ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2026


ბუღალტერი

ბუღალტერი


გაწვიმდა. მიწას ოხშივარი აუვიდა. დიდი ხნის გვალვების შემდეგ, წვიმამ ქალაქი რეანიმაციაში მყოფ მომაკვდავს დაამსგავსა, ჰაერს რომ ვერ ისუნთქავს, მიწოდებულ  წყალს ვერ ყლაპავს და თვალებით განიშნებს „არიქა მიშველეთ, ხომ ხედავთ ვკვდებიო“.
შველით კი ვერავინ შველის, ვინაიდან ყველას თავისი გაჭირვებია, ვინაიდან თავსხმა წვიმაა და ვინაიდან არავის უნდა დასველება და თავშესაფრებისაკენ გარბის.
მეც მინდა თავი სადმე შევაფარო. მივიხედ-მოვიხედე და რას ვხედავ, ხეზე კაცია ჩამოკიდებული. გავჩერდი.
- თავი ჩამოიხრჩო, - მომესმა გვერდიდან ხმა. - მოვიხედე, გვერდზე კაცი მედგა, ზოლიანი კოსტუმი ეცვა და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მიუხედავად თავსხმა წვიმისა, საერთოდ არ იყო დასველებული .
„ნეტავ ვინ იყო საცოდავი, ან რაღა მაინცადანაინც  ამ თავსხმა წვიმაში ჩამოიხრჩო თავი“,  ვფიქრობდი  და მკვდარს მივჩერებოდი.
- ბუღალტერი იყო, - კვლავ გამომელაპარაკა ზოლიანი.  - აქვე მუშაობდა ფირმაში ბუღალტრად.
- თქვენ რა იცით?
- რა ვიცი აბა, ალბათ ვიღაცამ მითხრა.
„ნევტავ  რა პრობლემები უნდა ჰქონდეს ბუღალტერს, თავის მოკვლა რომ გადაწყვიტოს“ გავიფიქრე ბუღალტერს მიჩერებულმა. „ალბათ ფირმის ფული გაფლანგა და დირექტორმა დაბრუნება მოსთხოვა“.
- არა, ეგ გამორიცხულია, - ალაპარაკდა ზოლიანი.
- რა იცით? -ჩავეკითხე.
- თვითონ იყო ფირმის დირექტორი.
- უკაცრავად ბუღალტერიც იყო და დირექტორიც?
- ჰო, რა არის მერე ამაში გასაკვირი, სხვათა შორის ფირმის მფლობელიც თავად გახლდა და მდივანიც .
- დამლაგებელი ყავდა? - ვიკითხე და თან გამიკვირდა რაში მაინტერესებდა ხეზე ჩამოკიდებული მკვდარი ბუღალტრის დამლაგებლის არსებობა.
- როგორ გეკედრება, დამლაგებელიც თვითონ იყო და დაცვის უფროსიც. - მიპასუხა ზოლიანმა.
- დაცვის წევრები ყავდა? - წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ისე ვიკითხე მე.
- როგორ არა, დაცვის წევრიც თვითონ იყო. - ამაზე უკვე ხმამაღლა გამეცინა და თან  ჩემ თავზე გავბრაზდი, კაცს თავი ჩამოუხრჩვია მე კი ვდგავარ და ვხარხარებ. როგორც იქნა სული მოვითქვი, მივიხედ-მოვიხედე, ავტობუსის გადახურული გაჩერება დავინახე და იქით გავიქეცი.
გადაუღებლად წვიმდა, გადახურულში ტევა არ იყო, მე სრულიად გალუმპულმა მოვახერხე და ცოტაოდენი ჯაჯგურის შედეგად პატარა ადგილი მოვიპოვე. მშრალებმა ალმაცერად გადმომხედეს. ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემ ბუღალტერზე ვფიქრობდი.
გვერდზე კაცი მედგა, ხელში პატარა რადიო ეჭირა და ყურსასმენების გარეშე უსმენდა ახალ ამბებს.
- სრულიად საქართველოში წყალდიდობაა. არის მსხვერპლი. დაიღუპა სოფელ მაჭკარტის მაცხოვრებელი, პროფესიით ბუღალტერი ............................ -  ლაპარაკობდა რადიო. სახელი და გვარი ვეღარ გავიგე. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა? დაღუპული ხომ  ბუღალტერი  იყო.
- ნეტა ჩვენი ბუღალტრის რაიმე ნათესავი ხომ არ იყო? - მოვიხედე, კვლავ ზოლიანი კაცი მედგა გვერდით. - თუ დღეს ბუღალტრების გარდაცვალების დღეა? -იხუმრა უადგილოდ.
მე უსირცხვილოდ ისევ სიცილი ამიტყდა, იქ მდგომებმა  განრისხებული სახით გადმომხედეს. გადახურულიდან გამოვედი და სახლსაკენ გადავწყვიტე გაქცევა.
- უკაცრავად ყმაწვილო შენ ბუღალტრად ხომ არ მუშაობ? - მომესმა ხმა. მივხვდი რომ ზოლიანი იყო. რატომღაც კვლავ გამეცინა.
-  არა ბატონო ჯერ სტუდენტი ვარ.
- თუ საიდუმლო არ არის რომელ  ფაკულტეტზე სწავლობ?
- ეკონომიურზე, - ვუპასუხე უკვე უღიმღამოდ.
- ყოჩაღ,  შენ აუცილებლად  ბუღალტერი გამოხვალ. - მიპასუხა ზოლიანმა. მივიხედე, მაგრამ ვეღარსად დავინახე.
ხელი ჩავიქნიე და სახლისაკენ გავიქეცი.  სადარბაზოსთან საწრაფოს მანქანა იდგა. აქოშინებულმა მივირბინე, კარი  დედამ გამიღო, ტიროდა. ჩვენი  კარის მეზობელი და ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაცვლილიყო, მარტოხელა კაცი იყო, კარლო ერქვა სახელად, არც ცოლ-შვილი ყავდა და არც და-ძმა.
- ადრე ბუღალტრად მუშაობდა, ძალიან აფასებდნენ სამსახურში. საუკეთესო ბუღალტრის სახელი ჰქონდა. ორი თვეა რაც პენსიაზე გავიდა, გავიდა და აი, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი უცბად ცუდად გახდა და გარდაიცვალა, - ტირილ-ტირილით ყვებოდა დედაჩემი.
მე გაოგნებული ვუსმენდი, კარლოც ბუღალტერი ყოფილა.
მერე სიცილი ამიტყდა. გავიფიქრე,  ნეტავ ცოცხალი ბუღალტერი თუ დარჩა თბილისში?
ვინაიდან უბედურ კარლოს ნათესავ- ახლობლები არ ყავდა, მეზობლებმა გადაწყვიტეს ფული შეეგროვებინათ და მიცვალებულისთვის სათანადო პატივი მიეგოთ. საღამო ხანს ჩვენს ბინაში , მრგვალ მაგიდასთან დედაჩემი და სამეზობლოს რამოდენიმე ქალი ჩამოსხდნენ და სიის შედგენა დაიწყეს, ვის რა თანხის დადება შეეძლო.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა, კარი გავაღე, ზღურბლთან ზოლიან კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი იდგა.
- გამარჯობა გელა,
-გაგიმარჯოს, აქ რამ მოგიყვანათ? სერიოზულად გავიკვირვე.
-რას ქვია რამ მომიყვანა, კარლო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ისევე როგორც სხვა ბუღალტრები, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
-თქვენ რა მკვდარი ბუღალტრების მეგობარი ხართ თუ ყველანაირის? - დავსვი შეკითხვა და რატომღაც კვლავ გამეცინა,
-გელა შვილო, „ყველანაირ“ ბუღალტერში რას გულისხმობ? ბუღალტერი ან ცოცხალია და ან მკვდარი, დაიმახსოვრე: ბუღალტრები ამაყად, თავაწეულები კვდებიან, მომაკვდავი ბუღალტერი არ არსებობს. გაბრაზდა სტუმარი. მე, ჩემო მეგობარო „მიცვალებულ ბუღალტერთა“ საზოგადოება ჩამოვაყალიბე და ამ საზოგადოების თავმჯდომარე გახლავართ.
ჩემი გაკვირვებული მზერა რომ დაიჭირა, ზოლიანმა განმიმარტა,
-მესმის გაგიკვირდება, მაგრამ ბუღალტრები როგორც კი გარდაიცვლებიან, ჩემთან მოდიან, ოფიციალურად წევრიანდებიან და სიმართლე გითხრა, ძალიან კარგად გრძნობენ თავს.
დაამთავრა თუ არა სიტყვა ზოლიანმა, ხელით გამწია და ქალებს მიუახლოვდა, რომელთაც ყველაფერი ესმოდათ და განცვიფრებულები შესცქეროდნენ უხო სტუმარს.
-არ არის საჭირო ფულის შეგროვება, ბატონი კარლოს დაკრძალვის ხარჯებს ჩემი საზოგადოება აანაზღაურებს.
    -მაპატიეთ ჩემო ბატონო და ქალი ბუღალტრებისთვის არ გაქვთ ადგილები? - იკითხა ერთ-ერთმა მეზობელმა, თან ხელით გაისწორა ხვეული თმა და მსუყედ შეღებილი წამწამები ააფახულა. ზოლიანმა კმაყოფილი ღიმილით ჩაახველა და იკითხა.
- თქვენ ბრძანდებით ბუღალტერი? - მეზობელმა გადაიკისკისა,
- როგორ გეკადრებათ, ვგავარ მე ბუღალტერს? დედამთილი მყავს ბუღალტერი , ძალიან მოხუცია და მეშინია რამე რომ მოუვიდეს რა ეშველება, - თვალები დახარა გაპრანჭულმა.
- აააააა, დედამთილი? როგორ არა, ქალები ბევრი გვყავს, მაგრამ რატომღაც წყვილ-წყვილად მოდიან ხოლმე, - უპასუხა კაცმა.
- წყვილ-წყვილად როგორ, ქმრებთან ერთად?
- არა, დედამთილები რატომღაც რძლებს ვერ ელევიან და თან მოყავთ ხოლმე.
- რააააააააა? -აილეწა გაპრანჭული.
- ჰა, ჰა, ჰა გეხუმრე გოგონი, მივიღებთ შენს დედამთილს არ იღელვო. ისე, შენგან კარგი ბუღალტერი კი დადგებოდა,-ტუჩები გააწკლაპუნა ზოლიანმა.
- სულელი, - წამოიძახა მომაკვდავი ბუღალტრის რძალმა, წამოხტა და კარი გაიჯახუნა.
მამაკაცი კვლავ ქალებს მიუბრუნდა.
- ძალიან გთხოვთ ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდეს,-კაცმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო. დედაჩემმა კონვერტში ჩაიხედა.
- ეს ძალიან ბევრია ჩემო ბატონო,
- არა, არა, საზოგადოებას კარლოსთვის არაფერი ენანება. დაკრძალვაზე მოვალ,- ჩაილაპარაკა ზოლიანმა და კიბეზე მშვიდად ჩავიდა.
მეზობლებმა მართლაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაუკეთეს საცოდავ კარლოს. სასახლიდან დაწყებული, ქელეხით დამთავრებული. 
დაპირებისამებრ „თავმჯდომარე’“ კარლოს დაკრძალვაზე მოვიდა. კვლავ ზოლიანი კოსტუმი ეცვა, ოღონდ შავი ზოლები ნაცრისფერს ენაცვლებოდნენ.
დავკრძალეთ კარლო და წესისამებრ საქელეხო სუფრას მივუჯექით. არავის უთხოვია, მაგრამ ზოლიანმა თავად აიღო ჭიქა ხელში და სუფრას მე გავუძღვებიო გამოგვიცხადა.
- ჩემო კეთილო ხალხო, ჩემი ძვირფასი კარლოს მეგობრებო, მეზობლებო და ახლობლებო. სანამ მიცვალებულის შესანდობარს ვიტყვი, მინდა მისი ბიოგრაფიის პატარა ნაწილი გაგაცნოთ. - ზოლიანმა ცრემლი მოიწმინდა და განაგრძო.
- გინახავთ ბავშვი, რომელიც ბუღალტრობაზე ოცნებობს? რასაკვირველია არა. მე კი მინახავს და ეს ბავშვი იყო ჩემი ძვირფასი კარლო. ბავშვობიდან ბუღალტრობაზე ოცნებობდა. სხვა ბავშვები, რომ თოჯინებით, ბურთით  და  მანქანებით თამაშობდნენ, კარლოს ხელში დიდი, ხის „ჩოტკი“ ეჭირა, მთელი დღე კიბეზე იჯდა და რაღაცას ანგარიშობდა. საღამო ხანს ამოიდებდა  “ჩოტკს“ იღლიაში და სახლში ადიოდა. საბოოლოდ აისრულა ოცნება და საუკეთესო ბუღალტერი დადგა. ბოლო დღემდე ‘ჩოტკზე“ მუშაობდა. არც კალკულატორის სწამდა და არც კომპიუტერის. ყველაზე ძვირფასი ნივთი მისთვის „ჩოტკი“ იყო.
ამ მონოლოგისას ზოლიანი იმ მხარეს იყურებოდა, სადაც კარლოს ყოფილი თანამშრომლები ისხდნენ. უცებ ერთ-ერთმა
„ვაი, ვაიო“ წამოიძახა და სკამიდან გადაქანდა.
- რა მოხდა, ჩქარა სასწრაფოში დარეკეთ, - აყაყანდნენ მეზობლები.
- აღარ ჭირდება ამ საცოდავს სასწრაფო, კიდევ ერთმა ბუღალტერმა დაგვტოვა, უფრო სწორედ თქვენ დაგტოვათ. - ამ სიტყვებისას ზოლიანის თვალებში უცნაურმა ნაპერწკალმა გაიელვა. - მირიანს მე წავიყვან, (ახალგარდაცვლილ ბუღალტერს მირიანი ერქვა თურმე) თქვენ არ შეწუხდეთ.
ზოლიანი ადგა, ბუღალტერ მირიანთან მივიდა, მხარზე გადაიკიდა და მშვიდად გავიდა კარიდან.
მირიანის სკამიდან იატაკზე ძველი საბუღალტრო  ხის „ჩოტკი“ გადმოვარდა.
ყველაფერი ამის შემხედვარ-მსმენელს სიცილი ამიტყდა და ვეღარ ვჩერდებოდი. მეზობლები გაოცებული სახეებით მიყურებდნენ.
- მეც მინდა ბურალტერი გავხდე, - სიცილ-სიცილით ამოვისლოკინე, მირიანის „ჩოტკი“ იღლიაში ამოვიდე და ოთახიდან გავედი.





                                                2014 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს