ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაქართელი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2026


პილიგრიმი

ჩამოირეცხა ოაზისმა მაცდური გრიმი,
დამთრგუნავს სივრცის არეალი - უკიდეგანო,
უცხო მიწაზე დაკარგული ვარ პილიგრიმი
და ველი ეს გზა ტაძრისაკენ გზას დაემგვანოს.

თაკარა მზისგან მიბნედილი ველი სასწაულს,
შენზე ფიქრივით გაფრინდება ახლაც დრო განა?!
უდაბნოს მტვერი ნათოვლივით ადევს საქსაულს,
რა შორი ხარ და როგორ მაბნევს “ფატა მორგანა”…

აქ უშენობა თან ძილია, თან - სილის გაწნა,
და მერე რა, რომ ჰორიზონტი ავ საქმეს ბლანდავს?
ჩავეჭიდები, ძვირფასო, შენს წაბლისფერ ნაწნავს
და დავბრუნდები შენს თვალებში გაჩენილ ლანდად…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები