ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2025


თუჯის ღერები


ჩემი უბანი 90-იანების მერე არ შეცვლილა.

როგორიც იყო, ზუსტად ისეთივე დარჩა. იგივე ორმოები, იგივე ბოძები, ბევრი ბრძოლის შედეგად - ხეებიც იგივე. ხანდახან კორპუსს რომ მივუახლოვდები ხოლმე, მახსენდება, ხუთი წლის რომ ვიყავი და აქ პირველად შემოვდგი ფეხი. დიდი ქვები და მათზე გადებული სკამიც კი უცვლელია. გარაჟებიც კი, მაშინდელივით მეტროს მგზავრების უხერხულობით არიან ერთმანეთზე აყუდებული და მიწოლილი.

მესამეზე სართულზე ცხოვრობდა ერთი კაცი, სულ მარტო. ხუთი წლისამ, პირველად რომ შემოვიხედე ამ უბანში, სწორედ მას გავუყარე თვალი თვალში. ისიც მიყურებდა, მეც ვუყურებდი. უსახელო მაისურით იდგა აივანზე და სიგარეტს ეწეოდა. თხელი თუჯის საფერფლე ედო მოაჯირზე. ხელში ფილტრიანი სიგარეტი ეჭირა, რაც მაშინ დიდი ფუფუნების ნიშანი იყო. ფილტრიანი სიგარეტი ხელს ისე უხდებოდა, როგორც ძვირფასი საათი მაჯას.

რაღაცით მივხვდი, რომ საბჭოთა დროს მაღალი თანამდებობა ეჭირა. უბნის მასშტაბით, ერთ დროს,  ნამდვილად სახელოვანი კაცი იქნებოდა. თავისი წარსული სტატუსიდან ახლა მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტი და ლამაზი, თხელი თუჯის საფერფლე შემორჩენოდა.

მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. აი, გამარჯობით ვიცნობო - მაგასაც ვერ ვიტყოდი. მარტო ერთხელ, ასე ათი წლის რომ ვიყავი, მე და ჩემს კლასელს დაგვიძახა: ამოდით ერთი წამითო. ცოტა გაგვიკვირდა, მაგრამ მივხვდით , რაღაც უნდა დაევალებინა. ბავშვები მაშინ უფასო მუშა ხელი და ამანათების დამრიგებლები ვიყავით.

ავედით. შავი სახლი ჰქონდა, შავად გამურული კედლები. ორპირი ნესტის სუნს ჭრიდა, ციოდა შიგნით. ძველი ავეჯი ისე შავად იყო ოთახებში ჩაძირული, რომ ბინა ცარიელი გეგონებოდა.

გურგენა ძიამ ძველი, გაძენძილი საფულე ფრჩხილებით გამოფხიკა და ყვითელი ორმოცდაათეთრიანები მოგვცა. მაღაზიაში ჩადით და მაწონი ამომიტანეთო.
ავუტანეთ.

და მერე ისევ ისე გაგრძელდა. აივანზე იდგა და აბოლებდა სიგარეტს. ოღონდ ცოტა უცნაურად ეწეოდა. ნაფაზის მოქაჩვისას ხომ ყველა სახეს ჭიმავს, ტუჩებს პრუწავს, მაგრამ გურგენა ძია არა. გაქვავებული სახით იდგა და აბოლებდა, იყურებოდა, უყურებდა უბანს, უყურებდა გარაჟებს, უყურებდა როგორც რაღაც ნახატს, პეიზაჟს, ლანდშაფტს - ახლოდან უყურებდა, მესამე სართულიდან ყველაფერი ხელის გულზეა, მაგრამ თითქოს მაინც სიღრმეში იხედებოდა. თითქოს ჩვენი უბნის არსს ჩაჰყურებდა, ვერაფერს ხედავდა სიცარიელის გარდა და თითქოს ამ სიცარიელეს იყო გადამტერებული. ვესტერნული დუელის მოლოდინში იდგა აივანზე და უხილავ, უარსო მტერს უშიშრად აბოლებდა სახეში.

სიგარეტი რომ ჩაიწვებოდა, ამაყად ჩასრესდა საფერფლეში, მეტოქეს ანიშნებდა: ესეც შენო! და გამარჯვებული ისევ სახლში შედიოდა, ცოტა ხნით.
ასე გავიდა ორი ათწლეული. ერთხელაც მეათე სადარბაზოსთან ჩავიარე და აივანზე გურგენა ძია ვერ დავინახე. ჩავთვალე: ალბათ ცუდად გახდა-მეთქი. კი, ასაკში იყო, მაგრამ თითქმის არ ეტყობოდა. ოცი წლის წინაც ბებერი იყო. ოცმა წელიწადმა ისე გაიარა, თითქოს ეს კაცი არც დაბადებულა და არც დაბერებულა.
მეორე დღეს ხალხი დამხვდა შეკრებილი, მიხვრა-მოხვრაზე მივხვდი, პანაშვიდზე იყვნენ მოსულები. გურგენა ძია წავიდა - ვიფიქრე ჩემთვის. მანამდე, ყველა სხვა ადამიანზე ვფიქრობდი, რომ მოკვდა. თუ მეტყოდნენ კიდეც, იცი, ჩვენი შორეული ახლობელი, ესა და ეს ადამიანი, გარდაიცვალაო, ჯიუტად ვიმეორებდი მოკვდა-მეთქი.

მაგრამ გურგენა ძიაზე თავისთვად გამეფიქრა, რომ წავიდა. ძალიან ამაყი იყო, ძალიან ძლიერი თუ რატომ? რა შეიცვალა... გურგენა ძია რატომ არ მოკვდა? გურგენა ძია წავიდა. კიდევ ერთი წიგნი დაიხურა თბილისში.

აივანზე ავიხედე და თუჯის საფერფლე ისევ თავის ადგილას დამხვდა. ნამწვავები ბამბუკის ჩხირებივით ეწყო. მარტო ერთი ღერი იყო ოდნავ გამოწეული, საკონტროლო გასროლასავით, საბედისწერო მახვილივით.

იმ ღამით არ დამეძინა. სანერვიულო ჩემიც არ მაკლდა, გურგენა ძია არაფერ შუაში იყო. პატარა აღარ ვიყავი, ოცი წლის მანძილზე ბლომად ხალხი მყავდა ნანახი მკვდარი, ზოგიც გარდაცვლილი; კუბოებზე მიწები მიყრია და ბელტების რახუნის ხმა მისმენია. ჟამთა სვლისა და მასში სიკვდილის მონაწილეობა ვეღარ მაშინებდა. სიკვდილის ისე მეშინოდა, როგორც ნებისმიერ სხვას, მაგრამ გურგენა ძიას წასვლამ ეს შიში სადღაც გაყინა თითქოს. თან ამ წასვლაში რაღაც ახალი იყო ჩემთვის. ჩემს კლასელს მივწერე: გურგენა ძია გარდაიცვალა, ხომ არ ავიდეთ-მეთქი.

ჩემი კლასელი საქართველოში არ იყო.
ჩემი კლასელი საქართველოში მას მერე არ ყოფილა, რაც გურგენა ძიამ მაღაზიაში გაგვაგზავნა.
მეორე დღეს წავიდა ამერიკაში და აღარც დაბრუნებულა.
ვერც კი გამიხსენა , ვინ ვიყავი.
მე კი გუშინდელივით მახსოვდა და ცოტა გამიკვირდა კიდეც.

მერე სინანული მომაწვა. სინანული- რომ გურგენა ძიას უფრო კარგად არ ვიცნობდი. ვინ იცის, რამდენი რამის მოყოლა შეეძლო ჩემთვის. რამდენი რამის თქმა, დარიგება, იქნება კარგი ლიტერატურული მეგობარიც კი ყოფილიყო - უბნის კოლორიტი. ახალგაზრდების ძმაკაცი გურგენა ძია. წარმოვიდგინე, როგორ ავიდოდი ერთ დღეს, გამოველაპარაკებოდი, იქნებ სიგარეტი მეთხოვა. კი არ ვეწეოდი,  მაგრამ გურგენა ძიასთან ერთად ერთხელ მაინც არ უნდა გამებოლებინა? ამ ფიქრებში გართულს მეჩვენა, რომ მისგან ნათქვამი: „კარგი ბიჭი ხარ შენა!“ , ყველაზე ძვირფასი იქნებოდა, და ვირწმუნე, რომ ძალიან ბევრი დავკარგე. მთელ ტანში დამიარა იმ სითბოს ნაკლებობამ, რაც ამ ფრაზაში შეიძლებოდა ჩაქსოვილიყო.

ძალიან მეწყინა და საკუთარ თავზეც კი დამწყდა გული: როგორ გავფლანგე  ამდენი დრო ისე, რომ ჩემი მეზობელი არ გავიცანი. დროსაც ვერაფრს მოვუხერხებდი და ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა მარადიულ დამღად დამმჩნეოდა სულში.

სიზმარში თვალწინ მედგა კაცი, რომელიც მაღლა, აივანზე იდგა, თუჯის საფერფლე ედგა წინ, გარშემო თითქმის ვერაფერს  აჩნევდა, მხოლოდ დაჟინებით  იცქირებოდა უარსობაში  და თვალს არ აცილებდა მას. ვითომც აქ არაფერიო, არხეინად აბოლებდა და ჯიბეში ხელებჩაწყობილი ბრძოლაში იწვევდა  იმ უარსობას, რომელზეც ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა. მე კი მაინტერესებდა, ძალიანაც მაინტერესებდა, ცნობისმოყვარეობა შურითაც კი მავსებდა, რადგანაც დავიჯერე საიდუმლო კლუბის არსებობა, რომელშიც მხოლოდ გურგენა ძია იყო გაწევრიანებული, ხოლო მე, ამ დროის მარადისობაში, კლუბში გაწევრიანების ერთადერთი შანსი სამუდამოდ დავკარგე.

აივანზე, შემოდგომის სუსხიან ნიავში იდგა კაცი და აბოლებდა. აპროტესტებდა უარსობას. იდგა, უკან არ იხევდა, თითქოს ეუბნებოდა:  აქა  ვდგავარ, გხედავ, გიყურებ და შენი არ მეშინიაო.

და მის ფონზე, სადღაც იქვე, ქვემოთ დავინახე ჩემი თავი. ჩემი თავი, რომელიც სულ აგვიანებდა თავის პატარა საქმეებზე, თავის პატარა ქალაქში, თავის პატარა სამსახურით და თავისი პატარა ცხოვრებით, თავისი პატარა აზრებითა და ამბიციებით. მაშინ, როცა ეს კაცი კი უარსობას შეერკინებოდა და ოცწლიანი ომი მარტოდმარტოს გაეჩაღებინა. იბრძოლა ბოლომდე, თავდაუზოგავად, ერთი გოჯი არ დაუთმია. ერთი წარბი არ შეუხრია. ერთი არ დაუჩივლია.
მეორე დღეს სამძიმარზე ავედი. ცხედარს შემოვუარე. გურგენა ძია ისევ ისეთი იყო, როგორიც ბოლოს  ვნახე. ისევ ისეთი იყო, როგორიც ოცი წლის წინ რომ ვნახე. და ისევ ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის და როგორიც იქნებოდა მუდამ. მერე მისი ქალიშვილთნ მივედი, მივუსამძიმრე, ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე: თუ შეიძლება, მამაშენის თუჯის საფერფლეს დავიტოვებ-მეთქი.

თავიდან  თავი დამიქნია, უაზროდ, ისე დამეთანხმა, თითქოს ვერც გაიგო, რა ვუთხარი. მე მგონია, მართლა ვერ გაიგო. ორი დღეა სამძიმარს ეუბნება ხალხი და ყველას თავს უქნევს, ჩანს, მეც ამ რიტმში დამიქნია თავი. მაგრამ აივანზე რომ გავედი, თუჯის საფერფლე  ავიღე,  სიგარეტები სანაგვეში ჩავყარე და თან ეს თუჯის ფირფიტა გავასუფთავე, გაოცება ვერ დამალა.
სანამ რამეს მეტყოდა, მე დავასწარი:

- მამათქვენს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ეს საფერფლეც ყოველთვის ძალიან მომწონდა და მინდა,  მისგან სახსოვრად მქონდეს. თუ გადაიფიქრეთ, არ მეწყინება.  დავტოვებ!

- არა, არა... - ახლა უკვე გვიანი იყო უკან დახევა. ვერ მეტყოდა, მამაჩემის საფერფლე შენ რად გინდაო. არც მეტყოდა. სადღაც გახარებული და აღტაცებულიც კი იყო, რომ სრულიად უცხო ახალგაზრდა კაცი მამამისის მიმართ ასე იყო განწყობილი : - გქონდეს, თუკი შენთვის ასეთი ძვირფასია. გამიხარდება, რომ მამაჩემს  თუ მოგაგონებს ხოლმე.

საფერფლე ჯიბეში ჩავიდე და წამოვედი. გასვენებაში არ მივსულვარ.  მთელი  არსით ვიცოდი, რომ იმ გასვენებაში უბრალოდ ცხედარი უნდა დაეკრძალათ. გურგენა ძია ჩვენთან აღარ იყო. გურგენა ძია თავისით წავიდა. არ უთხოვია გამომშვიდობება. რომ სდომოდა, გაგვაგებინებდა.

საფერფლე მაგიდაზე დავიდე. ჩემი გოგოს დატოვებული სიგარეტი ამოვიღე უჯრიდან. მოვუკიდე, ოდნავ მოვქაჩე და საფერფლეში ჩავდე. სიგარეტმა ნელ-ნელა დაიწყო წვა. კვამლი გაუშვა. ხან ფანჯარაში გავიხედე, ხან სიგარეტს ვუყურე. მერე ისევ ფანჯარაში და ჩემს უბანში გამეფებული უარსობა სრული სიმძაფრით შევიგრძენი, დავინახე - შვიცანი მტერი, რომელსაც მალევე გავაწვდინე და გავუსწორე თვალი. მარტო ჩემს უბანში კი არა, მთელი ქალაქი და ქვეყანა თავის თავში ჰყავდა გახვეული. უზარმაზარი, უკიდეგანო, უარსო სიცარიელე - მარადიული.

მეც ვზივარ, ვუყურებ, თვალს ვუსწორებ და გურგენა ძიასგან ვიცი, რომ არ უნდა შევუშინდე. არცერთი გოჯი არ უნდა დავუთმო. მასთან ბრძოლას არც რისხვა სჭირდება, არც გავეშება, არც ყიჟინა. ვზივარ, ჩუმად ვუცქერ, ჩუმად ვუყრი თვალს თვალში, დაჟინებული და თამამი.

იგივე უბანი, იგივე უძირო ორმოები, იგივე ერთმანეთს აყუდებული გარაჟები, იგივე ხეები.

არსად მეჩქარება, არსად გავრბივარ. პასუხს ვუბრუნებ დროებას, რომ ახლა მე ვარ აქ, კიდევ დიდხანს ვიქნები და რომ მერე სხვებიც გამოჩნდებიან.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს