ახალი წელია. ვდგავართ მე და ოდა ჩემი სოფლის ეზოში, მე - ტალავერის ქვეშ, ის - გვერდით და ვუყურებთ სამყაროს ერთი თვალით. ვგრძნობთ მიწის სუნს და შუაღამისას ჩუმად შემოპარულ სუსხს, რომელიც სულ არ გვაშინებს. ვდუმვარ. ხმასაც არ ვიღებ იმის მოლოდინში, რომ ვინმე სხვა დაარღვევს ამ წყეულ დუმილს და სიმშვიდეს მომგვრის. შენ რა შუაში ხარ? 1 იანვარი. 2 საათი. ვდგავართ მე და ოდა გვერდიგვერდ და ერთნაირად აღვიქვამთ სამყაროს. მისთვის ყოვლად არასაახალწლო დღეა, რომელი ოდა იზეიმებს კალანდამდე ახალ წელს? ჩემთვის.. ჩემთვის 24-ასოიანი დღე. რა უნდა დააკლდეს ჩემნაირ ადამიანს ასოებსა და სიტყვებზე მეტი? შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ გახსენე. 1 იანვარი. 02:22. ოდამ თავის გიგანტურ მკლავებში მომიქცია - მუდმივად გაყინულ ოთხ კედელში - და ახლა ერთი ამოსუნთქით ვსუნთქავთ ორივე. ოდამ იცის, სიჩუმის ყოველი დარღვევისას ყურებს ვცქცეტ და უიმედო სახით ველი - იმედს. რას უნდა ელოდეს ადამიანი ახალ წელს? შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ წელსაც შენი თავი ჩავუთქვი ნატვრად. დუმილი. უკუნი სიბნელე. სიჩუმე განა ყოველთვის ცუდია, მაგრამ იმ ღამეს.. განა შენ რამე, უბრალოდ შარშან, ჩაფიქრებაც რომ ვერ გავბედე. მზერა. 1 იანვარი. 02:35. ღამე.
P.S. არც წელია ახალი და არც ეს ნაწერი. 2018 წლის პირველი ჩანაწერია. თითქმის 8 წელია გასული და ისევ იგივე სიმძაფრით ვგრძნობ სიმარტოვეს, სხვა მიზეზებით. პირველ ახალ წელს შევხვდები ჩემი ოდას გარეშე, ჩემი სახლის - არა კედლების, არა ადგილის, არამედ შეგრძნების.