ღამენათევი გიძღვნიდი აზმანს, მზის პირველ სხივზე გედექი ტალად, შენთვის ვაგებდი ოშკსა და ზარზმას, ჩემი სიქველის შენ იყავ ძალა. შენთვის ვსერავდი მევრს და ხორასანს, რომ უცხო მიწის მომეძღვნა განძი, შენს დუშმანს ვსდევდი შენი მონასპა, კარებს ვუმტვრევდი ბარდავს და განძას. თუ გატყდებოდა მკლავი მედგარი, მტერი მუხთალი მოგიპარავდა , შემომტვრეულით ტანზე ბეგთარით, სიკვდილის ლანდად ვსდევდი ქარავანს. ახშობდა გული ზათქსა და ძახილს, ისფაჰანიდან თუ ალეპოდან ვყიდდი ღირსებას - ნამტყუნებ მახვილს, რომ სადმე შენი კვალი მეპოვა. დაგიგულებდი, ჯავრით და რისხვით, კლიტეს ვუმტვრევდი თოფკაფის კარებს, გახელებული, როგორც არესი ვეხეთქებოდი, იანიჩარებს. გეგონა მომკლეს, მორჩა, დასრულდა, ჰარემის ბალიშს ცრემლით ალტობდი, მე ვიყავ, ბანგს რომ უყრიდა სულთანს, შენს მოლიზღარებს ხმლით რომ აპობდა.... გამოვარღვევდი საჭურისთ ალყას, და ბედაური ფეხმალი ქარზე, მოგვაგელვებდა ქვიშხეთის წყალთან, გადაკარგულებს უცხო მიწაზე.... რომ ისევ შენი ალერსი მესვა, გენათებინა გული მზესავით, შენთვის ვაგებდი ხერთვისს და სლესას და გულიამებს შენთვის ვლეწავდი. შენ მიკიდებდი ცეცხლსა და სახმილს, უკვდავებისას მაძლევდი ძალას, მეომარს წელზე მარტყამდი მახვილს, და სახლს უკაცოს ედექი ტალად.... შენ მარბევინე ურდო მონღოლთა, შენ მაკვეთინე ქვაში ვარძია, შენ გამატარე ყველა გოლგოთა, შენ მამახვილე და მაბარძიმე.... ასწლეულები დავკეცეთ ერთად, ხეში და ქვაში შენს სახეს ვკვეთდი, შენს გამო რისხვად ვგრგვინავდი მტერთან და ნადავლ დროშებს გიფენდი ფერხთით... ვნებავ სიქველის, სიმწარევ მარცხის, შენა ხარ ჩემი ზმანება სამცხის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|