ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაშო29
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2025


ცოდვა, რომელიც სიყვარულს მოერია

თავი პირველი

დასასრულის დასაწყისი

  მზისფერი საღამო იყო.. თომამ ჩუმად აიღო  წერილი, სიტყვებიც კი დამუნჯდა  მის სხეულში.
ზღვას შეეშინდა. აფორიაქებული გრძნობები სიცოცხლის ტალღებში იძირებოდა და მზესთან ერთად ჩახუტებულმა, ნელ-ნელა მიიძინა.
  თომამ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთ ღერს მოუკიდა და ძარღვებიც, თითქოს, გაფართოვდა მის სხეულში.
რაღაცას ხატავდა თოვლისფერი კვამლით და ბოლომდე ვერ ასრულებდა.
სანაპიროზე იჯდა სევდიანი თვალებით და მას - იმ ერთს -  უძღვნიდა ნანატრ ფიქრებს.
თავისი არეული გზებით განვლილ სიცოცხლეს ართმევდა დარჩენილ წამებს და „მას“ ჩუქნიდა, არაფერი ენანებოდა.. მაგრამ ხვდებოდა, რომ გვიანი იყო.
  უცბად, ლამაზმა ღიმილმა მოაკითხა მის ფიქრებს და თომამ გაიცინა.
  გავიდა შვიდი წამი და აცრემლებულმა თვალებმა დახუჭა ხშირი წამწამები და მის სევდიან სახეს აგრძნობინა თავისი ტკივილი, თომამ ზღვით სავსე მარილიანი ხელი შეახო „მის“ სახეს...
  დარწმუნდა, რომ ეჩვენებოდა...
  გავიდა თორმეტი წამი და გული ჩქარა სუნთქავდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა. უცბად, მზისფერი თმების სურნელი იგრძნო და მოენატრა...
  სველი ტუჩები და უცბად, თვალები გაახილა...
  მარტო იყო...
  აღარც ზღვა შესცქეროდა მის უმანკო სახეს, რომელშიც ცა ჩავარდნილიყო და მარტოობას ეფიცებოდა.
  ზოგისთვის ეს უბრალოდ ეგზისტენციალური კრიზისი, ეგოიზმი ან ეპატაჟური საქციელი იქნებოდა, თომა კი უბრალოდ ალტრუისტი იყო, უზომოდ შეყვარებული.
  მხოლოდ სიცივეს შეეძლო მისი უაზრო სიტყვების მოსმენა და მხოლოდ ტკივილი დათანხმდა მასთან მეგობრობას.
  გაქრა „ის“ ღამისფერ სიბნელეში, თომა კი მაინც არ უშვებდა ხელს, ეჭიდებოდა და მაინც კარგავდა.
ეს ხომ მათი სამფლობელო იყო, ეს იყო მათი გრძნობებით და დიდი ტანჯვით აშენებული სახლი და ეს იყო მისი სიყვარულის უკვდავებას შეპირებული ჯოჯოხეთი.
„მე მხოლოდ ტკივილი ვარ ღმერთო, - ჩუმად უთხრა ზღვას, - მაგრამ, ის სინათლეა, და თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, მე ვრჩები სიბნელეში, ოღონდ, ის არ ჩამიბნელო.“
წვიმამ დაფარა მისი ხმა. 
და სამყარომ პირველად იგრძნო, როგორ კვდება ადამიანი ნაზად - სხეულით ცოცხალი, სულით კი ღმერთთან დაბრუნებული.

  „მას“ ნია ერქვა.


ახალი ამბები: „გუშინ, საღამოს 22:12 წუთზე,  ბათუმის სანაპიროზე ახალგაზრდა ბიჭი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ ექსპერტები განაგრძობენ გამოძიებას და ამიტომ ჯერ არ აცნობენ პრესას თავიანთ ვარაუდებს“.

  თომა ძველ თბილისში ცხოვრობდა. ძალიან წარმოსადეგი და მდიდარი ოჯახიდან იყო, თუმცა არ სცნობდა მატერიალურ აზროვნებას, საგნებს და მათ ავთენტურობას, ამიტომ დესპოტ მამასთან ყოველთვის უთანხმოება ჰქონდა.
მამა კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ პროლეტარიზმს, რომანტიზმსა და მსგავს აბსტრაქტულ იდეოლოგიას. თომას ყოველთვის  ლიბერალისტად და ექსპანსიურად მოიხსენიებდა, თუმცა დიდი და ჩუმი სიყვარული აკავშირებდათ.
  თომას მოდერნისტული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და მისი პომპეზური მსოფლმხედველობა ბევრისთვის მიუღებელი იყო, გარდა დედისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა.
  თომას სხეულის და სულის ნახევარი დედამ თან წაიღო დაუსრულებელ სამყაროში. მისი ნაზი თითები ყოველ დილით ზღვისფერ წარმოსახვაში ელანდებოდა და ეს ტკივილი კიდევ უფრო სრულყოფილს ხდიდა თომას პლანეტარულ ცხოვრებას.
    საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ყოველთვის, მისტიურ კვალს ტოვებს კაცობრიობის ცხოვრებაში. თომასთვის კი, დედის სიკვდილის შემდეგ, ყველაფერი გაქრა მზისფერ ღრუბლებში, მოკვდნენ ცისფერი ბარტყები.
  უცნაურად დაიწყო დედამიწამ ბრუნვა და სამყაროც გარდაიცვალა.
  ჩუმი ტალღებით გაივსო ლამაზი ნავი, რომლითაც თომა ზაფხულობით იჯდა და გაურბოდა ცარიელ რეალობას, რომელშიც გაუაზრებლად ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. გავიდა წლები დედის სიკვდილის შემდეგ...
  თომას გულში აღარც სიცარიელე იყო, აღარც ტკივილი, სიჩუმემ და ხმაურმა მიატოვა მისი სული და გაურკვეველი სიბნელე, ყოველ ღამე, იცინოდა ხმამაღლა მიტოვებულ კუთხეში. მზე პატიებას სთხოვდა...
  ადამიანი ვითომ ყველაფერს ეგუებაო, ამბობენ... სინამდვილეში კი უბრალოდ ადაპტირდება იმ რეალობასთან, რასაც ცხოვრება აჩუქებს და დროს იყენებს იმისთვის, რომ ცხოვრება ისწავლოს, ისწავლოს ცხოვრება ტკივილთან, გაღვიძება და დაძინება, სიცილი და ტირილი.
  არავის ესმოდა, თომას კი ძალიან სტკიოდა, ძალიან სტკიოდა იოტისოდენა გული.მას ხომ, სულის კეთილი ნაკვთები მოჰპარეს და ჩუმად ძილში მოუკლეს.
თითქოს იღიმოდა კიდევაც ხანდახან...
ვერც წინ დგამდა ნაბიჯს მოყინულ გზაზე და ვერც უკან იხევდა. თითქოს იცოდა, რომ მწუხარებით სავსე დიდი ბედნიერება ელოდა სადღაც მომავალში. ამიტომ, ხანდახან ზღვაში იდგა და თვალებს ცას ჩუქნიდა. იქნებ მზე დაბრუნებულიყო და გამდნარიყო მიტოვებული სიცივე. იქნებ ისევ შეეგრძნო ლამაზი თითები.
არავინ იცოდა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდნენ...
  გავიდა დრო, დრო რომელიც არავის ელოდებოდა, დრო, რომელიც ასე მარტო იყო, მაგრამ როგორი ამაყი და უაპელაციოდ მკაცრი.
  თომას ქცევები მამისთვის მიუღებელი ხდებოდა, მაგრამ ორივემ იცოდა, ერთმანეთის გულის ფიქრები, ამიტომ არასოდეს აკლებდნენ ერთმანეთს ცარიელ სიტყვებს და თამამად ჩხუბობდნენ. როდესაც დარწმუნებული ხარ არ დაკარგავ, თავისუფლად ექცევი, ნივთი იქნება ეს თუ საყვარელი ადამიანი.

  მამას გრიგოლ აბაშიძე ერქვა. მაღალი, ჭკვიანი თვალებით, ისეთი, როგორიც დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერს შეეფერება, ევროპის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი და ულევი ფულის პატრონი.
  ძალიან კონსერვატიულად უყვარდა ჩაცმა და თავის წარმოჩენას სულ არ ცდილობდა საზოგადოებაში, მაგრამ მაინც ისე იქცეოდა,  ყველა პატივისცემით შესცქეროდა სიღრმისეულ თვალებში. დიდი სიყვარულით მოპოვებული ცოლის დაკარგვამ კი შეუცვლელი ნაიარევი დატოვა, რომლის ტკივილს ვერც ღამე შველოდა, ვერც დღე. კეთილი თვალები შეცვალა ფატალისტურმა გამომეტყველებამ და რაციონალური აზროვნება ჩამოუყალიბა. ხალხის გარემოში ყოფნა კიდევ უფრო მარტოსულს ხდიდა და ამიტომ არასოდეს რჩებოდა მარტო, თომას იშვიათად ელაპარაკებოდა, და თუ რაიმე სათქმელი ჰქონდა, მხოლოდ შენიშვნა ან ჩხუბი იყო.

  ერთ დილას, როდესაც გაზაფხულის სურნელებამ თებერვლის დასაწყისს შეახსენა თავი, მსახურები დილიდან საუზმეს დასტრიალებდნენ სამზარეულოში. მათი ფუსფუსი ავსებდა ტკივილში ჩაძირულ უზარმაზარ სახლს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი ხეებით მორთული ეზო გარს ერტყა. ყველაფრის სურნელი ტრიალებდა, ცხელი, შოკოლადიანი ფუნთუშეულის, სხვადასხვაგვარად მომზადებული კვერცხებისა და კენკრის, ყველისა და შემწვარი ლორის.
  გრიგოლიც გამოჩნდა მაღალი კიბიდან, როგორც ყოველთვის, კონსერვატიულად ჩაცმული და მკაცრი გამომეტყველებით მიაშურა სასადილო ოთახს, ყოველდღე და სულ სჭირდებოდა ხმაური ირგვლივ, რომ მტკივნეული და მწარე  ფიქრები განედევნა დამფრთხალი სულისგან, მთელი დღე იმდენ საქმეს აკეთებდა, რომ ღამე სიჩუმეში ფხიზელი არ დარჩენილიყო და ოთხი საათით მაინც დაეძინა. ამაში კი საუკეთესო მეგობარი, „The Macallan 1926“ ეხმარებოდა.
  გრიგოლმა იცოდა, რომ თომა დაიგვიანებდა საუზმეზე, თუმცა მაინც მოიკითხა მსახურებთან, შემდგომ აიღო ჟურნალი Forbes, რომლის გარეკანზე საკუთარი გამოსახულების შეეშინდა და დროულად გადაფურცლა. ცხელი ყავის სურნელი კი მის დილის რიტუალს დაურთო ძვირიან სიგარეტთან და ალუბლის ცხელ კრუასანთან ერთად. გრიგოლი მხოლოდ იმიტომ იყო ცოცხალი, რომ თომა არსებობდა ამ დაუნდობელ სამყაროში და იცოდა, რამდენი ნაცრისფერი დღე შეხვდებოდა არეულ გზაზე, მას კი მფარველი სჭირდებოდა.
  თომაც გამოჩნდა უბრალო ჯინსებით და თბილი ნაქსოვი ჯემპრით, რომელსაც გარღვეული ადგილი უმშვენებდა მხარს. თომას არც კი შეუხედავს გრიგოლისთვის, ისე მივიდა სამზარეულოში, პატარაობის ლურჯი ღრუბლებით მორთული მოგონებებიდან დედის ნაჩუქარი, ნაცრისფერი ჭიქა გამოიღო და თავად შეუდგა ყავის მომზადებას, თბილად მოიკითხა ყველა მსახური, შემდგომ კი გრიშას წინ დაჯდა უემოციო გამომეტყველებით და სიგარეტის კოლოფი ამოიღო. „გრიშას“ ეძახდა მხოლოდ ის, არც „მამას“, არც „გრიგოლს“, მხოლოდ „გრიშას“.
- თომა, ხომ გთხოვე, დახეული ტანსაცმლით ნუ ივლითქო! - ცივი სახით, ისე რომ არც კი შეუხედავს შვილისთვის, წარმოთქვა გრიგოლმა, თან მიაყოლა ცხელი ყავა და ფურცელიც გადაიშალა.
- გრიშა, გთხოვ, ნუ განმიკითხავ ჩემი შენგან განსხვავებული გემოვნების გამო.გემოვნება რა შუაშია, მაგრამ მაინც! კარგად იცი, რომ ჩემთვის მატერიალური არაფრად ფასობს, მითუმეტეს ტანისამოსი, რომელიც მხოლოდ ტანის დასაფარად გვჭირდება. მე მეტ დანიშნულებას ვერ ვხედავ. მაპატიე, თუ სახლში შენსავით შარვალ-კოსტიუმში ვერ დავდივარ.
- მე მამა მქვია, მაგრამ ეგ არაუშავს, გაიზრდები!
- რისთვის უნდა გავიზარდო კიდევ გრიშა? რომ მამა დაგიძახო თუ რომ დახეული და ძველი ტანისამოსი აღარ ჩავიცვა?
- ეს ფსევდო-ბოჰემისტური ფილოსოფია და ეპატაჟური გამოხტომები სანამდე იქნება შენს და ჩვენს ცხოვრებაში? ზედაპირულად უყურებ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა. როდის აპირებ ჩააბარო უნივერსიტეტში, უკვე ოცდაერთი წლის ხარ,  თუ საქართველოში გინდა დარჩე და აქ იპოვო რაიმე მენეჯერის ასისტენტის სამსახური? იქნებ, ფეხით მოსიარულე კურიერადაც იმუშავო, როგორც ერთი წლის წინ? მუშაობას მაგას ვერ დავარქმევდი, უხელფასოდ შეასრულე დავალებები,და ჩუმად ყველას საჩუქრად ახალი მობილურები დაურიგე,  შენთვითონ კი, დამტვრეული ტელეფონით დადიხარ.
- გრიშა, მე ხალხს შენს გასაღიზიანებლად არ ვეხმარები, არც...  საერთოდ არ ვეხმარები ვინმეს, ვინ მოგატყუა, რომ უფასოდ დავარიგე? და ზოგადად,  დილიდან ნუ განვიხილავთ ამ უაზრო თემებს.
  გრიგოლს ხმა აღარ ამოუღია.განაგრძო კითხვა, მაინც ვერ გაეგო, თავისი შვილის ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ფულის და ყველაფრის მიმართ, რაც კი მატერიალურს უკავშირდებოდა, თუმცაღა კი, მინიმუმ საარსებოდ, ყველას სჭირდებოდა . ასევე, კარგად იცოდა, რომ თომა ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ძალიან ბევრს კითხულობდა ბავშვობიდან,  პატარაობისას, ჩუმ-ჩუმად საბნის ქვეშ იმალებოდა  და ღამეებს ათენებდა, სურდა ბევრის წაკითხვა  მოესწრო, სანამ გათენდებოდა და მზით დაიფარებოდა დედამიწა. ასევე, კარგად იცოდა მისი ჩუმი კეთილი საქმეების შესახებ, რომელიც მთელს თბილისში იყო ცნობილი, თუმცა თომა სახელს ყოველთვის მალავდა და ფსევდონიმებით იცნობდა ხალხი.
  გრიგოლმა დუმილი ამჯობინა არა იმიტომ რომ, რამე ინფორმაციას არ ფლობდა ან სათქმელი არ ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ ძალიან უყვარდა მისი კეთილი სული, არა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანის, არამედ, როგორც შვილის და ამიტომ დაუთმო, თავი შეიკავა ცხოვრებაზე ლექციების წაკითხვისგან იმ ბიჭისთვის, რომელიც ორ ადამიანს უდრიდა, ამიტომ თემა შეცვალა.
- ხომ იცი ერთ კვირაში დაბადების დღე აქვს.
- ვიცი.
- ბევრი ხალხი მოვა,
- ვიცი.
- ძალიან გთხოვ, წესიერად ჩაიცვი და დაელაპარაკე ადამიანებს, ბევრს უნდა, ამდენი წელია შენი გაცნობა, შენ კი ყველას გაურბიხარ!
- გრიშა, ინტერესი არ მომდინარეობს სუბიექტური სურვილებიდან, არამედ იმიტომ რომ მდიდარი კაცის შვილი უნდათ დაინახონ, აღიქვან  კონკრეტულად და იმედები გაუცრუვდეთ.
- რატომ გაუცრუვდეთ? - გრიგოლმა სიგარეტს მოუკიდა და შვილს გაუწოდა. თომამაც გამოართვა, მაგრამ შემდეგ უკან დადო, თავისი კოლოფიდან ამოიღო და გემრიელად ყავას მიაყოლა.
- გთხოვ, ნუ იქნები ბრმა! ნუ ცდილობ ჩემში დაინახო ის, ვინც არ არსებობს და არც არასოდეს იქნება! შენი ხათრით, არ მინდა ვინმესთვის მოსაწონი გავხდე. მე ჩემი პიროვნება ვარ, რომელთან ცხოვრებასაც ვსწავლობ და ამაში არ მინდა ვინმემ ხელი შემიშალოს!
- შეგიძლია შეიცვალო თომა, ისწავლო შენს თავთან ცხოვრება, ოღონდ სხვანაირად,  ჯერ ახალგაზრდა ხარ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ბევრი საინტერესო წინ არის, მათ შორის კარგი. ადამიანები იცვლებიან ჩემო თომა.
- ადამიანები არ იცვლებიან! ისინი ამჟღავნებენ თავიანთ რეალურ სახეს ისეთ სიტუაციაში, აქამდე რომ არ ყოფილან, ამას კი კაცობრიობა შეცვლას ეძახის.
- მისი დაბადების დღეა! ისე იქნება, როგორც უყვარდა და ამაზე აღარ გვინდა!

  ამდენი ხანი რომ ესაუბრა მამა-შვილს, მსახურებს დიდი ხანია აღარ ახსოვდათ.რამდენი საერთო და რამდენი რადიკალიზმი სუფევდა ამ მდიდრულ სასადილო ოთახში. სუფთა ჰაერიც ვეღარ აღწევდა, იმდენი კვამლით მოხატული სითბო გაჟღენთილიყო.
  გრიგოლი წავიდა, გარეთ მძღოლი, სახელად ზაზა, ელოდებოდა მანქანით.
  უცბად, დილის სურნელმა გამოაფხიზლა თომა, ვერ ხვდებოდა, მაგრამ რაღაც საოცარ სიამოვნებაში გაჟღენთილი მომავალი უახლოვდებოდა და ძალიან შეეშინდა. “ნუთუ, მართლა შეიძლება ბედნიერება?”
თომა სკამიდან  წამოდგა, მთავარი დიასახლისი, სახელად მაგდა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ეპატაჟურ ოჯახს და გამორჩეულად  უყვარდა თომა, მიუახლოვდა - რამე ხომ არ გჭირდება  თომა? -  არა, მადლობა ყურადღებისთვის, ჩემო მაგდა, - თბილად უპასუხა თომამ.
  ბედნიერების ნაპერწკალმა წვიმის წვეთივით გამოაფხიზლა.
  აქამდე ის არასოდეს უგრძვნია...
განვლილი წლების გაზაფხულის მოლოდინში თომას სული ყოველთვის იძირებოდა ზღვით მორთულ სევდიან ტალღებში. მისთვის კაცობრიობა ახალგაზრდობით გათამამებული ბრბო იყო, რომელიც მოყინულ გზაზე მიაბიჯებს ბრმად და მხოლოდ წვიმის ჩუმ ტირილს უსმენს, ეალერსება და ძალიან უყვარდა  ადამიანები, მხოლოდ უსიტყვოდ და უემოციოდ. ამ წუთამდე, აღარც მომავალი ჩანდა, ოდესმე, ჰორიზონტზე, მხოლოდ დღევანდელი ტკივილებით სავსე დღე იყო.
  რაღაც მომენტში, წარსულსაც კი გამოემშვიდობა და ზურგი შეაქცია უმანკო განვლილ ბავშვობას, ვეღარ უძლებდა ამდენ ტკივილს, რომლითაც  დღითი დღე ევსებოდა გული. ქუჩებიც დაცარიელდა, მხოლოდ „გრიშას“ სიტყვების კორიანტელი იდგა მძიმე ჰაერში.
  ხანდახან, ქუჩაში ხეტიალისას, შეჰყურებდა ბავშვებს, რომელთა თვალებშიც დიდ რწმენას ხედავდა, რწმენას, რომ ფერადი გაზაფხული ელოდათ, როგორც მას ერთ დროს...
  ამიტომ ვერ გაეგო ამ წუთის შეგრძნების, ვერ პატიობდა საკუთარ თავს და თან ბედნიერებასთან გამთლიანება ემატებოდა მთელ სხეულში. ის ხომ, აქამდე, გულში იკლავდა ტკივილით დათრგუნულ სევდას, ახლა, რა ხდებოდა გასაკვირად ამოუცნობი იყო. ამიტომ წამოდგა, სიგარეტი ჩააქრო, უკვე გამთბარი ყავა მოსვა და წასვლა გადაწყვიტა თავის ბავშვობის მეგობარ ლუკასთან,  რომ, დროებით მაინც,  გაქცეოდა იდუმალ რეალობას.




თავი მეორე

უცნაური წვეულება
 
  გრიგოლის მეუღლის დაბადების დღე წლის მოვლენა იყო მთელი ქალაქისთვის.
ბუმბერაზ სახლს  სახელურებზე თეთრი ვარდებით მორთული კიბეები ამშვენებდა. ყვითელი განათებები ეკიდა ყველგან, ხელოვნურ მწვანე ხეებზე, ოთახებში, დიდ ვერანდაზე , სადაც ვარდისფერი ფოთლები წვიმისფრად ჩამოეკიდათ. ვერცხლის შანდლებზე თეთრი და ნაცრისფერი სანთლები ვარსკვლავებივით ციმციმებდა და შარავანდედით ათბობდა ყველა კუთხეს. სხვადასხვა ფერის ორქიდეებით მორთული მაგიდები და ვერცხლის ჭურჭელი თვალისმომჭრელს ხდიდა გაშლილ სუფრას. აქ ნახავდით ყველაზე საუცხოო კერძებს,  სხვადასხვა სახეობის ხორცეულს, დეკორაციულად მორთულ სალათებს, ისეთ დესერტებს, რომელთა სურნელებასაც საოცარ განზომილებაში გადაჰყავდით. ცნობილი ფრანგი შეფი, კონკრეტულად ამ დღისთვის ჩამოჰყავდათ პარიზიდან, რომ ყველაფერი იდეალურად მოემზადებინა, ისეთი ტორტის მნახველი ვერავინ იქნებოდა, როგორსაც ეს შეფი და მისი რვა დამხმარე ამზადებდა. ყველაზე ძვირადღირებული რამდენიმე ასეული დასალევი ამშვენებდა ბარს, რომელსაც განათებები ღამის ელფერს აძლევდა. დიდ ეკრანზე კი პერმანენტულად მიმდინარეობდა გრიგოლის მეუღლის ფოტოები, ვიდეო- ამონარიდები თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად გადაღებული, თითქოს ისიც აქ იყო და ამშვენებდა მისი სული დღესასწაულის ატმოსფეროს.  სანახაობა მართლაც უჩვეულოდ ლამაზი და განსაკუთრებული იყო ყველასთვის. თითოეული დეტალი ისე პედანტურად ჰქონდათ გათვალისწინებული,  ზუსტად ისე, როგორც ქალბატონს უყვარდა. გრიგოლი ყველაფერს ამოწმებდა, ყვავილის ფოთლებსაც კი, რომელიმე ოდნავ დამჭკნარი არ ყოფილიყო, თითქოს მეუღლე მოვიდოდა და გული ეტკინებოდა მომაკვდავი ყვავილის დანახვაზე. ეს ხალხისთვის არ კეთდებოდა,თუმცა ძალიან ბევრი სტუმრით გაივსებოდა დარბაზი, დიდი გეცბის წვეულებას მოგაგონებდათ. მაგრამ გრიგოლის გულში იმ სიცარიელეს მაინც ვერ ავსებდა, სინანულის გრძნობა, რომელსაც, ასე თავგამოდებით გაურბოდა, უფრო ემატებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ სულ ელოდა მისი თვალები ქალბატონის გამოჩენას,  გაცნობიერებული ჰქონდა რეალობა, მაგრამ გული მაინც ელოდა დაუსრულებლად, მთელი საღამო, რომ მისი მშვენიერება გამოვიდოდა, გაუღიმებდა და აპატიებდა. შეხებაზე ვერც იოცნებებდა, უბრალოდ, რომ ერთი წამით დაენახა, ესეც უსაზღვრო ბედნიერებას მოჰგვრიდა ბატონის სულს და დარჩენილი ცხოვრება ყველაზე ბედნიერ კაცად დაბერდებოდა.
  ამ დღეს მთელი ქალაქის მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა და შესაბამისად ემზადებოდა.
  აქ ნახავდით როგორც დიდგვაროვან საზოგადეობას, ძვირადღირებული სამოსით და ამაყი გამომეტყველებით, ასევე, უფრო დაბალი ფენის მუშაკებს, რომლებიც ცდილობდნენ ეს ღამე რამენაირად გამოეყენებინათ ზედა საფეხურზე ასასვლელად. რეალურად, ორივე ფენა მიეკუთვნებოდა ცოცხალ ადამიანებს და ქალბატონი არასოდეს გაურბოდა მათთან ურთიერთობას, რადგან ყოველთვის თავმდაბლურად უყურებდა სამყაროს და მისთვის ყოველი ადამიანი სიკეთით სავსე გულით არსებობდა, თუ ამის საშუალებას მისცემდი. ყველანი ღვთის შვილები იყვნენ და არავის ჰქონდა განსჯის უფლება, მათი მატერიალური მდგომარეობის ან ჩაცმულობის გამო. გრიგოლიც საგულდაგულოდ იცავდა წესებს და ამ განსაკუთრებულ საღამოს, მისი დიდებული სახლის კარი ყველასთვის ღია იყო.
...

თომა და ლუკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მათ ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, ერთმანეთის გვერდში დგომით არასდროს დაღლილან და ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდათ. ლუკა ნიჭიერი მხატვარი იყო, რომლის ნახატებიც რამდენიმე თვის წინ გალერეაში მთლიანად გაიყიდა. გამოფენა, რა თქმა უნდა, თომას დაფინანსებით გაიმართა, ხოლო, მყიდველი დღემდე უცნობი იყო.
  თომა შევიდა მეგობრის ოთახში და შინაურულად დაჯდა. შესცქეროდა მეგობრის ნახატებს და მათ უსასრულო ფერების ზღვაში იძირებოდა.
- ახალია?
- ხო, მოგწონს?
- ძალიან!
- მადლობა, ვცდილობ იმპრესიონიზმი გავაღვიძო ჩემში.
თომას გაეცინა.
- შენ ვერ გაიგებ ხელოვანის თვალთახედვას, ამიტომ არ გვინდა ამ თემაზე. ერთ კვირაში  არის ხომ წვეულება?
- ხო..
- მერე რა გჭირს? მოვემზადოთ, ბევრი ლამაზი გოგო იქნება, შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილ სიყვარულს ვეძებ, უკვე რამდენი ხანია, გულის ტკენას აღარ ვგრძნობ მარისთან დაშორების შემდეგ. და ახალს აუცილებლად ვიპოვი, თუ არ ვიპოვე სიყვარული, მოწონებას გადავაყოლებ გულს.
- რა სისულელეა .
- რატომ თომა? სიყვარული ყველას სჭირდება, თუ ჯერ არაა საიყვარულის დრო, მაშინ ცოტა გართობა, სიცილი, ბედნიერება და ტკივილი, ესეთი ემოციები ასაზრდოებს და აცოცხლებს სამყაროს. ესენი გხდიან იმ ადამიანად, რაც დღეს ხარ.
- არ ვიცი, სიყვარულთან ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, არ იცი? ხანდახან მგონია, ხალხმა გასართობად მოიგონა, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო და ტრაგიკული გახადონ. მე სიყვარული ტკივილის გარეშე არ გამიგია, ხოდა, ეგ ტკივილი ზუსტადაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, რომ ფსევდო-ტრაგიკული და საინტერესო გახადოს თავისი ცხოვრება.
- ოოო, მოიცადე რა! შენ არ გჯერა ამ გრძნობის, იმიტომ რომ არ გყვარებია.
- იმიტომ არ მყვარებია, რომ ყოველთვის ვაკონტროლებდი ჩემს გრძნობებს გოგოებთან მიმართებაში, ყველაფრის სიყვარულის მჯერა, აი, ამ ნახატსაც შევიყვარებ, ოღონდ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გიყვარდეს ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება და ამას ჩვევა არ ვუწოდო.
- ხომ გაგიგია ტოლსტოის სიტყვები: „სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს.“ მოვა დრო, გაიგებ!
- არ ვიცი ლუკა, შეიძლება მეშინია კიდევაც, არ მინდა ეგ გრძნობა ჩემი ცხოვრების მთავარ აზრად ვაქციო.
- გრძნობა თუ ადამიანი?
თომა ჩაფიქრდა... ლუკამ კი განაგრძო:
- მამაშენს შეხედე და მისი მაგალითი ავიღოთ, გიჟდება დღემდე დედაშენზე. ყველაფრით აჩვენებს იმ გრძნობას, რასაც განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ  მისი საყვარელი ადამიანი აღარ არის ცოცხალი.
- მამაჩემი  იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ის სიცარიელე შეივსოს, რასაც ცოლის სიკვდილი ჰქვია, თან, არ გადავიწყდეს, სიკვდილსაც ხომ გააჩნია?! გარდაცვლილი ყველას უყვარს, ეს ცოცხლებს ვერჩით, როგორც კი ადამიანი კვდება, ეგრევე, ვაფასებთ, თითქოს უნდა დავკარგოთ მაინც და მაინც, რომ დავაფასოთ. თან შეცოდების გრძნობა იღვიძებს, თუმცა, რომელი უფრო ცოდოა ვერ გეტყვი, ცოცხალი თუ მკვდარი.
- მოკლედ, ერთ კვირაშია დღესასწაული, მოდი ბედნიერები ვიყოთ!
- კარგი ლუკა, - თომას გაეღიმა, უყვარდა ძალიან თავისი ოპტიმისტურად განწყობილი ყველაფრის მიმართ მეგობარი.
- მე მომშივდა, გემრიელი ხორცის ღვეზელი. მაქვს, გავათბობ და ვჭამოთ. ყავა გინდა თუ ჩაი?
- ყავა, ხომ იცი.
- კარგი!

  ლუკასგან წამოსულ თომას მაინც არ ასვენებდა რაღაც. კიდევ თან დაჰყვებოდა ნეტარი გრძნობა ბედნიერებისა, რომლისგანაც ვერ გათავისუფლდა და ვერ აეხსნა რა იყო მიზეზი, გული ვარსკვლავივით უციმციმებდა მკერდში და სითბოს გრძნობდა გაყინულ ძარღვებში.
თებერვლის თბილი საღამო იყო. ვარდისფერი ფურცლებით მორთული ცა კიდევ უფრო ატკბობდა მშვენიერ სურნელებას. ბავშვები თამაშობდნენ, სიცოცხლეს შეჰხაროდნენ. ადამიანებს ეჩქარებოდათ სადღაც, ხმაურობდნენ და მანქანებიც უსწრებდნენ ერთმანეთს. ჰაერში სიცოცხლე ტრიალებდა და ბედნიერება იყო. 
  თომასგან რამდენიმე კორპუსის დაშორებით და შემდეგ მარჯვნივ, ოთხსართულიანი შენობა იდგა. მეორე სართულის თეთრი ფარდები გარეთ გამოსულიყო და ნიავს ეცეკვებოდა ნაზად. ლამაზი, შავი აივანი სხვადასხვა ქოთნის ყვავილებით იყო მორთული. ნახევრად მძინარე მზის სხივები კოცნიდა ბინის კუთხეებს. ოთახში ტკბილი სურნელება ტრიალებდა, სილამაზის და სინაზის. სარკესთან შუქისფერი განათებები უკვე აენთოთ, ღია ვარდისფერ კედლებზე პატარა ფოტოები ეკიდა სიცოცხლით სავსე სახეებით, ლოგინზე თეთრი, ნაქსოვი პლედი ეფინა.
  დეკორაცია უნაკლო იყო. არა მდიდრული, მაგრამ ტკბილი. მიხვდებოდით, რომ მეოცნებე გოგოს ოთახი იქნებოდა. უცბად, ხის კარი გაიღო და ოქროსფერმა თმებმა შემოანათა მზესავით. გრძელი, ლამაზი თითები, მარწყვისფერი ტუჩები, შავი პეპლის მსგავსი წამწამები, დიდი, ჭკვიანი თვალები, პატარა ცხვირი და ნაზი კისერი. ფერმკრთალი, მაგრამ ძალიან სიფრიფანა და ძალიან ლამაზი.
  „მას“ ნია ერქვა.
  კოხტად ჩაცმული დაჯდა პატარა სკამზე, მოკალათდა გემრიელად და წიგნი გადაშალა.
- ნიაკო, მოდი გთხოვ, - გაისმა უფროსი ქალის ხმა,- მინდა გაგასინჯო რა გემრიელი ხორცი მოვამზადე.
- დედა ვკითხულობ.
- ნია, მე ვერ შევჭამ ამას, დიეტაზე ვარ და მოდი, რამე ხომ არ აკლია, უბრალოდ გასინჯე.
- კარგი, მოვდივარ!
ნია გავიდა პატარა, თეთრად მორთულ, კოხტა სამზარეულოში, რომელიც სისუფთავისგან ბრწყინავდა. გემრიელი სურნელი ტრიალებდა, ბოსტნეულის და სწორად მომზადებული ხორცის. ხისფერი საათი ეკიდა კუთხეში და ქვემოთ მწვანე მცენარე ამშვენებდა დროს. ძალიან გემოვნებით იყო გაწყობილი ბინა და ამას ოჯახის სიყვარული და სიმყუდროვე ემატებოდა. როგორც კი შეხვიდოდით სახლში, მიხვდებოთ, აქ ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ.
- გემრიელია დე, ოდნავ დაუმატე მარილი.
ნიას ბევრი მეგობარი ჰყავდა. ძალიან ტკბილი ცხოვრება ჰქონდა და ცხოვრებისეული ტკივილი ან სირთულე მისთვის ამოუცნობი იყო. მარტივად და ლაღად შეჰყურებდა ცხოვრებას, აწმყოს, მომავალს. როგორი ლამაზიც იყო თვითონ, იგივეს ელოდებოდა სამყაროსგან, ბოროტება საერთოდ არ არსებობდა, არც მის გულში და არც სხვისაში. ფიქრობდა, რომ  ყველა ადამიანში კეთილი ფიქრები და ზრახვები შეიძლება ყოფილიყო. ყველას ეხმარებოდა, არც ის ცნობდა  მატერიალურ ღირებულებებს, მცირედიც საკმარისი იყო. დედას ოდნავ თავქარიან გოგოდ მიაჩნდა, მაგრამ გიჟდებოდა მასზე, მის ერთი წლით უმცროს ძმაზე და თავის ქმარზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს