| ავტორი: მაშო29 ჟანრი: პროზა 26 დეკემბერი, 2025 |
თავი მესამე
დროის წერტილი
თებერვლის დილა - 06:15 წუთი, გაზაფხულის ფრთხილი მოახლოება იგრძნობოდა შიშველ ხეებზე. სიჩუმეს მხოლოდ მგალობელი ფრინველები არღვევდნენ და სამყაროს თავზე ნაზად ეფინებოდა სიცოცხლის სუნთქვა. იმედი... დიახ, მომავლის იმედი ყოველთვის საოცარს ქმნის აწყმოსაც და თავად სამყაროსაც. „ყველაფერი კარგად იქნება“, „ესეც ჩაივლის“ - ეს სიტყვები ხომ ბრძოლის გადალახვისა და უკეთესი რეალობის მოლოდინის სიმბოლოებია. ოპტიმიზმის კულმინაცია ყოველ ტკივილზე და შემდეგ ფეხზე წამოდგომა, კიდევ დაცემა, მაგრამ მაინც შებრძოლება, თითქოს ეს ნაიარევს არ ტოვებდეს. ამიტომაც არიან ახალგაზრდები სიცოცხლით სავსენი, რადგან, ჯერ არ იციან, წლების შემდეგ, იმედი ნელ-ნელა როგორ კვდება ამდენი გაცრუებისგან და ბოლოს, აღარაფერს ელოდები, აღარც გჯერა, გაზაფხულის მოახლოებაც თავის ფერად სიტკბოებას კარგავს და ჰორიზონტი ნაცრისფრად რეალური გეხატება. თომამ, სულის ტკივილისგან ნაადრევად დაბერებულმა, გადაწყვიტა სიცოცხლე ისეთი მიეღო, როგორიც იყო. მან ძალიან ადრე შეიცნო სამყაროს სიმწარე და ერჩივნა საერთოდ უარი ეთქვა სიყვარულით მონიჭებულ, ამოუცნობ ბედნიერებაზე, რომელზეც კაცობრიობა ყველგან და ყოველთვის ლაპარაკობდა, წერდა თუ ხატავდა, და სულ არ გაეგო ამ გრძნობით გამოწვეული შემდგომ დიდი ტკივილი, ვიდრე, შეეცნო სიყვარული, გაესინჯა იმ ბედნიერების გემო და ბოლოს დაეკარგა. სჯობდა, სულ არ სცოდნოდა მისი არსი და ინდიფერენტულად ეცხოვრა ბოლომდე. თუ არ იპოვი სიყვარულს, დასაკარგიც ხომ აღარაფერი იქნება. ამიტომ სკეპტიკურად იყო განწყობილი გოგონების მიმართ და დროებით ურთიერთობებს ამჯობინებდა. არც სიყვარულის არსს გაიგებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, არც მის შემდგომ გარდაუვალ ტანჯვას. ეს ორი ერთმანეთის გარეშე კი - ირეალური ეჩვენებოდა. იმ დილას, ადრიანად გაეღვიძა, უცხო სურნელი იგრძნო ოთახში. ვიღაცას ფანჯარა დაეტოვებინა ღია და უკვე მეორედ, ძალიან უცნაურად ტკბილი გრძნობა დაეუფლა. თომა სწრაფად წამოდგა, სურდა გაურკვეველი შეგრძნებისგან სასწრაფოდ გათავისუფლებულიყო, გადაივლო, თბილად, უბრალოდ ჩაიცვა და დანთებულ სანთელთან დედის ფოტოს ხელით აკოცა. შემდგომ სასწრაფოდ გაეშურა ქვემოთ, თან ხელში დიდი ხელჩანთა ეჭირა და მსახურებით სავსე სახლი დატოვა. დედის დაბადების დღეზე, თომა ყოველთვის ჯერ საფლავზე მიდიოდა, იასამნებით ხელში, ცრემლებით სავსე თვალებს ზემოთ სწევდა და ტკივილს არ აძლევდა უფლებას მისი სხეული დაეტოვებინა. ამ დღესაც, უსიტყვოდ დაალაგა დედის გულზე ყვავილები, ხელი გადაუსვა მის სახეს, ქვაზე რომ გაშეშებულიყო თბილი თვალებით და ათი წუთი უსიტყვოდ შესცქეროდა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ნიავმა დაუბერა და ისევ გაზაფხულის სურნელმა გაუფანტა გონება, გული აუჩქარდა და ნეტარება იგრძნო. „რა ხდება“, გაიფიქრა თომამ, წამოდგა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით ეკლესიისკენ გაეშურა. ეკლესია დაკეტილი დახვდა, ძალიან ადრე იყო, ამიტომ ჩანთიდან გახვეული ქაღალდი ამოიღო და ზღურბლზე დატოვა. შემდგომ, გაეშურა ბავშვთა თავშესაფრისკენ, იქაც საფოსტო ყუთში ჩააგდო იმავე ზომის ქაღალდი. მოხუცთა თავშესაფარშიც შეიარა. მის გულში უცნაური ბედნიერება იზრდებოდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ. გაურკვეველი გრძნობებისგან შეშინებულმა, ლუკასთან შეიარა. კარი, როგორც ყოველთვის, ღია იყო. ლუკას ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ ჩართო ტელევიზორი, ყავა მოიხარშა და ხმაურიან სიჩუმეში, მოძველებულ დივანზე ძლივს ჩაეძინა.
...
გრიგოლი თავის ტკივილმა გააღვიძა. ბევრი დაელია ღამით. წინ ძალიან სევდიანი დღე ელოდებოდა. კიდევ ერთი დღე მის გარეშე. დაბადების დღე და გარდაცვალების დღე იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ამაშიც არ დაინდო ბედმა მისი მეუღლე და ერთმანეთს გადაეხვია სიცოცხლე და სიკვდილი, 365 დღიდან ერთი დღე აირჩია და საბედისწერო გახადა. ამას კი ქვრივი არ ეგუებოდა და მხოლოდ დაბადების დღეს აღნიშნავდა. თუმცა, ამას ბედს ვერ დავაბრალებთ, რეალური მიზეზი ხომ ბევრად ჯოჯოხეთური იყო. გრიგოლი წამოჯდა, ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა, ოთახში ალკოჰოლის, სევდის და თვითგვემის სურნელი ტრიალებდა. მისი სახე გაახსენდა და სიცოცხლემ ყველანაირი აზრი დაკარგა. ისევ ჩაწვა ლოგინში, იქნებ სულაც დარჩენილიყო აქ, ამ ცარიელ ოთახში, ყოველდღიური ადამიანებისა და ყოფითი ცხოვრების გარეშე, თომას იმედგაცრუებულ თვალებსაც აღარ ნახავდა, რომელშიც სიყვარული სრულიად გამქრალიყო, სამუდამოდ, მოეწონა ეს აზრი, მაგრამ შემდეგ ისევ თომას გამო წამოდგა. თავის დადანაშაულებას და თვითგვემას ყოველ ღამეც მშვენივრად ახერხებდა, დღე კი ისევ გრიშა უნდა ყოფილიყო, თომას გრიშა! როდესაც გამოეწყო და ქვემოთ ჩამოვიდა თორმეტი საათი გამხდარიყო. ხალხის ხმაურისა და ფუსფუსის დანახვამ გრიგოლს სიმშვიდე გაუღვიძა და ისევ თავის რაობას დაუბრუნდა, დროებით. ყველა დეტალს ზუსტად ისე ასრულებდნენ, როგორც ქალბატონს უყვარდა. გრიგოლი კმაყოფილი იყო, თომა არც მოუკითხავს, იცოდა, დღეს ადრიანად გავიდოდა სახლიდან და დედის საფლავთან ერთად, კეთილ საქმეებს უმალ შეასრულებდა. გრიგოლი თავის ოფისში დილიდან წასასვლელად მოემზადა, შემდგომ უნდა დაბრუნებულიყო, ყველაფერი დეტალურად შეემოწმებინა, გამოეცვალა და სტუმრებთან შესახვედრად გრძელი საღამოსთვის მზად ყოფილიყო.
მიუხედავად ბევრი ნაიარებით გამოწვეული შინაგანი სიცარიელისა, ორი ადამიანისა, რომლებიც ჩუმი ტკივილით სუნთქავდნენ ყოველ დღე ამ დიდებულ სასახლეში, შეუდარებლად მორთული მაღალი კიბეები, მზისფერი განათებები და უცხოური ყვავილებით სავსე სურნელი ყველა კუთხეს ფარავდა თავისი სიდიადით, ხალხით სავსე იყო ეს დღე და ამ დროს რა ცარიელი, ხმაურიანი და როგორი ჩუმი, მაგრამ მაინც, გეგონებოდათ, მთელი სამყაროს სილამაზეს, რაც კი არსებობდა ამქვეყნად, აქ მოეყარა თავი და სიცოცხლე ბედნიერი იყო, ყოველგვარი ტკივილის გარეშე.
...
ნიაც გრძნობდა. გრძობდა დიდ ბედნიერებასთან ერთად, ახალი სიცოცხლის მოახლოებას. პეპლებმაც ნაზად დაიწყეს ციმციმი მის გულში და სამყარო შეიცვალა. თომასგან განსხვავებით, ნიას არ ეშინოდა, უბრალოდ გაირინდა. ჩუმად უსმენდა და გაცნობიერებისთვის მოწადინებულმა სცადა შეეყვარა ახალი სიცოცხლე. ის ხომ ვერ იქნებოდა ცუდი ან ავის მომასწავებელი. გული ხომ არ ეტკინებოდა, პირიქით, მომავალი არასოდეს მთავრდებოდა და ზუსტად მასში გამუდმებით ცხოვრობდა სიკეთე და მარადიული გრძნობები. ნია გამოეწყო. უდაოდ ლამაზი. ნაზი. გედს ჰგავდა, რომელსაც გინდოდა შეხებოდი, მაგრამ გეშინოდა, მოფერებისას რამე არ სტკენოდა. არაამქვეყნიური სურნელი ჰქონდა მის კანს, თავბრუს დაგახვევდა, თითქოს თოთო ბავშვს ეძინა სადღაც. ისეთი თვალწარმტაცი იყო, დედამისმა რომ დაინახა, გაშეშდა, თვალი ვერ მოსწყვიტა. თეთრი კაბა კიდევ უფრო სპეტაკს ხდიდა მის გარეგნობას და შეუდარებლად გამორჩეული, ყველაფერს მის ირგვლივ ანათებდა. მზისფერი თმა კი ათბობდა სამყაროს ოქროს ფესვებით. ალბათ, ყველა გაჩერდებოდა და წამიერად ამ სილამაზის შემყურე სიცოცხლეს კეთილი კუთხით დაინახავდა, ბოროტიც - კი. ნია, მისი ცხრამეტი წლის ძმა, დედამისი და მამა გაეშურნენ წვეულებაზე, ნიას მამა გრიგოლის ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში წარმატებულ მენეჯერად მუშაობდა. ოცდაერთი წლის თომას გაცნობა ყველას უნდოდა. ყოველი წლის სასურველი სასიძო კიდევ უფრო დიდი ინტერესის ობიექტი ხდებოდა. თომა კი, ისევ, ჩვეულებრივად გამოწყობილი ლუკასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გვიან მივიდა წვეულებაზე. ქალაქი ჩასული მზის ანარეკლმა შინდისფრად გაანათა ციდან და სახლებიდან მოციმციმე ვარსკვლავებივით ნელ-ნელა გაბრწყინდა. გრიგოლი გამორჩეულად მომზადებული ამაყად და ამავე დროს, მდუმარედ იდგა ხალხში და ისეთ მარტოობას გრძნობდა, როგორსაც წელიწადის ვერცერთ სხვა საღამოს. ჯადოსნური ელფერით მოელვარე სასახლე, ამდენი განსხვავებული სულიერებით გაფერადებული ადამიანი, ამდენი შრომა და ამდენი საუბარი, რა ამაო იყო... რა ცარიელი... და ისევ, მარტოობა, მხოლოდ დანაშაული... თომა რომ დაინახა, დაბრუნდა დედამიწაზე, თავის სახლში, სასწრაფოდ მოითხოვა ძვირფასი შამპანიური და ყურადღებით დაიწყო თითოეული სტუმრის მოსმენა, რომელიც რიგშიც კი იყო მასთან დასალაპარაკებლად. ლუკას შიოდა ძალიან, მთელი დღე არაფერი ეჭამა, მხოლოდ გამხმარი მჭადი და ოთხი ჭიქა თურქული ყავა დაელია. თომამ სთხოვა ამდენ ხალხში ნუ დამაყენებო და ვერანდაზე მიირთვი საჭმელიო, საბოლოოდ, ლუკამ სამი თეფში და ორი ბოთლი ისე დაიტაცა, დაუფიქრებლად, და ისე გამოვიდა ვერანდაზე, გოგოები არც შეუმჩევია, გემრიელად მოკალათდა მაგიდასთან, სანთელი აიღო, რომელიც ხელს უშლიდა სუფრის გაშლაში და ტკბილად შეექცია ვახშამს. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როგორც თითოეული კუთხის დეკორატიული მორთულობისა, ისე ძალიან გემრიელი და უცხოური საკვების მიმართ, სურნელი, რომელიც ბედნიერების ელექსირივით თავბრუს ახვევდა თითოეულ მათგანს, ცხოვრების მნიშვნელობის აღქმას, თითქოს, უფრო უძლიერებდა ის ატმოსფერო, რომელსაც მასპინძელი სასახლეში ახვედრებდა და ამ წვეულებიდან მეტამორფოზას განიცდიდნენ და ყველა შეცვლილი ბრუნდებოდა სახლში, ზოგს ამბიციები უვითარდებოდა, ზოგს სიკეთის ჩადენის სურვილი, ზოგს სიყვარულის ფასეულობა, რადგან დაკარგვის შიში მოჰქონდათ გრიგოლის თვალებისგან, ინდივიდუალურად, მაგრამ ყველა რაღაცას ართმევდა მასპინძელს და ეს რაღაც ბევრი მათგანის ცხოვრებას მომავალში ცვლიდა. ჯადოსნური საღამო ესთეტიკის უმაღლესი ფორმით და ტკივილის გრძნობებით დაცარიელებული მატერიალიზმით სავსე სახლი. რადიკალურად განსხვავებული გრძნობების ნარევი, რომელიც ზღვა ემოციას ჩუქნიდა სტუმრებს, პატარა გულის ჩანთებით, ვიზუალურად გაფორმებული, შინაგადან კი ქვასავით ცივი და ჰაერივით ცარიელი... საღამო დაუსრულებელი მოგეჩვენებოდათ. გრიგოლი თომას ეძებდა და როდესაც ჯინსები და უბრალო ზედა შეამჩნია, მაშინვე მიხვდა მისი შვილი იყო, გამორჩეული და სევდიანი. მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. არც ისე ხმადაბლა დაუწყო შვილს მონოტონურად საუბარი. - ხომ გთხოვე, წესიერად ჩაგეცვა, დღეს მაინც! თომამ თვალები გადაატრიალა, მობრუნდა და მამას პირისპირ დაუდგა. - გრიშა, მე ხომ აგიხსენი!.. პაუზა... თვალებში შეხედა: - რა გჭირს, ბევრი დალიე? - ყველას შენ აინტერესებ, ხომ იცი, დედას გაუხარდებოდა, - ისე განაგრძო გრიგოლმა, თითქოს შვილმა არაფერი უთხრა, - ცოტა დახვეწილად წარმოგეჩინა თავი. ეს ჯინსები ისე გამოიყურება შენზე, თითქოს ათი წელია გაუხდელად გაცვია. რატომ მარცხვენ? და რატომ გვარცხვენ? - აა, მე გარცხვენ? და შენ რატომ სვამ? აღნიშნავ თუ გლოვობ? - რა გინდა თომა? მე ისე ვიქცევი, როგორც დედაშენს გაუხარდებოდა. მგონი ყველა კმაყოფილია, ნუ, რა თქმა უნდა, შენს გარდა. ხალხი ნელ-ნელა მოგროვდა მამა-შვილის გარშემო. - სულ ჩემთვის აკეთებ რა ყველაფერს. - შენთვისაც! - მაშინ თუ დედასთვის და ჩემთვისაც, წადი და მოინანიე დარჩენილი ცხოვრება. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ეს შენ გინდა, რომ პატივისცემა აიმაღლო საზოგადოებაში და კიდევ უფრო მაგარი კაცი გამოჩნდე, ყველამ რომ თქვას, ცოლი როგორ უყვარდაო. არადა.. - რა არადა? არ მიყვარდა თუ არ მიყვარს? რისი თქმა გინდა თომა? შენი მოსაწონი რა ვერ გავაკეთე ამ ცხოვრებაში? - აუ, დაიწყო... საერთოდ რას მოვდიოდი! აზრი არ აქვს! წავედით ლუკა! ლუკას ლუკმის ჩადება არ დასცალდა, რომ ხელი მაგრად ჩასჭიდა თომამ და ჩქარა გავიდა ვერანდიდან. - თომა, გთხოვ ... არ წახვიდე! - მოიცადე შვილო - გრიგოლი მიხვდა, რომ საუბარი ხმამაღლა მოუვიდათ, თან სცადა შვილი შეეჩერებინა, მაგრამ ისე ჩქარა დაუსხლტა ხელიდან, რომ ვერც გაიაზრა ბოლომდე რა მოხდა. მიმოიხედა ირგვლივ და თავისივე საბრალო ხმამ გამოაფხიზლა. გარშემო ბევრი თვალი და ყური იგრძნო, ისევ გაიკეთა მკაცრი სახის ნიღაბი და მანაც დატოვა იქაურობა. სტუმრები კი განაგრძობდნენ მხიარულებას და საუცხოო დღესასწაულით ტკბობას. ხმამაღალი მუსიკა გაუჩერებლად შთააგონებდა ხალხს არ გაჩერებულიყო. ადამიანების ნაწილი ძვირადღირებული სასმელით კარგავდა რეალობას, ნაწილი გემრიელი საკვებით ვერ კმაყოფილდებოდა, ზოგს კი ყველაფერი ერთად უნდოდა.. აღტაცებას და იმავდროულად დიდ ტკივილს გაგრძნობინებდათ ეს წვეულება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდიდრულ საღამოს, რომელსაც არაფერი აკლდა, ადამიანი მხოლოდ ინატრებდა ან ფილმში ნახავდა, სავსე იყო რაღაც ამოუცნობი გრძნობით, რომელსაც სიცარიელე ჰქვია. ამას თითოეული სტუმარი გრძნობდა, ამიტომ ცდილობდნენ მაქსიმალურად მეტი სიამოვნება მიეღოთ და სევდა არ წაეღოთ სახლებში, მომენტალურად დაივიწყეს მამა-შვილის პატარა კონფლიქტი და მდიდრულ მხიარულებას დაუბრუნდნენ. რაც არ უნდა დიდი ფული დაეხარჯა გრიგოლს, პირველ რიგში, თავად ვერ შეიგრძნობდა სიცოცხლის იმ ნაწილს, რომელსაც ბედნიერება ერქვა. როგორც დროს ვერ იყიდის ადამიანი,რაც არ უნდა მდიდარი იყოს, ისე ტკივილით გამოწვეულ სიცარიელეს ვერ შეივსებს მატერიალური სიუხვით თუ სოციალური სტატუსით და სრულ ფრუსტრაციას განიცდის ყოველ ჯერზე. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობდა გრიგოლიც. ყოველ დღე ეულად რჩებოდა თავის მარტოობასთან და ტკივილთან. იცოდა ყოველივე ეს კარგად და ეზიზღებოდა საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი საცოდავი იყო თავისი მარტოობა. წვეულება კი გრძელდებოდა... სტუმრები მოდიოდნენ. ხალხი იცინოდა. ბნელდებოდა და შუქები უფრო მზისფრად ანათებდა. ვარსკვლავებიც შემოუერთდა მოსულ სტუმრებს და სიცივეც არსად ჩანდა. მხოლოდ მთვარე, თავისი სპეტაკი ფერით, მობრძანდა მაღალ ცაზე, თითქოს სიდიადე და სიმშვიდე შემოიტანა არეულ ქაოსში. ღამის 21:10 წთ. ნია მოვიდა. ძალიან ლამაზი ნია მოვიდა და ყველა სინათლე ჩრდილმა მოიცვა. ნია მოვიდა. რაღაც შინაგანი სითბო იგრძნო, თითქოს ნაცნობი სურნელი ბავშვობის. გულმა ჩქარა ფეთქვა დაიწყო. ნია მოვიდა და სტუმრები რამდენიმე წამით დადუმდნენ. სილამაზეს დიდხანს ყურება არ სჭირდება, თვალი მალე ეჩვევა და შემდეგ ცხოვრებას განაგრძობ. ამიტომ ვიზუალს დროებითი მშვენიერების ხიბლი აქვს, მაგრამ მაინც დროებითია. როგორც გონიერება არაფერია, თუ კეთილი გული არ ახლავს, ასევეა, გარეგნული მშვენიერება, თუ სული ცარიელია. დროებითი ხდება და დროსთან ერთად წარმავალი. შინაგანი სილამაზის დანახვას კი დრო და მეგობრობა სჭირდება. ნია კი გამონაკლისი იყო. მისი ვიზუალი პირდაპირ ასახავდა სულიერ მწვერვალებს და ამიტომ ორმაგად შეგიყვარდებოდათ. დატკბნენ ნიათი, მზემ თითქოს ღამეს გული გაუთბო და განაგრძეს მხიარულება. თომა წასული იყო უკვე, გრიშამ კი, მიუხედავად უკვე თითქმის უგონო მდგომარეობისა, შეამჩნია ნია, მხოლოდ წამიერად, შეშინებულმა გაიფიქრა რა მთვარეს ჰგავსო, შემდეგ თავის მარტოობას დაუბრუნდა და ხალხს შეერია. ნიას მორიდებულად, მაგრამ ამაყად ეჭირა თავი. სამოთხის ბაღში ამოსულ იას ჰგავდა, რომელიც ტკბება ხალხის მზერით და უფრო იღერებს ყელს. მისი მშობლები ესალმებოდნენ ნაცნობებს, საუბრობდნენ, აგემოვნებდნენ კერძებს და განწყობაც უმაღლდებოდათ.მოცეკვავე ბალერინები პატარა სანთლებით სავსე ბასეინთან ნაზად ირხეოდნენ, თითქოს ნიავი ეხებოდა შველივით ტანწერწეტა სხეულებს და მევიოლინე ბიჭებიც ჰყვებოდნენ მათთვის სევდიან ისტორიებს. რაღაც შეიცვალა იმ წუთიდან. - გრიშა, არ დალიო მეტი! - თომა, დაბრუნდი? - გონება თითქოს წამიერად გაუნათდა გრიგოლს, როცა შვილის ხელი იგრძნო მკლავზე. - წამოდი, წაგიყვან ოთახში და დაიძინე. - არ მინდა, ვერ დავიძინებ ჯერ. მე უკეთ ვიცი და ჩემი ფეხით ავალ. მიუხედავად დიდი რაოდენობა ალკოჰოლისა, გრიგოლს არასდროს ეშლებოდა საზოგადოებაში მოქცევა. ყოველთვის დინჯად მოჰქონდა თავი და ვერც შეამჩნევდით, რომ თითქმის უგონოდ იყო. როდესაც მივიდოდა იმ მდგომარეობამდე, რომ ერთი ჭიქის მერე ფეხზე ვერ გაივლიდა, აუცილებლად წავიდოდა თავის ოთახში და დაწყებულ საქმეს იქ მშვიდად დაასრულებდა. - კარგი გრიშა, როგორც გინდა. დავიღალე, ავალ მაშინ მე, ლუკა დღეს სტუმრის ოთახში დაიძინებს. მე კი - დავიღალე და დავიძინებ. - კარგი თომა, როგორც გინდა. თომა დაბრუნდა ჩხუბის შემდეგ, რადგან მეორე დღეს ბევრი საქმე ელოდა წინ. მამასთან ასეთი ლაპარაკი იშვიათი, მაგრამ ჩვეული იყო. იფიქრა არ მივალ სახლშიო, მაგრამ, შემდეგ, ლუკას დაჟინებული თხოვნის ხათრით დაბრუნდა, თან გული რატომღაც, გაურკვეველი მიზეზით სახლისკენ მიუწევდა, თომა გაემართა კიბეებისკენ, ხალხს ერიდებოდა. ყვავილების დეკორაციებს დააკვირდა მოაჯირზე. დედას საყვარელი ყვავილები და დრო წარსულში დაბრუნდა... საშინელი დღე იყო მისთვის, ეს წვეულება კი უფრო პატეთიკურს და მახინჯს ხდიდა. ვერ ხვდებოდა, რა იყო ამაში აღსანიშნავი, ამ დღეს ხომ დედის მხოლოდ დაბადება კი არა, გარდაცვალება მოხდა. სიკვდილი კი ყოველთვის შემზარავია და ფარავს სიცოცხლეს თავისი იდუმალი სიბნელით. დედა გაახსენდა უცბად, როგორ ივარცხნიდა თმას სარკის წინ, ღიღინებდა და სევდიანი თვალები შემოჰყურებდა სარკიდან წარმოსადეგ ქალბატონს. „რატომ დედა?“ - ესღა გაიფიქრა და ზემოთკენ გაემართა.
22:01 წთ... Ludovico Einaudi -ის „Experience”-ის ტკბილი მელოდია ჰაერს შეერწყა,ისევ გული აუჩქარდა. ცნობიერება რეალობას დაუბრუნდა და საოცარი სურნელება იგრძნო კიბის მოაჯირთან, მეათე საფეხურზე. გამოიხედა მარჯვნივ და დაინახა ოქროსფერ თმებს მხარით ოდნავ ეხებოდა, თოვლისფერი კაბა კი მის - ჯინსებს. გოგონა მოტრიალდა... პირველად შველს რომ ნახავ ველურ ბუნებაში და თვალს ვერ წყვეტ, რადგან იცი, რომ მისი უმანკო მშვენიერება მხოლოდ თვალისთვის წყურვილს არ გიკლავს, არამედ შეიგრძნობ მთელი სამყაროს ბუნებას და ღმერთს უახლოვდები. ფოთლები თითქოს გეჩურჩულება, რომ აღარ არსებობს ბოროტი დედამიწაზე და ყველაფერი კეთილი ხდება. „რა სილამაზეა“ გაიფიქრა, თებერვალი ზაფხულის ღამეებში ჩაიძირა, ვარსკვლავები ჩამოცვივდა ციური ძალებით და თომას გულის ყველა კუთხეში გაიფანტა. „რა ლამაზია“! ოღონდ ეს ფიქრები მხოლოდ წარმავალ გარეგნობას არ ეხებოდა. თომას ბევრი ლამაზი გოგო ეხვეოდა თავს, ეს სხვა სილამაზე იყო. და თომამ ეს ერთი შეხედვით იგრძნო. უმანკო, ღიმილის თვალები,რომელიც პეპელასავით ფარფატა წამწამებს დაეფარა, წითელი ბაგეები, წაბლისფერი წარბები, ვარდისფერი ღაწვები, რომელიც სიწითლეში გადადიოდა დაჟინებულ მზერაზე. თომამ ის დახატა თავის წარმოდგენაში და სამყარო დაარქვა სახელად. სიკეთე მოდიოდა ამ სახიდან, მეტი არაფერი. მხოლოდ სიკეთე და სათნოება. მტკივნეული და მოსაწყენი წვეულება დიდებულ საღამოდ იქცა. მთვარემ დაფარა დედამიწა და სამოთხის კარი გააღო. თომას არასოდეს სჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის და ზოგადად, სიყვარულის. მისმა ოჯახის ისტორიამ დაღი დაასვა და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა თომას, ამიტომ ეს სკეპტიკური დამოკიდებულება ქალ-ვაჟური სიყვარულის მიმართ თავდაცვა იყო მხოლოდ, რომ არ არსებობს ასეთი პერმანენტული გრძნობა ვინმეს ცხოვრებაში და არც მის ოჯახში ამიტომ არ იარსებებდა. სხვები უბრალოდ იგონებდნენ და თავს იმხნევებდნენ, რომ გაემართლებინათ თავიანთი სულელური ქმედებები. მაგრამ ამ გამოხედვამ ყველაფერი შეცვალა და რატომ, როგორ არ ესმოდა. ყველა აზრი ერთად მოდიოდა და მილიონი კითხვა, რომელზეც პასუხი აღარ არსებობდა. ერთი ნახვით?????? შანსი არ არის! ეს სამყაროს გადატრიალებაა. თითქოს კოსმოსში აღმოჩნდა, უსასრულობას შეერწყა და დედამიწას მეორე პლანეტიდან შესცქეროდა. და ეს დედამიწა ულამაზესი იყო. მზესავით ლამაზი და მთვარესავით სპეტაკი. ვარსკვლავები კი სიმშვიდეს რთავდა მის გარშემო. ყველაფერი შეიცვალა ამ წამიდან. სამუდამოდ შეიცვალა ყველაფერი... დრო გაჩერდა... 22:01... და სამუდამოდ გაგრძელდა. - ნია, მოდი დე, ვინ უნდა გაგაცნო.- ვიღაც ქალის ხმამ დააბრუნა თომა დედამიწაზე. მას ნია ერქვა. - გამარჯობა და ნახვამდის - თქვა ნიამ, გაიღიმა და წავიდა. მართლაც, ყველაფერი შეიცვალა ამ წამიდან!
- ლუკა!!! ლუკააა!!! სად არის ეს ბიჭი, სულ როგორ ვკარგავ. - აქ ვარ, აქ! რა ხდება? - რა უნდა ხდებოდეს? რაღაც ვერ ვარ კარგად მგონი. მოდი რა გავიდეთ ვერანდაზე. წყალი მომიტანე. - რა მოხდა? - არაფერი! წყალი მომიტანე! - კარგი, ახლავე. ლუკა შეერია ხალხს, თომას გული კი სუნთქვის ყოველ წამს უფრო უჩქარდებოდა, აღარ უნდოდა იმ მხარეს გახედვა, საითაც ნია წავიდა. მაგრამ თვალებით მაინც ეძებდა. სხეული არ ემორჩილებოდა. ვერ გაეგო მისი ასეთი ფიზიკური, თუ შინაგანი მდგომარეობა. არსად ჩანდა. დედამისი დაინახა, იქვე უნდა ყოფილიყო ნიაც. „ ნია! რა ტკბილი სახელია! ნია! რეებს ვფიქრობ? რა მჭირს? უნდა წავიდე აქედან, ლუკასთან დავრჩები ან მანქანაში დავიძინებ, ისე არ ცივა - ამ ფიქრებში გართულმა დააფიქსირა, რომ ზუსტადაც იმ ქალბატონისკენ მიიწევდა, რომელმაც თხუთმეტი წუთის წინ დააბრუნა დედამიწისკენ. ქალბატონი საუბრობდა ღიმილით და მშვიდად. თომა დააკვირდა, თითქოს მის ძალიან ახლობელს შეჰყურებდა. ქალბატონმა შეამჩნია მზერა და თავი დაუკრა, იმის ნიშნად, რომ კარგად იცოდა ვინ იყო თომა და თბილი ღიმილით შეეგება. თომა ქალბატონის ირგვლივ იყურებოდა, „სად არის ნეტავ?“ რას ვაკეთებ? რა სად არის? ვინ სად არის? რა გჭირს? რაღაც ბევრი ხომ არ დავლიე ან რაღაც ხომ არ შემირია ამ ჩემმა მეგობარმა?“ ნია მოვიდა... უხილავი ძალის მქონე ნია. არაამქვეყნიური ნია. სიმშვიდე და ქაოსი მხარს უმშვენებდა. და ეს დიდებული იყო. და არა მხოლოდ ეს... ყველაფერი დიდებული გახდა. ყოველი წამი და ჰაერის თითოეული წვეთი. ბედნიერება და უბედურება ერთმანეთს ჩაეხუტა და ესეც დიდებული იყო. სიცოცხლემ ფერი იცვალა და თომა აღტაცების მორევში ჩაძირა სამუდამოდ, მან იცოდა ეს და ძალიან დიდმა გრძნობამ მოიცვა - ბედნიერება სახელად. - გამარჯობა, კიდევ ერთხელ! - ჰაეროვანი ხმით ალაპარაკდა ნია. - გამარჯობა! - თქვენ მგონი ბატონი გრიგოლის შვილი ბრძანდებით ხომ? - შეეკითხა ქალბატონი, - დიახ! - სასიამოვნოა. მამათქვენზე და თქვენს ოჯახზე მხოლოდ კარგი გვსმენია. - დიდი მადლობა. ჭორებს ნუ ენდობით მაინც. ყველაფერ სიმართლეს არასდროს ლაპარაკობენ. - ჩემი მეუღლე ბატონი გრიგოლის ერთ-ერთ ოფისში მუშაობს და ძალიან კმაყოფილია. ჩვენც მისი შემყურე გვიხარია, რომ კარგი სამსახური და დამსაქმებელი შეხვდა. გაეცინათ. მაგრამ ნიას ღიმილი მზესავით ათბობდა თომას. - მე გრეტა მქვია. ეს კი ჩემი ქალიშვილი ნიაა. თომამ ხელი გაუწოდა. ნიამაც ნდობით გაუწოდა.თითქოს დატრიალდა მთლიანი სამყარო და სინათლის ნაპერწკლებად იქცა ყველაფერი ირგვლივ. ნიას თვალები სიმშვიდით და სილამაზით შესცქეროდა თომას. ლუკას ხელი იგრძნო მხარზე თომამ. - სად ხარ? გეძებდი. აი, მოგიტანე. - მადლობა. გაიცანი ეს ქალბატონი გრეტაა, ეს კი - ნია. - სასიამოვნოა. - რა ვქნათ აბა? წყალი გეტყობა აღარ გჭირდება. - ღიმილით უთხრა ლუკამ. თომას ხმა არ ამოუღია და ტკბებოდა იმის ყურებით, რასაც სამყარო უწოდა.დიდხანს საუბრობდნენ და ნიას გაცნობა ყოველ წამს უფრო სასიამოვნოს ხდიდა. სიტყვებმა კი აზრი დაკარგა. თომამ და ლუკამ ხელის ჩამორთმევით დატოვეს დედა-შვილი სხვა სტუმრებთან. დრო კი გაჩერებულიყო სამუდამოდ. თომას არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ გაურკვევლობამ ვერ აიყვანა თავის ოთახამდე და ლუკასთან დარჩენა არჩია. საღამო გრძელდებოდა. მხოლოდ განთიადისას დაიშალა ხალხი. ცა ვარდის ფერებში გაბრწყინდა. დიდებული წვეულება დაემშვიდობა სტუმრებს და მსახურებით გაივსო სახლი. არეულობა და ჟრიამული შეცვალა სიმშვიდემ და მარტოობამ. „ - მართლა კარგი საღამო იყო არა? - კი, ნამდვილად - უპასუხა გაკვირვებულმა ლუკამ, რომელსაც თომა შეცვლილი ეჩვენებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|