 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 20 აპრილი, 2026 |
ტერფის ქვეშ შემდგარ წყალზე მეტად წმინდა რა უნდა აღმოჩნდეს, კამკამა როგორც თოთო ბავშვის პირველი ბგერა, მომავლის ექოდ გასატანი ჭირვეულობა. თითქოს ხის ფესვი ნაყოფს უყურებს, თუმცა ბრმაა და უჭირს დანახვა, ეხამუშება კენწერომდე მანძილის გაჭრა ერთხელ ახედვით, ოდნავ გადახრილ მოქანავე უშნო ტოტისკენ, ასეთი ზუსტი აგებულება თუ შერჩა ნუგეშს, რაღას დაეძებ?. ჯერ კიდევ მიაქვს ცხოვრების ღვარ-ცოფს ბერწი იმედი და ახლომახლო ყურყუმალაობ, ქშენით, ფართხალით. საკუთარ თავსაც თუ დაუვარდი, რაღას ხლაფორთობ? ჩვენში დარჩეს და მოხალისედ უნდა გამოდგე, ჯერ ბეწვის ხიდზე ასკინკილა არ გაგივლია. ჯერ არ გინახავს გამრუდებულ ლიანდაგებზე დაგლესილი მოლოდინები როგორ შეშუპდა: დამთავრდეს! სამუდამოდ! როგორც იქნა! არც ,,როგორც იქნა'' გეღირსა. მზენაყლაპი ჩიტების არხეინობაზე უნდა შევჯერდეთ, შევთანხმდეთ აურზაურის ბუნებრივ კატეგორიაზე. მხოლოდ ასეთი სატყუარა გამოდგება წყალშემდგარობის ხაზგასმისათვის, მერე უფლება გაქვს გადაყირავდე, წამოემხო საკუთარ თავ-პირს და უმადურად დაეწაფო იმავე წყალს, რომელმაც გამოგირეცხა, ყველა ძვალი, როგორც გვირაბი, რომელშიც არაერთხელ გიცდია გაუჩინარება.
18 აპრილი 2026 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|