ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2026


ტყუპისცალი

ფინალი

ერთი წლის შემდეგ

„მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს.“ გამუდმებით ეს სიტყვები მახსენდება, როდესაც კობის კლინიკაში ვხედავ.
დიახ, რაც გონს მოვიდა, მას შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. დღითიდღე უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს: დაეწყო მეხსიერების პრობლემები, ვერ ცნობს ოჯახის წევრებს და ვერც საუკეთესო მეგობრებს. აქვს ნერვული აშლილობა და ზოგჯერ ისე გამოდის მდგომარეობიდან, რომ ექიმებს დამამშვიდებლის გაკეთება უწევთ. კვირაში ორჯერ მაინც მივდივარ მის მოსანახულებლად. პალატიდან ეზოში გამყავს, ეტლით ვასეირნებ. ვუყვები ჩვენს ამბავს, ვუყვები კესანეს წარმატებებს.
ის კი სდუმს, არაფერს ამბობს. ნეტავ იცოდეს, ზოგჯერ ჰაერივით მჭირდება რამე მითხრას, მანუგეშოს ან უბრალოდ ჩამეხუტოს. არც კი ვიცი, როგორ შევძელი და ეს ერთი წელი ისე გავატარე, რომ კესანეს ჩემს თვალზე ცრემლი არ ენახა.
დავტოვე ჩემი ქვეყანა და წავედით იქ, სადაც ლეილა დაიბადა. იმ სახლში ვეღარ შევძლებდი ცხოვრებას, სადაც ჯერ დედის გარდაცვალება ვნახე და შემდეგ და დავკარგე.
როგორ გადავრჩი? ასეთ დროს ადამიანები ცდილობენ ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ ის ტკივილი, რასაც გულით ატარებენ, თითქოს თეთრი მძივებით არის შემოსილი. ასე ნაწილ-ნაწილ აგროვებენ მათთან ერთად გატარებულ დღეებს და ცხოვრობენ მოგონებებთან ერთად. თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ როგორც კი ლეილას ნოუთბუქი გავხსენი და მისი ვიდეოჩანაწერების მოსმენა დავიწყე, გადავწყვიტე, რომ მისი იდეების განხორციელება დამეწყო. კესანე დაუბრუნდა ტანვარჯიშს და ბალეტს, ამას კიდევ ცურვის გაკვეთილებიც დაემატა. კობის საუკეთესო კლინიკაში მკურნალობენ და იმედი გვაქვს, რომ ისიც ერთ დღეს სახლში დაბრუნდება. სახლის მისაღები სავსეა ლეილას სურათებით. დღე არ გავა, რომ არ გავიხსენოთ. კესანე რამდენჯერაც გვერდს ჩაუვლის, ყოველთვის ეხება სურათს და კოცნის.
არ თქვათ, რომ ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. ლეილა ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი იყო. ამ სახლში თითქმის ყველაფერი მისი ფანებისგან არის. თავიდან მაღიზიანებდა, ყოველ დილით კართან ამდენი ყვავილი, სათამაშოები და ფოტოები რომ მხვდებოდა, მაგრამ მათ ჩემი და ძალიან უყვარდათ... და მე არანაირი უფლება არ მაქვს ამას ხელი შევუშალო. ზოგჯერ, როცა ქუჩაში დამინახავენ, მაშტერდებიან... მესმის, ჩურჩულებენ:
„ეს ხომ ლეილას ტყუპისცალია? სასწაულია, როგორ გვანან ერთმანეთს...“ ზოგი არც მერიდება, მოდიან და ჩემთან ერთად სურათებს იღებენ. ამ პატარა-პატარა დეტალებმა ცოტათი შეგვიმსუბუქა ის უზარმაზარი ტკივილი, რომლის ტარებაც ყოველდღიურად გვიწევს, ლეილას ოჯახს და მის საყვარელ ადამიანებს.
ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა: სად იყო კესანე მაშინ, როცა გამტაცებლები ჩემს ბინაში შემოიჭრნენ?
ჩემს ოთახს აივანზე გასასვლელი ჰქონდა. ბავშვმა დაინახა, რომ მეზობლის აივანზე პატარა ლეკვი შეიძლებოდა გადმოვარდნილიყო. დღემდე ვერ ვიგებთ, როგორ მოახერხა ხუთი წლის ბავშვმა მეორე სართულიდან მეზობლის აივანზე გადასვლა, მაგრამ მაინც შეძლო.
სწორედ ასე აღმოჩნდა კესანე მეზობლის სახლში იმ დროს, როცა გამტაცებლები ჩვენს ბინაში შეიჭრნენ. ეს და კიდევ ბევრი დეტალი მოგვიანებით გამოძიების დროს გახდა ცნობილი...
დღემდე ეძებენ ლეილას შეყვარებულს, ბაჩოს. არავინ იცის, ცოცხალია თუ არა. მე მხოლოდ მას ვადანაშაულებ ამ ყველაფერში. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ როგორც კი ვნახე, თავიდანვე არ მომეწონა. რამდენჯერ ვუთხარი ეს ჩემს დასაც, მაგრამ არ დამიჯერა.
ეჰ, როცა ვინმე თავდავიწყებით გვიყვარს, სწორედ ის გვგონია ყველაზე საიმედო ადამიანი. არასდროს წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება სწორედ მან მოგვაყენოს ყველაზე დიდი დარტყმა. ლეილას ბაჩო ძალიან უყვარდა და ეს მის ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს. ზოგჯერ, როცა უიმედოდ ვარ და ძალა აღარ მაქვს, რომ ცხოვრება გავაგრძელო, ვხსნი ლეილას ნოუთბუქს და მაშინვე შვებას ვპოულობ. მან ისეთი რთული და მძიმე ცხოვრება გამოიარა, რომ თითქოს გრძნობდა კიდეც ერთ დღეს ასე შეიძლებოდა მომხდარიყო.
????„ადამიანი სიცოცხლეში გიყვარდეთ, სიცოცხლეში დააფასეთ, თორემ როცა ის იცვლის ბინას და ზეციურ სამყაროში გადაინაცვლებს, ყველაფერი ფუჭად დაგრჩებათ უკან...“ — ასე ამთავრებს ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერს.
ნუთუ არ გრძნობდა?
გრძნობდა საფრთხეს... და თანაც ძალიან მკაფიოდ.

***
კესანე ბალეტიდან ცურვაზე წავიყვანე. მხოლოდ ერთი საათი მქონდა და ვიფიქრე, ცოტა სულს მოვითქვამ-მეთქი. იქვე, ახლოს კაფეში დავჯექი. გარეთ გაზაფხული იდგა, მაგრამ ისეთი ამინდია, რომ ტანში სიცივე მაინც გივლის. შევუკვეთე ყავა, ფანჯარასთან დავჯექი და გადავშალე წიგნი, რომლის კითხვაც გასულ კვირას დავიწყე.
— თქვენც ამ წიგნს კითხულობთ? მოიცადეთ... თქვენ... — კაცმა ჯერ წიგნის გარეკანს დააკვირდა, შემდეგ კი მე შემომხედა. მაშინვე მიხვდა, რომ ლეილას ტყუპისცალი ვიყავი.
— როგორც ვხედავ, თქვენც გიტაცებთ დეტექტივი, — მასაც ზუსტად ის წიგნი ეჭირა, რაც მე.
— ილია. თქვენ ალბათ ლიზა ხართ, ხომ? — ხელი ჩამომართვა და ჩემს წინ დაჯდა. მისი დახვეწილი მანერები მაშინვე შესამჩნევი იყო.
— ერკიულ პუარო... რას ფიქრობთ მასზე?
— ის ხომ ლეგენდაა. აგათა კრისტის ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი. მთელი მისი შემოქმედების ღერძია. თქვენ რამ მოგხიბლათ მასში? — ყავა თავისთვისაც შეუკვეთა.
— შეუპოვრობამ. მას ზუსტი გათვლები აქვს. სხვებს შეიძლება გზა აებნეთ, მაგრამ მან თავიდანვე იცის, სად არის სიმართლე.
ისე ინტერესით მისმენდა, თითქოს დრო გაჩერდა.
— რა კარგად საუბრობთ... — გაიღიმა.
— ალბათ იმიტომ, რომ მეც დეტექტივი ვარ.
— დეტექტივი? — ხელები ასწია და ოდნავ უკან გადაიწია. — ახლა ყველაფერი გასაგებია.
— არა, არა... საშიში არ ვარ, — ორივეს გაგვეცინა.
ეს უეცარი შეხვედრა მართლაც სასიამოვნო იყო. კესანე ცურვიდან წამოვიყვანე. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, დავინახე, რომ ხელში ჩუპა-ჩუპს ათამაშებდა.
— ეს საიდან გაქვს? — მაშინვე ვკითხე.
თავიდან თითქოს არ უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ მაინც მითხრა:
— ბაბუას მეგობარმა მომცა. მითხრა, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ...
კესანეს მაშინვე გამოვართვი კამფეტი და მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ ოდესმე ისევ შეხვდება, არაფერი გამოართვას.
ეს ხომ ჯეკია... როცა უნდა მაშინ გამოჩნდება. ერთი წლის წინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მაშინ წავიდა. იმ დღის შემდეგ მის შესახებ არაფერი მსმენია. სიმართლე რომ ვთქვა, არც მქონდა  ამის სურვილი. ვერც აგიღწერთ, რა რთული იყო ყოველი საღამო... როცა კესანეს დავაძინებდი, ოთახიდან გამოვდიოდი და სიჩუმეში ვეძებდი ლეილას ხმას, სიცილს... მეჩვენებოდა, რომ კობი სამზარეულოში იყო და ჩვენთვის ამზადებდა ვახშამს, როგორც მაშინ, კუნძულზე. შეიძლება ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ხანმოკლე იყო, მაგრამ იმდენად ძლიერი კვალი დატოვა, რომ დაუვიწყარია.
დაცემული წამოვდექი და საკუთარი თავი თავიდან ვიპოვე. დავტოვე სახლი, ქვეყანა და კობისთან და კესანესთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყე.
ახლა, როცა იარებიც მოვიშუშე და კარიერაშიც ყველაფერი დალაგდა... ნამდვილად არ მინდა, ჯეკი ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდეს. მე გავაფრთხილე, თუ იმ კარიდან გავიდოდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ვცდილობ ვისწავლო ცხოვრება მის გარეშე...
და თუ ახლა გამოჩნდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ ამირიოს გონება.
უნდა იცოდეს, რომ რაღაცები ისე ვეღარ იქნება. ჩემს გულს ისე ვეღარ აათრთოლებს, როგორც მაშინ...
დღეს სულ სხვაგვარად ვუყურებ რეალობას. ჩემი ერთადერთი საზრუნავი მამაჩემი და ჩემი დიშვილია. ღმერთმა მართალია ამხელა განსაცდელი გამომიგზავნა, თუმცა სულ მოკლე დროში ჯერ ვიპოვე ტყუპისცალი და შემდეგ ისევ გამიქრო მისი ყოფნის იმედი, რომ ვერც კი გავაცნობიერე, რა ხდებოდა.
დამიტოვა შვილი... და როცა მას ვუყურებ, ჩემი და მახსენდება. მასაც დედამისივით გამოხედვა და იერი აქვს. თითქოს, როცა საუბარს იწყებს, ლეილას შეუჩერებელი ენერგია ცოცხლდება. მას დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდა. მე და კესანე კი ვეცდებით, რომ მის ყველა ოცნებას ფეხდაფეხ გავყვეთ და ჩვენი ხელით ავაშენოთ ის მომავალი, რომელიც ზუსტად ვიცი, მას ძალიან გაახარებდა.
***
დაახლოებით 17:00 საათი იქნებოდა. კომპანიიდან უკვე გასვლას ვაპირებდი, როცა მოულოდნელად ჩემი კაბინეტის კარი ასისტენტმა შემომიღო.
— ლიზი, ვიცი, რომ წასვლას აპირებთ, მაგრამ სამშენებლო კომპანიიდან არიან და თქვენთან საუბარი სურთ...
უკვე ნივთებს ჩანთაში ვალაგებდი და ვუთხარი:
— შემოვიდეს.
— ძალიან გთხოვთ, სწრაფად მითხარით, დრო არ მაქვს, ბავშვი მყავს ცურვიდან გამოსაყვანი... — თავი არც ამიწევია ისე ვუთხარი.
— მესმის თქვენი, მაგრამ ამ საბუთებზე ხელი აუცილებლად უნდა მოაწეროთ, — საქაღალდე მაგიდაზე დადო.
— ჩვენ ერთმანეთს უკვე ვიცნობთ, ხომ? — თავი ავწიე და მაშინვე ვკითხე.
— ერკიულ პუარო... — გაეცინა.
— უკვე მოვაწერე ხელი. არის კიდევ რამე?
— როგორც გავიგე, შვილი ცურვიდან გყავთ გამოსაყვანი. მეც იქით მივდივარ და შემიძლია გაგიყვანოთ...
ამ დროს ცივი მზერა მივაპყარი.
— კესანე ჩემი დიშვილია. დიდი მადლობა, მაგრამ მძღოლი უკვე მელოდება.
სწრაფად დავტოვე ოთახი.

უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანმა ერთი შეხედვით მოგხიბლოს. ვხედავდი, რომ ილია ჩემ მიმართ აშკარა ინტერესს იჩენდა. იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე სცადა ჩემთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. ყვავილებიც გამომიგზავნა კომპანიაში, პაემანზეც დამპატიჟა, არ წავედი. შეიძლება ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მისთვის ადგილი არ იყო.
ბევრი მცდელობის შემდეგ ისევ იმ კაფეში შევხვდით ერთმანეთს. მან უკვე ზეპირად იცოდა ჩემი განრიგი. იმ დღესაც ბევრი ვისაუბრეთ. მომიყვა თავის ცხოვრებაზე. თურმე ძალიან უნდოდა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, საინფორმაციო გადაცემის წაყვანა, მაგრამ დღეს რეჟისორია და სერიალზე მუშაობს. ლეილასთანაც უმუშავია. ხშირად იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან მონდომებული და კომფორტული იყო გადასაღებ მოედანზე. ჩემს კომპანიაში კი მხოლოდ ჩემი ინტერესის გამო მოხვდა. მეგობრისგან საბუთები წამოიღო და სპეციალურად ჩემთან მოვიდა.
დღეს, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებთ, ორივეს გვეცინება... მაგრამ ალბათ საჭირო იყო ეს პატარა „ხრიკები“, რომ ჩემთან ახლოს მაინც მოსულიყო. მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვისაც მარტივად ვერ დაითანხმებ ახალ ურთიერთობაზე... მით უმეტეს  ჯეკის შემდეგ.
ერთ მშვენიერ საღამოს, როცა რესტორანში ვახშმობდით, ილიამ ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და ცოლობა მთხოვა. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კარგა ხანს დაჩოქილი იდგა და პასუხს ელოდებოდა. ილია ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაფერი უკვე გადაფასებული მქონდა. გავიცანი მისი ოჯახიც — მშობლები. ზუსტად ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო.
სანამ მთელ რესტორანში აჟიოტაჟი ატყდებოდა, ვუპასუხე:
— რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.
ამ სიტყვებზე შემოვიდნენ ჩემი ახლად შეძენილი მეგობრები, ვარდები მომართვეს, ზოგი გვილოცავდა, ვიდეოებს იღებდნენ...
ცოტა ხანში ვხედავ — კესანეს კობი მოჰყავს ეტლით.
ამაზე მარტო მე კი არა, გარშემო თითქმის ყველას აეტირა.
კობის ხელში თეთრი ვარდები ეჭირა. გამომიწოდა და მითხრა:
— ბედნიერი იყავი, შვილო...
ერთი წლის შემდეგ პირველად გავიგე მისი ხმა... და ამაზე ლამაზი ნეტავ რა უნდა მომესმინა.
მაშინვე ჩავეხუტე და ვუთხარი:
— რაც არ უნდა მოხდეს, წასვლის უფლებას არ მოგცემ.
იმ დღის შემდეგ კობი სახლში დაბრუნდა. დღის განმავლობაში ძირითადად ეზოშია და წუხს იმაზე, რომ ბაღს მოვლა სჭირდება. მებაღე გვყავდა, მაგრამ მას მაინც უნდა რომ თავისებურად ხელი შეავლოს. ერთხელ დიასახლისმა შეამჩნია, რომ ჯოხებით გადაადგილდებოდა და თან ყვავილებს რწყავდა. კობის რაც ვიცნობ, ვიცი — არ გაჩერდება.
მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაინც ცდილობს, რომ საქმის გარეშე არ დარჩეს...
შაბათ-კვირას კესანეც ბაბუასთან ერთად არის ბაღის საქმეებში ჩართული. ისეთი ბედნიერები არიან ერთად, რომ მხოლოდ მათი ყურებით ვტკბები.
— ბაბუ... ბაბუ, ამას შეხედე! კესანები გაყვავებულა!
კობის თავის ჭკუაზე ატრიალებს. მიჰყავს იქ, სადაც უნდა და ეთამაშება ისეთ თამაშებს, რომლებიც ალბათ არც კი გაუგონია. ახლანდელი თაობა ხომ ყველაფერში განსაკუთრებული და გამორჩეულია.
— ბაბუ, ის შენი მოსახელეა და შენსავით იღიმის, როცა მზე ანათებს მას, — კესანე ყვავილს შეეხო.
— ბაბუ, დედა ხომ მზეა? დეიდამ ასე მითხრა.
— სწორად უთქვამს. მოდი, ორივემ ერთად დედას დავუქნიოთ ხელი.
კობიმ და კესანემ ხელები ცისკენ აღმართეს და ისე უქნევდნენ ხელს, თითქოს ლეილა ნამდვილად ხედავდა მათ.
,,ვიცი, რომ აქ ხარ.
შენ ყველგან ხარ... და არასოდეს დაგივიწყებ." გულზე თითქოს მომეშვა, როცა მზეს ეს სიტყვები ვუთხარი.
დღეს ხომ ერთად ვართ — მე, მამა, კესანე... და მზე.
მზე კი იქამდე არ ჩაქრება, სანამ ჩვენ ვარსებობთ.

***
სულ რაღაც ერთ კვირაში ჩემი ქორწილია. კაბის შესარჩევად ნატა გამომყვა. მე და ნატა უკვე დიდი ხანია დავმეგობრდით. მეტიც, ის ჩემი მეჯვარე იქნება. რამდენიმე მაღაზიაში ვიყავით და მგონი უკვე შევარჩიე კაბა. ისეთი პრინცესულია, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა.
ილია ისეთი სულსწრაფია, ერთი სული აქვს ნახოს, მაგრამ ამის უფლებაც არ მივეცი.
— კარგი რა, მანახე... ხომ იცი, ცნობისმოყვარეობისგან ვკვდები, — კაბების მაღაზიაში კარები მივუხურე და ვუთხარი, სახლში დამლოდებოდა.
კაბის გახდას ვაპირებდი. გასახდელში შევედი და... იქ ჯეკი დამხვდა.
— რა ჯანდაბაა?! — ხმამაღლა დავიყვირე.
მან პირზე ხელი ამაფარა.
— ჩუმად... უბრალოდ საკუთარი თვალით მინდოდა მენახა, რომ ბედნიერი ხარ.
— ახლავე წადი აქედან! — კაბას შეეხო. — ნუ მეხები!
— ლიზი, ყველაფერი რიგზეა? — გარედან ნატას ხმა გაისმა.
— კი, კაბას გავიხდი და გამოვალ! — ხმამაღლა ვუპასუხე.
— ხომ არ გინდა დაგეხმარო? — მკითხა ჯეკიმ და თასმებისკენ წაიღო ხელი.
იმისთვის, რომ თავი დამეხსნა, ვუკბინე.
რა გაცინებთ? ის უფრო მანიაკია, ვიდრე მე.
— კარგი, ახლა წადი... და სადმე შევხვდეთ, ვისაუბროთ.
— შევთანხმდით, — მითხრა და ისეთი მზერა გამომაყოლა, თითქოს თავიდან ბოლომდე შემჭამა. არა... თავიდანვე ვიცოდი, რომ მას ჩემი ცხოვრების არევის უფლებას არ მივცემდი.
ნატას დავემშვიდობე თუ არა, ჯეკიმ მისამართი გამომიგზავნა. თავიდან არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი, მივხვდი  ეს ის ხის კოტეჯი იყო, საიდანაც ჯეკი ორმაგ თამაშს თამაშობდა.
სასაუბროდ დრო მხოლოდ ერთი საათი მქონდა. მერე დიზაინერს უნდა შევხვედროდი. ქორწილისთვის საბოლოო დეტალები გვქონდა დასაზუსტებელი.
მანქანა გავაჩერე.
ეზოში იდგა... და შეშას ჩეხავდა.
ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
როგორი თავხედიც იყო, ისევ ისეთი დარჩა.
— კარგია, რომ მოხვედი. ახლა ვაპირებდი კოცონის ანთებას.
— ძვირფასო, მაპატიე, ღვინის წამოღება დამავიწყდა. იმედია, გაქვს...
— სერიოზულად?
— რა თქმა უნდა, არა! — მივედი ახლოს და ვკითხე, — რატომ დაბრუნდი?
— მე ისედაც აქ ვიყავი, არსად არ წავსულვარ.
— მშვენიერი, — უკვე ნერვიულად დავიწყე სიცილი, — შენ წახვედი, ჯეკი... წახვედი და ახლა, როცა ქორწილისთვის ვემზადები, გამოჩნდი. ვერ ვხვდები, რისი მიღწევა გინდა?
— დამშვიდდი, არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებ, — ხელები მაღლა ასწია, — უბრალოდ მინდოდა შენგან მომესმინა... მართლა ისეთი ბედნიერი ხარ, როგორც ამას სოციალურ ქსელში ან ინტერვიუებში ამბობ?
— ბედნიერი ვარ. ეს ხომ ლოგიკურია. ერთ კვირაში ქორწილი მაქვს. ცოლად მივყვები ადამიანს, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა. არ აქვს კომპლექსები და საყვარელ ქალზე უარს არ ამბობს.
კოტეჯში შევიდა. მეც უკან გავყევი და მკაცრი ტონით გავაგრძელე:
— როგორც ვხედავ, შენც „კარგად“ გამოიყურები. ხარ გამოკეტილი 30 კვადრატში და არ გაინტერესებს, ამის იქით რა ხდება. ალბათ არც არაფერს ჭამ...
მაცივარი გამოვაღე — ცარიელი იყო.
— საერთოდ არაფერს ჭამ?
ირგვლივ ლუდის ქილები და მზა საკვების ყუთები ეყარა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჯეკი, რომელიც ჯანსაღი კვების გარეშე ვერ ძლებდა, ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა. ვუყურებდი და საერთოდ აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, ვისაც ვიცნობდი.
— თავი დაანებე, — ხელიდან ყუთები გამომართვა, — დიდი ხანია, ჩემი ცხოვრება შენ აღარ გეხება. წადი და ცოლად გაჰყევი ყველაზე წესიერ კაცს. შენ ხომ ასე ამბობ, არა?
ზურგით დაჯდა მაგიდასთან. მაგიდაზეც ყველაფერი არეული იყო.
— არასდროს წარმოვიდგენდი, თავს ასე თუ ჩაიგდებდი. მართალია, ყველაზე დიდი არარაობა ხარ, მაგრამ ცხოვრება მაინც უნდა გააგრძელო.
— ცოლს გავშორდი. ერთადერთი ქალი, ვის გამოც მზად ვიყავი ყველაფერზე უარი მეთქვა, შენ იყავი... ახლა კი უკვე უფლებაც აღარ მაქვს, რომ შეგეხო. ალბათ ის გზა უნდა გამოგვევლო, რომ ბოლოს აქამდე მოვსულიყავით...
სკამიდან წამოდგა და მოულოდნელად ჩამეხუტა.
— წადი და ნუ იფიქრებ იმაზე, რომ არ ვჭამ, არ ვვარჯიშობ და ალკოჰოლს ვსვამ. ეს დროებითია... მალე გაივლის, — შუბლზე მაკოცა. — კობი და კესანე მომიკითხე.
— კარგი, წავალ... მაგრამ ერთ კითხვაზე მიპასუხე.
— რატომ წავედი? — ზურგი მაქცია. რამდენიმე წამში ისევ შემობრუნდა. — დამიჯერე, ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
— ხომ კარგად იქნები? კარგად უნდა იყო... — თავი ვერ შევიკავე, ცრემლი მაინც წამომივიდა.
— გაიღიმე, დეტექტივო... წინ ძალიან ლამაზი ცხოვრება გელოდება.
მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი.
დავძარი... სარკეში ვხედავდი — იდგა და თვალს ვერ მაშორებდა. ალბათ ას მეტრამდე გავიარე. მოულოდნელად გავაჩერე მანქანა, გადმოვედი, მივირბინე და ჩავეხუტე. ეს იყო უკანასკნელი ჩახუტება. სავსე მონატრებით, ტკივილით და უთქმელი სიტყვებით. ვერაფერი ვთქვით. თითქოს აღარც დაგვრჩა სათქმელი.
რამდენიმე წამი ვიდექით ასე, შუა გზაში, ჩახუტებულები. შემდეგ კი უკან მოუხედავად წამოვედი.
„არა, ლიზა... არ გაბედო და არ მოიხედო უკან.“
დავბრუნდი სახლში და თითქოს ეს შეხვედრა სიზმრად ვაქციე. ასე ვიქცევი, როცა რაღაცის ან ვიღაცის წაშლა მინდა გონებიდან. ზოგჯერ ამართლებს კიდეც და შვებასაც ვპოულობ.

***
საღამოს დიზაინერი მოვიდა, შემდეგ ილია და მისი ოჯახი გვესტუმრნენ ვახშამზე. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. კესანე დავაძინე. მეც დაძინებას ვაპირებდი, როცა კობი ოთახში შემოვიდა.
— რა მოხდა, ვერ იძინებ?
— კი... მაგრამ მანამდე შენთან საუბარი მინდოდა. წამოდი, ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ. კობი ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდებოდა.
— რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი? — ეზოში ჩამოვსხედით.
— შვილო, დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში? არ იფიქრო, რომ ილიას საწინააღმდეგო რამე მაქვს. პირიქით, ის ნამდვილად კარგი ბიჭია და მისი ოჯახიც ძალიან ყურადღებიანია. მე უბრალოდ მინდა ვიცოდე, შენ რამდენად გინდა მასთან ერთად ოჯახის შექმნა.
— კობი, ყველაფერი რიგზეა. ილიასთან თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ. კესანეც შეეჩვია... მგონი, ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ.
— ჩემთვის მთავარია, რომ შენ იყო ბედნიერი. ხომ იცი, ეს დედაშენს და შენ დას ძალიან გაუხარებოდათ. ახლა ალბათ იქ, ერთად, ზეიმობენ შენს ბედნიერებას.
— მა... ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით.
— მეც, ჩემო ანგელოზო. ახლა წავიდეთ, დავისვენოთ... უკვე გვიანია.
ეტლს ხელი მოვკიდე და სახლში შევედით...

***
ქორწილის დღე

დილიდან ქაოსურად დაიწყო ჩემი დღე. დილის 07:00 საათიდან ჩემი ოთახის კარი უკვე ღია იყო. თავს მახვევდა ალბათ ათამდე ადამიანი. ზოგი თმას მვარცხნიდა, ზოგი მაკიაჟს მიკეთებდა. დიასახლისი ყავითა და ფუნთუშებით დამსდევდა:
— რამე შეჭამე, თორემ მთელი დღე ამისთვის დრო არ გექნება და შეიძლება წაიქცე.
ეზოდან დიზაინერის განრისხებული ხმა ისმოდა. ჩემს დაცვის ბიჭებს ეჩხუბებოდა, რომლებიც დეკორაციების განლაგებაში ეხმარებოდნენ:
— ხომ გითხარით, რომ ეს აქ არ უნდა დაგედგათ?! კუნთებს კი არა, ჭკუას მოუხმეთ!
კობი სიცილით კვდებოდა. კესანეც ისეთი ბედნიერი იყო, რომ უკვე თავისი შერჩეული კაბა ეცვა და დილიდან ეზოში დარბოდა.
— კესანეს უთხარით, რომ ჩემთან ოთახში ამოვიდეს, — ვუთხარი დიასახლისს და ისიც მაშინვე გავიდა.
ამასობაში ჩემი მეჯვარე მოვიდა. ისეთი ლამაზი და დახვეწილი იყო, თითქოს ნამდვილი გაზაფხული შემოიტანა ოთახში. ვარდისფერ კაბაზე ჰქონდა საბოლოოდ არჩევანი შეჩერებული.
მოვიდა კაბის ჩაცმის დროც. სამნი ერთად მიკრავდნენ და მაინც ვერ ერეოდნენ.
— ეს ყველაფერი იმ პიცის ბრალია, გასულ კვირას კესანემ რომ დამაძალა ჭამა. მოვიმატე, კაბა აღარ მეტევა... ქორწილი ჩაიშალა, მორჩა!
აქ უკვე ისტერიკის ზღვარზე ვიყავი.
როგორც იქნა, კაბა შეკრეს და სწორედ ამ დროს კესანე დიდი სისწრაფით შემოვარდა ოთახში.
— დეო, შენ ნამდვილი პრინცესა ხარ, მე კი შენი ფერია ვიქნები დღეს! — ფატას ხელი მოკიდა და თითქოს მასში გაეხვია.
— აბა, შემომხედე, — დავიხარე მისკენ, — მარტო დღეს კი არა, მუდამ ჩემი პრინცესა იქნები, დეო.
„დეო“ — ასე მხოლოდ კესანე მეძახის. ამ სამ ბგერაში გააერთიანა დედაც და დეიდაც.
უკვე მზად ვიყავი გასასვლელად. კობიმ დამინახა თუ არა საქორწინო კაბაში, თავი ვერ შეიკავა, ცრემლები წამოუვიდა. ხელის მოწერის ცერემონიაზე კობი ეტლიდან წამოდგა და ხელჯოხების დახმარებით ერთად გავიარეთ ბილიკი. წინ კესანე მიდიოდა და გზაზე ყვავილებს ყრიდა.
ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ოცნებებში.
ფილმის კადრივით მიიწურა მთელი დღე... და ერთხელაც არ მიფიქრია, რომ ამ გადაწყვეტილებას ვნანობდი.
იყო ხელის მოწერის ცერემონია, ფოტოსესია, და საღამოს — სახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ, სტუმრები შევიკრიბეთ. ყველამ ნამდვილად ისიამოვნა ამ დღით.
— სცენაზე ვიწვევთ ახლად დაქორწინებულ წყვილს! — გამოაცხადა წამყვანმა. — თქვენთვის სპეციალური საცეკვაო ნომერია მომზადებული.
საცეკვაო მოედანზე გავედით და ვალსი შევასრულეთ.
შემდეგ იყო ტორტის გაჭრა, საქორწინო თაიგულის სროლა... და ბოლოს მძღოლმა მოგვაკითხა — საქორწინო მოგზაურობაში წავედით.
თავიდან უარზე ვიყავი, კობისა და კესანეს დატოვება არ მინდოდა, მაგრამ ისე დამამშვიდეს და დამაიმედეს, რომ დავთანხმდი.

***
თაფლობის თვე

თაფლობის თვე კუნძულზე გავატარეთ. ერთი კვირის განმავლობაში ხან კატერით შევედით ზღვაში, ხან ქალაქში ვსეირნობდით. უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ.
ამდენი დარდისა და სტრესის შემდეგ ეს ნამდვილად ბედნიერი დასასრული იყო. ილია კი — ჩემი არჩევანია, ჩემს წილ სამყაროში.
ვინც ამდენი ხანი კითხულობდით და გულშემატკივრობდით ჩემს წინა ურთიერთობას, მინდა გითხრათ, რო. ახლა ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს.
— რას აკეთებ? წამოდი, საცურაოდ გავიდეთ, — ილია მოვიდა და საწოლთან ჩამოჯდა.
— ცოტა ხანში, — გავუღიმე.
— მეჩვენება თუ ჩემს ცოლს ზღვა და მზე უკვე მობეზრდა? კარგი, მაშინ უკეთესი იდეა მაქვს...
მაშინვე ტელეფონი აიღო და ვიღაცას დაურეკა.
— სად მივდივართ? — ვკითხე.
— სიურპრიზია.
საწოლიდან ხელში ამიყვანა და ასე გავედით ნომრიდან.
— ილია, საკმარისია, დამსვი!
ცოტა ხანში გაშლილ მინდორზე მივედით, სადაც ვერტმფრენი და პილოტი დაგვხვდა.
— არა, მე სიმაღლის შიში მაქვს! — მაშინვე უკან დავიხიე.
როგორც იქნა, დამითანხმა და კიდევ კარგი. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი. მთელ კუნძულს ზემოდან გადავუფრინეთ. ვუყურებდით სპილოებს, ზებრებს, ლომებს... გუნდებად გადაადგილდებოდნენ. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ვიდეოებში მქონდა ნანახი. ემოციებისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. დავეშვით და ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს არ მეყო. კიდევ დიდხანს მინდოდა ფრენა. თითქოს ცასთან ახლოს ხარ და ხელის გულზე გიდევს მთელი ეს ლამაზი სამყარო, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
დაღამებამდე მაღაზიებში დავიარეთ. ვეცადეთ, ოჯახის ყველა წევრისთვის რამე შეგვეძინა.
ცოტა ხანში ვხედავ — ილია მაღაზიიდან გამოდის და ხელში უამრავი პარკი უჭირავს.
— ეს ყველაფერი ვისთვისაა? — გამეცინა.
— კესანესთვის, — მიპასუხა მალევე.
კაბები, სათამაშოები, აქსესუარები... ყველაფერი მისთვის შეერჩია.
არ ვიცი, როგორ დავიმსახურეთ, რომ კესანემ მე და ილია მშობლებად აგვირჩია... მაგრამ უკვე ეტყობა, როგორი მზრუნველი მამა იქნება.

***
რამდენიმე თვის შემდეგ

ბოლო რამდენიმე დღეა თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ. ან მშია, ან მეძინება, ან კი ვწუწუნებ, რომ დავიღალე. თავიდან ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა დაბალი ჰემოგლობინის ან წნევის ბრალი იყო, მაგრამ ამას დილაობით ტოქსიკური მდგომარეობაც დაემატა.
ნატამ დამირეკა:
— შეეშვი მკითხაობას. იყიდე ორსულობის ტესტი და ჩაიტარე.
ისეთი გამოუცდელი და აღელვებული ვიყავი, რომ არც კი ვიცოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. როგორც იქნა, გავერკვიე...
და როცა ტესტმა ორი ხაზი მიჩვენა... არ ვიცი, რა დამემართა. კანკალმა ამიტაცა. ვტიროდი და ვიცინოდი ერთდროულად. თითქოს წამში შეიცვალა ჩემი ცხოვრება.
აბაზანიდან გაფითრებული გამოვედი და საწოლზე ჩავჯექი.
— ლიზი, კარგად ხარ? — მაშინვე წყალი მომიტანა. — მიდი, დალიე.
— ილია... მე და შენ მშობლები გავხდებით...
- შერიოზულად? _ იკითხა გაოცებულმა.
ეს რომ გაიგო, მოულოდნელად იყვირა, ხელში ამიტაცა და დამატრიალა.
— არა, ასე არ შეიძლება! — უცებ დამსვა და მუცელზე ხელი მომადო. — ლიზა... ჩვენ ეს შევძელით? ანუ მე და შენ...
ამ ხმაურზე ჩვენს ოთახში ყველა შემოცვივდა.
— ხალხო, ორსულად ვართ! ანუ მე არა... ლიზა არის ორსულად!
კობი სიხარულისგან ჩამეხუტა. კესანე ილიამ ხელში აიყვანა:
— ჩემო პრინცესა, მალე უფრო მეტნი გავხდებით.
— ის გოგოა თუ ბიჭი? — იკითხა კესანემ.
— ჯერ არ ვიცით. ექიმთან მივალთ და გვეცოდინება.
ნეტავ რას გრძნობს მწერალი, როცა წიგნის წერას ასრულებს? როგორ პოულობს გამოსავალს ყველაზე მძიმე და რთული ამბებიდან, რომ ბოლოს მაინც კარგი დასასრულო ჰქონდეს?
ჩვენს შემთხვევაშიც ხომ ასე მოხდა...
წერა დავიწყე სრულიად მარტო და მეგონა, რომ ვერასოდეს ვიპოვიდი ბედნიერებას. მაგრამ ვიპოვე ოჯახი. განვიცადე საყვარელი ადამიანების დაკარგვის ყველაზე მწარე ტკივილი. სამყარომ მომცა შანსი, კესანეს დედა გავმხდარიყავი...
და ახლა ვიგებ, რომ ორსულად ვარ.
ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ — ჰქონდა თუ არა „ტყუპისცალს“ კარგი დასასრული.
დღეს მეგობარსაც ამას ვეუბნებოდი: ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. არ ვირჩევთ ტრაგედიას. არ ვირჩევთ გზას, რომელიც წყვდიადში გვითრევს.
მე ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე.
და, ალბათ, უნდა გამევლო, რომ მერე ამხელა დოზით სიხარული განმეცადა.
მეორე დღესვე მივედით ექოზე. გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა დამატებითი კვლევებიც საჭირო იყო. ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ექიმს დავუჯერეთ და ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ.
დაახლოებით ორ კვირაში ისევ დაგვიბარეს. ილია ჩემთან ერთად შემოვიდა ექოსკოპიაზე. იმდენად ჩართულია ამ პროცესში, რომ მგონია მე კი არა, თვითონ არის ორსულად. ჩემთან ერთად ჭამს ჯანსაღად, სეირნობს და წამით არ მტოვებს მარტო.
— ყველაფერი კარგად არის, — თქვა ექიმმა.
— ეს არის ჩვენი შვილი? — ინტერესით აკვირდება ილია ეკრანს.
რამდენიმე წამში ექოსკოპიის კაბინეტში გაისმა გულისცემის ხმა. ისეთი ძლიერი ხმა იყო, თითქოს მთელ სხეულში ექოდ გაიარა.
— მზად ხართ კიდევ ერთი სიახლისთვის?
— რა თქმა უნდა, ექიმო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, — უპასუხა ილიამ.
— გილოცავთ... მალე ტყუპების მშობლები გახდებით. თანაც  გოგონები არიან.
ამის გაგონებაზე ილიამ სიხარულისგან კინაღამ გონება დაკარგა. მეც ვეღარ შევიკავე თავი ცრემლები თავისით მომდიოდა, მაგრამ ამჯერად ეს სიხარულის ცრემლები იყო.
— ლიზი, გპირდები, რომ ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მშობლები ვიქნებით. ვერ ვიჯერებ, რომ მალე სამი გოგონას მამა ვხდები
კლინიკიდან გამოვედით, მაგრამ ილია უფრო მოსასულიერებელი გახდა.

— ძალიან მიყვარხარ.

— ლიზი, უკვე გითხარი, რომ ეს ორსულობა ძალიან მოგიხდა? მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო ქალღმერთო.

მანქანაში ჩავჯექით და სახლში წავედით, რომ ეს საოცარი ამბავი სხვებისთვისაც გვეთქვა. როცა ყველაზე მარტოსული ხარ და გგონია, რომ ამის შემდეგ აღარაფერი მოხდება სწორედ მაშინ ჩნდება ვიღაც შენს ცხოვრებაში, ვინც დაგარწმუნებს, რომ სწორედ ამად ღირს შენი გზის გაგრძელება ამ სამყაროში. გახსოვდეთ, გვირაბის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე და თქვენც აუცილებლად იპოვით საკუთარ თავს. არ დანებდეთ... მაშინაც კი, როცა, ჩემსავით, გგონიათ, რომ ყველაფერს აზრი აღარ აქვს.

დასასრული.

ავტორი:

გამარჯობა, ეს მე ვარ „ტყუპისცალის“ ავტორი. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ასე აქტიურად ადევნებდით თვალს ჩემს შემოქმედებას და მოუთმენლად ელოდებოდით თითოეულ ახალ ნაწილს.
სწორედ ამ ისტორიის დამსახურებაა, რომ უფრო მეტი მკითხველი შევიძინე და სწორედ თქვენ მაძლევდით ძალას და მოტივაციას, რომ წერა არ შემეწყვიტა.
თუ აქამდე არ დაგიწყიათ კითხვა, ახლა უკვე შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ ისტორიას. ლინკებს კომენტარებში დაგიტოვებთ.
გემშვიდობებით ამ ისტორიიდან, თუმცა ძალიან მალე, სრულიად ახალი ამბით შეგხვდებით.

სიყვარულით, ავტორი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები