ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იისფერი ოთახი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2026


ლოცვა ხელებზე

რა უნდა მითხრას ალაჰმა იმაზე მეტი, ვიდრე შენი ხელები მეუბნებიან?
ადამიანის სულის წიაღი აღარ ეძებოთ თვალებში,
რა უნდა გითხრათ თვალებმა იმაზე მეტი,
იმაზე მეტი რა უნდა გითხრათ ამ ჩამქვრალმა, სიცარიელეჩატუმბულმა თვალებმა,
ვიდრე ეგ დიდი, ძლიერი ხელები გეტყვიან?
ეს არც ლექსია, არც პროზა და არც „პროზაული ლექსის“ ფორმა,
ეს არის ლოცვა, ქალის და დედის,
ლოცვა ხელებზე, ხელების მიმართ,
რადგან რა უნდა მითხრას ალაჰმა იმაზე მეტი, ვიდრე...
აი, ის ხელები, უწინ რომ ამამღერებდნენ:
„ჩვენი ხელები იმ დღეს დამსგავსებოდნენ ყვავილს,
ყვავილს, რომელიც თითქოს აღარ აპირებს სიკვდილს...“
მერე უდაბნოს ქარში წარმოვიდგენდი სხვანაირ ქარებს:
„და როცა მოვა შემდეგი თოვლი, მე შენს ხელებში ჩავიკარგები“.
და როცა გავექეცი მამაჩემის გაქვავებულ, რკინის ხელებს,
რა გამათბობდა იმაზე მეტად, ვიდრე შენი ხელები,
ლიანებივით რომ შემომხვიე ახლადდაქალებულ წელზე?
დედის კალთას რაც მომწყვიტეს, პირველად ვიგრძენი ასეთი სითბო.
მერე ხელები იქცნენ პატარა, თოთო თითებად
და ნეტა შენ თუ იგრძენი ჩემი თითების სითბო,
როცა მშვიდად ჩაძინებულს მაგ თათებზე გეფერებოდი?
და როცა შენი ხელები ჩაქვრნენ და შენ გაჩუმდი,
როცა შენი ხელები გაიზარდნენ და გახდნენ მამაშენივით დიდი და ძლიერი,
მე აღარ მერქვა ქალი და დედა,
მე კვლავ ვიყავი ხუთი წლის ბავშვი, რომელსაც სჯიდნენ
და ეგ სასჯელი, ქამარზე მწარე, იყო სიჩუმე.
„რა გჭირს, დედიკო?“
„რა გჭირს, ძვირფასო?“
„მითხარით რამე, რა დავაშავე? რატომ გაჩუმდით?“
„რატომ არ მიმზერთ? ასე რისთვის მსჯით?“
„აღარ გიყვარვარ? ნუთუ დაგკარგე?“
„გამაგებინე, მიწუნებ რამეს?“
მერე დამარტყეს, რათა ჩაეხშოთ ჩემი ხმა მჭახე.
და რას მეტყოდნენ სიტყვები იმაზე მეტს, ვიდრე ხელებმა მითხრეს?
„და როცა მოვა შემდეგი თოვლი, შენი ხელები აღარ გამათბობს.“
აი, ის ხელები, უწინ რომ ამამღერებდნენ...
ახლა ლიანები გაიზარდნენ, გამკვრივდნენ
და ეს სიძულვილნაყლაპი ლიანები თუ გამგუდავენ...
მაგრამ ხანდახან ისევ მენატრება შენი ხელები,
თავიდან პაწაწინა, ფუმფულა თათები, მერე დიდი, ბანჯღვლიანი თითები.
და როცა მენატრები თვალებს დავხუჭავ და გავიხსენებ
და გახსენება მომიღებს ბოლოს - როცა მწყურია, წყალი არ არის.
მერე კი ხელებს დასცდებათ ქვები და შენ იყვირებ:
„მოკალით სისხლით! მოკალით მრუში!“
აი, იმ ხელებს... მოსწყდებათ ქვები, რატომ ვინ იცის...
და ავმღერდები:
„ჩვენი ხელები იმ დღეს დამსგავსებოდნენ ყვავილს,
ყვავილს, რომელიც თითქოს წამში აპირებს სიკვდილს“.
მე რომ მოვკვდები, იქნებ, მუჭით აიღო მიწა,
სისხლით გაჟღენთილ მიწამ რომ იგრძნოს შენი ხელი,
ან ხელმა იგრძნოს მიწა, სისხლი რომ ადევს ვალად,
ასეთი სისხლი ვის აქვს? ყველას რომ შიშის ზარს სცემს,
ამ სისხლს, რომელსაც ყველა გაურბის ზიზღით, ძრწოლით,
და მაინც ყველა ხელებს ატყვია მისი კვალი,
თუ ჩაიგროვებ მუჭში?
მინდა რომ იგრძნოს ზიზღი, ან უფრო მეტი - შიში,
ამაზე მეტიც - ელდა,
აბა, მითხარი, ალაჰ, სიტყვა ამაზე დიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს