ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვერიკო გოცირიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 ივლისი, 2025


ურწმუნო ხრიკული

გამოფენაზე მოწვევა ავტორისგან მივიღე. დმანისიდან თბილისში წავედი დასასწრებად, რადგან ვვარაუდობდი, რომ იქ საინტერესო გამოფენა დამხვდებოდა, მაგრამ იქ მისულს შუაგულ ვაკეში გამოფენაზე ვინმე ხაშს და არაყს თუ შემომთავაზებდა, ნამდვილად არ მეგონა. თქვენც თუ გაგიკვირდათ ხაში და ხელოვნება ერთმანეთთან რა შუაშიაო, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ...
                      თანამედროვე მხატვრის შალვა ხრიკულის გამოფენა სახელწოდებით “ურწმუნო ხრიკული” წარმოდგენილია GAMO - GAMREKELI MODERN გალერეაში. ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის თხუთმეტ ფერწერულ ნამუშევარს. გამოფენის გახსნის დღეს - 3 ივლისს მხატვარმა პერფორმანსი წარმოადგინა, რომელმაც იდეურად შეკრა ფერწერული ნამუშევრების სერია. 
                        გამოფენის სათაური “ურწმუნო ხრიკული” თავისთავშივე მოიზარებს ექსპოზიციის კონცეფციას, რომელშიც იკითხება ავტორის პერსონალური აღქმა და დამოკიდებულება გარემომცველი სამყაროს მიმართ. ნამუშევრებზე, ისევე, როგორც წარმოდგენილ პერფორმანსზე  იკვეთება მხატვრის  ეგზისტენციალური ძიებები ყოფიერების აბსურდულობისა და ადამიანად არსებობის კრიზისზე. მხატვარი მიზნად ისახავს  დიალოგის გამოწვევას პირად თუ საზოგადოებაში არსებულ ტაბუდადებულ თემებზე, რომლის სიღრმეც  სოციო-კულტურული კონტექსტითაა განპირობებული.
                        ნამუშევრების დათვალიერებისას მაყურებელი პირისპირ ეჯახება იმ რეალობას , რომელშიც არსებობს და ამავედროს დისტანცირებულად აღიქვამს  მას. თითოეული ნამუშევარი გაჯერებულია ქვეტექსტებით, სიმბოლოებით, სკეპტიციზმით და წარსულის ნაგლეჯებით, რომელიც ქვეცნობიერიდან ზედაპირზეა გამოტანილი.  მხატვარი ცდილობს ქვეცნობიერში დამალული და ტაბუდადებული თემები ამოატივტოვოს და ინდივიდი წარმოჩნდეს მსხვერპლად, რომელიც დაკარგულია დროსა და სივრცეში, ყოფიერების აბსურდულობისა და აუტანელი რეალობის ზღვარზე.
                      ფერწერულ ნამუშევრებს შორის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ნამუშევარი, სადაც რეალისტურად გამოსახულია ინტერიერში რძით სავსე ქვაბში მწოლიარე თხა მწვანე ფარდების ფონზე.
                      ცხადია, რომ მხატვარი ცხოველს ადამიანის ალეგორიად მოიაზრებს და გვიჩენებს ადამიანის იმ მდგომარეობას, როდესაც ის კომფორტის  ზონიდან არ გამოდის და კარგავს რეალობის აღქმას, რომელიც მისთვის ფატალური შედეგის მომტანია. ჩვენ ვხედავთ მსხვერპლს, რომელიც პასიურია, საჭმელად მზადდება თითქოს, მაგრამ უცნაური სიმშვიდით უყურებს ამ ფაქტსაც და სამყაროსაც, ის არ იბრძვის გადარჩენისთვის, არ გააჩნია პროტესტი და შეგუებულია ყოფას. ეგზისტენციალური არსებობის ამ აბსურდულობის შეგრძნებას ამძაფრებს ფანჯრის ფრაგმენტი, სადაც მშვიდი პეიზაჟი მოსჩანს და ძლიერ ეწინააღმდეგება ქვაბში არსებულ სცენას. თითქოს სიცოცხლე და ბუნება გარეთაა, მაგრამ შიგნით საშინელი და დაუჯერებელი სცენაა. ეს ნამუშევარი მაყურებელს უტოვებს უჩვეულო ემოციურ კავშირებს და სვამს კითხვებს ცხოვრების ღირებულებებზე , ადამიანურ უგრძნობლობაზე და სოცილური რუტინის საშიშ ფაქტორებზე, რომელიც რეალობის აღქმას აქვეითებს.  და ზუსტად იმ დროს, როცა ავტორი  პერფორმანსს ატარებდა, რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის 218-ე დღე იყო და სანამ ეს თხა რძეში ნებივრობას აგრძელებდა უდანაშაულო ახალგაზრდებს ხუთწლიან პატიმრობას უსჯიდნენ...მხატვარი ამ ნამუშევრით ამბობს: "ცოტათი ჩარჩენილები ვართ, სამაგიეროდ რძეში ვწევართ, მყუდროდ ოთახში და გვსიამოვნებს".
                    გარდა სკეპტიციზმისა მხატვარი ასევე  მიმართავს სექსუალობის მიმართ დამოკიდებულების კრიტიკას, რომელიც ერთიშეხედვით პროვოკაციულადაა გამოტანილი მამაკაცის სასქესო ორგანოს სახით. ნამუშევარი თითქოს გვიჩვენებს იმას, რასაც საზოგადოება უმეტესად მალავს ან თრგუნავს. წინა პლანზე წარმოჩენილია ასევე რეალისტურად დახატული პენისი სოცრეალისტური არქიტექტურის ფონზე,  რომელიც შეუსაბამო კონტექსტუალურ ბმაშია ბუნებასთან. ეს კონტრასტი და ერთგვარი ირონია  გაცხადებაა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ხელოვანმა წარმოაჩინოს ადამიანური მოწყვლადობა, სირცხვილი და საჯარო სივრცეში სხეულის კონტროლი. სექსუალობის გაუცხოების , სხეულის დაძაბულ ფორმად ქცევის და ადამიანის ინსტიქტების განდევნის შედეგი.  მხატვარი სვამს კითხვას თუ რა არის მორალური და ამორალური, რა არის სწორი და არასწორი?! აღნიშნული ნამუშევარი არის ხელოვნების ენით გამოწვევა და პირადი განცდის ვიზუალიზაცია, რომელიც გარკვეულწილად მიზნად ისახავს მაყურებლის შოკირებას, გაღიზიანებას და დიალოგის გამოწვევას. სწორედ ამიტომ, მხატვარი აბსურდისა და სიურრეალიზმის ზღვარზე წარმოაჩენს ყველა ნამუშევარს, რითიც უკარგავს კიდეც დროით კონტექსტს და განაზოგადებს რეალურ სივრცეში.
                    მხატვარი ახერხებს ბალანსის დაცვას რეალისტურ და აბსტრაქტულ  დეტალებს შორის  და ექსპოზიციას ქვეცნობიერში არსებული არქეტიპების ემოციურ ჯაჭვად კრავს. ის მაყურებელს აიძულებს შეჩერდეს, იფიქროს და წაიკითხოს ვიზუალური ნიშნები, თითქოს  მკვდარი ბუნების დეტალები, მაგრამ რეალურად ადამიანური ცხოვრების ნაწყვეტები.
                გარკვეული ნიჰილიზმის, სკეპტიციზმის, კომფორმიზმის ატუქლიზებით, შალვა ხრიკული პერფორმანსით მორალურ-ეთიკურ გამოწვევებს  ირონიით პასუხობს და მაყურებელს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. ეგზისტენციალური “ჩარჩენილობისგან” თავდასაღწევად მან გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ხაში ნივრით, არყით და ლავაშით შესთავაზა. მაყურებელი პერფორმანსის მონაწილე გახდა,  ხაში მიირთვა და ამ ფორმით ეზიარა ავტორის კონცეფციას. ეს აქტი კი, გაფორმდა კიდეც როგორც კრიზისიდან გამოსვლის და ახალი ეტაპის დაწყების გზა.
პერფორმანსზე ხაშის გამოჩენამ თავდაპირვბელად მაყურებლის გაოცება გამოიწვია, ყველას ღიმილი მოეფინა სახეზე და ეჭვის თვალით ვუყურებდით ავტორს, მაგრამ სწორედ ამ ცხელმა წვნიანმა და მისი მირთმევის აუცილებლობამ ემოციურად ყველაფერი გასაგები გახადა. არ ვიცი მაყურებელი ხაშის ჭამის დროს რას გრძნობდა, გამოგვაფხიზლა და გამოგვიყვნა ნაბახუსევზე ამ ხაშმა თუ უბრალოდ დაგვანაყრა, მაგრამ მე პირადად მქონდა შეგრძნება, რომ ზემოთ ნახსენებ  თხის ნარჩენებისგან გაკეთებულ წვნიანს მივირთმევდით, რომელიც მსხვერპლს ეკუთვნოდა და გულს მირევდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები