ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2025


მე და მსოფლიო ჩემპიონი

რთული ბავშვობა მქონდა. სკოლაც რამდენჯერმე გამომაცვლევინეს, რადგან ხშირად გვიწევდა ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადაბარგება.
მეექვსე კლასში რიგით მეოთხე და ბოლო სკოლაში ამომაყოფინეს თავი.
არაფრით გამორჩეული მოზარდი ვიყავი. გრძელი ნაწნავებით, გამხდარი და უფერული ჩაცმულობით. ხშირად წინასწარ, ფასდაკლებით ნაყიდი ან ნაჩუქარი, ერთი ზომით დიდი ან ერთი ზომით პატარა, ჯახირით შეძენილი და შემოპატარავებული ფეხსაცმლით დავდიოდი სკოლაში. ამის გამო სულ მრცხვენოდა და საკუთარ თავში ვიხერგებოდი, არც ბევრი მეგობარი მყავდა.
ახალ სკოლაში ერთმა თანაკლასელმა ბიჭმა პირველივე დღიდან ამითვალწუნა. თავის წონაში ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი იყო და სულ ბაქიბუქობდა. შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გავეწვალებინე.
ქართულის გაკვეთილი იყო. მასწავლებელს ხელი ავუწიე, რომ გაკვეთილი მომეყოლა. გამიძახა და წამოსადგომად წამოვიწიე, მაგრამ ადგომა ვერ შევძელი. ჩემი გრძელი ნაწნავებით უკანა მერხის საკალმე ლითონზე ვიყავი მიბმული. გაგა კი, ჩემი გამწვალლებელი, გაბადრული იჯდა და იკრიჭებოდა. დამჯდარმა მოვყევი გაკვეთილი ისე, რომ მასწავლებლისთვის არაფერი მითქვამს და უკანაც აღარ მიმიხედავს. გაკვეთილის დასრულებამდე ასე ვიყავი მიბმული, სანამ თავად არ ამხსნა.
გაგას გადაპრანჭული, ახალგაზრდა დედა ჰყავდა და დედისერთა, გაზულუქებულ შვილს თავს დასტრიალებდა. ის კი კლასში ყველას დაგვცინოდა და აბუჩად გვიგდებდა: ზოგს სიმაღლის, ზოგს წონის, ზოგსაც ფიზიკური თუ მატერიალური შესაძლებლობის გამო.
მახოც ჩემი კლასელი იყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რადგან იყო, მოაცდევინეს ორი წელი და მის დასთან ერთად შემოიყვანეს სკოლაში. გადაადგილება უჭირდა, ხელ-ფეხს საცოდავად გრეხდა სიარულის დროს. მეტყველებასაც ვერ ახერხებდა და ენა ებმოდა განსაკუთრებით მაშინ, როცა დასცინოდნენ და ბრაზდებოდა. სხვა შემთხვევაში კი იჯდა თავისთვის უწყინრად და უბოროტოდ.
მე და მახო ყველაზ მეტად განვიცდიდით გაგას მხრიდან მუდმივ დამცირებას და ალბათ, ამიტომაც დავუმეგობრდით ერთმანეთს განსაკუთრებულად.
საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივდიოდი ხოლმე სკოლაში, რომ მახოსთვისაც მომესწრო დავალებების დაწერა. ის კი, სანაცვლოდ, ნაირ-ნაირი საწერი კალმებით მანებივრებდა.
გაგა ჩვენს მეგობრობასაც აბუჩად იგდება:
-„წიგნის ჭია“ და „ინვალიდი“ დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას...- ქირქილებდა და იღრიჭებოდა ხოლმე.
ერთხელ სკოლის დარბაზიდან ყველაზე ადრე დავბრუნდი საკლასო ოთახში, გაკვეთილის გადამეორება რომ მომესწრო. გაგაც ფეხდაფეხ გამომყვა. მეცა და ხელიდან წიგნი გამომგლიჯა. წიგნით ხელში მერხებს შორის დაიწყო სირბილი, მე კი, ატირებული, უკან მივსდევდი და წიგნის დაბრუნებას ვთხოვდი. ამის ნაცვლად გაგამ წიგნი გადაშალა და გვერდების  ამოხევა დაიწყო. ის მირბოდა და ფურცლებს გარდიგარდმო ყრიდა, მე კი მივსდევდი და ვაგროვებდი. რომ მივხვდი, ჩემი ცრემლებითა და ხვეწნა-მუდარით გაგას გულს ვერ მოვიგებდი, ტირილი შევწყვიტე და გავშეშდი, უხმოდ ვუყურებდი, როგორ გაანადგურა გაგამ ჩემი წიგნი, ცარიელი ყდა მოისროლა და არხეინად წამოსკუპდა მერხზე.
მაშინ კი გამიწყდა მოთმინების ძაფი, ვეღარ მოვთოკე დაგუბებული წყენა და ვეძგერე მერხზე არხეინად წამმჯდარ გაგას. ის მოულოდნელობისაგან დაიბნა და წამოძირკდა, მერხი ამოყირავდა და ქვეშ მოიყოლა. მეც ზემოდან შემოვახტი და გამეტებით ვუშენდი მუშტებს სახესა და ტანზე.
საკლასო ოთახში მახო შემოვიდა. თვალი ვკიდე, სიხარულითა და გაოცებით როგორ მოეღრიცა სახე.  როგორც შეეძლო, ისეთი სისწრაფფით, კარს ეცა და შიგნიდან გადაკეტა.  მერე ჩვენ მოგვიახლოვდა და ყიჟინა მორთო, თან ხელ-ფეხს უფრო სწრაფად იქნევდა:
_მისცხე, ანი, მასე მოუხდება.
      უცებ გონება გამინათდა და შევჩერდი, ავდექი და ტანსაცმელი შევისწორე.
დაბეგვილ- გალახული ძიუდოისტი ძლივს წამოდგა. სახეალეწილმა გააღო კარი საკლასო ოთახიდან გალასლასდა.
    მეორე დღეს ფეხები უკან მრჩებოდა, ისე მეშინოდა გაგას შურისძიების.
    გაგა არც მეორე დღეს და არც მომდევნო დღეებში სკოლაში არ გამოჩენილა. დამრიგებელმა თქვა,  ვირუსი შეეყარა და ჩაწოლილიაო. შემცბარმა გავხედე მახოს. მახომ თვალი ჩამიკრა და დასვენებაზე მითხრა, გაგას სახე ისე აქვს დალურჯებული, სკოლაში სირცხვილით ვერ დადისო.
      გული მომეწურა და კიდევ უფრო შემეშინდა იმ დღის, როცა გაგას სილურჯეები გაუქრებოდა და სკოლაში დაბრუნდებოდა.
      ორი კვირის შემდეგ გაგაც გამოჩნდა. ისე ყეყეჩურად ვეღარ შემოვიდა კლასში. მთელი დღე თვალს მარიდებდა. დღის ბოლოს მომიახლოვდა. მე აკანკალებული ხელები ზურგს უკან დავმალე.
-ანი, დღეიდან შენ იყავი გოგოების ყოჩი, მე ბიჭების ყოჩი ვიქნები.
-ყველას ყოჩი შენ იყავი, ოღონდ მე თავი დამანებე, - როგორც იქნა, ამოვისუნთქე.
      ხელი გამომიწოდა, მე კი ისე ვიყავი შიშით გაშეშებული, აკანკალებულ ხელებს ძვრა ვერ ვუყავი. გაგა ნირწამხდარი გამეცალა.
      მახოსაც ჩამოეხსნა გაგა. აღარ გვეძახდა ‘წიგნის ჭიას“ და „ინვალიდს“.  სხვა ბავშვებსაც აღარ აწიოკებდა. თითქოს ერთბაშად გაიზარდა და დასერიოზულდა გაგა.
      მახო მშობლებმა მკლავჭიდში შეიყვანეს. მის მერე კლასის ყველა ბიჭს ეჯიბრებოდა ხოლმე და გამარჯვების ყიჟინას სცემდა.
    გოგნებმაც მოვაწყვეთ შეჯიბრება სპორტის გაკვეთილზე. სპორტის მასწავლებელს თვალში ეცა ჩემი მკლავის ძალა, ბიჭებსაც გამაჯიბრა და ყველას გადავუწიე ხელი, მახოს გარდა. მახოს ხელი რკინასავით მტკიცე და უდრეკი იყო.
    სკოლა დავასრულეთ.
    გაგ მალე დაოჯახდა და სოფელში გადასახლდა.
    მახოს ჯერ მამა გარდაეცვალ მერე დედა, დაც გაუთხოვდა და სრულიად მარტო დარჩა.
    მეც გავთხოვდი.
    ერთი პერიოდი მე და მახო ვემგზავრებოდით ხოლმე ერთანეთს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სპორტდარბაზიდან ბრუნდებოდა დაღლილი, ჩემს შვილებს თავზე ხელს გადაუსამდა კეთილი ღიმილით და ჩასვლისას ბოდიშს მიხდიდა, ბილეთის საფასურის გადახდა რომ არ შეეძლო ჩემთვის.
      მერე და მერე მახო აღარ მინახავს, არც მისი ამბავი მომიკითხავს მანამ, სანამ მთელმა ქვეყანამ არ გაიცნო, როგორც მსოფლიოს პარაჩემპიონი.
    მე „წიგნის ჭიობა“ დიდად ვერაფერში გამოვიყენე. მკლავის ძალა, იცოცხლეთ, გამომადგა. ჯარისქალი გავხდი და ჩემში პოტენციურ გმირს ვასაზრდოებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები