ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მაისი, 2026


ტაო-კლარჯეთზე

რამდენიმე თვის წინ, მე და ჩემი მეგობარი - ნათია ჭყონია ტაო-კლარჯეთზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ტაო-კლარჯეთზე ერთი სიმღერაც არ არის შექმნილი.

არაერთი შესანიშნავი კომპოზიტორი გვყავდა და გვყავს დღესაც, მაგრამ რატომღაც ვერავინ გაბედა ტაო-კლარჯეთზე სიმღერის დაწერა.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე მთელი ციკლი აქვთ შექმნილი, მაგრამ ტაო-კლარჯეთზე სიმღერა საერთოდ არ არსებობს... არადა ტაო-კლარჯეთიც ისეთივე საქართველოა, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ტაო-კლარჯეთზე ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი. ჩემი ლექსების გარდა, ტაო-კლარჯეთზე ორმოცდაექვსი პოეტის - იოსებ ნონეშვილის, მორის ფოცხიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ ჯალაღონიას, მუხრან მაჭავარიანის, რეზო ამაშუკელის, გიორგი ლეონიძის, ლადო ალფენიძის, ანა კალანდაძის, ზვიად გამსახურდიას, ვაჟა ოთარაშვილის, თემურ ჩალაბაშვილის, დავით შემოქმედელის, ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის, ტარიელ ჭანტურიას, ვახტანგ ღლონტის, ჯემალ ინჯიას, პეტრე კვარაცხელიას, ირაკლი ვაშაყმაძის, ელდარ ჭიჭიაშვილის, ვაჟა სამსონიძის, სულიკო ჯამალაშვილის, ოტია ზედგინიძის, კობა მოდებაძის, ირაკლი ნადარეიშვილის, ფრიდონ ზოიძის, გიორგი ბერიძე-ბერჯავახის, იროდი ასანაშვილის, ვაჩე რაინდელის, გუარამ გვარამიას, თამარ შაიშმელაშვილის, შორენა გაბელაშვილის, ნანა ღვინეფაძის, დალი მაზმიშვილის, ციური ასპანიძე-მესხიშვილის, ეთერ გოგეშვილი-ისაკაძის, ნათია ჯიმშელეიშვილის, იზა კარიჭაშვილის, მირანდა ერისთავის, ეკატერინე გაბედავას, შორენა თამაზაშვილის, ნინო ნეკერიშვილის, ქალთამზე ანა სურმანიძის, თეა თაბაგარისა და ნუკრი ბერეთელის სტრიქონები მაქვს წაკითხული.

ქართველო კომპოზიტორებო, ძალიან გთხოვთ: დაწერეთ სიმღერები ტაო-კლარჯეთზე. ლექსებით მე მოგამარაგებთ. დაე, ხელოვნებაში მაინც ცოცხლობდეს ეს ჩვენი ისტორიული კუთხე.

ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვეწვევი ტაო-კლარჯეთს და აუცილებლად მოვილოცებ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის. ისე არ მოვკვდები, ჩემი ისტორიული სამშობლოს მიწა-წყალი არ დავკოცნო და არ მოვილოცო.

ჩემთვის თურქეთიც ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთი! დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება ტაო-კლარჯეთი თავის დედასამშობლოს. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ. ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია უფლისგან.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი -
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატიონთა სამფლობელოსი.

დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები,
თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი,
თითქოს ყველა დღე არის ზმანების,
სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით

როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში
და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი,
ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში
და მიხარია რომ ვარ ქართველი.

ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული,
იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით,
შეინარჩუნეს ენა ქართული
ფერეიდნელი ქართველებივით.

მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი,
ცხადად ვიხილო ყველა ზმანება,
ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი,
იარები მაქვს სულში ბზარებად.

ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი -
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.

თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები,
დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს,
გულით მიქებენ ლამაზმანები
დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.

დედამ ფიალა ღვინით ამივსო,
მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული,
ჩემი ფესვები სამარადისოდ
ამ მიწაშია დამარჯნებული.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს