ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2026


წელიწადის სამი დრო

მ ი ყ ვ ა რ დ ი. ზაფხულის ღამეები ...ჰანგები... უსაშელო მუსიკის
ტალღებქვეშ  მიყვარდი . ვიხრჩობოდი . ან  ეს  სიყვარული ვის  უკვირს?
მაგრამ... მე მიყვარდი  გასაოცრად : ენა  მებმებოდა  .ამ  ჩემი
უცებ დამუნჯების,  ვერ  ხვდებოდა, მიზეზს დედამიწის  გამჩენი.

მიყვარდი ,იმდენად მიყვარდი  რომ , ქარებს  ვალაგებდი ,გუბეებს
ვაშრობდი .გადამირეკია სახრით  ამღვრეული  ღრუბლები .
შემოვატყავებდი დახავსებულ ყორეებს  იასამნებს  ,ეკლიან
ვარდებს . შენამდე , გასისხლულს,  რომ გზები  შუაღამით  მემკვლია .

მომდევდნენ  შუკებში  ნაგაზები ,მიყეფდნენ მთელი  ძალ-ღონით .
მიყვარდი,როცა  მაბრაზებდი .მაგრამ უფრო მეტად  -  დამყოლი .
მიყვარდი !  მიმყავდი  შემოდგომის ფერებით მორთულ და მოკაზმულ
მთების  დარბაზებში. ვსაუბრობდით,მტრების  აუტანელ  ყოფაზე ...

ლექსებზეც , რომლებშიც  არ  ვურევდი , განგებ, სიახლის  ბაცილებს .
სადაც  ბეღურებს ვაპურებდი . გახსოვს , ერთხელ  რომ  დამცინეს ?

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . ახლა  გაცილებით  , მეტად  მიყვარხარ, ჩემო  შვლის
ნუკრისფერთვალა  გაზაფხულო. ასე მგონია , ვერ მოშლის
შენს გამუდმებით მონატრებას,  ჩემში,  ხორშაკი ქარიც  კი ...
წამოდი ,სიტყვის  ვრცელ  სათიბში გადავიმალოთ , გავიქცეთ .

ჩაიცვი  შენი  თხელი  კაბა ,ნაქარგი მზით  და  ყვავილთა 
ორნამენტებით  მოხატული ,რომლებზეც დავწერ, გავრითმავ  .
მღეროდეს ჩვენზე  მთელი  დაბა  , დიდი  ქალაქის ველურ  ხმებს
შევუსისხლხორცდეთ ფესვებივით  , რომლებიც სოფლის ბერმუხებს

იჭერენ ფერდზე  წაქცევისგან  ,იცავენ ცეცხლში დაწვისგან .
გინდა ლექსებში  გადავცხოვრდეთ ? შენი პოეტი  კაცისგან
სხვა ილუზია  უცხო  არის, უცხოა მიწის განცდები .
მე მინდა  ჩემში დაგარწმუნო , ნუ გეშინია ,არ  ცდები .

ცხოვრება  ჩქარი  ენგურია  ,ერთი დოღია  ოდიშის -
მოსასწრებია  სინანული,მოსასწრებია ბოდიშიც.

ა ღ ა რ  მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ  ...ფოთოლცვენაც არ მახსოვს ამ წლის , წიფლები
ისე  გაშიშვლდნენ ,განიძარცვნენ ,როგორც  ჩანს, მარტო  ვიქნები
ამ უფოთლებო მასივებში , სადაც ტურები ჩხავიან ,
მე  გადამწვარი დაფნარი  ვარ  და დაფნის  ნაკვერჩხალი  ვარ .

რა  სევდიანი  სურათია , თოვლში  ფორთოხლის  ბაღები,
რა  ყველაფერია  სულერთია ...ფანჯრები,  გამოსაღები ,
დაგმანულია! არ  შემოდის ,ვერ  აღწევს  გრამი  ჟანგბადი -
რომელიც ისევ  გამაცოცხლებს , ისევ თავიდან დამბადებს .

სადღაც  ჟინს  იკლავს  მონადირე  ,მე თოვლის  გუნდით ვერთობი,
სავსეა  თოვლით  ჩემი  ეზო და  ეზოს  ქვემოთ ფერდობი .
გადავინახავ ცოტა არაყს ,გამხმარ  ხურმას და კაეშანს .
და სიმარტოვეს  დავაბრალებ მორიგ უაზრო გალეშვას .

ა ღ ა რ  მ ი ყ ვა რ ხ ა რ ...ვიძირები ...გიქნევ ხელს , ჩემო ..ნახვა...ნა...
მდის  ცრემლი გიჟურ სიცილადე . სცენიდან დემონს გავყავარ .



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები