მასე ხომ არ იდგები?
- იქნებ მინდა, მთელი ღამე ასე ვიდგე!... მე-11 სართულზე წავალ და იქ მარტო ვიქნები...
გვანცას მოეჩვენა, რომ ირაკლი ტიროდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. იფიქრა, იქნებ მართლა უნდა, რომ წავიდეო და წავიდა. მოიხედა და ირაკლი მისკენ მორბოდა.
- გაგაცილებ.
- უკვე გვიან არის, - უთხრა გვანცამ.
- მაინც უნდა გაგაცილო.
- მერე სახლში რითი წახვალ?
- შენ მაგაზე არ ინერვიულო.

_
გვანცა ღამის ორ საათამდე ურეკავდა ირაკლის სახლშიც და ნუცუბიძეზეც, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა.
დილითაც იგივე განმეორდა.
- იქნებ საღათას ძილით დაიძინა? - თავს იმშვიდებდა გვანცა.
რაც მეტს რეკავდა, უფრო იციკლებოდა. “ჩემს გამო თუ რამე მოხდა, თავს ვერ ვაპატიებ!” ახლა რამე რომ მომხდარიყო, დარწმუნებული იყო, მისი ბრალი იქნებოდა. “რატომ არ წავყევი, როგორ მეხვეწებოდა!..” ბოლო დროს ისედაც შიშები ჰქონდა ირაკლის გამო - კახამ რომ დაასისხლიანა ირაკლი, იმ დღის მერე დაეწყო.
ეკას დაურეკა:
- შენთან ხომ არ მოსულა?
- არა, მეც ვრეკავ და არავინ მპასუხობს.
- სად უნდა იყოს?.. ვნერვიულობ.
- რატომ?
- გუშინ გვიან დავშორდით.
გვანცა ისევ რეკავს, ისევ არავინ იღებს...
ირინასთან მივიდა,
- დღეს თუ ვერ დავრეკე და არც თვითონ გამოჩნდა, ხვალე ხომ წამყვები?
ირინაც შეშინდა:
- ხვალე რომ მივიდეთ და სახლში არ დაგვხვდეს, მერე რაღა ვქნათ?
გვანცა ეკლესიაში შევიდა - ცოდვები მოინანია ღმერთის წინაშე, რომ ცოტათი მაინც განწმენდილიყო. ეგონა, ყველაზე მეტად ან მხოლოდ ამით დაეხმარებოდა ირაკლის, რომ ის კარგად ყოფილიყო და ცუდი არაფერი შემთხვეოდა.
ამდენი ნერვიულობით გადაიღალა. საღამოზე უცნაურად დამშვიდდა. ეს იმის მერე მოხდა, რაც უკიდურესად დაიძაბა, რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი საშინელება იფიქრა (იქნებ თავი ჩამოიხრჩო... იქნებ საწამლავი დალია... იქნებ მტკვარში გადავარდა... იქნებ ქუჩაში მთვრალებს გადაეყარა... თავს დაესხნენ... ვინ იცის, ახლა როგორ უჭირს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია!), კინაღამ გაგიჟდა და ბოლოს ყველაფერი მიიღო, ანუ შეეგუასავით, რაც არ უნდა მომხდარიყო... და ამის მერე დამშვიდდა - რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა.
მაგრამ დილით ისევ რომ ვერ დარეკა ირაკლისთან, ყველაფერი თავიდან დაეწყო, სიგიჟის ზღვარზე იყო მისული.
“ჩემს გამოა ყველაფერი, ღმერთი გვსჯის!
ღმერთო, ოღონდ კარგად იყოს და აღარასოდეს ვნახავ! ყველანაირ ურთიერთობას გავწყვეტ მასთან!” - აღთქმა დადო.
ირინას დაურეკა - სადღაც წავიდაო, უთხრეს.
“ესეც შენი ჯიგარი მეგობარი!” - გვანცა ირინას ვეღარ დაელოდა, პირდაპირ ნუცუბიძეზე წავიდა, მე-11 სართულზე. ზარი დარეკა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. შიგნიდან რაღაც ხმა მოისმა, მერე კარები გაჩხაკუნდა, გაიღო და ირაკლის ფიგურა გამოჩნდა. გვანცა შეტრიალდა და კიბეზე დაეშვა. უკანმოუხედავად გარბოდა, ბორცვებს და გოროხებს ახტებოდა, დაღმართებზე მისრიალებდა... რამდენჯერმე წაიქცა, დაგორდა... მაინც გარბოდა. ისევ დაუცდა ფეხი და გულაღმა გაიშოტა, წამით თითქოს გონებაც კი დაკარგა. მერე თვალები გაახილა და თეთრ ცაზე ღრუბლების მიღმა მკრთალად განათებული მზის დისკო დაინახა.
- კარგია! - თქვა გვანცამ, - კარგია, რომ ყველაფერი დამთავრდა... და ბოლოს და ბოლოს დაიწყო XXI საუკუნე.
                                                                        _______
                                                                            ___
                                                                              _


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები