 | ავტორი: ან... ჟანრი: პოეზია 28 ოქტომბერი, 2025 |
ამ ცის სარბიელს , ამ მიწას და ზეცას ვეკუთვნი, ბავშვობის ფესვებს გამოჭედილს ტყეთა ბილიკზე. მთების გადაღმა, ჩემი ღმერთის ნაცრემლარია, წლების მანძილზე, რომ ფერებით შემოვინივთე. ჩამოსტყდა ყური , დიდი ბებოს ცისფერ ჩაიდანს, გახუნდა ჩითი, საჩეჩელას დასძვრა კბილები. ზედაშის წინ, რომ საკიდელა უხმოდ ქანაობს, იქნება ეგ არის დაბრუნების ბოლო იმედი?! ზვარაკს სწირავენ ფუძე-კარის ობოლი შვილნი, ყველას ტკივილი ზედაშისთვის წმინდა ფიქრია. ჩვენ - წარმართული ღვთაებების წიაღში შობილთ სხვა იმედებზე ჯერ აქამდე არ გვიფიქრია. იშლება სუფრა, ცხვარის ბღავილს ერთვის ფანდურზე აკვნესებული სიმღერების ძველი ჰანგები და ბებო-პაპის დროინდელი საგალობლები სულს ამშვიდებენ, ირხევიან ტკბილი ბანგივით. სანთელს ანთებენ ჩამომჭკნარი,თბილი ხელებით, ბებოები და ქვევრის პირთან ჩუმად ტირიან. მოიგონებენ თუ რამ იყო ტკბილი წარსულში და სწუხან, თურმე ,ეს სამყარო გადაირია. ზოგს შვილის ნატვრა უსრულდება. თურმე ზვარაკმა მთელი სიწრფელით მიიტანა სურვილი ღმერთთან და მერე ისევ სამადლობელ სუფრას გაშლიან რომ კიდევ ერთხელ სიხარული ყველასთან ეთქვათ. მოგონებების წყება მოსდევს ყველა შეკრებას, და ყოველ ჯერზე საკიდელა უხმოდ ქანაობს, ჩამოტყავებულ იმედებს რომ ზურგით ათრევდა, და წუთისოფელს ემდუროდა, თურმე ამაოს. ცხვრის ტყავს პარსავდა დიდი ბებო და რუდუნებით, ჩეჩავდა მატყლს და კვირისტავის ხელში ბზრიალით ართავდა ძაფებს, ქსოვდა წინდებს და თურმე ამ დროს, გულს უქარვებდა ამა ქვეყნის ორომტრიალი. გარბიან წლები, სძვრებათ ძირი სალოცავ ქვევრებს, ღვინო სწყურიათ, სანთლის ნაღვენთს ვეღარ იხდენენ, და აქანავებს საკიდელა უხმოდ, უჩუმრად, ჯერაც ვერშეთქმულ, შეუწირავ მცირე იმედებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დაბრუნების ნებისმიერი იმედი ჩასაბღაუჭებელი და ხელიდან არგასაშვებია! დაბრუნების ნებისმიერი იმედი ჩასაბღაუჭებელი და ხელიდან არგასაშვებია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|