#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ბუნაგი და ავტორის თეზაურუსი
ქართულ ლიტმცოდნეობაში ერთი სენია თვალშისაცემი, მეტადრე დღეს, როცა ინტერნეტმა ამა თუ იმ სფეროს შესახებ ინფორმაციის მოძებნა ყველა მომხმარებელს გაუადვილა. ბევრ მკვლევარსა თუ ლიტერატურის მიყვარულს ექმნება ილუზია, რომ “გუგლით” ან რომელიმე საძიებო სისტემით წამიერად მოპოვებული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ - უტყუარია, რაკი ფართოდაა გავრცელებული და მსჯელობისას - მზა დებულებადაც იღებს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ნიმუშად გამოდგება პაოლო იაშვილის ,,დარიანულების” მიკუთვნება - მისი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ქალის - ელენე ბაქრაძისათვის და ამ - რეალური ქალის მანიფესტირება ელენე დარიანად და თანამედროვე ფსევდო ფემინისტური მითქმნადობის კლიშე- ხერხების გამოყენებით, მისგან ახალი კერპის შექმნა. ახლა, როცა ქართულ ლიტმცოდნეობაში ისედაც უეჭველი და თვალნათლივი ფაქტი, საბოლოოდ დამტკიცებულია, გარკვეულია, რომ ელენე დარიანი ოდენ პოეტის ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო და მცდარი კონცეფციაც გაცამტვერებულია, პრობლემა მაინც რჩება: რას უზამ ინტერნეტს, სადაც წლების წინ გავრცელდა იგი და სადაც იგი კვლავ ზიარდება და ზიარდება საქმეში ჩაუხედავ, პიკანტური “აღმოჩენებისა” და სენსაციის მოყვარულთა მიერ. აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის “ტყუილი - სიმართლედ ვერ იქცევა, ბევრმაც რომ გაიმეოროსო”, მჯერა მე ამისი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ტყუილი - ბევრჯერ გამეორებით - ტირაჟირებით დამაჯერებლობას ნამდვილად იძენს. ინტერნეტ- “ მოაზროვნე” მუდამ დილემის წინაშეა. თუ გაუმართლა იმ ჯერზე და მოძიებული უტყუარი დამოდგა, ხომ კარგი და თუ მცდარია? ყოველი შემდეგი საფეხური აზროვნებისა და ბოლოს დასკვნა- განზოგადებაც სხვა ყველაფერი უტყუარადაც რომ გამოიყურებოდეს, ვერ იქცევა სიმართლედ? ეს ხომ ყოვლად გამორიცხულია? ამის მერე საკუთარი მჭევრმეტყველების ბუქითაც რომ აუბნიოს მკითხველს გზა- კვალი, ბუქი ხომ დაჯდება, დაწდება, ბოლო-ბოლო რა რჩება დინჯი, მომთმენი და მოფიქრალი წამკითხველისთვის და არა სააღტაცებოდ მზადმყოფი გადამკითხველისათვის? რა და - უქმად დაკარგული დრო და ენერგია.
*** მეორე სენი - არ ახალი, ძველია: ამა თუ იმ საკვლევი ავტორისათვის იმ ცოდნის მიწერა, რაც მისი იმდროინდელი თეზაურუსის ფარგლებში ვერაფრით მოთავსდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ მის დროს ჯერ შექმნილ-აღმოჩენილიც არ იყო და მას არაფრით შეიძლება სცოდნოდა. თუ მოგეცა კითხვის დასმის საშუალება, ამგვარ შემთხვევებში მკვლევრებმა იციან თავისმართლებითი გამოსავლის პოვნა, რომ მაგ. პოეტმა საკუთარი გენიალური ინტუიციის, პროფეტულობის წყალობით, ასე ვთქვათ, “ შეირბინა მომავალში”, წინასწარ განჭვრიტა იგი.
*** მესამეა - უფრო ადრინდელი პანდემიური სენები - ყველაფრის ახსნის მცდელობა მომრავლებული სიმბოლოთა ლექსიკონებით, ყველაფრის ჩათვლა რაიმე სიმბოლოდ, ანდა ახლადგამოჩენილი უცხოური ტერმინებით გაუაზრებელი ჟონგლიორობა - ახლა უკვე, მგონი, შედარებით დაძლეული სახადია. ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე მოჩანს, თუმცა ეს სახადი, ჩემი გამოცდილებით, ნაყვავილარს - ამოკენკილებივით წარუშლელ კვალს მუდამ ტოვებს მკვლევარის სახეზე. მე მეგულება ლიტმცოდნეობითი გამოკვლევები, რომელსაც ეს ყველაფერი ერთდროულად სჭირს. მაგრამ ამჯერად ჩემს მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტულ ავტორებზე მითითება, რადგან სხვა რამის თქმას ვესწრაფვი.
აქ მინდა გამოკვეთით განვაცხადო:
მკვლევრის დისკურსი - სპეციფიკური მეტყველება, რომელიც იმას კი არ ემსახურება, რომ მკითხველისათვის ძნელად ან ნაკლებად გასაგები - ადვილად გასაგებად აქციოს; არამედ, მხოლოდ-ღა მკვლევარის თვითტკბობას და რაღაცის, განსაკუთრებულის თქმის ილუზიას ემალამოება, არის ცუდი!
თუმცა აქვე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მკითხველსაც არ უყვარს ადვილად გასაგები ტექსტი. მას ურჩევნია, საჯაროდ, უმალ რაიმე გაუგებარი მოიწონოს, აქაოდა კია რთული გასაგები, ღრმა, მაგრამ მე ისეთი უნარით ვარ დაჯილდოებული, მაინც სიღრმის სიღრმემდე ჩავწვდიო…
*** უცებ მომწყინდა ამდენი სერიოზულობა, ცოტა გავამსუბუქოთ სათქმელი. მაგალითად, ზემოთ რომ პოეტის წინასწარმეტყველება ვახსენეთ, სახალისოდ, მისი შესაბამისი მომენტები “მოვიძიოთ” ქართული კლასიკიდან! იქნებ ვინმეს გამოადგეს კიდეც მართლაც საინტერესო თემისთვის “ავტომობილის სახე-კონცეპტის დინამიკა ქართულ პოეზიაში”: 1. ავტომობილი არ იყო ჯერ შექმნილი ნიკოლოზ ბარათაშვილის დროს, მისი გარდაცვალებიდან ბენცის დაპატენტებამდე (1886) შუაში თითქმის ორმოცი წელია, მაგრამ ნახეთ, რას წერს:
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი უკან მომჩხავის თვალბედითი შ ა ვ ი ყ ო რ ა ნ ი ო (ხაზგასმა ჩემია - ნ.დ) მსჯელობა: ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა გენიალურმა ბარათაშვილმა, რომ საბჭოელი ადამიანის სწრაფვას თავისუფლებისაკენ სტალინური - ტოტალიტარული რეპრესიები ემუქრებოდა, განა ასე არ ერქვა იმ ავტომობილს, “ჩორნი ვორონ”, რომლითაც დაბრძანდებოდნენ ტყავისპალტოიანი ჩეკისტები - მთელი ქართველი და არაართველი ინტელიგენციის დამპატიმრებელ-გადამსახლებელნი? … და მისთ.
2. არ იყო მანქანა ძირითადი ტრანსპორტი არც ილიას დროს საქართველოში, თბილისურ ეტლებს შორის აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ იგი წერდა:
შრომის სუფევა მოვა მაშინა ჭეშმარიტების მის ძლიერებით და განმტკიცდება სოფელსა შინა კაცთმოყვარების სახიერებით
მსჯელობა: თუმცა ამ პოემაში ილია იყენებს სიტყვას “მაშინა”, ამ რუსული ტერმინის გამოყენებისას, იგი მანქანის მარკას კონკრეტულად არ უთითებს, ლექსის სემანტიკური ანალიზი გვიბიძგებს დასკვნისკენ, რომ ავტორი დარწმუნებული იყო - ავტომობილს დიდი მომავალი ელოდა. სხვა წყაროებიდან ხომ ვიცით, რომ ილია მოესწრო პირველი ავტომობილის გამოჩენას თბილისში (1901) და ვარლამ გვათუას მიერ პარიზში მძღოლიანად ნაყიდი მანქანის ჩამოყვანასაც და ამის მერე შეძლებულ წრეებში მანქანის შეძენის ციებ-ცხელებასაც, თუმცა თავად ისევ ეტლს სჯერდებოდა.
3.ილიას მომავლიდან ასე ეხმიანებოდა გალაკტიონი:
გზა მიეცით მანქანას, მომავალი მისია, - იგი ჩვენში ახალი ყოფის დასაწყისია!
თუმცა გვიან გულლდაწყვეტით დასძენდა:
არის ხალხი, რკინიგზები, არის-ავტო-მოტო-ველო, არის ოჯახებიც, მაგრამ ეს არ არის საქართველო!
მსჯელობა: გალაკტიონი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა რეალურად ნეგატივი მეტი მოუტანა ქვეყანას, რადგან მას ტრადიციული სახე დააკარგვინა.
ახლა საქართველოს დღევანდელ დედაქალაქსაც შევხედოთ გენიოსი მგოსნის თვალით! ახალი წლები არ ითვლება, ცენტრში რომ გაჩახჩახებულობაა, ცოტა გავცდეთ ცენტრს, მაგალითად, დიდი დიღმისკენ ავიღოთ გეზი და დავრწმუნდებით გალაკტიონის პოეტურ პროფეტულობაში, ჯერ კიდევ როდის წერდა იგი:
ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა - მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!
დანარჩენი - საკითხის შესწავლის მსურველებმა იკვლიონ. ჩემგან კმარა!
მე ხომ იმიტომ დავიწყე ამ ოპუსის წერა, რომ მინდოდა მეთქვა: არ ვარგა მკვლევარი, რომელსაც მკითხველის, გარე თვალის დასანახად თავი ვითომ მამაცადაც უჭირავს, სინამდვილეში კი საკვლევი ტექსტისა, მასალისა ძრწოლამდე ეშინია, როგორც ტყეში ხეტიალისას უცნობი ნადირის ბუნაგის წინ მარტო აღმოჩენისა. ბუნაგიდან კი გაურკვეველ - დაუდგენელი ხმები ატანს. თვითგადარჩენის ინსტინქტი თან ადგილზე აშეშებს და თან უბიძგებს, თვალი მოჰკრას, რაც ირგვლივ დევს, ყრია თუ მისწვდება, რათა, რაკი გასაქცევს ვერ ხედავს, საშიშ ნადირს გამოჩენის შემთხვევაში, უანგარიშოდ ზედ მიაყაროს. ამ დროს კი შეიძლება ბუნაგში სულაც მგელი და დათვი კი არა, ერთი მოცახცახე ბაჭიაა, თვითონვე გული რომ უსკდება უცხოს გამოჩენის გამო და შიგნიდან რაღაცეებს ძალით ეჯახება და ახმაურებს, აქაოდა აქ ნამდვილი ნადირიაო. აქ მესმის ფარული ოპონენტის ხმა: - მაშ , დერიდამ რა ქნას? არ ითამაშოს მზა ტექსტებით?! - ითამაშოს, ითამაშოს, თავის სახლში ვინ რას დაუშლის! აი, ჩვენს ლიტერატურულ კულტურას, ლიტმცოდნეობას კი ჯერ, კაიხანს სულ არ ეთამაშება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვაშაა, მოვრჩი! გადაჩვეული ვარ ამ საქმეს, მუხას იმედად. ბოლოს თვალები ამიჭრელდა. თუ ვინმეს ტექსტი გამომრჩა, იქნებ მითხრათ და მივუბრუნდები. ვაშაა, მოვრჩი! გადაჩვეული ვარ ამ საქმეს, მუხას იმედად. ბოლოს თვალები ამიჭრელდა. თუ ვინმეს ტექსტი გამომრჩა, იქნებ მითხრათ და მივუბრუნდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|