ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაშო29
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2026


ცოდვა, რომელიც სიყვარულს მოერია (თავი მერვე და მეცხრე)

თავი მერვე

ბერმუდის სამკუთხედი

        გრიგოლი მდიდრულ ვერანდაზე იჯდა, ხმაურიანი თბილისის სურნელებით    ივსებოდა და ერთ ფინჯან ყავას, მერინგის ნამცხვარს აყოლებდა. ჩაფიქრებული, სევდიანი და ტკივილით სავსე გამომეტყველება, კიდევ უფრო სერიოზულს ხდიდა მის იერს.
სიგარეტს მოუკიდა და კვამლი სადღაც ჰაერში გაიფანტა. თბილი და სიცოცხლით სავსე ნიავი მის სახეს ნაზად მოეფერა, ღრმად შეისუნთქა და კიდევ ერთი ნაფასი, მას ხომ ბედნიერების უფლება არ ჰქონდა, უკვე, აღარასოდეს! იმედი, რომ გულში სიხარულის ძაფი გაწყვეტილი არ იყო, აღარ არსებობდა. მან ეს იმედი, ცოლთან ერთად, დაასაფლავა, მიწა მიაყარა და ახლა უბრალოდ არსებობდა.
მაგდა შემოვიდა.
- ბატონო, ვაშლის კექსი მოგიმზადეთ, ხომ არ გასინჯავდით?
- მაგდა, გთხოვ, ჩემთან ერთად დაჯექი და ერთად გავსინჯოთ , თან საქმე მაქვს.
- დიახ, ბატონო.
- მაგდა, პირველ რიგში მაინტერესებს ნამდვილად არავინ დაგინახავს ჩემს ოთახში შესული ან ვინმე წერილით ხელში?
- არა, ბატონო გრიგოლ, მაგას როგორ დაგიმალავდით.
- არც თომა?
- არა, ბატონო გრიგოლ, თან მგონია, თომა მაგას არ იზამს, თუ რამის თქმა უნდა ყოველთვის პირში გეუბნებათ და მითუმეტეს ახლა,  ამ ბოლო დროს ძალიან ბედნიერია.
- ეგ მეც შევამჩნიე- მცირე პაუზა- მაგდა, რატომ არის ბედნიერი? რამე ხდება და არ ვიცი?
- სიყვარული ბატონო გრიგოლ! - მაგდას თვალები სიხარულის ცრემლებით აივსო და წვიმის წვეთებად წამოვიდა მის ფიფქისებრ სახეზე. - ძალიან მეშინოდა, რომ ჩვენი თომა აღარ იქნებოდა ბედნიერი ან სიყვარულს თავისი კეთილი გულის კარს არასოდეს გაუღებდა. მაგრამ ამ პატარა, სიფრიფანა გოგომ მთლიანად შეცვალა და გაუნათა თავისი ნისლიანი სამყარო.
- ვინ გოგომ მაგდა? - ძალიან სერიოზული სახით უსმენდა გრიგოლი მაგდას, თუმცა, იგრძნო გულის სიღრმეში  სიხარულის ნაპერწკალი.
- ულამაზესი და უკეთილესი გოგოა ბატონო გრიგოლ, იმ დღეს, მოყვანილი ჰყავდა სახლში, მეც გამაცნო, ისეთი სუფთა სულიერი სამყარო აქვს, ისე გაანათა ეს სახლიც თავისი აქ ყოფნით, მეც კი სულ ვიღიმოდი.
- რა ჰქვია მაგდა? -  დიდი ხნის დავიწყებული ღიმილით ჰკითხა გრიგოლმა.
- ნია ჰქვია, ბატონო! თქვენს წვეულებაზეც იყო ოჯახთან ერთად. მგონი იცნობთ კარგად მის ოჯახს, ბატონი ავთანდილის და ქალბატონი გრეტას ქალიშვილი, თუ არ ვცდები, მეორე შვილი უმცროსი ბიჭი ჰყავთ. ნია არცერთს ჰგავს ვიზუალურად, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ამ სილამაზის პატრონი ყველაზე გამორჩეულია, ვინც კი აქამდე მინახავს. რაღაცით ჰგვანან თომა და ნია,  ხშირად შეყვარებული წყვილები ემსგავსებიან ერთმანეთს.
მაგდამ ვერ შეამჩნია, მაგრამ „ნიას“ სახელის ხსენების შემდეგ, ყველა სიტყვა ექოსავით ესმოდა გრიგოლის დაგუბებულ ყურებს.

პაუზა...
ჩასუნთქვა და აღარ ამოსუნთქვა...
კიდევ პაუზა...

გრიგოლისთვის სამყარო და დრო ერთად გაჩერდა. მდუმარე ხმაური და ქარის კივილი ჩაესმოდა მხოლოდ, თითქოს ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი უკვე შავად გადაიქცა. გულზე სიმძიმე და ტკივილის მომასწავებელი მომავალი ჩაეხუტა მის ცარიელ მკლავებს და გველივით მოეხვია კისერზე. თურმე იმაზე ამაზრზენი ცხოვრებაც არსებობდა, ვიდრე 5 წუთის წინ წარმოედგინა.

- ნია? - უაზროდ იმეორებდა .
- ბატონო გრიგოლ ცუდად ხართ?

ყველას თავის ჯოჯოხეთი აქვს, გრიგოლი ამ ჯოჯოხეთის სიღრმეში საბოლოდ ჩაიძირა და დახრჩობა დაიწყო, მხოლოდ ერთი სახელით - „ნია“ .

ტკივილით სავსე ტალღები რომ ურტყამდნენ სახეში.

მაგდას კივილის ხმა გაიგო მხოლოდ და სინანულით მიხვდა რომ ჯერ ცოცხალი იყო.

თვალები გაახილა, თითქოს ცოლის ფეხები ისევ ირწეოდა ჰაერში, ისევ იგივე სიმწარე განიცადა , დახუჭა და კიდევ გაახილა, მაგდას ერთგული და შეშინებული თვალები დაინახა ბუნდოვნად, ძალიან შეწუხდა, რომ მაინც ცოცხალი იყო.
- მაგდა, ნუ გეშინია კარგად ვარ!

...

ნია და თომა ზამთრისგან მიტოვებული ფოთლებით მორთულ მიწაზე ღმერთის სამყაროს შეჰყურებდნენ, ვარსკვლავები ხელს უქნევდნენ შორიდან, შინაგანი ღელვა და სულიერი სიმშვიდე სიყვარულით ეთამაშებოდა ორ პატარა, დაუცველ გულს.
- მთელი ჩემი სიცოცხლეა წინ, რამდენი წუთი და რამდენი საათი, არ ვიცი ნია, რომელი გზა არის უფლისკენ სწორად მიმავალი არც ეგ ვიცი, მწარე ტკივილი ვიცი რა რის ნია,  მაგრამ არცერთი წამის შეგრძნება მინდა უშენოდ, სიბერის არ მეშინია, არც დაცემის, მზად ვარ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტჯერ დავეცე და ათასჯერ წამოვდგე ,თუ შენს მუდამ გაყინულ ხელებს ვიგრძნობ ჩემი ხელის გულებზე. მე არ ვარ საზიზღარი ნია, ყველაფერს ადვილად ვერ ვეჩვევი, როგორც დოსტოევსკიმ თქვა. აქამდე, მეგონა დედამ მეც მომკლა, მაგრამ ღმერთს იმაზე მეტად ვყვარებივარ, ვიდრე წარმომედგინა.

- არაფერი ისე სამყაროს არ უხდება ნია, როგორც შენ.

ბედნიერებისგან აცრემლებულმა ნიამ, ჯერ თავისი გულის გახარებულ ფეთქვას მოუსმინა და მთელი არსებით შეიგრძნო ღვთიური სიყვარული, შემდეგ კი ჩუმად უპასუხა: - ჩემი სულის ნაწილი ხარ თომა!


...

ქარის სიჩუმე...
ნელა ირხეოდა ზურმუხტისფერი ფარდა ოდნავ გაციებულ ჰაერის ჩურჩულზე.
თოვლისფერ მთვარეს გველივით შემოხვეოდა ნაცრისფერი ღრუბელი.
ღამის 02:15 წუთი იყო. გრიგოლს ატირებულ ღამეში და ცივ ოფლში სუნთქვა შეეკრა და თვალები გაახილა. „ნია“ - მხოლოდ ეს სახელი წარმოთქვა ხმამაღლა და რეალობას ნელ-ნელა, შენელებული სუნთქვით დაუბრუნდა.
დედამიწას ეძინა ტკბილად, თითქოს არც ტკივილი, არც მწუხარება და არც შემზარავი სიმართლე დაძრწოდა მის გარშემო. სიმშვიდის უკვდავებამ გრიგოლი წამოაყენა და ცრემლები მოიწმინდა გაციებულ სახეზე. გაამოძრავა ხელები და გრძელი თითები, „ არა, ვსუნთქავ და ცოცხალი ვარ“ და ისევ ნია გაახსენდა.
შევიდა მდიდრულ აბაზანაში, თბილი წყალი მოუშვა, სარკეში ჩახედვა არ უნდოდა, ის ხომ საკუთარ თავს დაინახავდა და წარსულს დააბრუნებდა,წარსულს, რომელიც აწმყოს ბატონყმობდა და მბრძანებელივით მართავდა. გრიგოლმა აღმოაჩინა, რომ გუშინდელი მწუხარე დღე კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელი გახდებოდა დღეს.
როდესაც დაიბანა , სარკეს ორთქლი მოაშორა და იქიდან ძალიან უძლური, სულიერად მომაკვდავი თვალები დაინახა. თვალები ძირს დახარა, ეს ყველაფერი რეალობა იყო და ამ „ყველაფერში“ ბედისწერა ხმამაღლა, ეშმაკისეულად დასცინოდა.
გული, რომელშიც სინდისის ქენჯნა რომ ვერ შველოდა და დახმარებას ითხოვდა, „დასრულდეს ოღონდ ეს ტანჯვა“. მაგრამ სიცოცხლე ხომ დაუნდობელია, ის მაინც გრძელდება, შენ რაც არ უნდა ტკივილს გრძნობდე, თითქოს დაგცინის, ძვლებში გტეხავს და გასუსტებს თავისი ნიჰილიზმით.
გრიგოლმა გამოიცვალა, გამოვიდა ტკივილის ოთახიდან, შეიხედა თომასთან , თომა სახლში არ იყო.
ჩავიდა კიბეებზე. საფეხურზე თითო ნაბიჯი ცარიელ სიჩუმეს არღვევდა და ეს ადამიანებით სავსე სახლი სულ უფრო მდუმარე და უცხო ხდებოდა მისთვის.
სამზარეულოში შევიდა, სასმელს ეძებდა, მაგრამ არა! საღი გონება სჭირდებოდა, ამიტომ ყავის აპარატი ჩართო და ფიქრით აივსო მისი გონება, ფიქრი შეუცვლელ შეცდომებეზე, ფიქრი აწმყოს ტკივილზე,  ფიქრი მომავალზე, როგორ დაეშორებინა თომა ნიას და როგორ დაემალა ისევ, ახალი სიმართლე.

გაზაფხულის დილა კიდევ სხვანაირად თენდებოდა. მზისფერ სხივებზე მოელვარე ვარსკვლავები სამყაროს უფრო თბილად ეხუტებოდა და მოციმციმე სინათლით უთბობდა ზამთრის მიერ გაციებულ მკლავებს.

რატომაც არა, ცხოვრება მშვენიერია.
ახლა, მხოლოდ გაზაფხულის სითბო და შემდგომ კიდევ ზაფხულისფერი დღეები ელოდება ადამიანებს. ჭუჭყი და ტალახი უკან რჩებოდა, უკან კი არავინ იყურებოდა, გრიგოლის გარდა...

შემოსასვლელის კარი გაიღო..

თომა ჩუმად შემოვიდა სახლში, სახეზე ბედნიერებისგან გაბრწყინებული დაღლილი თვალები და სითბო შემოიტანა ... გული ჯერ კიდევ ჩქარად უცემდა და ჰაერში გაჟღენთილ უდიდეს გრძნობას სიხარულით იხუტებდა.
დილის სიჩუმე გრიგოლის ხმამ დაარღვია:

- თომა, მოხვედი?
- რა ხდება გრიშა?
- სად იყავი?
- გასული ვიყავი, რამე გინდოდა?
- საქმე მაქვს შენთან,- გრიგოლმა საეჭვო, დაბალი ხმით დაარღვია ჩვეული დიალოგი,- ყავას დალევ?
- რა თქმა უნდა, - თომამ წარბები გაკვირვებისგან ოდნავ შეჭმუხნა, გული უგრძნობდა მართლა სერიოზულად უნდა ელაპარაკა მამასთან. ჩამოჯდა მამა-შვილი ერთმანეთის პირისპირ სამზარეულოს ბართან. ცხელი ყავის სურნელი, დედის  ნაჩუქარი ნაცრისფერი, ძვირფასი ჭიქა და მზის სხივების ჩუმი ამოსვლა თბილ გარემოს ხდიდა და ცხელი ორთქლი დაძაბულ ჰაერს ეხუტებოდა.
- თომა მომისმინე...
- გრიშა, თუ ისევ წერილზე უნდა მელაპარაკო...
- ნუ მაწყვეტინებ - მკაცრად შეეპასუხა გრიგოლი. ეგ ცალკე საქმეა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვან თემაზე მინდა დაგელაპარაკო. გრიგოლმა ყავა მოსვა და მის სახეზე ნერვიულობის ძარღვებმა იფეთქა, ხელიც თითქოს აუკანკალდა და ჭიქა დადო. ხელის თითები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და საუბარი განაგრძო. თომას სახე კი დაძაბულობით და ყურადღებით იყო მომართული მამის სიტყვებზე. წარმოდგენაც არ ჰქონდა რას იტყოდა მამა.
- გავიგე შეყვარებული გყავს. - მცირე პაუზა, - არ გამაწყვეტინო! ძალიან კარგია თუ პირად ცხოვრებაზე დაიწყე ფიქრი, თუმცა, ძალიან ნაადრევად, ხომ ამბობდი, პიროვნება ვარო და საკუთარ თავთან ეხლა ვსწავლობ ცხოვრებასო, ამიტომ დაგეხმარები და მინდა გერმანიაში გაგიშვა ცოტა ხნით, იქნებ იქ რამე სასწავლებელი აარჩიო, თან ქვეყანას ნახავ, მინდა რომ წარმატებული მომავალი გქონდეს და საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარო, მამა, - გრიგოლს თვალები მშობლის სითბოთი აევსო და თომას სულში დაუარა, - მინდა ბედნიერი იყო, აი მერე, როდესაც შემდგარი იქნები, შეიძლება პირად ცხოვრებაზეც ფიქრი.
ცივი სიჩუმე ჩამოვარდა...თომას ცნობისმოყვარე გამომეტყველება ნელ-ნელა სევდამ შეცვალა, თითქოს დიდი იმედგაცრუება, გაურკვევლობა და კიდევ ერთი კედელი აღმართა მამამ მათ შორის.

მზის სხივები უკვე თამამად ეთამაშებოდა თბილისის ძველ უბანში მდიდრული სახლის მოქარგულ ფანჯრებს, სამყარო თითქოს ხმაურით იღვიძებდა. სამზარეულოში კი კვლავინდებურად განშორების სიჩუმე იდგა.

თომას ხმა არ ამოუღია. მაგდა შემოვიდა ახალგაღვიძებული, სახის კეთილი ნაოჭები ეხლახანს დაებანა, თმა შეისწორა, არ ელოდა ვინმეს სამზარეულოში. გაოცებისგან „ დილა მშვიდობისას“ მეტი ვერაფერი თქვა, გრძელი, თოვლისფრად შერეული დაწნული თმა შეისწორა, გაციებულ ყავის ფინჯნებს დახედა, - ახლავე მოგიმზადებთ საუზმეს, - გაფაციცებით წარმოსთქვა და საქმიანად გამოიტანა ფუნთუშეულობა, ჭიქებს შორის დადო ტკბილეულობა, მხოლოდ გრიგოლმა გახედა მაგდას თანხმობის ნიშნად და სიგარეტის ერთი ღერი ამოიღო, უფრო დამშვიდებული ჩანდა, ვიდრე აქამდე.
თომა კი სინანულში ჩაძირული თვალებით შესცქეროდა მამას, თვალი არ მოუშორებია, ბოლოს წამოდგა და ერთი სიტყვის გარეშე დატოვა სამზარეულო.
- თომა, - დაუძახა მაგდამ, - კი მაგრამ ისაუზმე... გრიგოლმა მაგდას ხელი ნაზად დაადო, ანიშნა დაე, წავიდესო და თვითკმაყოფილი სახით კიდევ ერთხელ დაარტყა ნაფასი.

თომას კითხვაც არ გასჩენია „ რატომ“ .
მამა ხომ ყოველთვის დაუკითხავად არღვევდა მის სამყაროს და ყველა გეგმას.
მამა ხომ ყოველთვის „სწორი“ იყო..
მამას ხომ არასოდეს ესმოდა...
მამაც  მარტო იყო და თომაც და ერთად ცხოვრობდნენ ამ მარტოობაში, დედის შემზარავი სიკვდილის მერე.
თომა თავის ოთახში ლოგინზე წამოწვა, თვალები დახუჭა, მამაზე გაბრაზდა, გაახილა, ისევ, გრიგოლის მშვიდი გამოხედვა, რომელიც საკუთარ სიტყვებში მუდამ დარწმუნებულია და არასოდეს შეცვლის. ქარმა თომას ფარდები შეარხია და ნაზად მოეალერსა მოღუშულ სახეზე, გაზაფხულის სურნელი კი მალევე დაეწაფა მის სხეულს და თან ნიაზე ფიქრი მოიტანა საჩუქრად.
უცნაური ღიმილი, რომელიც თომას ბაგეებზე მოულოდნელად გაჩნდა ნიას გახსენებაზე, მისი სურნელიც კი თითქოს თომას ფიქრებში იყო და შავ-ბნელი ღამე, უცბად ლამაზ სიზმრად გადაიქცა.


- ეფემერულია ეს ცხოვრება, მაგდა! - მკაცრი სიმშვიდით მიმართა გრიგოლმა დიასახლისს, - და ისიც კიდევ შენი ხელებით იმაზე ქაოტური გახადო, ვიდრე ისედაც არის ეს შეშლილი სამყარო, არ მგონია, სწორი გადაწყვეტილება იყოს.
- ვერ ვხვდები, ბატონო გრიგოლ, ნია შესანიშნავი გოგოა, და რომც არ იყოს, არ ვფიქრობ, მითუმეტეს, თომას პირად ცხოვრებაში ჩარევამ, თქვენი ურთიერთობა, როგორც მამა-შვილის დაალაგოს.
- მაგდა, ამას ვერასოდეს დავუშვებ და მოვრჩეთ ამ თემაზე! - შეუპოვარი ხმით დაასრულა გრიგოლმა მაგდასთვის გაუგებარი დიალოგი.

მსახურებმა გაიღვიძეს, უსულო სახლი, ამ სამყაროში არსებული ადამიანების ხმაურმა გამოაღვიძა.

სული ხომ დედამ წაიღო, თავის სხეულთან ერთად...

გრიგოლის ოთახში შეუმჩნეველი კამერები ყენდებოდა. გრიგოლი თავად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, არავის უნდა დაენახა ეს, მაგდასაც კი!

როცა დაასრულა, გრიგოლმა მადლობა მოუხადა ახალგაზრდას და ჩაკეტილი ოთახის კარი ჩუმად გააღო. ბიჭი უჩუმრად გავიდა სახლიდან, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო.

გრიგოლმა აიღო მნიშვნელოვანი ფაილები და თავის ბიზნეს ცენტრში გაემართა, შეერია ცოცხალი ადამიანების ყოველდღიურობას, თითქოს შინაგანად მკვდარი არ ყოფილიყო.

...


ბედნიერების დილამ მოაკითხა ნიას ოთახს. თითქოს სიყვარულის გრძნობების ახალი ისტორია ზუსტად ამ ოთახში იწერებოდა. ნიას ჯერ კიდევ არ გაეხილა თვალები, რომ გულმა თომა შეახსენა და სწრაფად დაიწყო ძგერა...
თომასგან რამდენიმე კორპუსის დაშორებით და მერე, მერჯვნივ...
გაზაფხულზე სიყვარული ყველაზე მშვენიერია.
სიყვარულის დასაწყისს მარტის ამბორი უხდება ყველაზე მეტად.
ნიას პეპლისებრი თვალები ვარსკვლავებივით გაბრწყინდა მზის სხივებთან ერთად.
წამოდგა, გრამაფონზე პატარა თითებით ახალი ფირი დადო და Ronettes – ‘So Young’ სიმღერამ დაამშვენა მოციმციმე შუქი. ნიას გრძელი პერანგი ქორწილის კაბასავით ედებოდა იატაკს, ნაზი თითები კი ეთამაშებოდა ყველაზე დიდ ვარსკვლავს ჩვენს გალაქტიკაში.
სიცოცხლე იმდენად მშვენიერი იყო, სიტყვებით ვერავინ გამოხატავს ამ გრძნობას, წერაც კი რთულია, საქმე როცა ნამდვილ სიყვარულს ეხება. გულის ცემა, პეპლების თამაში თუ თბილისის ხმაური, ერთმანეთში იდეალურ სამყაროს ქმნიდა, ჰაერში აღელვებული სიტკბოების განცდა სუფევდა.
ნიამ თავის პატარა ვერანდიდან გაიხედა და ულამაზესი ღიმილით  შეეგება სამყაროს, თითქოს ეს მადლიერება იყო ყოვლის შემოქმედთან, რომ ეს გრძნობა ასეთი ბედნიერებით არგუნა, ფრაგმენტულად ახსენდებოდა თომას თვალები, შეცვლილი მზერა, როდესაც მის სახეს უყურებდა და თითქოს მის სულს ეფერებოდა, ძლიერი ხელები და უნიკალური სურნელი, რომელიც ნიასთვის იდეალური სუნამო გახდა.
ეს ზღაპრული გაზაფხული იყო, რომელიც ახალგაზრდა, მეამბოხე სულისთვის არასოდეს სრულდება, უკვდავების კაბას იცმევს და ყველაზე ტკბილ მოგონებებს ტოვებს,

და წინ თუ რაიმე მწუხარებაა, არაუშავს!
ტკივილი მხოლოდ ხომ სიყვარულს უხდება, ის ხომ იმდენად პათოსური და მედიდურია, რომ სამყაროს ყველა „ფერს“ იხდენს.

ნიამ ერთი ხე შეამჩნია, რომელზეც პატარა თეთრი ყვავილი ცდილობდა გაღვიძებას. ის ვარდისებრთა ოჯახიდან იყო და გალაკტიონის წიგნი გადმოიღო სწრაფად თაროდან, კვლავ გამოვიდა ვერანდაზე და ამ პაწაწუნა მცენარეს და მის მთრთოლვარე სულს წაუკითხა „ატმის ყვავილები“ .

შორიდან ექოსავით, თბილისის ქუჩებში გაისმა სიმღერა “The Supremes – Where did our love go”, ფერადი მანქანები თითქოს რიტმულად ცეკვავდნენ და ცისარტყელას ფერებს ტოვებდნენ  ნამიან ასფალტზე. ვიღაცას აგვიანდებოდა, ვიღაც კი ცხელი ყავის სურნელებაში გახვეული აუჩქარებლად ურტყამდა სიგარეტს ნაფასს, პატარა ჭიანჭველებივით მოსიარულე ადამიანები სწრაფად ცოცხლობდნენ და ეს სიცოცხლე შორიდან ძალიან ლამაზი იყო.

ასეთ სიყვარულს სამყარო თავისი მტკნარი არეულობით არ იღებს.
ასეთ ადამიანებს კი ბედნიერებაზე მეტად, ბევრად მეტად, დიდ მწუხარებას არგუნებს. ეს ხომ უბრალოდ გზაა... დროებითი გზა, რომელსაც უსასრულობამდე მიჰყავს ყველა...

არ შეიძლებოდა ყველაზე არა უბრალო ნია და თომა უბრალოდ ბედნიერები ყოფილიყვნენ...

„ლუკა, იცი რა მიყვარს ნიაში?“ - შეტყობინება ღამის ორ საათზე, თომასგან ძვირფას მეგობარს.
„აბა გისმენ ჩემო რომანტიკოსო“ - ირონიულად უპაუხა ლუკამ.
„მისი ბედნიერება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი. მისი აღქმა სამყაროსი ჩემთვის იმდენად სასწაულია, რომ მგონია ნამდვილ საოცრებას ვუყურებ ყოველ დღე და მის მიმართ ჩემს სიყვარულს მთელი დედამიწის სიტყვები და ყველა ენა რომ ავიღო, ვერცერთით ვერ აღვწერ. მისით იწყება და არასოდეს მთავრდება ყველაფერი. მე კი აღარ ვცოცხლობ, მისით ვარსებობ და ეს არსებობა ღვთაებრივია, თითქოს უფალთან მაახლოვებს“.
ლუკა გაკვირვებით და ამასთანავე მოხიბლული თომას გრძნობებით დადუმდა და  ბედნიერებას იზიარებდა მეგობრის კეთილი გული.
გაზაფხული კი მობრძანდებოდა ხმაურიანი გრძნობებით, მაგრამ ქაოსური ზაფხული, თვალცრემლიანი, უკან მოსდევდა მძიმე მწუხარებით ხელში...

მეორე დღეს, თომამ გვიან გაიღვიძა, ტანსაცმლიანად ჩასძინებოდა, ჭერს შეხედა, სადაც ეწერა ცნობილი ფრაზა ფილმიდან „Vanilla Sky” – “Every Passing minute is another chance to turn it all around”.  ამ ფრაზის აღქმა ეხლა რადიკალურად განსხვავებულად ეჩვენა, ნია შემოვიდა მის ცხოვრებაში დაუპატიჟებლად და რადიკალურად შეცვალა სიცოცხლის ყოველი კუთხე. შავბნელ ოთახში დიდი სანთელი დაანთო და ლამაზი ფერებით დახატა ეს რეალობა. თომა ბედნიერი იყო, სწრაფად შევიდა სააბაზანოში, შემდგომ ჩაიცვა თბილად და სიმღერით დაეშვა სამზარეულოსკენ.
- მაგდა, გთხოვ, ყავა მომიდუღე, თუ გცალია.
მაგდა სამზარეულოს პატარა თაროსთან იდგა და  ძველ მინი რადიოზე ცდილობდა რეტრო სიმღერა ეპოვა. ვინტაჟური რადიო ხისგან იყო დამზადებული, განსაკუთრებული დეკორატიული ნამუშევარი,  მრავალფუნქციური პლეერი - თანამედროვე ფუნქციებით და ვინტაჟური ვიზუალით ნოსტალგიურ განწყობას ქმნიდა და წარსულ ეპოქაში გაბრუნებდა  ბოლოს რადიოდან გაისმა კლასიკური მუსიკა უკვდავი მომღერლის Billy Holiday-ის “I’ll Be Seeing You” და მაგდა ნელი ცეკვით მოტრიალდა თომასკენ.
- რა თქმა უნდა, თომა. - მშობლიურად გაუღიმა  დიასახლისმა.- ხომ ისაუზმებ?
- აბა, შენს გემრიელ ნამცხვრებზე როგორ ვიტყვი უარს, რა გვაქვს დღეს?
- დღეს დილიდან მოგიმზადე ლიმნის ტარტი, შენი საყვარელი, „ვიქტორია“ ხილის ჯემით და ნუშის ხრაშუნა კრუასანები.
- როგორ გაგვიმართლა მაგდა, შენ რომ გვყავხარ, - გული გაუთბო თომამ მაგდას. - შენც ჩემთან ერთად დაჯექი და მიირთვი. ერთად ვისაუზმოთ ტრადიციულად.
- რა მოხდა გუშინ თომა, მაინც ვერ გავიგე, - კომფორტულად მოთავსდა მაგდაც მაგიდასთან და ხილის ჩაი მოსვა -  სიმართლე გითხრა, შენმა სიმშვიდემაც გამაოცა და ბატონის უპასუხოდ დატოვებამ.
- რა უნდა მოხდეს მაგდა, როგორც ყოველთვის, მამაჩემი ჩემს ცხოვრებაში ერევა უმიზეზოდ და უნდა იყოს ჩემს საწინააღმდეგოდ ყველაფერი. - ნუშის კრუასანი გასინჯა და ყავის გემრიელი არომატი შეიგრძნო თომამ, სახლი უფრო და უფრო ცოცხლდებოდა დაბალ ხმაზე ამღერებულ მინი რადიოსთან ერთად.
- არ მგონია თომა, რომ უბრალოდ აკვიატება იყოს. რაღაც მიზეზი ექნება, უცნაური რექცია ჰქონდა ნიას სახელის ხსენებაზე. -  მაგდამ კი კოვზით დაშალა ლიმნის ტარტი და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა.
- რა რეაქცია? ალბათ, ვინმე დიდგვაროვანის ან თავადის შვილი არ არის და მისი „აღამტებულება“ ვერ მიიღებს ესეთ გოგოს ოჯახში, აღარ მაინტერესებს მაგდა, ხომ ხედავ, რამე ცუდი თუ ხდება  ამ სახლში - ჩემი ბრალია, რაღაც ამოუცნობი ხდება - ეგეც ჩემი ბრალია. რამეზე ხომ უნდა იჩხუბოს, ვინმეს ხომ უნდა ეჩხუბოს, ეს „ვინმე“, როგორც ყოველთვის ერთადერთი შვილია - თომა. მაგას სოლიფსიზმი დაემართა, მგონი, არანაირი ობიექტური რეალობის არსებობის აღქმა, გრიშასთვის მხოლოდ „ მე“ არსებობს და იმის იქით ყველა, მათ შორის გარესამყაროც ირეალურია.
- საბოლოოდ, რას იზამ ეხლა?
- რასაც ყოველთვის მაგდა, მითუმეტეს ეხლა, როდესაც ღვთიურმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემს სულში, ამას არასოდეს დავტოვებ და გავუშვებ ხელს, ესეთი სულიერი სიმშვიდე და აღფრთოვანება ერთად არასოდეს მიგრძვნია, მის გვერდით მგონია, ყველაფერს შევძლებ და რაც მთავარია, ყველაფერს კარგს, სუფთას, სპეტაკს, მისი სუნთქვით ვსუნთქავ მაგდა და ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და ეს სიცოცხლე იმაზე მშვენიერია, ვიდრე ოდესმე, წარმომედგინა.
მაგდას სახე სითბოთი და მშვიდი აღმაფრენით ივსებოდა, ძალიან უყვარდა თომა და მისი სახეცვლილება, რომელიც სიყვარულით იყო განპირობებული დიდი ბედნიერებას ჰგვრიდა ერთგულ მსახურს.

ბედნიერი დღე იწყებოდა თითქოს, ბუმბერაზი ვარსკვლავი უფრო მეტ სითბოს იმეტებდა ქალაქისთვის და თავისი მზისფერი სხივებით ეხვეოდა გაციებულ სახლებს, გულებს უთბობდა და ქართველი მოსიარულე არსებები უფრო მეტი ენერგიით იწყებდნენ სიცოცხლით სუნთქვას.



თავი მეცხრე

გარდაუვალი დასასრული

გრიგოლი თავის კაბინეტში შევიდა, სიჩუმემ და ფიქრებმა ერთად შეაწუხა და ცხოვრებისგან ნაიარევი სახე მოღუშული გაუხდა. თოვლისფერი პერანგის ზედა ღილი შეიხსნა, თითქოს ეს ერთადერთი ღილი უშლიდა სწორად აზროვნებაში და წარსულის დავიწყებაში. თომას ნომერი აკრიფა, მაგრამ ზარმა  უპასუხოდ დატოვა. შემდგომ, ჩაფიქრდა, გრძელი თითები დანაღვლიანებულ სახეზე მოისვა და უფრო მწარე ტკივილმა სული და სხეული შეუკუმშა. კვლავ ნომერი აკრიფა, ამჯერად, თომასი არა და ხმადაბლა დაიწყო მონოლოგი.


- დღეს უნდა შეგხვდე, შენთან სასწრაფო საქმე მაქვს, სამსახურში არ მინდა საუბარი, გამოვალ სამის ნახევარზე და ბარნოვზე დავსხდეთ, ერთი მიყრუებული კაფე ვიცი, სადაც გემრიელ ყავას აკეთებენ... დროებით.

მწვანე კაფეში სიცარიელის შეგრძნება სუფევდა, გულგრილი ღიღინი საიდანღაც შიდა ოთახიდან გამოდიოდა და მოწყენილ სიჩუმეს არღვევდა, დიდი და მწვანე მცენარეები ხისფერი ქოთნებიდან ნაზად ცეკვავდნენ ჰაერის მუსიკაზე, სკამები ფოთლისფერი ბალიშებით იყო დაფარული და მუხისფერ მაგიდებს ამშვენებდა, ქოხივით კაფის ირგვლივ, კუთხეებში რუხი ქვები იდო, უამრავი ძველი ნახატები ადამიანის სწორხაზოვანი გამოსახულებებით, სხვადასხვა ფერში კედლებს უფრო კეთილგანწყობილ იერს უხატავდა.
არაბული ყავის სურნელი ჰაერის ნაზ მუსიკას ებმებოდა და ორთქლის ნაცრისფერი ბოლი სხვადასხვა მოქნილ ფიგურებს აცეკვებდა.
კუთხეში, ორკაციან მაგიდასთან გრიგოლი და უცხო კაცი ჩუმად საუბრობდნენ, მაგიდაზე  იდო ორი ჭიქა ცხელი ყავა, ფორთოხლის და მანგოს წვენი, ყველის დაფა და იოგურტის ნამცხვრები,  ძველებური ეგვიპტური იეროგლიფებით მოსაუბრე პატარა საფერფლე, რომელიც ბევრის ისტორიას ყოველდღე დაუღალავად უსმენდა.
გრიგოლი მონოტონურად საუბრობდა, მეორე კაცი კი გაშეშებული სახით და სიკვდილისფერი თვალებით გაყინული ყურადღებით აყოლებდა თვალს გრიგოლის პირიდან ამოსულ თითოეულ სიტყვას. სმენაზე მეტად, გააზრება უჭირდა.

- ყველაზე დიდი ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს, -  ჭექა-ქუხილივით გაისმა გრიგოლის სიტყვები და მწვანე კედლებზე სეტყვასავით მიეხეთქა.
- არაფერს  აქვს უკვე მნიშვნელობა ავთანდილ, კიდევ ერთი შეხვედრაც კი უკვე დამღუპველ შეცდომასთან შეგვაჯახებს, შენი იმედი მაქვს, აქედან უნდა წახვიდეთ და წაიყვანოთ სასწრაფოდ. თომა მეამბოხეა და იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც ვეტყვი, მეც გავუშვებ ბერლინში, მაგრამ ახლა არ წავა.
- კი, მაგრამ სად წავიყვანო? ან ცოლს რა ვუთხრა ან მეორე შვილს?
- ფულს მე მოგცემ, ძალიან დიდ თანხას, იმისთვის რომ ევროპის რომელიმე ქალაქში მშვიდად დასახლდეთ, იქიდან იმუშავებ ჩემზე, აქაურობას კი აღარ უნდა გაეკარო. ოჯახს უთხარი სამსახურიდან მივლინებით გიშვენებ 2-3 წლით, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი იქნებით ოთხივე. შენი იმედი მაქვს.
გრიგოლმა ამოიღო ჩეკების წიგნაკი, ექვსციფრა რიცხვი დახატა ლამაზმა, გრძელმა თითებმა, ქვემოთ ხელმოწერა და ოდნავი კანკალით გაუწოდა მოსაუბრეს.
- ავთანდილ, შენი იმედი მაქვს! მომავალს ჩვენ ვუქმნით ჩვენს შვილებს. ნებისმიერ დროს დამირეკე, თუ რამე დაგჭირდება. უბრალოდ, როცა წახვალ, კოორდინატები გამომიგზავნე სად იქნებით..

ახალი ამბისგან გაფერმკრთალებული ავთანდილი თითქოს გაძეგლდა.
მისმა ფსიქიკამ ჯერ დრო გააჩერა, შემდეგ კი, აწმყოსა და მომავლის კედელი ჩამოანგრია და შესაძლო დატრიალებული უბედურება თვალწინ დაეხატა.
ღრმა ფიქრებში წასულმა უცბად იგრძნო როგორ დაუარა ცივმა ჟრუანტელმა, იმაზე გაფიქრებით თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო გრიგოლის მონაყოლიდან. სრული სტაგნაცია განიცადა მისმა სხეულმა და ერთი საათის სიჩუმის შემდეგ, უსიტყვო შეთანხმებით დასრულდა მწვანე კაფეში იდუმალებით სავსე შეხვედრა.

გრიგოლი წავიდა...
გვიანი ნაშუადღევი დადგა, ცივი წვიმა მოედო ქალაქს, ზამთარი უკან არ იხევდა და ბოლომდე იბრძოდა არ მიეტოვებინა ნისლიანი სამყარო, თუმცა, გაზაფხულიც, როგორც არანაკლები მეომარი, თამამად ხვდებოდა გარდასულ სეზონს და ღრუბლებიდან ცალი თვალით უყურებდა ხალხმრავალ ქუჩებს.

- ზაზა, მანქანა აქ გააჩერე, ყვავილები უნდა ვიყიდო და „ მასთან“ წავიდეთ -  მიმართა გრიგოლმა მძღოლს.

ცის ცრემლებისგან დამდგარ ნისლში მდუმარე ადგილას ჩანდა მაღალი კაცის სილუეტი, რომელიც სიკვდილის მიწაზე სულიერად დაცარიელებული იდგა, მზისფერი ქრიზანთემებით ხელში და სასოწარკვეთილ ქვას შესქცეროდა.
ქვაზე გამოსახული ქალის თვალებიდან წვიმის წვეთები იღვრებოდა, უპატიებელ შეცდომას დაგვიანებით ინანიებდა თითქოს, მაგრამ არავინ იყო შემწყნარებელი.
ეპიტაფიას განუწყვეტლივ კითხულობდა შავი სილუეტი: „ადამიანი - თავად არის ბატონი საკუთარი სიცოცხლის და საკუთარი სიკვდილის.“
გრიგოლის შავი პალტო მთლიანად სველი იყო, ქრიზანთემები ნელი მოძრაობით დაუტოვა მისი სულის მკვლელს და უხმოდ წამოვიდა მანქანისკენ.

...

- სასწრაფოდ ჩაალაგეთ! -  ოჯახური სითბო ცივმა სიტყვებმა ჰაერში გაფანტა,
- სამ კვირაში მივემგზავრებით ესპანეთში, მანამდე, ყველა პრობლემა თუ საქმე მოგვარებული უნდა იყოს.
- კი, მაგრამ რა მოხდა ავთანდილ? - გაკვირვებულმა გრეტამ ჰკითხა მეუღლეს.
- ყველაფერი კარგად არის, დამაწინაურეს და მივლინებით უნდა წავიდეთ ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში. ძალიან მაგარი საქმე დამავალეს და წინასწარი ანაზღაურებით მიშვებენ, ვინაიდან იციან ოჯახთან რა დამოკიდებულება მაქვს, თქვენი წაყვანის საშუალებაც მომცეს. - ბართან მივიდა დასველებული წვიმისგან და ყინულიანი ვისკის ჭიქას მოგრად მოუჭირა ხელი.
- დედი, რა ხდება? -  გაისმა წკრიალა ხმა მძიმე ჰაერში.
- არ ვიცი, მაგრამ უნდა გავემგზავროთ, როგორც ჩანს, - გაკვირვებული ხმით უპასუხა დედამ, -  რამდენი ხნით ავთანდილ?
- 2 წლით, დაახლოებით.
- რაა?
ავთანდილმა ექვსციფრიანი ჩეკის ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
- ავთანდილ, ეს რა თანხაა? - გრეტას გული აუჩქარდა.
- ეს ჩემი შრომის ანაზღაურებაა.
- ესპანეთში სად მივდივართ?
- კოსტა ბრავაზე, ერთ-ერთ გარეუბანში ვიცხოვრებთ, სახლი ვიყიდე უკვე და ხვალ დასრულდება გაფორმება. ამიტომ გაემზადეთ, ახალი, ბევრად უკეთესი ცხოვრება დაიწყება ჩვენთვის.
გაურკვეველი სიჩუმე ჩამოდგა ოთახში.
- კი, მაგრამ მე არ მინდა! -  ისევ წკრიალა, ნაზმა ხმამ დაარღვია სიჩუმე.
- შენ ეს დღეები სახლში იყავი, სანამ წავალთ! - იშვიათი სიმკაცრით უპასუხა ავთანდილმა, -  არავითარი პაემნები, დაქალები და ასე შემდეგ.
გრეტამ და ნიამ ისე გადახედეს ერთმანეთს, თითქოს მათი საიდუმლო ქვეყანამ გაიგო.
- რაა? რატომ მამა?
- იმიტომ რომ მე ასე ვთქვი! - თვალებში შეხედა ავთანდილმა შვილს ისე, რომ პასუხის დაბრუნებას  არ დაელოდა და სასტუმრო ოთახიდან გავიდა. ცოლი არეული სიტყვებით გაჰყვა.
- სად მივდივართ?
- არ ვიცი, ნია, მაგრამ ჯობია ჩავალაგოთ და მოვემზადოთ, არც ისე ცუდი იქნება ესპანეთი ხომ შენი ოცნების ქვეყანა იყო სულ. - უპასუხა უმცროსმა ძმამ მშვიდი ხმით.

ნიას ლამაზი, გრძელი გიშერისფერი წამწამები წვიმის ცრემლებით დაიფარა, უცბად მოიცვა თეთრი მანტო, ხელი დაავლო ტელეფონს და ჩანთას და კარი მიიჯახუნა.



...

თბილისში მანქანების მოძრაობა გაჩერებული იყო, ასფალტის წვიმის სუნი კი აღწევდა მაღალ კორპუსებამდე და გაზაფხულის მოახლოებას ამცნობდა ხმაურიან ქალაქს.

ცის ცრემლებისგან დასველებული თომა და ლუკა ჭავჭავაძის ქუჩაზე, კუთხის მაღაზიაში  ჩქარა, აღელვებულები შევარდნენ.

- როგორ ხარ ლიზა? აბა, შენი დახმარება სჭირდება ამ სიმპატიურ ბიჭს.
- კარგად ჩემო ლუკა, შენ როგორ ხარ, რითი დაგეხმაროთ ბიჭებო?
- ყვავილების ტყე უნდა გავაკეთოთ - ღიმილით უპასუხა ლუკამ, - ჩემი ძმაკაცი უპირობოდ შეყვარებულია და უნდა გააოცოს და კიდევ უფრო გაულამაზოს ერთ გოგოს ეს ღრუბლიანი დღე.
- თომა როგორ ხარ შვილო?
- კარგად, ქალბატონო ლიზა, - მცირე პაუზა - უბრალოდ, არ ვიცი, რომელი ყვავილი შევურჩიო, მინდა განსაკუთრებული იყოს თაიგული.
- აქ რისთვის ვარ მერე -  სანდო ღიმილით შეეგება ფერადი ქალი ბიჭებს. - შენ, უბრალოდ, უნდა დამეხმარო და მითხრა როგორი გოგოა და ზუსტად იმის მიხედვით გავაკეთებთ ულამაზეს თაიგულს. ყველანაირად აღმიწერე და დამიხასიათე, შინაგანად, გარეგნულად, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, როდესაც სიყვარულით ვარჩევთ ყვავილებს.

57 წუთის,  თომას და ლიზას საუბრის, ლუკას მეორე ყავის ჭიქისა და ოთხი სიგარეტის ღერის შემდეგ, ყვავილების მაღაზიის მეპატრონე მიხვდა, რომ განსაკუთრებულ ურთიერთობასთან ჰქონდა საქმე, რომელიც ყველაზე არაორდინალურ მცენარეს იმსახურებდა და ამიტომ მისთვის  ყველაზე ძვირფასი ყვავილი გამოიტანა სხვა ოთახიდან.
უცნაური მცენარე , გამხმარი ტოტებით გამჭვირვალე,  მინის აკვარიუმში (ყვავილების ვაზა) იდო. ულამაზეს, ცისარტყელისფერ ყვავილებს შორის ყველაზე უშნო ყვავილი ეჭირა ლიზას. ბიჭები გაოცებულები შესქეროდნენ და მდუმარედ იდგნენ.
- ქრისტიანულ სარწმუნოებაში ეს „აღდგომის ყვავილი“ იესო ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა. ამბობენ, რომ ამ ყვავილის პატრონის სახლი კურთხეული იქნება. ვეგეტაციის ბოლოს, ღეროები თესლის მომწიფების შემდეგ ხმება, მისი მშრალი ტოტები იკუმშება, ნაყოფს გულში იხუტებს და ბურთის ფორმას იღებს. ასეულობით წელი შეუძლია იცოცხლოს წყლის გარეშე , საკმარისია, რომ წყლის წვეთები მოხვდეს, რომ ნაყოფი ცოცხალივით გაიშლება. შენი თავი მომაგონა თომა, შენს გულში სიყვარულს ინახავდი და აცოცხლებდი, ნიამ კი, როგორც წყალმა, გაგაცოცხლა და მარადიულობის განცდა დაგიბრუნა ამ სამყაროში. ეს ვარდი სიხარულოს და უფლის მადლის სიმბოლოა.
- შესანიშნავია! - შეჰყვირა გამოფხიზლებულმა ლუკამ, რას იტყვი თომა?
- უღრმესი მადლობა შენ ლიზა, ზუსტად, შეეფერება ჩემს ნიას. კიდევ ერთხელ, რა ჰქვია ყვავილს?
- „აღდგომის ყვავილი“, „ეგვიპტის ვარდი“.

ამ დროს, თომას მობილურის ხმა გაისმა და წვიმამაც გარეთ შეწყვიტა ცრემლები.
თომას სახე შეეცვალა. ლუკას ანიშნა ახლავე უნდა წავიდეთო, თბილად დაემშვიდობნენ ლიზას, ყვავილი შეიძინეს და აჩქარებულად დატოვეს მაღაზია.

მშრალ ხიდთან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხიდისა და სკუდიერის ქუჩების კვეთაზე, დედაენის ბაღი პატარა შუქის ციცინათელებით ანათებდა  სასეირნო ბილიკებს. წვიმისგან დასველებული ნია აკანკალებული იჯდა სკამზე და შეშინებული თვალებით ელოდა თომას გამოჩენას.
თომას სილუეტი შავი ჩანთით ხელში რომ დაინახა, თვალებიდან კვლავ ცრემლების წვიმამ იფეთქა და ახლა დაუსველა ლამაზი სახე.
თომა ჩქარი ნაბიჯებით მივიდა მასთან და გულში ჩაიკრა, მისი შეშინებული სიცივე იგრძნო და ხელის თითები შემოხვია ლამაზ სახეზე.
- ნია, რა მოხდა?
- თომა, მივდივარ! ესპანეთში მივდივარ - ამ სიტყვებზე კიდევ უფრო ატირდა სიფრიფანა ნია,- არ ვიცი, რამდენი ხნით, როგორც მამა თქვა, რამდენიმე წლით.
- კი მაგრამ რატომ ნია? - ყელი შეაშრა თომას და გაურკვეველი ფიქრებით თვალს ვერ აშორებდა ატირებულ გოგოს, რომელიც შიშისგან კიდევ უფრო დაპატარავებული და ჩამქრალი ეჩვენა.
- არ ვიცი თომა, სამსახურის გამო, როგორც გვითხრა.
- როდის მიდიხართ?
- სამ კვირაში. არ მინდა წასვლა, გთხოვ, თომა, არ გამიშვა!
- სამ კვირაში??? - გაოცებული ელდა ეცა თომას და ვერ შეიკავა თავი, ისე დაიყვირა. მთელი სიცოცხლის გეგმები ორ სიტყვაში თითქოს ჩაიძირა ღრმად ცივ ოკეანეში, აუხდენელ იმედებთან ერთად.
ნიამ მაგრად დახუჭა თვალები, იქნებ შინაგანი ტკივილი და შიში  ამ ცრემლებით გამოეშვა სულიდან და ხმა ვერ ამოიღო.
ცოტა ხანი მდუმარედ ისხდნენ, თომას ბრაზმა და შიშმა ერთდროულად მოაკითხა, ცეცხლი დაუნთო გულის კუთხეებში და გამძაფრებული გრძნობებით გადაწყვიტა თავი ხელში აეყვანა.
- წამოდი ნია, აქ გემრიელ ცხელ შოკოლადს აკეთებენ, კაფეში დავსხდეთ, არ გაცივდე.
დიდი ხანი ისაუბრეს, თომამ დაამშვიდა და შავი ჩანთიდან ყვავილი გადასცა.
მოუყვა მცენარის ისტორია და ასწავლა როგორ უნდა მოევლო მისთვის.
- ამ ყვავილის გული არასოდეს მოკვდება ნია მუდამ შენთან იქნება, ისევე, როგორც მე. მხოლოდ, წყლისოდენა სიყვარული დააწვეთე და ყველა ქარიშხალს გავუმკლავდებით.

მთვარის სინათლემ დაფარა თბილისის მოღრუბლული ცა, ცხრა საათი ხდებოდა, თომამ ნია სახლამდე ჩუმად მიაცილა და ტკბილად შუბლზე აკოცა,
შემდეგ კი თავის სიბრაზეს მარტოსული დაუბრუნდა და ზუსტად იცოდა ვისთან უნდა წასულიყო და დაგროვილი მრისხანება სად გადმოენთხია.
აჩქარებული ნაბიჯებით შევარდა სახლში და დაიწყო გაგიჟებული თვალებით ძებნა გრიშასი.
ნაქარგებით მორთულ სასტუმრო ოთახში მაგდა და ორი მსახური გაოცებული თვალებით შესცქეროდნენ გაშმაგებულ თომას, გული ძალიან ჩქარა უცემდა, სიმწრისგან მუშტები შეეკრა და სიმწრისგან ცივი ოფლი ვარსკვლავებივით უციმციმებდა სახეზე. 
- სად არის?
- მაგდამ ანიშნა თავის კაბინეტშიაო და თომა ფეხაკრეფით ავარდა კიბეებზე. ისე უხეშად გააღო კარი, თითქოს შიგნიდან ჩაკეტილი იყო და შენგრევას ცდილობდა.
- შენ გააკეთე არა? - ხმამაღლა ღრიალებდა ტკივილისგან შვილი, - რატომ გამიკეთე ეს გრიშა? მითხარი რა გინდა ჩემგან? შენსავით უბედური უნდა ვიყო მთელი ცხოვრება?
გრიგოლი ხმას არ იღებდა, თითქოს ელოდა, როდის დაიცლებოდა ბრაზისგან თომა.
- მიპასუხეეეე!!!!! - მაგიდაზე გაშლილი ფურცლები მიმოფანტა თომამ, შეპყრობილივით ცდილობდა გათავისუფლებულიყო ჩასახლებული აგრესიისგან,  - რატომ არ მაცდი ბედნიერებას? ერთადერთ სინათლეს რატომ მიქრობ? დედამ გამაუბედურა, ისიც შენ გამო, ახლა შენი ჯერია თუ რა ხდება?
- თომა, დაწყნარდი - გაწონასწორებულად მიუგო მამამ.
- რატოომ? მიპასუხეთქო, - არ ჩერდებოდა თომა,-  გადავწვავ ამ სახლს და ყველაფერს გავანადგურებ იცოდე, შენს რეპუტაციას შევეხები, რამე თუ არის მნიშვნელოვანი შენთვის და რა თქმა უნდა, ყველაფერი მატერიალურია მთავარი შენთვის, მოვსპობ, რაც გინდა მერე ის მიქენი! ერთადერთი ვარ, ვისაც შენი არ ეშინია! შენ მოკალი დედა!
- თომა გაჩერდი! საკმარისია!
- არა, უნდა იცოდე! შენ გამო გააკეთა ეს საზიზღრობა და დაინგრია თავისი ცხოვრება, მეც თან ჩამიყოლა, ცოცხლად დამმარხა,  მაგრამ ნია აღმოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც გამაცოცხლა, თითქოს მკვდრეთით აღვდექი, იცი მაინც რა არის ნამდვილი სიყვარული? იცი მაინც რას ნიშნავს, როდესაც სიფრიფანა ხელს გრძნობ შენი ხელის გულში და აღარასოდეს გინდა გაუშვა? შენ ვეღარავინ გაგაცოცხლებს და დაგაბრუნებს ამ სამყაროში, ამიტომ მეც შენსავით უნდა ვიყო? გაუფასურებული გაქვს სიცოცხლის ყოველი წამი! - სიმწრისგან ცრემლები წასკდა თომას და ამაზე კიდევ უფრო ღრიალებდა.
- შვილო, აგიხსნი ყველაფერს! - მამა ცდილობდა თავშეკავებულად და აუღელვებლად ელაპარაკა ემოციურ შვილთან.
- არა, გრიშა, შენი შვილი აღარ ვარ. ყველაფერი რაც კარგია, შენ ხომ ანადგურებ ტირანივით. ხოდა, ერთადერთი შვილიც დაკარგე! შენმა ძალაუფლებამ და დიდმა წარმოდგენამ საკუთარ თავზე სრულ აბსურდულ სუბიექტურობამდე მიგიყვანა.
- არა, თომა, ეს ჩემი ახირება არაა შვილო, აქვს მაგას თავისი მიზეზი!
- არ მაინტერესებს ეგ უაზრო მიზეზი!
- გთხოვ, თომა დამშვიდდი და დაგელაპარაკები. მართლა არის ძალიან სერიოზული მიზეზი...
მამას ცრემლები მოადგა თვალებზე, ხედავდა შვილის ტკივილს, მაგრამ სიმართლე ხომ უფრო მეტად ატკენდა გულს, თომა მაგიდაზე ურტყამდა ხელს  და მისმა სიტყვებმა დრო გააჩერა, გრიგოლის წინ თომას მებრძოლი გამოსახულება იყო ოთახში მხოლოდ, ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა, ნელა ფრიალებდა ფურცლები ქარიშხალივით ჰაერში, გამწარებულმა სულმა თითქოს მუხლი მოიდრიკა და მოულოდნელად, უსასოობისგან დაღლილ შვილს ვედრება აღმოხდა:
- მამა, გთხოვ, არ დამაშორო, არ გაუშვა ის, მამა, გთხოვ, - ცრემლები არ ჩერდებოდა თომას სახეზე,- რაც უნდა მიზეზი იყოს, გთხოვ, არ წამართვა ეს ბედნიერება, ერთადერთი სინათლეა,  მამაა, - დაჭრილი ცხოველივით იმეორებდა სამყაროს უბედურებისგან დაუცველი თომა.- ვიცი მამა, მე ვიცი დედა რატომ მოიქცა ესე, - გრიგოლის სახეზე შიშის სიკვდილმა ნაცრისფრად გადაჰკრა, - შენ მას უღალატე, შენ ის მიატოვე მამა!
- მე არ მიმიტოვ....
- მე ნუ მიღალატებ მამა, გთხოვ, მეც ნუ მიმატოვებ სიბნელეში, ნია ჩემი მზის სხივია, მამა.

დედის სიკვდილის მერე გრიგოლს პირველად ესმოდა სიტყვა „მამა“.

ერთ სიტყვასაც კი შეუძლია მწუხარება და სიხარული ერთდროულად მოგანიჭოს და სამყარო გაჩერდა...
ერთ შეცდომასაც კი შეუძლია დედამიწა ჯოჯოხეთად გიქციოს და სულის ყველა ნაწილში ცეცხლისფერი ტკივილი მოგაყენოს.

შვილის ტანჯვა მშობელმა არასოდეს უნდა ნახოს. მაგრამ ამაზე მთავარია, მიზეზი ამ ტანჯვისა მშობელი არასოდეს უნდა გახდეს.

თომას გული ისე ჩქარა უცემდა, თითქოს გაგლეჯვაზე ჰქონდა, თავბრუ დაეხვა, თვალებში სიბნელემ დაისადგურა, ირგვლივ ყველაფერი წამიერად დატრიალდა, გალაქტიკა ჯოჯოხეთს შეერწყა, ალისფერი მზე ჩავარდა თითქოს კოსმოსში და მთვარეც უკიდეგანო ჰორიზონტზე დაიკარგა. 

... და დამარცხებული თომას სხეული სულთან ერთად დაეცა.

წყვდიადი სიბნელე... გულის ცემა თითქოს ყურთან ახლოს იყო... ცრემლებისგან        გამომშრალი თვალების ნელა გახელა, მაგრამ უძლურებისგან კვლავ დახუჭვა... უკანასკნელი გაბრძოლება... სუნთქვაც ძნელდებოდა... ნიას თვალები და მზისფერი სითბო... ხმაური, რომელიც შიშის მომტანია... გაუგებარი სიტყვები და კვლავ უკუნეთი სიჩუმე.

მზე თითქოს ერთ ღამეში დაბერდა...


ღამის ცრემლებისგან დასველებული ნაძვის ხის ტოტებზე წვეთები ისე აირეკლავდა მზის სხივებს, თითქოს ფერადი ქვების კონფიგურაციას ხედავდით.
შტორმის მერე სამყარო ჩუმი და სევდიანი გახდა.
ნიას მთელი ღამე არ უძინია. თომას შეტყობინებას ან ზარს ელოდა, თუმცა, ამაოდ.
ტირილისგან დასიებული ნიას თვალებზე იმედი ნელ-ნელა კვდებოდა.
სამზარეულოში დაჯდა სიფრიფანა, მზისფერთმიანი გოგო, ჩაი აიდუღა და სიცოცხლის ახალი დღე, თითქოს, უნიჭო მწერლის რომანს ემსგავსებოდა, კითხვის გაგრძელების სურვილი რომ ეკარგება ადამიანს.
ავთანდილმა დაარღვია ნიას ფიქრების ჩუმი ხმაური.
- დილა მშვიდობის, ნია.
ნიამ ხმა არ ამოიღო.
- ნია, მამა, მესმის, რომ ეს ყველაფერი მოულოდნელია და რთული. გთხოვ, გამიგო, საქმეს და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობას ასე სჭირდება. შენ, ხომ იცი, მე ჩვენთვის და თქვენთვის მინდა ყველაფერი.
ნიასგან კვლავ  მწუხარე სიჩუმე ისმოდა. 
- არ გამიბრაზდე, ჩემო პატარა გოგო, ყველაფერი კარგად იქნება! თან ესპანეთის ნახვა სულ გინდოდა და ცოტა ხნით, იქ ცხოვრება.
ავთანდილის მონოლოგი ახლა გრეტამ დაარღვია.
- დილა მშვიდობის, ჩემო საყვარლებო.
ნიასთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები იმ წამს, ძალიან უცხოები და ცივები გახდნენ, პირველად მის ცხოვრებაში, იმედგაცრუების და მარტოობის გრძნობამ ძალიან მაგრად ჩაიხუტეს გულში და პატარა კიდურებში ტკივილიც კი იგრძნო ისეთი, ძლივს ამოისუნთქა.
თხუთმეტი წუთი იდგა, მშობლების დიალოგი სადღაც შორიდან, ყრუდ ესმოდა, ისე რომ სიტყვები ექოსავით დილის ნიავთან ერთად ქრებოდა, თვითონ კი, თვალმოუშორებლად შესცქეროდა თოვლისფერ კედელზე დაკიდულ ნახატს, რომელზეც ციური გოგონა შავი ფრთებით, საფლავის მიწაზე, თოვლისფერ წვერიან მოხუცს ზემოდან დაჰყურებდა მკაცრი სახით. ეს ნახატი გახლდათ „მესაფლავის სიკვდილი“, ცნობილი სიმბოლისტი მხატვრის, კარლოს შვაბის მიერ, რომელიც, რამდენიმე წლის წინ, შვეიცარიის დიპლომატმა აჩუქა  ავთანდილს, ამ უკანასკნელმა სტუმრად დაპატიჟა ახალ სახლში და სიამაყით წარუდგინა თავისი ოჯახი.
ნახატი კი გახლდათ ნამდვილი გამოხატულება სიკვდილისა და ანგელოზების ურთიერთობის, სიმბოლისტური მისწრაფება ფორმაცვალებისკენ. შიშნარევი ნახატი ნიას ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას უღვივებდა პატარა გულში, ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში, არასოდეს დეტალურად დაკვირვებია.
- ნია, დედა, - გრეტამ გამომცხვარი ორცხობილები გაუწოდა შვილს, - მიირთვი, ძალიან ფერმკრთალი ხარ.
სიჩუმე...
ნიამ უხმოდ დატოვა სამზარეულო...


...

- ლუკა, ნია ვარ, ხომ არ გაგაღვიძე?
- გამარჯობა, ნია, არა რას ამბობ, რამე მოხდა?
- თომას ვერ დავუკავშირდი გუშინდელი საღამოს მერე. ხომ არ იცი, სად არის ან როგორ არის? - სევდანარევი ხმით შეეკითხა ნია და თითქოს ლუკაღა იყო მისი ბოლო იმედი. - ძალიან ვნერვიულობ.
- ახლავე გავარკვევ, შენ არ ინერვიულო! - მხნედ უპასუხა ლუკამ, - ალბათ, დაუჯდა ან გაუტყდა მობილური, სულ რაღაც ემართება მაგ ბიჭს. ხომ იცი, ტექნიკა არ უყვარს, ჩამორჩენილია დროს. - ღიმილი გაისმა ლუკას ხმაში.
- მადლობა ლუკა, გელოდები. - სევდიანი, ოდნავ იმედიანი ხმით დაემშვიდობა ნია.

...

ისე ჩადიოდა გაზაფხულის მზე თბილისის ქუჩებში, ლუკას ხმა ნიას არ გაუგია.
ღრუბლები, ვარდისფერი ნაგლეჯებით გარშემორტყმული, უსიტყვო ხმაურით მიცურავდა მთვლემარე ცაზე.
ბრწყინვალებადაკარგული გრძნობა, რომელიც ამ ავ სამყაროში ვერ პოულობდა მშვიდ ადგილს და მოფარფატე ქარის დაკრულზე აღელვებული დაძრწოდა მომაკვდავ ჰაერში.
უიმედობის განცდა სულ უფრო ღვივდებოდა ნიას გულში და. შიშისგან  გათეთრებული მთვარე გამეფდა ვარსკვლავებიან ცაზე. დედამიწაზე, თითქოს, სასოწარკვეთა და ცივი განწყობა სუფევდა...

თომამ ძლივს გაახილა მშრალი თვალები, ბუნდოვნად დაინახა შეშინებული მაგდას კეთილი სახე, რომელიც ერთგულად, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გვერდში ჰყავდა და არცერთი წამი ტოვებდა. აბსურდული იმედგაცრუების განცდა დაეუფლა თომას გამოფიტულ სხეულს და თვალებში სისველე იგრძნო, იოტისოდენა, თბილმა წვეთმა დაუნამა შეციებული სახე. ძლივს შეატრიალა თავი კარისკენ, სადაც გრიშა და ვიღაც კაცი საუბრობდნენ ხმადაბლა. სულ რამოდენიმე სიტყვა გაიგონა: „ემოციურ ფონზე ..., პანიკური შეტევა..., დასვენება სჭირდება.“
თომა საკუთარ თავთან იყო გატეხილი, გრიშას კი არა, დედის მოყენებული ტკივილისგან გამოფიტულ სულს ვერ მოერია და დაეცა. თვალები ნელა დახუჭა და მზისფერი თმის სურნელებაში გადავვარდა. ახლა, რეალობაში ყოფნას, ერჩივნა ნიასთან ერთად სიზმრად წასვლა და მისი არსებობით ტკბობა განეცადა.
ძილში ნიას სიფრიფანა სხეული და საოცარი სილამაზე მოევლინა. დაბრუნდა ისევ წარსულში, რამდენიმე დღით უკან, როცა, პლედებით შემოხვეული ნია და თომა ლისის ტბასთან ახლოს, კაფე ვერდეში, გვიანომაბდე საუბრობდნენ და ცხელ შოკოლადს აყოლებდნენ უგემრიელეს ჩიზქეიქებს.
- თომა, როგორც ომი გამოიგონა ადამიანმა უაზროდ და იმისთვის, რომ რაღაც ძალაუფლება ეგრძნო, იმისთვის, რომ საკუთარი მატერიალური მოთხოვნილებები, სულიერებას მოკლებული, დაეკმაყოფილებინა, ასეა, თითოეული ადამიანიც, რომელიც უშვებს რაღაც შეცდომას , ჩაიდენს ცოდვას, არადა, ის ხომ თავისუფალია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს სინანულით მოვერიოთ, მოვეფეროთ სულს, ვაპატიოთ ჩვენს თავს ან გარშემომყოფებს, სადღაც გავრბივართ, ვაჩაღებთ ომს საკუთარ თავთან ზუსტადაც გაქცევით ჩვენივე სულისგან, რომელიც ღვთიურია და ის სიყვარულის ცეცხლი, უფლისგან ბოძებული, ჩვენივე სუნთქვით ნელ-ნელა ქრება და ამ ბრძოლაში სამუდამოდ ვმარცხდებით.
- სულ მიკვირს, საიდან იცი შენ, ჩემო პატარა გოგო, ამდენი? შენ ხომ მზის სხივებზე მოფენილი ყვავილების გზაზე დადიხარ, ლამაზ ზღაპარში და ეს ასეც უნდა იყოს!
- შენს სულს ვგრძნობ თომა, ასევე, ბევრი გამიგია და ბევრიც წამიკითხავს, ამიტომ აპატიე დედას და რაც მთავარია, აპატიე მამას,  საკუთარ თავთან ეს წლების ომიც დასრულდება და შვებით ამოისუნთქებ. გთხოვ, ჩემთან ერთად დაიწყე ახალი ზღაპარი, სადაც მე და შენ ვიქნებით მთავარი გმირები და გპირდები, შენს გზაზეც მოგიფენ ჩემს ღვთიურ ყვავილებს. - ნაზი, პატარა თითები იგრძნო თომამ თავის ხელში და ნიას მზერამ მისი სული გაათბო, თითქოს სულს უბერავდა მის გულში პატარა ნაპერწკალს და ეს ნაპერწკალიც ღვივდებოდა. თომამ ხელი მაგრად ჩასჭიდა და აპრილის ნიავმა ორივეს სიყვარული მაგრად ჩაიკრა გულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს