პირველი პაპაა, მეორე- ბაბო, მესამე - მამა, მეოთხე- ძია დავითი, ბერლინში მცხოვრები აგერ უკვე ოცი წელია, მეხუთე-მარტა, დავითის (სავარაუდო) შვილი, მეექვსე -თოჯინა ლილე, მე მეშვიდე ვარ ანუ უკანასკნელი. ეს სია ზედმიწევნით აქვს დაზეპირებული, კარგად ნამეცადინები, მრავალჯერ გამეორებული, ერთი ამოსუნთქვით სათქმელი. ჩამოარაკრაკებს, როგორც იმ ლექსებს, მე რომ ძილისწინ ჯერ კიდევ მუცლად მყოფს ვუკითხავდი. სიის ბოლოში მე ვარ... გაჭირვებით ვახელ თვალებს. სინათლის პირველ ჭრილში, რომელიც ჩემს მზერას ეგებება. შუახნის ქალის დამანამუსებელ სახეს ვხედავ. სასწრაფოს ექიმია. ადგომას ვცდილობ, ყველაფერი ტრიალდება, სამყარო იწყებს ბრუნვას და მე გული მერევა. წრეში ვარ მოქცეული, ეს რამდენი მეზობელი მყოლია. -რაღაცამ მაწყინა, ალბათ ვადაგასული იყო,- ძლივს ვამბობ. ჩემი მეუღლის ძვირფასი დედიკო დიდი მზრუნველობით მკიდებს ხელს და აბაზანაში მივყავარ. მივხედავ-მეთქი თავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვარწყევ და მერე გაჭირვებით ვიხდი მაისურს. ის კიდევ ცდილობს, დაბანაში დამეხმაროს. არ მსიამოვნებს ცივი წყალი. სიკვდილი მირჩევნია სირცხვილის კორიდორის გავლას, მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს. მინდა, თვალები დავხუჭო და დავიძინო. მინდა, დავიჯერო, რომ ეს ცუდი სიზმარია, დღევანდელი დღე არ ყოფილა, არც გუშინდელი, არც გასული ცხრა წელი. არ უარსებია ჩემს ცხოვრებაში ამ წლებს, არც ამ სახლში ვყოფილვარ არასდროს, არც ეს ადამიანები მინახავს. -საწყალი ბავშვი, გული ჰქონდა გახეთქილი, ამას მოუკვდეს ჩემი თავი,- ისეთი სასომიხდილი ამბობს, გეგონება ეს პირველი შემთხვევა იყოს, როცა შეეშინდა. თითქოს არასდროს უნახავს, როგორ სდიოდა დედამისს ტუჩებიდან სისხლი, არასდროს უნახავს, როგორ ტიროდა, როგორ ეგდო გონდაკარგული იატაკზე, როგორ კვდებოდი... -ალკოჰოლური ინტოქსიკაცია!- როგორც იქნა ხმას იღებს ექიმი, -ხშირად გემართებათ ასე? -წინა კვირასაც ძლივს მოვაბრუნეთ, მაგრამ ახლა ნამეტანი მოუვიდა. ბავშვი ისე იყო, შემეშინდა, სისხლი არ გაუთეთრდეს-მეთქი,-ისევ მასწრებს პასუხს. -წინა კვირას წავიქეცი,- ძლივს ვიღებ ხმას. ირონიული ღიმილით შემომყურებენ. წინა კვირას მართლა წავიქეცი. მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, ბავშვს ნაყინი ვუყიდე, კვერცხი ვიყიდე, დილით სკოლაში წასვლამდე შევუწვავ-მეთქი, ერთი ბოთლი ლუდი. ფეხი წამოვკარი რაღაცას. ეს გადაქლეტილი იდაყვი მაგისგან მაქვს. აი, ეს ბარძაყზე დალურჯებაც, ქვას დავცხე ისე მწარედ, ვერ იქნა და ვეღარ მომირჩა. გაშავებაშია უკვე წასული. ეს თვალი... არა, ეს თვალი იმ წაქცევის არაა. ეს ჩემი ქმრის მუშტის ამბავია. რაღა დაგიმალო და ქვაზე უფრო მწარე კია მისი დარტყმული. -როდის დაიწყო?- კითხულობს ექიმი. როდის დაიწყო?- ახლა მე ვეკითხები საკუთარ თავს,- ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება მაშინ, როცა პირველად დამარტყა, შეიძლება მანამდეც, რომ დალია და ეძებდა ვისთვის დაერტყა, შეიძლება ის ქალი რომ გაიცნო, იმ დროს დაიწყო... შეიძლება მაშინ, როცა მივხვდი, თითქოს ცოცხალი აღარ ვიყავი, ჩავიკირე, ჩავბეტონდი და საერთოდ აღარაფერს ვგრძნობდი. დიდი ძილი ჩამოდგა ჩემს გულსა და სხეულში, რადგან აღარც კი მახსოვს, როდის ვიგრძენი თავი ქალად, როდის ჩამეხუტა კაცი, რომელსაც შვილი გავუჩინე, რომელიც მიყვარდა. ისე მიყვარდა, რომ მის გვერდით მსურდა ბოლო ამოსუნთქვამდე გაღვიძება. ახლა კი ის აღარ იყო ჩემი ადამიანი, უცხო და ავი კაცი იყო, ვეღარ ვთავსდებოდით კედლებში, რომელიც მუდამ ცივი და მდუმარე დარჩა და ვერასდროს მიმიღო, ვერასდროს მექცა სახლად. მოდიოდა და მოჰქონდა გულის ჯიბით ტკივილები, შიშები და ბრაზი, მერე ჩემს სხეულზე ალაგებდა ყველა რისხვას, და მე ვრჩებოდი ისეთი მარტო, საკუთარი თავიც კი აღარ მყავდა. ვრჩებოდი მარტო და ზუსტად ვიცოდი, არავინ იყო, ვინც გადამარჩენდა. ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი წაშლილიყო, რასაც ჩემგან ადამიანი უნდა გამოეძერწა, იქნებ ამიტომ გავმხდარიყავი ცემენტის ქალი, უსახო, უსახელო, უფორმო მასა, ცარიელი და ცივი, როგორც სიკვდილი. იქნებ ამიტომ დავლიე იმ დღეს. უკონტროლოდ დავლიე, ბევრი აღარ მჭირდებოდა, ხანდახან მეჩვნებოდა, რომ სისხლი და წყალი, რომელსაც ჩემი სხეული ფლობდა, დიდი ხანია დამეკარგა ჭრილობებიდან წვეთ-წვეთად, ცრემლისა და სისხლის წვეთებად იმ გრძელ ღამეებში. ახლა მხოლოდ ალკოჰოლი დიოდა ჩემს ძარღვებში და ბევრი აღარაფერი მჭირდებოდა, სულ ორი ჭიქა, პირთამდე ავსებდა ჩემს მოთმინებას, თითქოს დაძაბუნებულ სულს სძენდა ძალას და მერე მე ვამტვრევდი, მე ვილანძღებოდი უშვერად, მე ვჩხუბობდი, მე ვყვიროდი, მე ვურტყამდი და ეს გაბუჟებული სხეული, საპასუხო დარტყმებს ვერ გრძნობდა. სასმელი დავიწყებაში მეხმარებოდა, სულ ცოტა ხნით, მაგრამ ესეც რაღაც იყო. აღმართზე თუ გივლიათ, პირის გაშრობამდე, სუნთქვის გახშირებამდე, შუა წელთან თუ შეჩერებულხარ და წამით ღრმად ამოგისუნთქიათ, ისინი მიმიხვდეთ იქნებ. ჩემთვის ეს წამიერი დავიწყებაც ამოსუნთქვა იყო, ღრმად ამოსუნთქვა, იმ აღმართზე გზის გაგრძელებამდე. მაგრამ ჩემი აღმართი თქვენს სავალს არ ჰგავს. ჩემი მწვერვალი ცასთან ვერ მაახლოებს, იქიდან არაფერი მოჩანს, არ გამოჩნდება არც ფართოდ გადაშლილი ველები, არც ვენებივით ამოყრალი მდინარეები, იქიდან არც ზღვა ჩანს და ადამიანები ხომ სულ უფრო და უფრო მშორდებიან. ამ გზის ბოლოს მხოლოდ უკეთესი თავისდასაღუპი ხრამები მოჩანს, უეჭველ დასასრულს რომ გპირდება. და მაინც მივიწევ წინ და ვსვამ და სულ ცოტა ხნით მაინც მავიწყებს. ძალას და სითამამეს მმატებს, როცა მისი ფეხის ხმა მესმის, აღარ მეშინია. ღამეც აღარ არის ისეთი გრძელი, როცა გვერდით მიწვება, არ ვფიქრობ იმ ქალის სურნელზე, რომელიც მის სხეულს აჰყოლია, არ ვფიქრობ იმ შეურაცხყოფაზე, იმ დამცირებაზე, რასაც ყოველ დღე მაყენებს, არ ვფიქრობ... ვწვები და უსიზმროდ მეძინება. ძალიან კარგია ხანდახან უფიქრო ღამეები. მაგრამ დილა მოდის და მოაქვს ხსოვნა გასული დღეების. დილა მოდის და მე ჩემს ნაადრევად გაზრდილ შვილს თვალს ვერ ვუსწორებ, დილა მოდის და მინდა ყველა სარკე დავამსხვრიო და აღარ ვხედავდე, ჩემს ნაიარევებს, ჩემს ამღვრეულ თვალებს, შესიებულ ქუთუთოებს, ჩემს ნაადრევ ჭაღარას... დილა მოდის და ძალიან დიდი ტკივილი მოაქვს და მე ვერ ვუძლებ. ვეღარ ვუძლებს საკუთარი გულის ხმას და ისევ ვცდილობ დავიწყებას. ჩემი ყოველი დღე მოლოდინია, დასასრულის მოლოდინი. და ვერ მივდივარ, რადგან არსად არავინ მელის, არსად არავინ მიღებს კარს... როცა პირველად დამარტყა, ჩემი დედამთილი სერიალს უყურებდა და წამით არ მოუცილებია თვალი ეკრანისთვის. ჩემი მამათილი იჯდა და მშვიდად ჭამდა ლობიოს, ლუკმა არ გადასცდენია, იჯდა და თავაუწევლად აგრძელებდა ჭამას. ჩემი შვილი, ჩემი პატარა შვილი ტიროდა, მეზობლები კი ფარდის მიღმა იდგნენ წაგრძელებული ყურებით და ცდილობდნენ სიტყვა არ გამორჩენოდათ. მე დილითვე ჩავალაგე ნივთები, წავიყვანე ბავშვი და წავედი. დედაჩემმა კარგად მიკეტა კარი და მითხრა: კაცია და ეტყობა გაბრაზდა, შეიძლება სამსახურში ჰქონდა ცუდი დღე, ყველაფერი ხდება, ვის არ მოსვლია. მიდი მშვიდად დაელაპარაკე, ამის გამო ვინ ანგრევს ოჯახს. ერთი ღამეც არ გამაჩერა სახლში, დაბინდებულზე ჩამსვა მანქანაში და თავად დამაბრუნა. ისევ რომ დამარტყა, ნერვიული შეტევა დამემართა. სასწრაფო გამოიძახეს. დედაჩემსაც დაურეკეს. განრისხებული იყო: გიჟს დაგიძახებს ხალხი, თავი შეირცხვინე, სულ გასწავლიდი, ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გავიდეს. შენ კიდევ მთელი ქვეყანა შეყარე. რით ვერ ისწავლე შენი ქმრის ხასიათი, რომ არ გააღიზიანო. მისთვის აღარ მიმიმართავს. მივხვდი, მარტო ვიყავი, სრულიად მარტო. პირობას კარგად ვასრულებდი. კარი მივკეტე და როცა მირტყამდა, აღარ ვყვიროდი. ტუჩებს ვიკვნეტდი და ვითმენდი. თავიდან ვრძნობდი ბრაზს, მერე დამცირებას, ბოლოს კი თითქოს დავიჯერე, რომ დავიმსახურე, თავი არარაობად ვიგრძენი. საკუთარი თავი შემძულდა. ჩუმად ვიყავი, როცა მირტყამდა, მერე კი დილით, კარს რომ გაიჯახუნებდა, მე ვყვიროდი, ვუყვიროდი შვილს, ვუყვიროდი და ვურტყამდი. ჯერ შიში შევნიშნე მის თვალებში, მერე ბრაზი და ბოლოს მომაკვდინებელი სიცივე. სიცარიელე შემომყურებდა, ისეთი სიცარიელე იდგა, მივხვდი, რომ დავიღუპე. შეიძლება ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემი შვილის, ჩემს სხეულში მომწიფებულის, ჩემს არსებობას შეზრდილის, ჩემი საშოდან ტკივილითა და ტანჯვით შობილი შვილის დიდ თაფლისფერ თვალებში სიმშრალე დავინახე, სიცარიელე, შიშისგან ამოლოკვოდა მზერა. არ ვიცოდი, როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის და მაშინ იყო მაგიდაზე დატოვებული გაზგასული ლუდი, რომ დავლიე. შვება მომგვარა, შვება და სიმსუბუქე. -როდის დაიწყო? პირველი პაპაა, მეორე- ბაბო, მესამე - მამა, მეოთხე- ძია დავითი, ბერლინში მცხოვრები აგერ უკვე ოცი წელია, მეხუთე-მარტა, დავითის (სავარაუდო) შვილი, მეექვსე -თოჯინა ლილე, მე მეშვიდე ვარ ანუ უკანასკნელი. შეიძლება ამ სიით დაიწყო ყველაფერი. ამ სიით და ჩემი დიდი დუმილით, მარხვასავით რომ ვიცავდი და დაზეპირებული ლოცვასავით ვიმეორებდი ყოველ ცისკარზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გული მეტკინა. რატომ უნდა ითმინო ასეთი ქმარი? არადა, რამდენი ითმენს? ან ასეთი დედა არსებობს? თუ ის უბრალოდ ქალია, ვინც გაგაჩინა, გაგზარდა და მორჩა? გული მეტკინა. რატომ უნდა ითმინო ასეთი ქმარი? არადა, რამდენი ითმენს? ან ასეთი დედა არსებობს? თუ ის უბრალოდ ქალია, ვინც გაგაჩინა, გაგზარდა და მორჩა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|