ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2025


„ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე...“

„ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ“, „ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ“... ბალახსა და ფოთლებს შორის, თხილს ვეძებ. მე პატარა ჩანთაში ვაგროვებ, დედა და მამა დიდ ტომრებში. ჩემი ჩანთა ძნელად ივსება, მაგრამ ყველა ახალი თხილის პოვნას სიხარული მოაქვს. ბედნიერი ვარ. დედა და მამა უფრო სწრაფად ავსებენ ტომრებს, მაგრამ მათ აღარ ახარებთ ნაპოვნი თხილი.
  ისინი ლაპარაკობენ  ჩემთვის გაუგებარ ენაზე, მესმის მხოლოდ სიტყვები: მოსავალი, ფული, ვალი, ღალატი...  მათი შუბლები ახლა მოღრუბლული ცაა, სიტყვები კი სეტყვასავით ცივი და მტკივნეული. თხილი ბევრია, მამა მხრებზე იკიდებს მძიმე ტომრებს და ნელი და არეული ნაბიჯით მიდის მანქანისკენ, რათა ძარაზე დატვირთოს მოსავალი. დედა უყურებს მიმავალი მამას ზურგს და  კიდევ უფრო დიდი ბინდი დგება მის მზერაში, დავიწროებული ტუჩებით რაღაცას ამბობს, ძალიან სწრაფად. ვგრძნობ, ეს საშინებელი სიტყვებია. მე მეშინია ამ სიტყვების და ამ ღამის, რომელიც ჩვენს სახლში უნდა  ჩამოდგეს.
  დაიძინე დროზე!- დამიყვირებენ, თითქოს ასე მარტივი იყო ძილი სახლში, სადაც მათმა ყვირილმა ჩემი სიზმრები მოუსავლეთში გადაკარგა. მე დავწვები, კედლისკენ გადავბრუნდები, გულში მაგრად ჩავიკრავ ჩემს კურდღელს და ძლიერად დავხუჭავ თვალებს. მენდომება, რომ დაამუნჯოს ღამემ დედა და მამა, მენდომება, რომ მათ ვეღარ უთხრან ის ბასრი სიტყვები ერთმანეთს და არ დაუსერონ სული. მაგრამ ისინი იტყვიან ყველა სიტყვას, რომელიც წლების დუმილმა დააგუბა და ახლა თითქოს კალაპოტი გადმოენგრიოს. მერე ეს სიტყვები მორებივით წაიღებს ნდომასა და სიყვარულს, პატიებასა და შენდომას, წაიღებს ხსოვნას, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და დაიშრიტება, გამოილევა, დაიცლება. და როცა ვეღარ მოძებნიან სათქმელს, ისინი დაამსხვრევენ ჭიქებსა და თეფშებს, გადააყირავებენ მაგიდას, კედლებს შეალეწავენ სკამებს, ისინი გაანადგურებენ ჯერ ნივთებს და მერე -ერთმანეთს.
  მერე ისევ დიდი დუმილი დადგება. სუნთქვისაც რომ გეშინია ისეთი სიჩუმე დაეპატრონება სახლს. შიში წაიღებს ჩემს ძილს, მე ვიწვები გადაბრუნებული კედლისკენ, მაგრად მეყოლება გულში ჩაკრული ჩემი კურდღელი და დავარწმუნებ თავს, რომ ეს მას ეშინია და მე უნდა დავიცვა. მე გავუფრთხილდები ჩემს პატარა ბაჭიას, დიდ და პარტყუნა ყურებზე მივაფარებ ხელისგულებს, რომ არ გაიგოს გინება და წყევლა, რომ არ გაიგოს ტირილი და ღრიალი... დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ არაფერია. რომ ისინი თამაშობდნენ დამალობანას და ახლა ამ უღრანი ტყესავით შიშისმომგვრელ და მიუსაფარ ღამეში ვეღარ პოულობენ საკუთარ თავებს. ვეღარ მიუგნიათ რომელი ხის უკან ამოაფარეს თავიანთი სხეულები, სად დამალეს ოცნებები, სად დაკარგეს ფორმა და ფერი... მაგრამ გათენდება, ამოვა მზე და ყველაფერი კარგად იქნება, ისინი ისევ დაინახავენ საკუთარ დანაწევრებულ სხეულებსა და სულებს და ისევ შეაგროვებენ, შეაწებებენ და გამთლიანდებიან. 
    მაგრამ ყველაფერი კარგად აღარ იქნება, რადგან ყოველთვის, როცა ისინი იქნებიან ჩუმად, მე მეცოდინება, რომ ახლა თოვლის გუნდებივით გროვდება ბრაზი, მერე ის გაიზრდება, გადადიდება და დაგორდება მთიდან, იქცევა ზვავად და ჩაგვიტანს ჩვენ ყველას და ისეთი დიდი იქნება ეს ზვავი, რომ ვეღარასოდეს შევძლებთ თავის დახნას.
  დედა მუჭებით აგოვებს თხილს, მე დახრილი ვქექავ ბალახებსა და ფოთლებს და ვცდილობ ვიპოვე ჯანსაღი თხილი. მე ვპოულობ და მიხარია. მინდა დედასაც უხაროდეს, მაგრამ დედას აღარაფერი ახარებს და მე არ მინდა ისე გავიზარდო, რომ ვეღარ ვგრძნობდე ხმელ ბალახებში თხილის პოვნის სიხარული.
  „ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ, “- ვჩურჩულებ და  ბალახებში ვაფათურებ თითებს.
  ვახშამი ცივი და უგემურია, რადგან თხილის ბაღებში დაწყებული სუსხი კიდევ უფრო უჭერს ძვლებს და მამას სიტყვებს ახლა უკვე  ქარიშხალი მოაქვს, ყველაფრის განადგურებას მოასწავებს. მე ჭამას თავს ვანებებ და კალთაზე ვეხუტები დედას, მინდა მივწვდე მის წვრილ და გაფითრებულ ტუჩებს და ხელი მივაფარო პირზე, მინდა არ თქვას სიტყვები, რომელიც ამ ქარიშხალს კიდევ უფრო გააავებს. მაგრამ დედა ამბობს, დედა არ ჩუმდება. მე ვხვდები, რომ მას გაჩერება აღარ შეუძლია, მან უნდა თქვას ყველა სიტყვა, რაც ამდენ ხანს თევზის დუმილით დაჰქონდა თავისი მჩატე სხეულით.
    და მერე ქარბორბალამ დაუბერაო თითქოს, ისე კარგავს წონასწორობას სახლი და ისე ნადგურდება ყველაფერი. მე და ჩემი ბაჭია ერთმანეთს ვეღარ ვშველით, რადგან ორივეს ძალიან გვეშინია. ტახტის ქვეშ ვძვრებით, ვწევართ იატაკზე პირქვე და უხმოდ ვყვირით, მთელი ძალით, გულის გახეთქვამდე ვეძახით ჭიამაიებს, ხეებს, ფოთლებს, ქარს, ცასა და მიწას, ვითხოვთ შველას. 
  ვერავინ შეძლო ჩვენი დახმარება, იმ ღამეს მამამ დედა დაკლა. წითელი ხდება იატაკი, საწოლი,  კედლები, წითელი სისხლია მამას სახეზე, მის ხელებზე, სისხლია ყველგან, წითელი სისხლით ლაქავდება ჩვენი ცხოვრება.
….
  თხილის ხეებს შორის მიწაზე ვზივარ, ხელებს ბალახებსა და ფოთლებში ვაფათურებ და უცხო ხმით ვევედრები:  „ჭიავ, ჭაივ, მაპოვნინე...“  მაგრამ ისინი დიდი დუმილით დუმან. რადგან ჭიამაიებმა იციან, რომ სულ ტყუილია ყველა დაპირება, დაკარგულ დედებს ვეღარვინ გვაპოვნინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს