ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2025


კვარცხლბეკი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კვარცხლბეკი

შენ - ცხადში მეძებ, დროს უქმად ხარჯავ,
არ მპასუხობო, მიწყრები, მე კი
წუხანდელივით სიზმარი მტანჯავს
ეს სიზმარია  - ჩემი კვარცხლბეკი -

- ქერათმიანი
მე ავსიზმრეულ კლდე- ღრეთა შორის
ქვითინ-ქვითინით ვიარები,  დაგეძებ, დაო,
ძებნაში კაბა დამიძველდაო,
ჯღანი გამიცვდა, დამისველდაო,
ო, როგორ მინდა შეგეხმიანო,
ადამიანო, შავთმიანო!

მე შენზე მტირალს -  ცრემლი წამიღებს,
მორევები ჩამატრიალებს,
ესეც დობაა -
ჩემივე ცრემლის მდინარეში  ცრემლდიდობაა,
მე დავიხრჩობი, ტყუპისცალო,
დაბადებითვე შავბედისცალო,
ნაღვლისცალო,
შენ - სიმწრისცალო,
ეს გული უნდა დაგაცალო,
წასვლა არ უნდა დაგაცალო,
ან რატომ უნდა გაგეცალო,
განა  ჩემამდე კლდიდან  თავადვე  არ გადაეშვი საკუთარ ცრემლთა მდინარეში?

ღირს კი რამისთვის ამქვეყნად  შებმა?ვიდინოთ ერთად,
თან ცალ-ცალკე,
შეურევლებმა,
დაიმახსოვროს ამა ალაგმა -
ცალობა - ვერა ძალამ ალაგმა,
როგორც თეთრმა და შავმა არაგვმა,
ვიდინოთ,
ვიდრე 
ორივეს  თავად დარჩენისა ძალი  რამ მოგვდგამს,
ვიდრე იტყვიან, “და ორივე რამ გადარია?!”
ვექანებოდეთ, მოედებოდეს არემარეს ეს რია-რია!
(რა? - სიზმარია?!)
ვიდრე  დამცხრალნი და  დუნენი,
ფშავის არაგვთან შერეულები, ერთფეროვნები,
მცხეთასთან მტკვარში შერეულები ჩავედინებით.
უჩვენწყლებოდ მტკვარი - მკვდარია.

კლდის ნაშალი შავი ქვები შენ - მცხეთამდე გეთრია,
ვაჟი - ერთი გვეთნეოდა, ვის გულს მეტად ეთნია.
მე - კირქვებმა გამათეთრა, შავთან - თეთრი მკვეთრია.
შენი ჭირი  - შავი იყო, ჩემი ჭირი - თეთრია.


მენატრება საქართველო, ის ველები, ის ზვრები,
დაო, დღისით შორი ხარ და ღამით -  დამესიზმრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები