ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაშო29
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2025


ცოდვა, რომელიც სიყვარულს მოერია (თავი მეოთხე და მეხუთე)

თავი მეოთხე

უცნობის წერილი

გრიგოლი ოთახში კონიაკის და ვისკის შერეულმა სუნმა და თავის ტკივილმა გააღვიძა. ძალიან გადაღლილი იყო, მაგრამ დღეს ბევრი საქმე ელოდებოდა. წამოდგა, შხაპი მიიღო, მოწესრიგდა, გაიკეთა გალანტური ნიღაბი და დაეშვა ქვემოთ. მსახურების ფუსფუსი იგრძნობოდა. ჩვეულებისამებრ, ყავა, ფუნთუშა, ვისკი და სიგარეტი. გაზეთი გადაშალა და მიხვდა თომა სახლში არ დარჩენილიყო.
- ბატონო გრიგოლ, თქვენთვის წერილია. - მიუახლოვდა ერთგული მსახური ბატონს და წერილი გაუწოდა.
- მადლობა, მაგდა.
მსახურს გამოართვა წერილი და გახსნა კონვერტი.

„მე ვიცი, რატომაც იტანჯებით, მაგრამ, გთხოვთ, თავს ნუ იდანაშაულებთ!
ძალიან კარგად შენიღბულიც დადიხართ, თუმცა, ხალხმა ყველაფერი იცის.
დაასრულეთ ეს კოშმარი თვითგვემა და ცხოვრება გააგრძელეთ, როგორც ამას
სამყარო მოითხოვს.
ყველაფერი დასრულებულია, ვერაფერს შეცვლით. ვერავის გააცოცხლებთ და ვერც თქვენ იპოვით სიმშვიდეს ამ გზით.
კმარა წვეულებები!
გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩემი რჩევა.
პატივისცემით,
...“

გრიგოლმა რამდენიმეჯერ გადაიკითხა წერილი, პულსი აშკარად მომატებული ჰქონდა, სქელი ტუჩები ფერმკრთალი გაუხდა, შემდეგ გახსნილ კონვერტს დახედა, გამომგზავნის მონაცემები არ იყო მითითებული, მხოლოდ მიმღები ეწერა. გაკვირვებული შესცქეროდა ცოტა ხანი წერილს და სიგარეტს ღრმა ნაფასით ეწეოდა. წერილი ჯიბეში ჩაიდო, სწრაფად წამოდგა და მაგდასკენ გაეშურა. მაგდა სამზარეულოში ტრიალებდა და სადილს ამზადებდა.
- მაგდა, ხომ არ იცი საიდან არის წერილი ან რომელმა საკურიერო კომპანიამ მოიტანა?
- არა, ბატონო გრიგოლ. წერილი კურიერს არ მოუტანია. გუშინ დატოვეს, შუადღეს, მგონი, კართან და გადამავიწყდა მოცემა. ძალიან ბევრი საქმე მქონდა, შემდეგ კი, საღამოსკენ, რომ მოვედი,მოგახსენეთ, თქვენთან წერილიათქო, თქვენ მითხარით მერე მომეცი ახლა არ მცალიაო.
გრიგოლს არ ახსოვდა მონაყოლი. არც გუშინდელის გახსენება  სურდა. ეს მისთვის ყოველ წელს ტკივილის მომტანი დღე იყო, ამიტომ იმდენს სვამდა რომ მეორე დღეს გონებას არ სცოდნოდა როგორ ჩაიარა წვეულებამ. არ აინტერესებდა.
- რამე სასწრაფო  ხომ არ იყო ბატონო გრიგოლ? მაპატ...
- არაუშავს მაგდა - გააწყვეტინა ბატონმა.- მე წავედი მოკლედ, ძალიან დამაგვიანდა ისედაც, თომას უთხარი რომ მოვა , დამირეკოს, სასწრაფო საქმე მაქვს.
- კარგით, ბატონო გრიგოლ, გადავცემ.
გრიგოლი, ღრმად  ჩაფიქრებული ჩაჯდა მანქანაში, სადაც მძღოლი ელოდებოდა.ვის უნდა გამოეგზავნა ეს წერილი, ან ვინ იცოდა მისი გულის ტკივილი. ვინ იცნობდა ასე კარგად?? ნუთუ...
თებერვალი თბილ გაზაფხულს მოასწავებდა მზისფერი სხივებით, გარეთ ყველა მაღაზია იხსნებოდა. ხალხი ხმაურობდა, ჩქარობდა. სიცოცხლე ძალიან სწრაფად და ქაოსურად მიედინებოდა, სამყარო კი ამასობაში იცვლებოდა და ეს მეტამორფოზა დიდი ტკივილის მომტანი იყო. ტკივილის, რომელსაც საამური სურნელი დაჰკრავს. ყავა, მანქანები, სიგარეტი, ადამიანები,რომლებიც დროს გაურბოდნენ, ღიმილიანი მისალმებანი, თებერვალი და ახალი დღეც იწყებოდა.

...

- მზე დამიბრუნდა ლუკა.
ლუკა დივანზე იწვა და გაოგნებისგან უცბად გამოფხიზლდა. სხივები ტიტებისფრად ანათებდა ოთახის კუთხეებს და ლუკას ნახატები თითქოს იღვიძებდა, დღესთან ერთად. თომა ფანჯარასთად იდგა, ყავის ჭიქა ეჭირა ხელში და ჩუმ ხმაურს გაჰყურებდა. სიცოცხლე იწყებოდა, ახალი სიცოცხლე, რომელშიც ტკივილიც კი მშვენიერდება და სიამოვნების მომგვრელი ხდება. ფრაგმენტებად ხედავდა ნიას თითოეულ ნაკვთს. გაურკვევლობაში ჩაძირული, თითქოს, იხრჩობოდა და ესეც საამური იყო.
- რა თქვი?- წამოჯდა ლუკა.
- არ ვიცი, რაღაც დამემართა გუშინ.
- რა დაგემართა?
- ის გოგო... - მცირე პაუზა.
- ნიაზე ამბობ ხომ?
- საიდან მიხვდი?- გაიკვირვა თომამ.
- რა საიდან მივხვდი? შეიცვალე გუშინდელის მერე. ერთი ნახვით შეგიყვარდა თუ რა გჭირს?
- რა შემიყვარდა? უბრალოდ, თითქოს ვიცნობ დიდი ხანია და ჩემიანია. არ ვიცი, ვერ გავიგე, ესეთი რამ არასოდეს დამმართნია.
ლუკამ ჩაიცინა. თომა იდგა ისევ ფანჯარასთან და ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა.
- მოკლედ გეტყვი ჩემო ძმაო, მაგას ან სიგიჟე ან სიყვარული ჰქვია, თუმცა, იმასაც დავამატებ პირადი გამოცდილებიდან, რომ მაგ ორს შორის დიდი განსხვავება არაა, ამიტომ ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცე, ფრთხილად იყავი. კი მიკვირს შენნაირი პრაგმატული კაცისგან მსგავსი რამ, არც იცნობ იმ გოგოს და უკვე ესე ხარ, მერე რა იქნება. მაგრამ, შენ ხარ ჩემი მეგობარი და მე შენ გიფრთხილდები.
- რა სისულელეებს ამბობ. შენც კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება სიყვარულისადმი. არ არსებობს, გამორიცხულია, ტყუილად ნუ მაფრთხილებ!
ლუკამ გაკვირვებით შეხედა მეგობარს, რომელიც თითქოს თავის ფიქრებს მონოტონურად და უშედეგოდ ესაუბრებოდა.
- მგონი მე კი არა, საკუთარ თავს არწმუნებ რაღაცაში. ზუსტად, შენნაირებს ემართებათ ესე.
- ესე როგორ? - შეხედა თომამ.
- როგორ და, სიყვარულს კი არ პოულობენ, ეჯახებიან. ამიტომ გეუბნები, ფრთხილად იყავი.
- მეტი აღარც ვნახავ, ასე რომ დამშვიდდი ლუკა.
ლუკამ შეხედა შეშინებულ მეგობარს,მიხვდა, რომ საკუთარი სიტყვების თქმამ კი არა გაფიქრებამაც კი, დათრგუნა და ამიტომ მშვიდად უპასუხა: - მე კი არა შენ დამშვიდდი. შენც კარგად იცი, რომ ნახავ და კიდევ უფრო სხვა გრძნობის ეტაპზე გადახვალ. გეთანხმები ლამაზია, მაგრამ ესე მალე, როგორ დაგახვია თავბრუ?
- ლუკა, მოდი აღარ გვინდა ამ თემაზე.
- აღარ გვინდა, და ნუღარ გვინდა. - მცირე პაუზა. - ჰო, და კიდევ, რამე თუ დაგჭირდა, ხომ იცი აქ ვარ.
- ვიცი. - გულში მეგობრის სითბო იგრძნო და ბედნიერების ნაპერწკალმა დაუარა მთელს ტანში თომას. რაც არ უნდა მომხდარიყო, ლუკა მაინც ჰყავდა გვერდით, სხვა თუ არავინ. ადამიანის სასოწარკვეთა მხოლოდ მარტოობით არ იწყება, მარტოობა იმას არ ნიშნავს ოთახში იჯდე მარტო შენთვის და სიჩუმეს ემეგობრებოდე მხოლოდ. შეიძლება ათას კაცში ტრიალებდე, საუბრობდე, იცინოდე, ყველას „მეგობარი“ ერქვას, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მარტო იყო. ამიტომ თომას უხაროდა, რომ ლუკა ჰყავდა და სულ ეყოლებოდა.
ლუკას ტელეფონი ახმაურდა.
- რა ხდება? ვინ რეკავს ასე ადრე? - გაიკვირვა თომამ და სიგარეტს მოუკიდა.
- არ ვიცი, უცხო ნომერია, მოიცა, ალიო? გისმენთ? დიახ! მე ვარ...
თომას გაეღიმა, მიხვდა ვინც ურეკავდა და ერთი შეკვრა ფული ამოიღო ჯიბიდან, მაცივარი გამოაღო, შოკოლადს დაადო ზემოდან, მოიცვა ქურთუკი და ლუკას სახლი დატოვა.
...
ნიამ თვალები ნელა გაახილა. იგრძნო, როგორ ეთამაშებოდა მზის ხელები სახეზე და ოთახში დღემ გაიღვიძა. ტუჩები ძილისგან დასიებოდა და ნაზი თითები სითბოს ირეკლავდა. გაახსენდა გუშინდელი საღამო და იმ ბიჭის მოუშორებელი მზერა. ამან ღიმილი მოჰგვარა მის ლამაზ ბაგეებს, მხოლოდ ის ბიჭი არ უყურებდა ასე, მაგრამ მხოლოდ მისმა თვალებმა დაინახა  თითქოს ნიას შინაგანი სამყარო, რომელიც თავად სულაც არ იცოდა როგორი იყო.
უცნაური გულისცემა ესტუმრა ახალგაღვიძებულს და ცხოვრება უფრო მშვენიერი ხდებოდა ყოველ წამს.
წამოხტა ლოგინიდან და სარკესთან დაჯდა.
„ნეტავ როგორი ვარ?“ - საკუთარ ფიქრებს ეკითხებოდა და დუმილის პასუხი კვლავ ახსენებდა იმ ბიჭის განსხვავებულ თვალებს.
ნია ბედნიერი იყო, სულ, მთელი თავისი ჯერ მოკლე ცხოვრება, მაგრამ,ახლა, რაღაც სიახლის მოლოდინში, გაურკვეველი მომავალი ეხატებოდა და ეს ყველაფერი მართლაც, რომ დიდებული ჩანდა.
- ნია, დეე, გაიღვიძე? - გაისმა გარედან დედის ხმა.
- კი დედი, ჩავიცმევ და გამოვალ.
- ვისაუზმოთ ერთად მე და შენ? მამა წავიდა სამსახურში, შენი ძმაც წაიყვანა უნივერსიტეტში.
- კარგი დე, მოვდივარ ხუთ წუთში.
- კარგი, ჩაი დაგისხი, არ გაგიცივდეს.
ნიამ  დაიბანა ხელ-პირი, მზისფერი თმები დაივარცხნა, გამოიცვალა და სამზარეულოსკენ მერცხალივით გაფრინდა. გემრიელი ჩაის და ცხელი ალადების სუნი ტრიალებდა. მაგიდაზე მარწყვის ჯემი და კარაქი იდო.ცოტა ხილი, მდნარი შოკოლადი და პატარა ორცხობილები ლამაზად მოკალათებულიყო დეკორატიულ ჯამში. დედას ნამდვილად შეეძლო ყველაფერში თავისებური ხიბლი შეეტანა. საუზმე იდეალურად გამოიყურებოდა, მყუდროდ და გემრიელად. ნია კომფორტულად მოთავსდა თავის სკამზე, ფეხები ბალერინასავით ერთმანეთზე დაალაგა, უყვარდა ასე ჯდომა და ალადების დაგემოვნებით დაიწყო საუზმობა.
- როგორ გეძინა ჩემო გოგო? - ტკბილად ჰკითხა დედამ.
- ისე რა, რაღაც ვერ ვისვენებდი.
- რატომ? გუშინდელმა საღამომ ხომ არ გადაგტვირთა?
- არა დე, რატომ მეკითხები?
- რავიცი, გუშინ ისეთი ლამაზი იყავი. პატარა შველს ჰგავდი, ყველა შენ შემოგცქეროდა აღტაცებული თვალებით.
- ვაიჰ, დე რა საყვარელი ხარ. მადლობა, შენც ძალიან ლამაზი იყავი - ჩაი მოსვა ნიამ.
- თომაზე რას იტყვი?
ნიას პატარა გულმა მოუმატა ფეთქვას...
პატარა პაუზა.
დუმილი.
- ვისზე? - ხელოვნურად გამოუვიდა.
გრეტას გაეღიმა.
- თომაზე, ვისი წვეულებაც იყო, იმის შვილზე.
- აამ, - კვლავ ხელოვნურობა და პაუზა.
- რა გჭირს ნია?
- არაფერი, უცნაური ბიჭი იყო.
- უცნაური? ჰმმ... და რატომ უცნაური?
- რავიცი, არ ვიცნობ წესიერად, ორი სიტყვა თქვა და შემდეგ იყო გაჩუმებული. ჩვენ სამნი ვსაუბრობდით მხოლოდ, ის კი ისე გვისმენდა თითქოს...
- ისე როგორ? - კვლავ ეღიმებოდა გრეტას, კარგად ამჩნევდა ქალიშვილის დაბნეულობას და კიდევ უფრო არ ანებებდა თავს კითხვებით.
- არ ვიცი დე, მოკლედ, რატომ მეკითხები? ან რატომ გეღიმება?
- ისე... აშკარად მოეწონე ძალიან.
ნიას მარწყვისფერი დაედო ნაზ სახეზე. მიხვდა და თავისი დიდი ფინჯანით ჩაი ისე დალია, თითქოს დაბნეული სახე უნდოდა დროებით დაემალა, სანამ არ გაუვლიდა სიწითლე.
დედამაც მოსვა ყავა და გაღიმებული წამოდგა. მიხვდა, რომ შვილს ცოტათი აწვალებდა და გავიდა სამზარეულოდან.  სკამზე გაშეშებულ ნიას,რომელსაც სახეზე ფინჯანი აეფარა დაბნეულობისგან გასძახა მეორე ოთახიდან  - მე უნდა გავიდე საყიდლებზე, გარდერობის განახლებას ვფიქრობ და ძველ ტანსაცმელს ეკლესიაში დავტოვებ. შენც ხომ არ გინდა წამომყვე?
კვლავ პაუზა...
- ნია??
არა დე, - გამოფხიზლდა ფიქრების მორევში დაკარგული გოგო,  - უნდა წავიკითხო ცოტა და შემდეგ, გავაკეთო სამკაულები, სიზმარში ვნახე და მომეწონა იდეა.
- მიყვარს შენი ჰობი - შემოვიდა დედა,- თუ ძალიან მომეწონება, მოვიპარავ.
- კარგი დე.
გრეტამ თავზე აკოცა და სანამ წავიდოდა შეხედა შვლის ნუკრის თვალებში მზისფერ გოგოს და სიმშვიდით უთხრა - შენსავით ლამაზი და საუცხოო ცხოვრება მინდა გქონდეს, ამას იმსახურებ და გთხოვ, არასოდეს დაგავიწყდეს.
ნიამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ ესიამოვნა დედობრივი ალერსი. ბოლომდე დალია ჩაი, გემრიელად მიირთვა ალადები ჯემთან და კარაქთან ერთად.
შევიდა სიფრიფანა პეპელასავით თავის ოთახში და საყვარელი წიგნის კითხვა დაიწყო. წინადადებას ვერ ამთავრებდა, რომ თავიდან იწყებდა კითხვას, თვალწინ სულ ის ბიჭი ელანდებოდა და ეს გაურკვეველი ქაოსი მის მშვიდ გულს მალამოსავით ედებოდა.
11:32 წთ...
ნიას ტელეფონმა დარეკა. ყურმილი აიღო, და ...
დრო ისევ გაჩერდა.
- გამარჯობა ნია, როგორ ხარ?
დუმილი...
- ხომ მართლა, თომა ვარ, სხვა რომ არ გეგონო.
ის ბიჭი თომა იყო.

...

გრიგოლს არ დაუგვიანია სამსახურში. მაგრამ ღრმა ფიქრებმა მთელი დღე აუტანელი გახადა. სევდიანი ფურცლები ცხოვრების და აუტანელი ტკივილი, რომელსაც ყოველ დღე ისედაც ებრძოდა, კიდევ უფრო დაამძიმა მესამე პირის ყოფამ.  უცხო თვალი უყურებდა მის სულს ყოველ დღე და კარგად შესწავლილი ჰქონდა გრძნობებით გამოწვეული ტკივილი მისი, რომელიც ნელ-ნელა ჭამდა შიგნიდან და უცარიელებდა დამწუხრებულ სხეულს. ვერ აიტანა გრიგოლმა წერილი. თავი უფრო უსუსურად და დამცირებულად იგრძნო. ვიღაც განსჯიდა, ვიღაცას არ მოსწონდა ის, რასაც თავად მიიჩნევდა სწორად გადადგმულ ნაბიჯად, სწორედ, ვიღაცამ ერთადერთი თვითგადარჩენის შანსი დააკარგვინა, უიმედობამ და მწუხარებამ უფრო მყუდროდ დაისადგურა მისი გულის სახლში და ცხოვრება კიდევ მეტად ფერმკრთალი გახდა. ეს ერთი პატარა ფურცლის ნაგლეჯი ახალი სასოწარკვეთის მიზეზი იყო და გრიგოლმა თომას დაურეკა.
- თომა სად ხარ?
- რა ხდება გრიშა?
- საქმე მაქვს შენთან სასწრაფოდ. შეგიძლია მოხვიდე ჩემთან ოფისში?
- ცოტა მოგვიანებით არ შეიძლება ან საღამოს სახლში რომ ვიქნებით?
- არა! სასწრაფოდ!
თომა ვერ გაერკვია ასეთი გაბრაზებული ტონით რატომ ესაუბრებოდა გრიშა. გაახსენდა გუშინდელი საღამო და იფიქრა, იმ სახალხო შეკამათების გამო გრიშას უნდოდა ლაპარაკი, ლაპარაკი რა, დატუქსვა.
- კარგი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები.
- კარგი. - მკვახედ მიუგა მამამისმა და ტელეფონი გათიშა.
თომას იმწამიერ ბედნიერებას ვერც გრიგოლის მკაცრი ტონი, ვერც ჩხუბი  შეეხებოდა. მისი საუბარი თავის ნიასთან მშვენიერი იდუმალებით აღსავსე იყო, იმედით, მომავლის იმედით, რომელშიც შენ წყვეტ დღეს რა დაინახო, თითოული დეტალი შეგიძლია ფუნჯით დახატო და ხვალ რეალობაში გადმოიტანო. იმდენად ტკბილად ისაუბრეს ნიამ და თომამ, რომ თომა უკვე ხვდებოდა, ამ ბედნიერებას ვერსად გაექცეოდა. ნია შეხვედრაზე ტკბილად დათანხმდა, თან იმავე საღამოს და გული გამალებით ფეთქავდა ყოველი ამოსუნთქვისას.
თომამ ლუკას გადაურეკა და სთხოვა შეხვედრა კუთხის კაფეში ერთ საათში, რაღაც საქმე ჰქონდა. ლუკამ ბედნიერი ხმა რომ მოისმინა ტელეფონში, მიხვდა რაც ხდებოდა და მაყურებლის სკამზე კომფორტულად მოთავსდა, დიდებულია ყოველთვის უყურო, როგორ იბადება სამყაროს ამოუცნობი და ყველაზე ძლიერი გრძნობა ორ ადამიანს შორის, როგორ გაივლიან ამ გზას, და რაც მთავარია, ლუკა მიანც მშვიდად იყო, რადგან თომას უკან იდგებოდა ყოველთვის, ვერ გადაეფარებოდა, მაგრამ წამოაყენებდა წაქცევისას ან მასთან ერთად დაეცემოდა ტკივილიან მიწაზე.
- მე კარგი ამბავი მაქვს - უცბად შესძახა ტელეფონში.
თომას გაეღიმა. კარგად იცოდა რა ამბავიც, მაგრამ - ვაა, ძალიან კარგი.
- ხო, ტელეფონში ვერ გეტყვი ხომ იცი, არ მიყვარს ესე. ყავაზე შენ მპატიჟებ იცოდე.
- აუცილებლად! - მეგობრის გახარებულმა ხმამ კიდევ უფრო გააბედნიერა.
  თომა ცდილობდა გაერკვია რა უნდოდა გრიშას მისგან, ამიერიდან, მუდამ დაუმორჩილებელი გული და გონება იმწამსვე შეაწყვეტინებდა ფიქრებს და ყველაზე მნიშვნელოვანს - ნიასთან დღევანდელ შეხვედრას ახსენებდა. ბედნიერი და გაკვირვებული თომა მიაბიჯებდა თბილისის გზაზე, თითქოს, გაზაფხულდებოდა, ყოველ მის ნაბიჯზე, სამყარო ამოყირავდა და იმდენად მშვენიერი გახდა, რომ ცუდიც კი სიკეთისკენ იცვლებოდა. აქამდე თუ გათენებას მხოლოდ წარსულში დაბრუნება მოჰყვებოდა თომასთვის, ახლა, მომავალი წუთები ყველაზე ტკბილი გახდა და ასე იბადებოდა მის სულში დიდი სიყვარული.

...

გრეტა სახლში ხელჩანთებით სავსე დაბრუნდა. ქალიშვილს დაუძახა მოდი მომეხმარეო. გამოფარფატდა მზისფერი ნია და გაათბო სახლის ოთახები.
- ნია, ნახე, შენც გიყიდე ლამაზი ტანსაცმელი.
- ვაიჰ, მადლობა დეე.
- მოიზომე და მანახე კარგი?
- კიკი, თან, დღეს ზუსტად იმ ბიჭს ვნახულობ.
გრეტამ გაკვირვებულმა შეხედა.
- ვინ ბიჭს?
- აი, გუშინ რომ გავიცანით.
- გრიგოლის ვაჟს?
- ხო დე, თომას.
- ჰმმ... დაგირეკა?
- ხო დე, დამირეკა.
- მერე?
- არაფერი, საინტერესო ბიჭი ჩანს, ცოტა უცნაური, მაგრამ...
- ძალიან კარგი მამის შვილია ნია, და ბევრი კარგი მსმენია თომაზეც, მაგრამ მათ ოჯახში ყველაფერი არ არის დალაგებული, ამიტომ არ გირჩევ შეხვედრას.
- რა არ არის დალაგებული? - გაკვირვებით და დიდი ინტერესესის თვალებით შეხედა დედას.
- არ ვიცი დე, ბევრი ჭორია, ბევრი სიმართლე, ტყუილი, მაგრამ აშკარად, ყველაფერი რიგზე ვერ არის. თან მამაშენი მამამისთან მუშაობს.
- დე, უკვე ვუთხარი შეგხვდებითქო. თან მეგობრულად. ხომ იცი, მე ესე არ დავდივარ არსად, უბრალოდ, ეს ბიჭი... რაღაც სხვანაირი ჩანს.
- ზუსტადაც, ეგ მაშინებს. სხვანაირი, რომ გეჩვენება.
- კარგი რა დე, ცოლად ხომ არ მივყვები, გავისეირნებთ და მალე მოვალ. გთხოვ, თან მოგიყვები ყველაფერს.
ნიას ეს შეეძლო. იშვიათად თუ ითხოვდა რამეს მშობლებისგან თავისი შინაგანი რიდის გამო, მაგრამ თუ ითხოვდა, ესე იგი, მართლა ძალიან უნდოდა. დედისთვის კი წარმოუდგენელი იყო შვილისთვის უარის თქმა. თან კარგად იცნობდა მის შვილს, ენდობოდა, ამიტომაც დათანხმდა.
- ოღონდ გთხოვ, მალე მოდი და მამას ჯერჯერობით არ ვუთხრათ. მე ვეტყვი, ნინასთან ერთად წავიდა სასეირნოდთქო.
- ხომ, მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ მამაშენს არ გაუხარდება ეგ ამბავი. ინერვიულებს, ასე სჯობს. მერე ვნახოთ, როგორ იქნება.
- კარგი დე. მადლობა დიდი!
მიეკრო ტკბილად ნია და გაათბო დედის გული უსაზღვრო სიყვარულით.
- მოდი, ავარჩიოთ ახლა შენთვის ტანსაცმელი.
- დე...
- ხო ნიაკო?
- მიყვარხარ!






თავი მეხუთე

უპასუხო კითხვები

გრიგოლი უიმედობითა და შიშით ელოდა თომას. სიბრაზემ მოიცვა მისი გონება, იქნებ, ამას მაინც დაეფარა ის უსუსურობა, რაც ანადგურებდა წარმოსადეგ სხეულს. ცოლის სიკვდილი, შვილთან შეურიგებლობა, სინდისის ქენჯნა, რომელიც კიბოსავით იზრდებოდა მის სულში ყოველ დღე და მთელ სხეულს ედებოდა დაუნდობლად, ამ ყოველივეს, ვერც ფული, ვერც გონებრივი შესაძლებლობები, ვერც ელიტალური საზოგადოება გადაწონიდა ან თუნდაც, დააბალანსებდა.
გამოსავალი ხომ ყოველთვის არის? - ფიქრობდა თავად და ყველაზე რთულ გზაზე ამ ჭკვიანმა კაცმა ვერ იპოვა სწორი შესახვევი, ამიტომაც არაფრის მთქმელი ნიღბის ტარება არჩია და ესეც ვიღაცას მოეხსნა. მხოლოდ მის შვილს შეეძლო ასეთი გამბედავი წერილის მისთვის კადრება და სიმართლეს საბოოლოოდ, ფარდა აეხადა.
- ბატონო გრიგოლ, თქვენი შვილი გელოდებათ - ახალგაზრდა მდივანი გოგოს ხმა გაისმა ნახევრად ღია კარიდან და გრიგოლი რეალობას დააბრუნა.
- შემოუშვი თინა და ყავაც შემოგვიტანე.
- ახლავე.
თომამ შეაბიჯა მამას კაბინეტში, კარი გააღო ოდნავ, მაინც დააკაკუნა.- შეიძლება?
- მოდი - მკაცრი ხმით უპასუხა.
იგრძნო რა მამის ხმიდან გაბრაზებული ტონალობა, თომამ თავდაცვისთვის მკაცრი და გაბრაზებული სახე მიიღო, თუმცა მისი შინაგანი ტრანსფორმაცია და სიკეთის ნაკვთები მაინც ამხილებდა რეალურ მდგომარეობას. მამამაც იგრძნო პატარა ცვლილება და გაკვირვებულმა შეხედა წამიერად.
- რა ხდება გრიშა? რა იყო ასეთი სასწრაფო, რომ სახლში მოსვლამდე ვერ მოითმინე?
მცირე პაუზა. გრიგოლი ჩაფიქრდა, ახლაღა მიხვდა, რომ სიტყვების წარმოთქმა უჭირდა. ეჭვის ზარმა ჩამოჰკრა მის ფიქრებს, იქნებ სულაც არ მოუწერია მის შვილს და ვიღაც სხვა იყო. მაგრამ ასე კარგად, მხოლოდ თომას შეეძლო მის სულში ჩახედვა და მომავლის განჭვრეტა.
- შენი წერილი მივიღე! - ბოლოს, გადაწყვიტა მაინც გაერისკა.
თომამ წარბები შეკრა გაკვირვებისგან.
- რა წერილი?
- ახლა, უნდა ითამაშო?
- რას გულისხმობ, ვერ ვხვდები - გაკვირვებამ კიდევ უფრო მოიცვა თომას ფიქრები.
- ვითომ არ იცი - ამაყად შეხედა გრიგოლმა.
- გრიშა ან პირდაპირ თქვი ან რა გამოცანებით მელაპარაკები?
- აააჰ, მე გელაპარაკები გამოცანებით კიდევ?
- მეტყვი რა ხდება? - თომა უკვე ბრაზდებოდა და ტონს აუწია.
- კიდევ შენ მელაპარაკები ხმამაღლა?
- გრიშა ან თავიდან ბოლომდე თქვი და ან წავალ, არ მცალია ამ სისულელეებისთვის. -  კარისკენ წავიდა თომა.
- როგორ ბედავ? - დაიყვირა გრიგოლმა, - ასეთი თავხედი ხარ ვითომ? ჯერ გუშინ როგორ შემარცხვინე, კარგი ეგ არაფერი, შემდეგ დღეს ეს ვითომ ანონიმური წერილი. რა გინდა ჩემგან? შენ ვინ გეკითხება მე რას და როგორ ვიზამ, აი, მე კი მეკითხება შენ როგორ მოიქცევი, მე ვარ პასუხიმგებელი, იმიტომ რომ ჩემი შვილი ხარ, მოგწონს ეს თუ არა!
- რა წერილი? -  წამოიძახა გამწარებულმა თომამ.
ამ დროს, კარის კაკუნმა სიჩუმე ჩამოაგდო დაძაბულ ოთახში. თინამ შემოიხედა შეშინებული თვალებით.
- თქვენი ყავა მოგიტანეთ,  შეიძლება?
- დიახ, თინა. - გაწონასწორებული ხმით უპასუხა უფროსმა.
მდივანმა აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა მამა-შვილი. გრიგოლმა მოსვა ცხელი ყავა, პერანგის საყელო გაისწორა და მშვიდად სცადა თომასთან დიალოგის დაწყება.
- დღეს ეს წერილი მივიღე, - წერილი მაგიდაზე დადო.
თომა მოტრიალდა ინტერესით და მშვიდად შეხედა მამას თვალებში.
- რა წერია მერე?
- არ იცი?
- რომ ვიცოდე, არ გკითხავდი. როდის იყო მე შენ წერილებს გწერდი, თან ანონიმურად? რამის თქმა თუ მინდა, პირდაპირ გეტყვი, არ იდარდო, არ მეშინია შენი და მგონი, ეგ უნდა იცოდე!
გრიგოლი დააფიქრა ამ სიტყვებმა. ნამდვილად იყო სიმართლის ნაპერწკალი მის სიტყვებში. თომა ყოველთვის ისე მოურიდებლად და თამამად გამოხატავდა თავის აზრს, განსაკუთრებით მამასთან, რომ არც ამის თქმა გაუჭირდებოდა. თუმცა, ამავე დროს, თომას ტკბილი და თბილი გული, რომელსაც მამისგან მალავდა ასე მოწადინებული, აფიქრებინებდა გრიგოლს, იქნებ ასე ცდილობდა მამის დახმარებას და გათავისუფლებას იმ სენისგან, რაც მამამ საკუთარ თავს დამართა.  აზრების კორიანტელმა მოიცვა გრიგოლი და დაადუმა.
- გრიშა წავედი.
- მოიცადე!
- არ მოვიცდი, ამისთვის მომიყვანე აქ, რომ გეთქვა, ვითომ რაღაც წერილი მოგწერე, მომერიდა პირდაპირ თქმა და უნდა მეჩხუბო?
- არ გეჩხუბები!
- გეტყობა.
- ისეთი წერილი არის, რომ ვიფიქრე...
- და რა წერია ასეთი?
გრიგოლი მიხვდა, ეს თომას დაწერილი არ იყო!
- კარგი თომა, წადი თუ გეჩქარება.
თომამ გაკვირვებისგან გაბრაზებული სახე მიიღო. თავი გააქნია და დატოვა კაბინეტი.
გრიგოლმა გულის ტკივილი იგრძნო სხეულში. უნდა გაერკვია თუ ვინ დაუწერა ეს წერილი - ვიღაც მის სარკეში ნათლად იყურებოდა, ზრუნავდა და თან სიმართლეს ეუბნებოდა. გრიგოლმა ეს ფიქრები ვერ აიტანა, შეხვედრაზე აგვიანდებოდა, ყავა მოსვა, საბუთები თინას გამოართვა და მანაც, მარტოობით და გაურკვევლობით სასვემ, დატოვა ოფისი.
თომა გაოცებული მიაბიჯებდა თბილისის სავსე ქუჩებს. სიყვარული იგრძნო მამის მიმართ, რადგან დარდობდა მასზე. ვერ გაერკვია მოცემულ სიტუაციაში, ამიტომ გადაწყვიტა მოეგვარებინა ეს საქმე. ტელეფონმა დარეკა, კუთხის კაფესთან გაჩერდა, ლუკა იყო.
- ორ წუთში ვიქნები.
- კარგი, შევალ მაშინ მე და შევუკვეთავ. რა გინდა?
- ყავა და რამე გემრიელი ნამცხვარი. მოიცადე, სენდვიჩიც რა.
თომას გაეღიმა.
ლუკა გაღიმებული სახით მიუახლოვდა ტერასაზე მჯდომ თომას. ხელი დაადო მხარზე. თომა ფიქრებისგან გამოფხიზლდა, თან სიგარეტიც ჩააქრო და ყავა მოსვა.
- აბა როგორ ხარ?- კითხა ლუკამ.
- კარგად, - გაეღიმა მეგობარს, ნია გაახსენდა პირველი.
- ვაა, რაღაც კარგი ამბები გაქვს გატყობ.
- კი, მაგრამ...
- მოიცადე, - გააწყვეტინა ლუკამ, - ჯერ მე დავიწყებ.
- დღეს დილით, შენ რომ მოჩვენებასავით გაქრი, დამირეკა ჩემმა აგენტმა და იცი რა მაგარი ამბავი მითხრა?
- რა მაგარი ამბავი აბა?
- მოკლედ, ჩემი ნახატების შეკვეთა უნდა ვიღაც მილიონერს და საფრანგეთში, პარიზში გამოფენაზე წაღება და ჩემი წაყვანაც.
თომა ბედნიერი იყო მეგობრის სიხარულით.
„მისია შესრულებულია“ - გაიფიქრა თომამ და გაიღიმა.
- ვაა, რა მაგარი ხარ ლუკა!
- მადლობა, ჩემო მეგობარო. ჯერ არავისთვის მითქვამს, პირველი შენ გითხარი. ძლივს ვიკავებ თავს, რომ ქუჩაში ყველა გამვლელს არ ჩავეხუტო და არ ვუთხრა.
- გეუბნებოდი, ნიჭიერი მხატვარი ხართქო.
- არ მჯერა, მართლა გეუბნები. სულ მგონია, რომ დამირეკავს და მეტყვის გადაიფიქრაო.
- შანსი არაა. ეგრე არ ხდება, არ ინერვიულო. - თომას თბილმა ნიავმა დაუბერა სახეზე და ნიას მზისფერი თმები გაახსენდა.
- ვიცი,  მაგრამ ხომ იცი, რაღაც განსაკუთრებულად კარგი რომ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, იმ წამს, ეგრევე შიში გიპყრობს სიზმარი არ იყოს ან ცხოვრებამ არ წაგართვას.
- ვიცი ლუკა, მაგრამ ამ შემთხვევაში შანსი არაა.
- ნეტავ, ვინ არის ის კაცი, ან ქალი?
- რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, გაგიჟებულია შენს ნახატებზე.
- ხომ, მაგრამ მაინც მინდა ვიცოდე.
- ხოო... არ ვიცი.
თომამ სიგარეტის კოლოფი აიღო, აღარ ჰქონდა სიგარეტი.
- გაქვს? - ჰკითხა ლუკას.
- კი, აბა რა. -  ლუკამ გაუწოდა კოლოფი.
- მერე, დაგიბრუნებ. -  გაღიმებულმა გამოართვა თომამ.
- მერე ვიცი, ერთ შეკვრას მიყიდი, არ მინდა, ისე აიღე.
თომამ ქალაქს გახედა, თებერვლის მზეში ჩაძირულიყო. ხმაურიანი ქალაქი, სადაც ყველა გრძნობა მოიპოვება, სიყვარული, ტკივილი, წარმატება, ბედნიერება, სიკვდილი, ცრემლები, ყველაფერი ერთად და მაინც დიდ აღტაცებას და სიამოვნებას განიჭებს სიცოცხლე თავისი მრავალფეროვანი ტალღებით. აქ ვერ გაჩერდები, ყოველ კუთხეს თავისი ისტორია აქვს, და ეს ისტორია ყველანაირი მშვენიერია. ყველა ადამიანშია რაღაც კარგი და ყველა სახლშია რაღაც სითბო.
- აბა, დაიწყე - სიჩუმე დაარღვია ლუკამ.
- რა დავიწყო?
- იცი რაც. მომიყევი ნიაზე.
თომას ნიას სახელის გაგონებაზე გული აუჩქარდა და სითბო იგრძნო კვლავ.
- დღეს უნდა შევხვდე.
- უკვე? ესე მალე?
- და რას უნდა დაველოდო?
- რავიცი, მოგეცადა ცოტა ხანი.
- იცი, როგორ ვარ? აი, პირველად ვარ ესე, თითქოს რაღაც დიდი მომავალი მელოდება და არ მინდა ვალოდინო. დრო ხომ იცი როგორ გარბის.
- კარგია. - გაეღიმა ლუკას.
- არ ვიცი ლუკა, კარგია თუ რა არის, მაგრამ გული სხვანაირად იწყებს სუნთქვას, როცა ნიას კეთილი სახე მახსენდება. და სულ მახსენდება, ყოველ წუთს.
- ვაა, ვაა, მერე რას აპირებ აბა დღეს?
- არ ვიცი, რას უნდა ვაპირებდე. დავსხდებით სადმე და მინდა სულ, სულ გავიცნო.
- მოიცადე, რა სადმე დასხდეთ. ეს პირველი შეხვედრაა და დაუვიწყარი უნდა გახადო მისთვის.
- დაუვიწყარი?
- ხომ, აბა. გოგოები მაგას აქცევენ ყურადღებას. შენ გასაგებია, ქუჩაში, ასფალტზეც განსაკუთრებულად იგრძნობ თავს ნიასთან ერთად, მაგრამ ნია?
- მართალი ხარ! მაგაზე კი არ მიფიქრია, როგორი უნდა იყოს შეხვედრა.
- ნუ გეშინია, მოვიფიქრებთ რამე განსაკუთრებულს. რომელზე ხვდები?
- რვა საათზე.
- მაშინ ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ხომ იცი მე, ამიერიდან,  უკვე წარმატებული ხელოვანი, რამე ექსტრავაგანტულს და განსაკუთრებულს მოგიფიქრებ. აიღე სიგარეტი კიდევ.
თომას დიდი ხანია ამდენი ერთად ბედნიერება არ ეგრძნო, ერთადერთი გრიშაზე ფიქრი არ ხდიდა ამ ცხოვრებისეულ სიხარულს სრულყოფილს.
მეგობრებმა დიდხანს ილაპარაკეს, სამი ჭიქა ყავის და ლუკას დაუმთავრებელი სადილობის შემდეგ, დატოვეს კაფე და თომას ბედნიერებისთვის მომზადებულები, გაფაციცებით გაუყვნენ ჩამავალი მზის სხივებით მოფანტულ გზას. ლუკა გაუჩერებლად რეკავდა ყველასთან, ზოგს რას ავალებდა, ზოგს რას, თომას კი, ყოველი წუთის გასვლასთან და ნიასთან შესახვედრად დროის მოახლოებასთან ერთად, სული ამოუცნობი აღტაცებით და ნერვიულობით ევსებოდა. ასეთი რამ, ჯერ არ ეგრძნო, ძალიან ბედნიერი იყო, რომ მეგობარი გვერდით ჰყავდა და ამ დიდი, მაგრამ პატარა ისტორიის თანამონაწილე ხდებოდა, თან ასეთი მონდომებით. მზე ზამთრის უკანასკნელ ღრუბლებში იმალებოდა, ძალიან ნელა, ეხუტებოდა და გაზაფხულის მოლოდინში, მეწამულისფერ თვალებს ჩუმად ხუჭავდა. სამყარო მშვენიერდებოდა ყოველ ნაბიჯზე და თომას სიხარული სიცოცხლის მწვერვალებს იპყრობდა. ამას სიტყვებით ან ჟესტებით ვერ გამოხატავდა, მაგრამ გონებით ძალიან დიდ ბედნიერებაში დაცურავდა, მადლობელი იყო ყველასი და ყველაფრის, მაგრამ განსაკუთრებით ნიასი, რომელიც მის ცხოვრებას უკვე, ცვლიდა თავისი უბრალოდ არსებობით. არ იცოდა, რა ისტორია დაიწერებოდა მომავალში, მაგრამ აწმყო დიდებული იყო და მთელი არსებით შეიცნობდა სიცოცხლის იმ წამებს, რომელსაც ნამდვილი ბედნიერება ერქვა.
ადამიანების უმეტესობა ისე გაივლის წამიერ ცხოვრებას, რომ ბედნიერებას მხოლოდ წარსულის მოგონებებში აღიქვამს, სწორედ დრო ქმნის კიდევ უფრო საამურს აბსტრაქტულ ემოციებს და მომხდარს, რომელიც დღეს გამქრალია ცისფერ ღრუბლებში და ვერც ფიზიკურად უბრუნდები იმ რეალობას, რომელშიც ნამდვილად სიხარულით და იშვიათი ემოციებით დატვირთული იყავი. თუმცა... არსებობს წამები, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანის პატარა გული ახერხებს შეიგრძნოს აწმყოს ბედნიერება და რეალობა აღიქვას არა მომავალში, არამედ იმ წამსვე.  ეს ძალიან იშვიათია... ასეთ მომენტში, სამოთხის კარი იღება თითქოს და სამყარო მარტო სიკეთის ოკეანედ იქცევა. ყოველივე შეიძლება წამიერია რეალობაში, მაგრამ დროც კი დამარცხებულია ზეადამიანური შეგრძნებების მიმართ, პლანეტალური ცხოვრება სამუდამოდ იცვლის მიმართულებას კოსმიურ სამყაროში და ადამიანის სულიერი მეტამორფოზა გარდაუვალი ხდება.
ყვავილების მაღაზია -  არის რაღაც განსაკუთრებული მასში, თითქოს მთელი სიცოცხლე და ყველას ისტორიაა დამალული ოთახის კუთხეში.დიდ სიხარულს და დიდ ტკივილს ერთად გრძნობ, აქ ხომ იმისთვის მოდიან, სიკვდილი გააცილონ ვითომ ლამაზად, ან პირიქით, დაბადება იზეიმონ,  სიყვარული და ცრემლები, მზე და წვიმის წვეთები. თომას არ უყვარდა ყვავილები, არანაირი, თითოეული სახეობა იყო დედის დაკრძალვაზე. წამიერად ყველაფერი გაახსენდა. დროში დაბრუნდა. როგორ იჯდა პატარა ბიჭი წვეთებით მორთულ, მოოქროვილ კიბეზე მარტო. ხელს მაგრად უჭერდა მოაჯირს, გაბრაზებული ცხოვრებაზე და რეალობას თვალს ვერ უსწორებდა, აუტანელი ტკივილის გამო.
მაგრამ ნია... ეს ხომ სხვა სამყაროა. ნიამ იქნებ შეცვალოს ყველაფერი. მის გამო ყვავილებიც კი იქნებ შეუყვარდეს. ლუკამ თითქმის მთელი მაღაზია აყიდინა, აღტაცებული არჩევდა თითოეულ მცენარეს, ეს ხომ მისი წვლილი იყო მომავალი ისტორიის დაწერაში. ხელოვანი რასაც ეხება, ყველაფერს მხოლოდ მშვენიერს ხდის.
თომა ბედნიერი სიმშვიდით შეჰყურებდა მეგობარს და არ სჯეროდა, როგორ იცვლებოდა ახალი შეგრძნება ყოველ წამს მასში, რაც  უნდა მომხდარიყო, გზაზე სწრაფად მიმავალი სიცოცხლე მიმართულებას საპირისპიროდ იცვლიდა, ჰორიზონტს არც არავინ უყურებდა და ეს დიდებული შეგრძნება ავსებდა ახალგაზრდა ბიჭის სულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს