| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 31 ივლისი, 2025 |
მარიჯე
უცნაური ქალი იყო უცნაური და ავი, თუმცა... ქმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდას გარდაეცვალა და ერთდაერთ ვაჟს მარტოკა ზრდიდა. ძალიან მკაცრად ზრდიდა, იმიტომ რომ თავისთვის არ ზრდიდა. მშრომელი და პატიოსანი გაიზარდა მარიჯეს ვაჟი, მაგრამ ვეღარ ეგუებოდა დედის სიმკაცრეს და სხვების მიმართ სიავეს. არ დარჩენილა არცერთი მეზობელი, ვისთანაც მარიჯეს არ უჩხუბია და ვინც არ დაუწყევლია. რამდენიმეს ცოცხი, ჯოხი ან მისი ნასროლი ქვაც კი მოხვედრია. მარიჯეს დანახვაზე მეზობლები ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ. მარიჯეს მიზეზი არ სჭირდებოდა. ის მას აუცილებლად გამონახავდა. მაგილითად, მის ეზოში ერთი რომელიმე მეზობლის ქათამი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მარიჯეს ამის გამო ხუთ მეზობელს მაინც წაჩხუბებოდა და ბოლოს ყველა ზედ მიეწყევლა. ერთი სიტყვით ის ყველას სძულდა. მარიჯეს ქორწილში და სხვა წვეულებებზე არავინ დაპატიჟებდა, რომ არა მისი წყევლის შიში. ჰოდა, ყოველივე ეს ვერ აიტანა მარიჯეს ვაჟმა და ერთ დღეს დაიბარა -საშოვარზე მივდივარო- და ეზოდან რომ გადავიდა აღარ დაბრუნებულა. დარჩა მარიჯე მარტო და უმატა ჩხუბს და წყევლას. წყევლა კი, იმგვარი იცოდა, მანამდე რომ არავის გაუგონია-სმენია და ამიტომ, სავსებით დამსახურებულად, მას ,,მარიჯეს წყევლა,, უწოდეს. უცნაური ქალი იყო მარიჯე. უცნაური და ავი, თუმცა მის უბანში ყველა ბოლოგზაზეწამსვლელი, ყოველგვარი ანგარების გარეშე, მარიჯეს გაპატიოსნებული გახლდათ. მარიჯე მიცვალებულთან მარტო შედიოდა კარს ჩაიკეტავდა და შემდეგ მოვლილ- მოწესრიგებულ მიცვალებულს ჭირისუფალი ხმამაღლა ტიროდა, რომელიც მანამდე, მთელი ორი საათი, ცხარე ცრემლით, უხმოდ, და მთელი გულით მარიჯემ გამოიტირა. ეს ბავშვებმა თქვეს, კარის ჭუჭრუტანიდან რომ ბევრჯერ დაუნახავთ მტირალი მარიჯე, მიცვალებულს რომ დიდის მზრუნველობით აპატიოსნებდა. როდესაც მარიჯე მიიცვალა, ახლო სოფლიდან მეზობლებმა ვიღაც დაიქირავეს, ვინც ბოლოგზისთვის ამჯერად მარიჯე გააპატიოსნა. მარიჯე არავის უტირია. არც მის ვაჟს, ცოცხალ დედას რომ ვერ მიუსწრო და ცხედართან რომ ჩაფიქრებული იდგა და ესმოდა - ,,ვიზიარებ,, ,,გითანაგრძნობ,, ,,მწუხარების მონაწილე ვარ,,. მისი მშრალი თვალები იმ სიცარიელეს და გულგრილობას მიშტერებოდნენ ამ სამძიმრის სიტყვების მიღმა რომ იყო. თანასოფლელებისთვის რომ გეკითხათ - ,,მარიჯე რომ დაკრძალეს, იმ ღამით სოფლის სასაფლაოდან ძაღლის საზარელი ყმუილი მოისმოდა,, ეს მარიჯეს ჟურკია გლოვობდა სიავით განთქმულ სოფლის მიცვალებულთა განმბანელს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უხ! რანაირად გრძნობ ამქვეყნიურსაც და იქაურსაც. რანაირად იტყვი,ხოლმე.
უხ! რანაირად გრძნობ ამქვეყნიურსაც და იქაურსაც. რანაირად იტყვი,ხოლმე.
1. ცხონდა მარიჯეს სული. ცხონდა მარიჯეს სული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|