ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2026


„რომეო და ჯულიეტა“ 20 წლის შემდეგ

გამარჯობა. მივიღე მონაწილეობა ბიბლუსის კონკურსში 2026 „რომეო და ჯულიეტა — 20 წლის შემდეგ“. კონკურსის ფარგლებში უნდა აღგვეწერა, როგორ გაგრძელდებოდა „რომეო და ჯულიეტას“ ცხოვრება 20 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმ ფატალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.
ჩემი ნაშრომი ჟიურის წევრების რჩეულებს შორის ვერ მოხვდა. სწორედ ამიტომ გიტოვებთ აქ და ქვემოთ, კომენტარებში, გულწრფელ შეფასებას ველოდები.

სიყვარულით, ავტორი.




„რომეო და ჯულიეტა“  20 წლის შემდეგ

რომეო და ჯულიეტა – მერკუციოს მშობლები
მერკუციო – რომეოსა და ჯულიეტას ვაჟი
მარიამი – მერკუციოს მეუღლე
რეჟისორი
ქეთევანი – რეჟისორის თანაშემწე
მერკუციოს მეგობარი


უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა. მამაჩემი სულ იმას მიმეორებს, რომ არავის ვენდო, მითუმეტეს უცნობებს. რაც უფრო ახლოს მიუშვებ ადამიანს გულთან და გონებასთან, მით უფრო მალე დაიწყებენ შენი ემოციების მართვასო. მეც ვცდილობ თავდაჭერილი ვიყო და ზედმეტად არავის მოვხვდე თვალში.
ეს უცხო ქვეყანა საქართველოა და ქალაქიც – თბილისი. ამ ქვეყნის შესახებ აქამდეც მქონდა გაგონილი და ისიც ვიცოდი, რომ იქ სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.  თბილისის თვალისმომჭრელი ვიწრო ქუჩები, აბანოები, ტაძრები, ძველისძველი აივნები იმდენად შთამბეჭდავია, რომ შეუძლებელია აქ დარჩენის სურვილმა არ გაგიელვოს გონებაში. დედაქალაქის ძველ უბანს – ავლაბარს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ის ოდინდელი ხიბლი, როდესაც თურმე ერთ ეზოში იყრიდნენ თავს ქალებიცა და კაცებიც და ერთმანეთს უზიარებდნენ ხოლმე დარდსა თუ ვარამს.
აქ გამოსვლისას რამდენიმე დღე ვცდილობდი ბინის შოვნას და მეგობართან ერთად ფეხით მოვიარე ძველი თბილისის ოკრობოკრო ქუჩები. დილიდან საღამომდე დავხეტიალობდით და საჩემო ადგილს ვეძებდით. მანვე მირჩია რესტორანი, სადაც თურმე გამორჩეული ხინკალი მზადდებოდა და სწორედ იქ დავაგემოვნე პირველად ეს ტრადიციული საჭმელიც. ვაღიარებ – ხინკალი ყველაზე გემრიელი რამეა, რაც კი აქამდე გამისიჯავს ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს ჩვენმა ხეტიალმა შედეგი გამოიღო და ვიპოვეთ მყუდრო ბინა, რომლის ჭერქვეშაც მერე სამი თვე გავატარე.
განსაკუთრებით ღამით შემიყვარდა თბილისი. თანაც ისეთ დროს ჩავედი, რომ საღამოობით სასიამოვნო სიგრილით ივსებოდა ჰაერი. ხალხსაც ვაკვირდებოდი და ჩემეულ დასკვნებსაც ვაკეთებდი გულში. მეგობრის დახმარებით ცოტა რამ გავიგე მათი ისტორიის შესახებ და ვფიქრობდი, ხომ ერთი შეხედვით მშვიდი ერია, მაგრამ, ასე მგონია, საკმარისია იარები გაუახლდეს და მის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს, მაშინვე თავისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებს-მეთქი.
აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში მეგონა, რომ უცხო კულტურასა და გარემოში თავის დამკვიდრება გამიჭირდებოდა, მაგრამ ოჯახმა, რომლისგანაც ბინა ვიქირავე, ისე მიმიღო, თავი მათი შვილი მეგონა. საერთო ჰოლში დილაობით ხან ღვეზელებსა და ხაჭაპურს მახვედრებდნენ, ხანაც თაფლს, ცხელ-ცხელ ფუმფულა პურებსა და ჯემს. არც ადგილობრივი შავი და მწვანე ჩაი ავიწყდებოდათ ხოლმე. ახლაც იქაური გემო მახსენებს თავს და მონატრება მერევა. მიძნელდება ამ ქვეყნის გარეშე და დღითიდღე უფრო მიჭირს თბილისის გარეშე ყოფნა.

1 მარტი, საქართველო – 18:00 საათი
მოსაღამებულზე სწრაფად გავაღე თეატრის კარი და ფოიეში ჩამოვჯექი. მახსოვს, ხელ-ფეხი მიკანკალებდა და მუცელშიც უცნაურ ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. განა ეს ფიზიკური ტკივილი იყო? არა, ეს შინაგანი ტკივილისა და შფოთვის ანარეკლი უფრო იყო, რომელიც ბოლო ხანს გამშინაურებოდა. ცოტა ხანში თეთრი კარიდან გოგონამ  თავი გამოყო და ხმამაღლა დაიძახა:
– „შემდეგი!“
მაშინვე ქურთუკს დავტაცე ხელი და რეჟისორის ოთახის კარი შევაღე.

– აქ დაბრძანდით – მითხრა რეჟისორმა.
– დიახ, გმადლობთ, – ვუპასუხე და ტყავის სავარძელში დავჯექი. წამიერად იქაურობას თვალი მოვავლე და კედელზე პორტრეტები, ძველისძველი წიგნები შევამჩნიე.
– აბა, მოყევით: ვინ ხართ და საიდან ჩამობრძანდით?
– მერკუციო, 19 წლის, იტალიიდან, – თავდაჯერებულად ვუპასუხე.
– ასე შესანიშნავად როდის მოასწარით ქართულის სწავლა? – გაოცებულმა რეჟისორმა ინტერესით მომაპყრო მზერა.
– ბოლო ერთ წელიწადში ბევრი ვიშრომე, რომ თქვენი ენა მესწავლა.
– მერკუციო? – უფრო გაკვირვებულ რეჟისორს ფიქრმა გაუელვა სახეზე და მოღიმარმა გვერდით მდგომ გოგონას ჰკითხა – ქეთევან, ეს სახელი არაფერს გეუბნება?
– ოჰ, როგორ არა! მახსენებს ამბავს უკვდავ სიყვარულზე – „რომეო და ჯულიეტა“, – სწრაფად უპასუხა გოგონამ.
– დიახ, მე მათი შვილი ვარ, – ვთქვი მორიდებით და სიტყვა არ მქონდა დასრულებული, რომ ორივეს ერთხმად გაეცინა. ეგონათ, ვხუმრობდი.
დაბნეულმა და ნაწყენმა ტელეფონში საჩქაროდ მოვძებნე ოჯახური სურათები და ორივეს დავანახვე. რეჟისორმაც და ასისტენტმაც გაოცებული სახით შემომხედეს.
ვისარგებლე ამ პაუზით და ვუთხარი:
– ნამდვილი სიყვარული არასოდეს კვდება და მეც სწორედ ამის დასამტკიცებლად ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში.
– და როგორ აპირებ ამის დამტკიცებას?
– სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“ მთავარი როლის შესრულება მინდა!.. მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ჯერ იმ გზას გავივლი, რასაც ახალბედა მსახიობი გადის და თუ მიიჩნევთ, რომ ამ როლს ვიმსახურებ, შემდეგ ვითამაშებ.
ამ სიტყვების ამოთქმის შემდეგ ვიგრძენი, რომ შვებით ამოვისუნთქე.
რეჟისორმა ჯერ თავის დამხმარეს გადახედა, შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა:
– იცით, დამაინტერესეთ. კარგი, ვნახოთ, რა შეგიძლია.

გათენდა მეორე დღე. ნახევრად გამოფხიზლებულმა ტელეფონს მოუთმენლად  დავხედე, თუმცა ეკრანზე არც ზარი ჩანდა და არც ერთი შეტყობინება. მთელი დღე ისე მიიწურა, რომ თეატრიდან არავინ შემხმიანებია. საღამოს ვიდეოზარით დედაჩემს ვესაუბრე. დეტალურად გამომკითხა ყველა წვრილმანი – სად ვიყავი, რა ვჭამე, თბილად მეცვა თუ არა.
არ ვიცი, თქვენთან როგორ არის ეს ამბავი, მაგრამ დედაჩემი ყველაზე ემოციური ქალია, თუმცა თუ საქმეს დაჭირდა – ყველაზე შეუდრეკელიც. მამა კი ყველაზე მკაცრი იყო. თუ სკოლაში რამეს დავაშავებდი, არასდროს გადამისვამდა თავზე ხელს და არც იმას მეტყოდა, მართალი ხარო. მასწავლიდა, რომ ვაჟკაცობა მუშტის მოღერება კი არა, პატივისცემა და ერთგულებააო. აი, მამისგან განსხვავებით კი დედის განსაკუთრებულ მფარველობას ყოველთვის ვგრძნობდი. მაინც ვფიქრობ, რომ ორივეს სიყვარულის დამსახურებაა, რომ აქ ვარ დღეს, დაუდგრომელი სურვილი მაქვს მსახიობობის და თეატრში თამაშისა. იმ თეატრში, სადაც ჩემი მშობლების სიყვარულის ამბავზე სპექტაკლს დღემდე დგამენ. ასე მგონია, ეს სიყვარული დავიწყებას არასოდეს მიეცემა.
უკვე შეღამებული იყო და ის იყო, დაძინებას ვაპირებდი, რომ რეჟისორის თანაშემწისგან შეტყობინება მივიღე: „საღამო მშვიდობისა, მერკუციო. ხვალ გელოდებით თეატრში 17:00 საათზე. დროულად მოდით, რადგან რეჟისორს არ უყვარს, როცა აგვიანებენ.“
ახლა, როგორ გინდა დაიძინო?! ალბათ რამდენიმე საათი  ვიწრიალე საწოლში და შემდეგ დაქანცული დ გაბეზრებული წამოვჯექი. თვალწინ ერთდროულად ყველაფერმა გამიარა: ნეტავ რისთვის უნდა ვიყო მზად? იქნებ მონოლოგის წაკითხვა სჯობდეს? ალბათ რეჟისორი დააკვირდება ჩემი სხეულის ენას, მეტყველებას, ემოციებს, თავდაჯერებულობას… იქნებ ეს ყველაფერი მაკლია და მზად ჯერ არა ვარ?
ეს კითხვები და ეჭვები მიტრიალებდა და არ ვიცოდი, როგორ გამემხნევებინა თავი. მაშინ ისევ ჩემი მშობლების სიტყვები გამახსენდა, სანამ გამომაცილებდნენ:
„შვილო, იფიქრე იმაზე, თავად რა გინდა. თუ რაღაც ერთხელ არ გამოგივიდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია. უნდა სცადო მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევ. ჯერ ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და გვჯერა, რომ თუ ძალიან გენდომება, წარმატებული მსახიობიც დადგება შენგან.
ეს სიტყვები მაშინ მალამოსავით მომედო გულზე და როგორც იქნა, ჩამეძინა. დილით კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, კარი გავაღე და  ჩემი მეგობარი შემრჩა ხელში – ის, რომელიც ჩემთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში.

– რა დროს ძილია?! მიდი, გაემზადე, საღამოს კახეთში მივდივართ. ძალიან კარგი ოჯახი გავიცანი და იქ გვეპატიჟებიან, – შემოვიდა თუ არა სახლში, მაშინვე მაცივრიდან ლუდი გამოიღო.
– კარგი აზრია, მაგრამ საღამოს სხვა გეგმები მაქვს.
– ახლა არ მითხრა, რომ ამ ქვეყანაში შენი გულისწორი იპოვე, – სიცილით მითხრა.
– თეატრიდან დამირეკეს.
– რაო? ეგ როგორ გამომაპარე? შესანიშნავ ამბავია!  მაშინ მეც დავრჩები და მერე ერთად წავიდეთ. ამბობენ, საქართველო ღვინის ქვეყანაა, კახეთში ძირითადად მევენახეობას მისდევენ და შესაშური დროის გატარებას შეძლებთო.
– ჰო, მეც ბევრი მსმენია ამაზე და როცა ყველაფერი გაირკვევა, შემდეგ წავიდეთ.
***
________________________________________
ტრაგიკული დასასრული, როგორც პიესაში მოიხსენიებენ, სიყვარულის მთავარი არსია. ისეთი სიყვარულის, რომელსაც დღეს ბევრს აღარც კი სჯერა. ზოგისთვის წარმოუდგენელიც კი გახდა, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს მეორე თავდავიწყებით შეუყვარდეს. მე ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რა არის სიყვარული. მათმა მძიმე და რთულმა წარსულმა მასწავლა, რომ მტრობა არასდროს მომიტანს კარგს. პირიქით, ის დამტანჯავს და კიდევ უფრო ჩამითრევს მორევში, საიდანაც თავის დაღწევა გამიჭირდება.
მაშინ, როცა დედამ (ჯულიეტამ) გაიღვიძა, ლორენცოც (ფრანციკანელი ბერი) იქ იყო. მამაჩემის (რომეოს) მოსვლამდე ყველაფერი გაირკვა და ის ფატალური გადაწყვეტილებაც აღარ მიუღიათ. ალბათ ასეთი დასასრული რომ ყოფილიყო წიგნებსა და სცენარებში, ემოციურად ასე ძლიერი შესასრულებელი აღარ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მაყურებლისა და მკითხველისთვის იწერება. ალბათ ასე გათვალა თავის დროზე შექსპირმაც და სწორედ ამიტომაა, რომ ეს ამბავი წლებია ხიბლს არ კარგავს.
საღამომდე შინ დავრჩი. ვიდექი სარკის წინ, ვაკეთებდი ვარჯიშებს და ვიმეორებდი ენის გასატეხებს. 16 წლის ვიყავი, როცა თეატრში პირველი როლი მომცეს. დაინიშნა სამაგიდო რეპეტიცია, რომელიც მანამდე ჩემთვის უცხო იყო. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი პერსონაჟით ცხოვრებას ვიწყებდი. მახსოვს, ძალიან ვღელავდი, თან მთავარი როლი მქონდა და პასუხისმგებლობაც მძიმედ მაწვა მხრებზე.
არ მახსოვს, სცენაზე შესვლის შემდეგ როგორ ვითამაშე, რა ვქენი. პაკლონზე გასულს კი ტაშის ხმამ გამომაფხიზლა და მაშინ გავიაზრე წარმატება. ახლა, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ისე კარგად ვერ ვითამაშე, როგორც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ იმ ემოციებს რომ ვიგონებ, მგონი ბედნიერებისგან თავბრუ მეხვეოდა.
თეატრი ის ადგილია, სადაც მაყურებელსა და მსახიობს შორის უხილავი, თუმცა მჭიდრო კავშირი იბმება. ვერავითარი მატერიალური ღირებულება ვერ გადაფარავს ამ ძაფებს. ჩემთვის კმაყოფილი და ერთგული მაყურებელი უკვე სიმდიდრეა და  ვიცი, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ოცნება, რომლის ასასრულებლადაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი, კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და ძალას მაძლევს, რომ არ გავჩერდე და უფრო გავიზარდო, როგორც მსახიობი.
მინდა, რომ წლები რომ გავა, ჩემმა მშობლებმა და საყვარელმა ადამიანებმა ჩემით იამაყონ და თქვან:
„მერკუციო იყო მსახიობი, რომელმაც პირველად შეასრულა მამის როლი თეატრში. მან თავისი შეუპოვრობითა და სიმამაცით დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია – მთავარია, მთელი გულით გსურდეს და გწამდეს.“
მინდა, გავხდე მაგალითი იმ ახალბედა მსახიობებისთვის, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თეატრში. შეიძლება შიში იგრძნოთ, შესაძლოა საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, უკან დახევის სურვილიც გაგიჩნდეთ, მაგრამ პირველ რიგში იფიქრეთ თქვენს მომავალზე, რომლის შენებაც სწორედ აქედან, ამ ნაბიჯიდნ იწყება. მარტივი არაფერია, მით უმეტეს მაშინ, როცა მსახიობობა გინდა. ეს მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის გზა, რომელზეც მთელ შენს ცხოვრებას აშენებ და გეგმავ.
გჯეროდეს ამის. შენ ამას აუცილებლად შეძლებ.

საქართველო, 3 მარტი – 17:00 საათი
დავდექი სცენაზე. შუქი, რომელიც მხოლოდ ჩემს სახეს ირეკლავდა, თითქოს ჩემივე იმედი იყო. გარშემო სიჩუმე და სიბნელე სუფევდა. ვერაფერს ვხედავდი, რა ხდებოდა სცენის მიღმა. ხელში თეთრი ფურცელი მეჭირა; წამით გადავავლე თვალი და ამ დროს დარბაზიდან რეჟისორის ხმა მომესმა:
– „თუ მზად ხარ, დაიწყე!“
ფურცელი გვერდზე გადავდე, თავი დავხარე და ეს იყო გარდამავალი წამი, როდესაც შეყვარებული კაცის როლი მომერგო. თავი მტკიცედ ავწიე, სინათლეს გვერდი ავუქციე და დავიწყე:
მონოლოგი
ნეტავ, რას ეძახიან ადამიანები სიყვარულს?
ნუთუ მაშინ არ იბადება, როცა გაჭირვებულს ხელს გაუწვდი?
ან როცა თვალს გაახელ და მზის სხივი შენს სახეს მშვიდად მოეფინება – ნუთუ ეს იმედი, ეს სითბო, სიყვარული არ არის?
ამბობენ ხოლმე: „მიყვარდა და მორჩა“.
მაგრამ სიყვარული არ სრულდება.
თუ ნამდვილი იყო, არ ქრება, არ იშლება, არ იკარგება დროის დინებაში.
ვერ დაივიწყებ მას – ის ჩუმად რჩება, როგორც სუნთქვა, როგორც გულისცემა.
„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ…“ —
ყვირიან, ჩურჩულებენ, წერენ, იხსენებენ მიჯნურს.
ნუთუ ეს არ არის ნამდვილი?
ნუთუ ეს სიცრუეა?
ნუ იტყუებთ თავს, ადამიანებო.
სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია – სიბნელეში, მარტოობაში, შიშსა და დაღლილობაში.
მიყვარხარ.
მიყვარხარ.
მიყვარხარ…
ხელებგაშლილი ვიდექი სცენის შუაგულში და ხმამაღლა ვამბობდი ამ წმინდა სიტყვებს. ამ დროს სცენა მოულოდნელად მთლიანად განათდა. რეჟისორი სცენაზე ამოვიდა, გვერდით ისევ ის კლასიკურად ჩაცმული გოგონა მოჰყვებოდა – მისი თანაშემწე.
– ქეთევან, მიხედე ამ ბიჭს. ერთ საათში ყველას სამაგიდო რეპეტიციაზე გელოდებით, – თქვა თვალებგაბრწყინებულმა და კულისებში გაუჩინარდა.
ვერ აგიღწერთ, ეს როგორი შეგრძნება იყო. მაშინ ყველაზე მეტად მჯეროდა, რომ ჩემი მიზნებისთვის მთებსაც კი გადავდგამდი. გახარებულმა მაშინვე დედას დავურეკე ვიდეოზარით.
– დე, როლზე დამამტკიცეს. მამას არ უთხრა, მინდა, რომ ეს ჩემი საჩუქარი იყოს დაბადების დღისთვის.
– შვილო, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვამაყობ შენით. აბა, შენ იცი! ყურადღებით იყავი და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც შეგეფერება. სპექტაკლი როდის იქნება?
– ეს ჯერ მეც არ ვიცი. როგორც კი გავიგებ, აუცილებლად გეტყვი. ხომ ჩამოხვალთ?
– ჩამოვალთ, აბა რას ვიზამთ.
– კარგი, დე, წავედი. საღამოს დაგირეკავ. მიყვარხარ!
– მეც მიყვარხარ, დე.

იმ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. სამაგიდო რეპეტიციებიდან მალევე სცენაზე გადავინაცვლეთ. თავიდან ვიწყებდი როლის, ხასიათის შესწავლას. ვქმნიდი ჩემეულ ისტორიას, მის პროტოტიპს და ისე ვირგებდი როლს გზადაგზა. ამბობენ, რომ ყველაზე ინტიმური სწორედ ის დროა, როცა დახურული რეპეტიციები იწყება, და მართლაც ასეა. იქ იწყებ შენს პერსონაჟთან აზრების გაცვლას, იქ ცდილობ საერთო ენა გამონახო სასცენო პარტნიორთან.
ვაღიარებ, თავიდან ეს ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გოგონა, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა, ჩემთვის ნამდვილად საბედისწერო აღმოჩნდა. ჩემი მეგობრები ახლაც დამცინიან, რადგან მანამდე ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა ადამიანი, ვინც ჩემს გულს მთლიანად დაიპყრობდა.
მარიამი როგორც კი კულისებიდან პირველად შემოვიდა, მაშინვე მოვიხიბლე მისი ღიმილით, ტალღოვანი თმით, კუპრივით შავი თვალებით, რომელშიც მეგონა, რომ მთელ სამყაროს იტევდა. ახლაც მახსოვს – ეცვა გრძელი, ნეკერჩხლისფერი კაბა, თმა კი ნახევრად ჩამოშლილი ჰქონდა. თავიდან თითქოს მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო და და შემდეგ ჩვენი პირველი კოცნის სცენა ვითამაშეთ, მაშინ მივხვდი, რომ მარიამმა მხოლოდ  ჩემი გული კი არ დაიპყრო – ჩემს გონებაშიც დაიდო ბინა.
ეს იყო ბედის ირონია. მე ჩამოვედი საქართველოში, რათა სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“ მთავარი როლი შემესრულებინა. როცა ეს მოხდა, მეგონა, მწვერვალს მივწვდებოდი, მაგრამ როდესაც მარიამი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ეს უკვე სულის ზეიმი გახდა. აქამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს მეორესი ასე ესმოდეს. მას კი ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. ცხოვრების მანძილზე, როცა გამხნევება, მხარდაჭერა ან გვერდში დგომა მჭირდებოდა, ყოველთვის ჩემთან იყო და მაძლიერებდა.
მანამდე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტავ რა დავიმსახურე ისეთი, რომ ღმერთმა მარიამი ცხოვრების მეგზურად გამომიგზავნა-მეთქი. დღეს კი ყველაფერს გავიღებ, ოღონდ დავიცვა, მოვუფრთხილდე და მისთვის ისეთივე სამაგალითო ვიყო, როგორიც დედაჩემისთვისა მამა.
„რომეო და ჯულიეტა“ – 20 წლის შემდეგ – კვლავ სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ამჯერად კი ამ ისტორიის გაგრძელებას მე და მარიამი ვწერთ. ყველაზე ამაყი ვარ ჩემი მშობლებით და იმ დიდი მონაპოვარით, რასაც სიყვარული ჰქვია.

რომეო და ჯულიეტა“ – 8 აპრილი, 18:00 საათი. პრემიერა
დედა და მამა წინა ღამეს ჩამოფრინდნენ საქართველოში. ბევრი ვერაფერი მოვასწარით – მხოლოდ ერთად ყოფნა და მოკითხვა. იმ დღეს სულ სხვა ემოციით გავიღვიძე. უნდა ვიდგე სცენაზე, უნდა შევასრულო მამის როლი და ამ დროს ჩემი მშობლები მაყურებელთა შორის დაიკავებენ ადგილს. ვინ იცის, რამდენად ამაღელვებელი იქნებოდა მათთვის ის მომენტი, როცა ლეგენდის ნაწილი ხარ და ამავე დროს უყურებ შვილს, რომელიც ამ ისტორიას კიდევ ერთხელ აცოცხლებს სცენაზე.
პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. მაყურებელთა ოვაციებმა კიდევ ერთხელ გამომაფხიზლა და მაშინ მივხვდი, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევ, თუ სწორად და მკაფიოდ დაისახავ. სცენაზე რეჟისორი გამოვიდა, ხელი წამკრა და მაყურებლებისკენ სცენის ნაპირთან დამაყენა. თავი დავხარე. შემდეგ კულისებში გავიქეცი, ხელში წითელი ვარდების თაიგული ავიღე და დედას დარბაზში ჩავუტანე. დედა ტიროდა. მისი ცრემლები ისეთი წმინდა და გულწრფელი იყო, რომ მივხვდი – ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა. მამას გადავეხვიე.
როცა გვეგონა, რომ პრემიერა დასრულდა, რეჟისორმა ხმამაღლა თქვა:
„თავიდან, როცა ეს პატარა ბიჭი ჩემ წინ დაჯდა და მითხრა, რომ რომეოსა და ჯულიეტას ვაჟი იყო, ამხელა კაცმა ვერ დავიჯერე. ახლა კი ვხედავ მის მშობლებს სიყვარულით ანთებული თვალებით. რომეო და ჯულიეტა, გთხოვთ, სცენაზე ამოდით.“
(მშობლები სცენაზე ავიდნენ.)
„თქვენ ხართ მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავდავიწყებით. თქვენი შვილი კი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სანუკვარი მიზნის მიღწევა. გთხოვთ, შევეგებოთ მონტეგის ოჯახს: რომეო და ჯულიეტა და მათი ვაჟი, მერკუციო!“
ამას კიდევ უფრო მქუხარე ოვაციები მოჰყვა.
სპექტაკლის ბოლოს ფოიეში გადავინაცვლეთ. იქ გაიმართა მსახიობებსა და მაყურებლებს შორის საუბარი, ემოციების გაცვლა, გადავიღეთ სურათები, ხელი მოვაწერე მოსაწვევებზე, გავჭერით ტორტი. ბოლოს კი ისევ რეჟისორი მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
„ცნობილი ფაქტია – ყველა მოქმედ მსახიობს ახასიათებს ეს მდგომარეობა: გული უჩქარდება და წნევა უწევს სპექტაკლის დაწყებამდე, სცენაზე გასვლის წინ. როცა ამ ყველაფერს ხელოვნურად გიჩერებენ, შენ წინააღმდეგ აგორებული ტალღა შინაგან ბრაზსაც ამატებს. ხოლო როცა შემოქმედი ადამიანი ხედავს, რომ რამდენიმე წელია ერთ ადგილზე დგას, სხვა გზა აღარ რჩება – უნდა იმოქმედო.“
დღემდე მახსოვს ეს სიტყვები და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის გამახსენდება, სანამ სცენაზე გავალ.
**
იმის შემდეგ კიდევ სამჯერ ვითამაშე ეს სპექტაკლი და დადგა დრო, როცა საქართველო დავტოვე. მარიამი მაშინ სწავლობდა და მომიწია მისი დატოვებაც. მეც ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, ჩემს ქვეყანაში უკვე თეატრის მსახიობი ვიყავი. ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩემს ცხოვრებას, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით სხვაგვარად იყო, რადგან ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ქალი, ვისზეც დაქორწინებაც გადაწყვეტილი მქონდა.
თავიდან, როცა მშობლებისთვის ამის თქმა ვაპირებდი, შემეშინდა. ხომ შეიძლებოდა იგივე განმეორებულიყო, რაც მათ ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო. მე და მარიამს არაფერი გვაკავშირებდა სიყვარულის გარდა.
ერთ დღეს მარიამი მოულოდნელად ჩამოვიდა იტალიაში. როცა პირველად დავინახე, მეგონა, მეჩვენებოდა. ჩავეხუტე და ჰაერში დავატრიალე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩვენ ირგვლივ. თურმე ქალაქის ცენტრში ვიდექით, გარშემო კი უამრავი ადამიანი იყო და ვიდეოს გვიღებდნენ. არ ვიცი, რა გაიფიქრეს მაშინ მათ, მაგრამ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
მარიამი მეგობართან ერთად ჩამოვიდა. იმ დღეს სასტუმრო ვუქირავე და იქ დარჩნენ, მეორე დღეს კი ქალაქ ვერონას სანახავად წავედით.
________________________________________
18 ივნისი, იტალია – ქალაქი ვერონა, 15:00 საათი
ქალაქი ვერონა იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ რომეო და ჯულიეტას ამბავი. ქვით მოკირწყლული ვიწრო ქუჩები, კაფეები, ყვავილებით სავსე აივნები… ეს ქალაქი ერთი შეხედვით თბილისის ქუჩებს მოგაგონებთ, თუმცა აქ ხალხი უფრო ემოციური და ენერგიულია. ყველა იცინის, ყველა მუშაობს და ქუჩებში უდარდელად დადიან. აქ არ განასხვავებენ, ვის რამდენი აქვს სარგო – ყველა თანასწორია: მუშაობენ, შრომობენ და იციან ამის ფასიც.
ამინდი თბილი და მზიანი დაგვემთხვა. ჯერ ბევრი ვისეირნეთ, შემდეგ მივირთვით. მარიამმა იმდენი სურათი გადამაღებინა – ვინ მოთვლის. ალბათ არც ერთი მუზეუმი და ისტორიული ადგილი არ გამოუტოვებია. რა უყვართ ამ გოგოებს ეს გადაღება?!… ცოტა დამღლელი პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, მაინც კარგად გავართვი თავი.

დღის ბოლოს ვივახშმეთ. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მარიამისთვის ხელი სწორედ აქ, ამ ქალაქში უნდა მეთხოვა. ბევრი არც მიფიქრია და წავედით ჯულიეტას სახლში, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. მარიამმა შესასვლელშივე პატარა ბოქლომი შეაბა და სურვილი ჩაიფიქრა.
ყველაფერი წინასწარ მქონდა დაგეგმილი და მადლიერი ვარ ჩემი მეგობრებისა, რომ ამ გეგმის განხორციელებაში დამეხმარნენ. სახლის მთავარ ოთახში მარიამს ყვავილებითა და სანთლებით გაფორმებული კუთხე დახვდა. თავიდან დაიბნა.
– მერკუციო, შეხედე, აქ ვიღაცას ხელს სთხოვენ, – თქვა და ეგონა, რომ ეს სხვა ადამიანისთვის იყო.
მოვკიდე ხელი, დავუჩოქე და ვუთხარი:
– ახლა ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ, რადგან ჩემს წინ დგას ქალი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. მინდა, ამ ღირსშესანიშნავი ადგილიდან გკითხო: თანახმა ხარ, ჩემი ცოლი გახდე?
მარიამი ჯერ გაოცებისგან ვერ ხვდებოდა, რა უნდა ექნა, მერე ფეხზე წამომაყენა და მაკოცა.
– რა თქმა უნდა, კი! თანახმა ვარ! – დაიძახა გახარებულმა.
ამას ოვაციები მოჰყვა. ყველა მხრიდან გამოვიდნენ ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები. მოგვილოცეს და ერთად ვიზეიმეთ ახალი ამბის დასაწყისი.

აწმყო. იტალია – 8 აგვისტო

– მარიამ, დედა, მამა! სად ხართ აქამდე? ფილმი უკვე დაიწყო! – ვეძახი სამივეს.
სამზარეულოდან ჩემი ცოლი გამოდის, ხელში ჭიქები უჭირავს. დედაჩემს პიცა მოაქვს. მამამ ღვინო გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა.
– აბა, ჩართე, რა ფილმია ასეთი, – მამაჩემი გვერდით მომიჯდა.
– ოჰ, დიდო რომეო, ეს საწამლავია ჩვენი უკვდავი სიყვარულისა. დაე, დავლიოთ და ვეზიაროთ ჩვენს წმინდა გრძნობას, – აქ ცოტა ჩემი სამსახიობო ოსტატობა გავრიე.
– შენ ცუდად ხუმრობ და ფრთხილად იყავი, სადმე კისერი არ მოიტეხო, – მიპასუხა მამამ.
– ჯულიეტა, ჩემო ქალბატონო, ნება მიბოძეთ და მომგვარეთ ცოლი ჩემი, – გადაიკისკისა დედამ.
– ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? ჩართე ერთი, რას რთავ ყველას, რომ ეკრანთან შეგვკრიბე, – მითხრა ცოლმა და მეორე მხარეს მომიჯდა.
როცა მთელ ოჯახს ეგონა, რომ ფილმს ვრთავდი, ჩავრთე ჩემი ინტერვიუ, რომელიც გასულ კვირას ჩავწერეთ და ახლა YouTube-ზე დაიდო. მთელი ინტერვიუს განმავლობაში დედა მოღიმარი სახით უყურებდა, მამამ კი მხარზე ხელი დამიკრა და მითხრა:
– შვილო, ვამაყობ შენით.
ინტერვიუს ბოლოს ოჯახს მივმართე:
„მინდა, თქვენი არხის საშუალებით ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემს მშობლებს. რომ არა ისინი, მე ვერაფერს შევძლებდი. მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელიც მზესავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს მეგობრებს მხარდაჭერისთვის და მადლობა საქართველოს, რომელმაც ამხელა წარმატება მომიტანა. მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, რადგან დღეს ის ჩემი მეორე სახლია.“

დასასრული.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები