ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2025


შინდისი

მიეც მათ სიმშვიდე, მე კი ნება:
ღმერთო ავამღვრიო შენი წყალი,
სხეულს არაუშავს, მეტკინება,
ჩემს სულს გაბარებ და შემიწყალე.

მალე გვიტირებენ ძმა და დები
ვნახავ სად მივალ ან რისკენ ამას,
ვიდრე სიბერისგან დავძმარდები
მტერსაც გავიყოლებ სამარისკენ.

ჯვარი მძიმე იყო მე რომ მება,
(ხვითქი არ მასვენებს - მეტიჩარა)
გარეთ ერთმორწმუნე გვეომება
ჩვენ კი ჩვიდმეტი ვართ, მეტი არა.

მოგვცეს დანებების მცირე ფაზა
ფიქრებს გვთავაზობდნენ გალიებად
მაგრამ კავკასიურ ჯიშის ნაგაზს
როდის აშინებდნენ მელიები?

ბევრმა ჩვენს ტყვიებთან დასცა თავი,
მათი ბრალი არის განა ჩემი,
როცა სამშობლოა დასაცავი,
აღარც სიკვდილია განაჩენი.

გარეთ ქვემეხები იცინოდნენ,
ჭურვმა დააძინა აბრამიჩა,
ვიდრე მოკვდებოდა იცითო თქვენ
ხელებს მიჭერდა და არ გამიშვა.

ამ დროს მოთმინება ილევა და
მოხდა რაც სიკვდილმა
მოისურვა:
გვერდზე მოვიხედე და ლევანი
მოკლეს, რომ კოცნიდა ცოლის სურათს.

ვგრძნობ რომ ყველა მხრიდან შარი მოვა,
კახას დაუფლითა ტყვიამ გული,
სული სხეულს ისე მოაშორა,
როგორც ჰელადოს და იანგული.

მერე დაიღუპა ილია და
გმირებს განსაცდელი მოგვისია,
ასე დაიწერა ილიადა,
ასე დაიწერა ოდისეა!

ირგვლივ დამიხოცეს ძმა-ბიჭები,
მტერს რომ შეანანეს გამჩენი და
რადგან უკვე მათაც არ ვჭირდები
მეტი არაფერი დამრჩენია:

გულში ჩავიხუტე ნათლული და
ვუგდებ ჩემს გონებას ვერც ყურს მარა,
ხელი ჩავყავი და სარჩულიდან
სწრაფად ამოვიღე ხელყუმბარა.

ვიდრე ჩემს დროს ვადა გაუვიდა,
ვხედავ მტრის გვამების არი წყება,
ვკვდები გმირი მაგრამ ამ წუთიდან,
ჩემი უკვდავება დაიწყება.

ასე ჩემი ხელით ავიზომე
გზა, რომ ავირჩიე სადაც მევლო.
მისთვის არ მოვმკვდარვარ დაიხსომეთ,
რუსებს რომ დაუთმოთ საქართველო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები