რაღაც სათქმელი სულ მრჩება, სანამ ჩემებურად ვყვავილობ და არავის ვგავარ. სანამ სანტიაგოში გავემგზავრები და შორეულ წერილებს მოგწერ - მოგიყვები : საცაა ოთხისა და ერთის შევიქნები, მოვიხდენ ჩემს ნოემბერსაც, მაგრამ რა მომიტანა, ამ ნამდვილობამ, ან აგვისტოს მიძინების სიზმარმა - იმოდენა ღამეში, ხმის ცახცახში გადღვებილმა ემოციამ ?
გავხედავ ეზოს - ო.ჭ.- სავით ,, ვითვლი ჭადრებს, ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს"... იქნებ მე შევძლო გაქცევა. არადა, ამინდზე მეტად ფიქრი ფუჭდება. ჩამოვუჯდები კიბის საფეხურს, ვეძებ დასასრულს თვალებით, შიშით. ვწვები მოღლილი და მეფიქრება აჭრილ შემოდგომაზე, ჩემი სოფლის მიტოვებულ გვიმრებით სავსე ჭაზე. შენს აღმართულ თივის ზვინზე თუ, როგორ ვუმრავლებ ცეცხლებს და გწვავ.
მეფიქრება გალაკტიონზე - მის ,,ჭარხალზე", თითქოს ყველაფერი ხარხარებს ირგვლივ... თითქოს, ჯერ კიდევ არდაქალებული გოგონა ვიყო და ვშრიალებდე ბალბასავით სუფთა. და საიდანღაც, ცოდვიანი ყასაბის დანა, ბატკანივით მიმზადებდეს სასაკლაოს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|