ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 ივნისი, 2026


რევაზ თვარაძის ,,Судьба Божественного Рыцаря“-ს გამო

რევაზ თვარაძის ეს წერილი რომან ,,დათა თუთაშხიას“ რუსული თარგმანის ბოლოსიტყვაობაა. იგი წარმოადგენს განმარტებითი ხასიათის ტექსტს რუსი და რუსულენოვანი მკითხველისათვის. ცნობილია, რომ ამ რომანის რუსული თარგმანი პირველად 1979 წელს გამოსცა გამომცემლობა ,,მერანმა“. მოცემულ წერილში განვიხილავ რ. თვარაძის ამ ნაშრომის ერთ ვარიანტს, რომელიც გვხვდება ამავე გამომცემლობის მიერ 1987 წელს გამოცემული ,,დათა თუთაშხიას“  რუსული თარგმანის ბოლოს.

  რაზეა საუბარი? იმაზე, რომ რ. თვარაძის აქ განსახილველი წერილი, დაფიქსირებული 1987 წლის ,,დათა თუთაშხიას“ რუსული თარგმანის ბოლოს დაახლოებით 10 გვერდის მოცულობისაა, ხოლო 1982 წელს იმავე გამომცემლობის მიერ  გამოცემული იგივე თარგმანის ბოლოს დაფიქსირებული წერილის მოცულობა კი 16 გვერდია. ასევე თექვსმეტგვერდიანია ეს წერილი რუსული თარგმანის პირველ, 1979 წლის გამოცემაშიც. იმის კომენტირებისგან, თუ რამ გამოიწვია ამ წერილის მნიშვნელოვანი ნაწილის შეკვეცა-შემცირება 1987 წლის გამოცემაში, აქ და ახლა თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს სხვა წერილის თემაა. იმავდროულად ვიტყვი შემდეგს: ა)შეკვეცილ წერილს, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი შინააარსობრივი ცვლილება არ განუცდია; ბ)ყველა კონკრეტული აბზაცი, რომლის ანალიზსაც ამ წერილში მივმართავ, რ. თვარაძის 1979 და 1982 წლების წერილებშიც გვხვდება; გ)აქვე ვიტყვი იმასაც, რომ, ამ წერილში მოტანილი დედნისეული ციტირებები 2003 წლის გამოცემიდანაა აღებული.
   
  თავად რ. თვარაძის აქ განსახილველი წერილის თავდაპირველი მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, რუსი და რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ,,დათა თუთაშხიას“, როგორც ლიტერატურული ტექსტისა და მისი სპეციფიკური მომენტების ახსნა-განმარტება იყო, თუმცა, მნიშვნელოვანწილად, სრულიად სხვა, შეუსაბამობა-ბუნდოვანებით მოცული შედეგი დადგა. ამ შემთხვევაში, საბჭოთა იმპერიული ცენზურა, მინიმუმ ორი მიმართულებით მოქმედებდა: ა)თვით ლიტერატურული ტექსტის გადაკეთება-შერყვნა თარგმანის დონეზე (იხ. ანანია ბროველი, დედნის მკვლელი თარგმანი. ჭოროხი, #2, 2022); ბ)მკითხველისათვის  შეუსაბამობებისა და ბუნდოვანებების შექმნის  ხელოვნური მცდელობები კრიტიკულ-ანალიტიკური წერილებით, როგორებსაც რ. თვარაძის ეს წერილიც განეკუთვნება.
 
  წერილში - ,,Судьба Божественного Рыцаря“ - მრავალი შეუსაბამობა და უზუსტობაა: ა)მისი შინაარსი და მცირე ზომის დასკვნა აცდენილია მისივე სათაურს; ბ)წერილში დაფიქსირებული, რომანიდან მოტანილი ციტირებების ნაწილი, ზოგ შემთხვევაში, შეესაბამება დედნისეულ ქართულ პირველწყაროს, მაგრამ არ გვხვდება თარგმანში; არის შემთხვევები, როცა პატივცემული რ. თვარაძის ციტირებები  ნაკლულია, თუმცა რომანის რუსულ თარგმანში იგივე ტექსტი სრულყოფილადაა წარმოდგენილი; გ)წერილის ავტორი აგრძელებს რომანის მთავარი პერსონაჟის უპირატესად ზნეობრივ გმირად წარმოჩენის ,,ტრადიციას“, როგორც წერილის სათაურის, ისე მისი შინაარსის დონეზე, რაც აკაკი ბაქრაძის ,,ტარიგი ღმრთისაიდან“ იღებს სათავეს (იხ. ანანია ბროველი, აკაკი ბაქრაძის ,,ტარიგი ღმრთისაის“ გამო. ჭოროხი, #3, 2015).
           
  თავიდანვე უნდა ითქვას, რომ წერილის სათაურიდან გამომდინარე, მის ავტორს, შინაარსობრივად ღვთაებრივი რაინდის ბედზე უნდა ესაუბრა და რუსი და რუსულენოვანი მკითხველისთვის აეხსნა, თუ რატომ იყო დათა თუთაშხია ღვთაებრივი (ან საღვთო) რაინდი, რაც მას ამ წერილში არ გაუკეთებია. შეიძლება იმის თქმაც, რომ დაახლოებით ათგვერდიანი წერილი და მისი სათაური ერთმანეთთან სრულ აცდენაშია.

  პირველ სამგვერდნახევარზე (726, 727, 728, 729-ე გვერდის პირველი ნახევარი) ავტორი საუბრობს ყველაფერზე, მაგრამ არა ღვთაებრივ რაინდსა და მის ბედზე. მოკლედ, აბზაცების მიხედვით, წერილის ეს ნაწილი ასე გამოიყურება: პირველ აბზაცში საუბარია იმაზე, თუ სად და როდის გამოქვეყნდა ,,დათა თუთაშხია“; მეორე აბზაცი ეხება იმას, თუ რა მდიდარი, თხუთმეტსაუკუნოვანი ლიტერატურა გვაქვს ქართველებს; მესამე აბზაცში იმაზეა საუბარი, თუ როგორი კარგად აღზრდილი მწერალია ჭაბუა ამირეჯიბი; მეოთხე აბზაცში ავტორი მკითხველს ამცნობს: ნაწარმოებს წამძღვარებული აქვს ხუთი ეპიგრაფი, რომლებიც ქმნიან მის არქიტექტონიკას; მეხუთე აბზაცში ციტირებულია საერთო ეპიგრაფი; მეექვსე აბზაცში ახსნილია, თუ რას ნიშნავს თუთაშხა; მეშვიდე აბზაცი მოგვითხრობს იმაზე, - მითოლოგიური თუთაშხა რომანის ავტორს კრებით სულად რომ წარმოუდგენია; მერვე აბზაცი მკითხველს ამცნობს შემდეგს: ნაწარმოები ორპლანიანია - ემპირიული და სულიერი; მეცხრე აბზაცი: მსოფლიოს სხვა დიდი წიგნებიც იგივე მოდელით რომაა შექმნილი; მეათე აბზაცი: როგორ გააბრაგდა ახალგაზრდა დათა თუთაშხია; მეთერთმეტე აბზაცი: რაზეა საუბარი მეორე თავის ეპიგრაფში; მეთორმეტე აბზაცი: რომანი ,,დათა თუთაშხია,“ გარკვეული გაგებით, შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური ხასიათის რომანი, მაგრამ, თურმე, წიგნის ავტორს, ეთიკური და ფილოსოფიური კუთხით უფრო აინტერესებს თავისი რომანი, ამიტომ, აქედან გამომდინარე, რ. თვარაძე აცხადებს, რომ ისიც ამ საკითხებით დაინტერესდება თავის წერილში (აქ, რეალურად,  რ. თვარაძე რომანის ავტორს მხოლოდ ორი კუთხით დაინტერესებას ,,აბრალებს“, ხოლო თავად კრიტიკოსი, მესამე - სოციალური კუთხით ნაწარმოების განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს, რაც საღიმილოა, ვინაიდან, იმავდროულად სრულიად უგულებელყოფილია იმპერიული და ეროვნული საწყისების ურთიერთდამოკიდებულებების უმწვავესი საკითხები, რომელთა ანალიზი წიგნში ყველგან გვხვდება, მათ შორის რუსულ თარგმანშიც).

  როგორც ვხედავთ, პატივცემული რ. თვარაძე რუს და რუსულენოვან მკითხველს მისივე წერილის პირველ სამგვერდნახევარზე ესაუბრება რომანთან დაკავშირებულ საერთო საკითხებზე ისე, რომ უგულებელყოფს ამავე წერილის სათაურსა და მის მოთხოვნას.

  ამის შემდეგ, რ. თვარაძე მკითხველს უხსნის, თუ რას წარმოადგენს მითოლოგიური თუთაშხას ამქვეყნიური (მიწიერი) წარმომადგენელი - აბრაგი დათა თუთაშხია. ყოველივე ამას, წერილის ავტორი, დაახლოებით სამ გვერდს (729-ე გვერდის მეორე ნახევარი, 730, 731, 732-ე გვერდის პირველი ნახევარი) უთმობს, თუმცა არც ამ შემთხვევაში საუბრობს იგი თუთაშხიაზე, როგორც საღვთო რაინდზე.
                 
  მომდევნო ორ გვერდზე (732-ე გვერდის მეორე ნახევარი, 733, 734-ე გვერდის პირველი ნახევარი), რ. თვარაძე არკვევს, თუ ვინ იყო მუშნი ზარანდია და ცდილობს მკითხველს აჩვენოს არსებითი ხასიათის განსხვავებები ჟანდარმსა და აბრაგს შორის.

  შემდგომ ამისა, წერილის ბოლოსწინა გვერდზე, მისი ავტორი, ორ აბზაცში მსჯელობს იმგვარად, რაც თითქოს რაღაც კავშირშია ამავე წერილის სათაურთან, თუმცა ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით.

  წერილის ბოლოსწინა აბზაცში, რ. თვარაძე მკითხველს უყვება იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ქართული ლიტერატურა, უძველესი დროიდან დღემდე,  თავისი გმირების მიყვანას უღრმეს სულიერ ჭეშმარიტებებამდე მათივე ფსიქიკის დაუზიანებლად და რომ რომანი ,,დათა თუთაშხია“ სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა, რაც, ცხადია, ზოგადი განცხადებაა, სათაურთან კავშირის არმქონე.

  ბოლო, მოკლე აბზაცში, რ. თვარაძე წერს: ,,Все сказанное выше – всего лишь ориентиры, ориентиры на одном из возможных путей, ведущих к пониманию этого романа“ (стр. 735). როგორც ვხედავთ, ამ მცირე ზომის აბზაც-დასკვნაში, რომლითაც მთავრდება წერილი, რ. თვარაძე პირდაპირ ამბობს, თუ რას ეძღვნება ეს წერილი - არა საღვთო რაინდსა და მის ბედს, არამედ იმ ორიენტირებს, რომლებსაც, თვარაძისავე რწმენით, ძალუძთ მკითხველის მიყვანა რომან ,,დათა თუთაშხიას“ გაგებამდე.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ წერილის სათაური პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს, რათა რუს და რუსულენოვან მკითხველს თავიდანვე შეუქმნას იმის განწყობა, რომ მას, რომანის მთავარი პერსონაჟის, დათა თუთაშხიას სახით  საქმე აქვს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ გმირთან და არა სხვა რომელიმესთან, მაგალითად, - ეროვნულთან. 

  ახლა მივმართავ ამ წერილის რამდენიმე აბზაცის შინაარსობრივ ანალიზს, თან გზადაგზა მივუთითებ - რა ტიპის შეუსაბამობებია რუსული თარგმანის ტექსტსა და თვარაძისეულ წერილში დაფიქსირებულ ციტატებს შორის. მოვიყვან პირველ მოზრდილ ამონარიდს წერილიდან, რათა, კონტექსტის თვალსაზრისით, არ გაჩნდეს რაიმე ტიპის ეჭვი.

,,Все религии и наше евангелие мне понятны до тех пор, пока они говорят человеку, каким ему надлежит быть. А что дальше этого – некуда не годно и некому не нужно. И ведь что удивительно, в монахи идут, чтобы на это ненужное себя тратить. А для добрых дел надо жить мирской жизнью. В этом правда. Не по мне монашество.“
Это говорит человек, который фактически прожил всю свою жизнь как аскет и отшельник. Настоятельница монастиря Ефимия не понимала этого и потому настойчиво советовала Дате уйти в монастырь. Конечно же, Дата Туташхиа не аскет в ее понимании. Он проводил, правда, если не годы, так месяцы в своем убежище в полном одиночестве, почти полностью оторванный от внешнего мира, но эти периоды жизни героя мало интересуют автора. В романе  мы видим Дату Туташхиа в действии, в водовороте жизни (когда в эпиграфе первой части автор говорит - ,,и отвернулся Туташха от народа своего, перестал слушать стенания его“, - то он, конечно, имеет в виду не физический, а духовный отход от жизни: Дата Туташхиа по-прежнему живет среди людей,  но он настолько погружен в себя, что происходящее вокруг не трогает его). Именно такую его жизнь можно назвать подлинным аскетизмом. Потребности его минимальны, и он удовлетвлряет их лишь в той мере, в какой это необходимо для существования, и никакая житейская грязь не касается его чистой совести и безупречной честности. Далее: в водовороте, в хаосе жизни ум его остается независимым от всего мимолетного и преходящего, он постоянно занят одним вопросом, постоянно устремлен к единственной истине, сосоредоточен на ней одной“ (გვ.731).

  როგორც ვხედავთ, საანალიზო ციტატა ორაბზაციანია. პირველში მოცემულია დათა თუთაშხიას აზრი რელიგიებისა და რელიგიურობის შესახებ, რომელსაც პატივცემულმა რ. თვარაძემ, რატომღაც, ბოლო სიტყვა - Уйду (დედანში: წავალ მე) - მოაკლო, რომელიც გვხვდება რუსულ თარგმანში (стр.211). რომანის მთავარი გმირის მიერ წარმოთქმული ეს ბოლო ერთი სიტყვა, მისი პასუხის მთლიანობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუთაშხია აქ ბერობის ინსტიტუტის აბსტრაქტულ აზრობრივ (სიტყვიერ) უარყოფას კი არ ახდენს მხოლოდ, არამედ სხვაგან წასვლის (ერისკაცობა) პერსპექტივასაც აჟღერებს, ანუ რეალური არჩევანი აქვს და დარწმუნებულია სახვალიოდ გადასადგმელი ნაბიჯის სისწორეში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ბოლო ერთი სიტყვა (Уйду) ამ ციტატიდან შეგნებულადაა ამოგდებული (ძნელი სათქმელია, რ. თვარაძის თუ ცენზურის მიერ), ვინაიდან იგი ხელს უშლის რ. თვარაძეს (ან ცენზორებს) თუთაშხიასაგან ზნეობრივი გმირის გამოყვანის მისეულ (მათეულ) ლოგიკაში რუსი და რუსულენოვანი მკითხველის გასაგონ-დასარწმუნებლად. 

  მეორე აბზაცი წარმოადგენს აზრობრივად ურთიერთგამომრიცხავი წინადადებების ნაკრებს. მაგალითად, პირველ წინადადებაში რ. თვარაძე მკითხველს სთავაზობს დათა თუთაშხიას, როგორც ლიტერატურული გმირის შეფასებას ამ უკანასკნელის ზემოაღნიშნული პასუხის გამო რელიგიებისა და რელიგიურობის შესახებ (მივმართავ ჩემეულ თარგმანს): ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც, ფაქტიურად, მთელი ცხოვრება როგორც ასკეტმა და განდეგილმა, ისე იცხოვრაო. მეორე წინადადება გახლავთ პირველის გაგრძელება: მონასტრის წინამძღვარ ეფემიას არ ესმოდაო ეს და ამიტომ დაჟინებით მოითხოვდა მისგან მონასტერში წასულიყოო. შემდეგ წინადადებაში რ. თვარაძე ასკვნის: რა თქმა უნდა, დათა თუთაშხია არ არის ასკეტი, როგორც ეს დედა ეფემიას წარმოუდგენიაო.

  ანალიზი: პირველი წინადადება ღიმილის მომგვრელია - თუთაშხია ასკეტი და განდეგილი კი არა, არამედ დევნილი, მიმალვაში მყოფი (დიდი ხნის განმავლობაში) აბრაგი იყო, რომ არაფერი ვთქვა მის საეროვნო მიზნებსა და მათგან გამომდინარე კონკრეტულ ქმედებებზე. ეს ზოგადად. ახლა კი, კონკრეტულად: უპირველეს ყოვლისა, მკითხველის ყურადღებას სიტყვა მთელისადმი მივაპყრობ. დათა თუთაშხიას მთელი  ცხოვრება ერთფეროვანი - თანაც ასკეტური - არ ყოფილა. პირიქით, - იგი შინაარსობრივად განსხვავებული პერიოდებისაგან შედგებოდა: ა)აბრაგად თუთაშხია 19 წლის ასაკში გავიდა, 1885 წელს. მანამდე იგი მეჯოგე იყო. ცხადია, ამ პერიოდის ახალგაზრდა თუთაშხიაზე ვერავინ იტყვის ასკეტი და განდეგილი იყოო; ბ)1889 წელს, სეგედის შეფასებით, აბრაგი უკვალოდ გაქრა და იმავე სეგედის თქმით, მისი გვარი მხოლოდ 1893 წელს ამოტივტივდა (ერთდროულად) ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე გუბერნიის საიდუმლო პოლიციის მასალებში. დათა თუთაშხიას აბრაგობის პირველ ოთხწლიან პერიოდზე (1885-1889წწ.) ნაწარმოებში მასალები არ მოიპოვება. მისი თავგადასავლების პირველი მთხრობელი გახლავთ თიყვა ძაძუა, რომელიც ყუბანში, სტანიცა ბარაკაევკაში კასრის ფიცრების დასამზადებლად სეზონურ სამუშაოზე ჩადიოდა და რომელსაც თუთაშხიამ თავის შეფარების მიზნით ჩააკითხა იქ. აქედან გამომდინარე, აბრაგობის პირველ ოთხ წელიწადზეც ვერავინ იტყვის: ამ პერიოდში თუთაშხია როგორი იყო, - ასკეტი თუ განდეგილი, თუ ორივე ერთად. თუმცა, მოგვიანებით ზოგი მთხრობელისგან და თვით თუთაშხიასგანაც ცნობილი ხდება, რომ ზემოხსენებულ პერიოდში იგი, უპირველეს ყოვლისა, არკვევდა სამართლიანობის საკითხებს, ანუ აქტიური იყო. რაც შეეხება თუთაშხიას ჩრდილოკავკასიური ცხოვრების ოთხწლიან პერიოდს - ამის შესახებ ინფორმაცია ორი მთხრობელისგან გვაქვს - ზემოხსენებული თიყვა ძაძუა და ალექსი სნეგირი. ორივე მათგანისგან მონათხრობი ისტორიები არ ადასტურებენ აბრაგის ასკეტობასა და განდეგილობას. პირიქით, - ორივე შემთხვევაში თუთაშხია აქტიურია, ცხოვრების შუაგულშია; გ)საქართველოში დაბრუნებული თუთაშხია კვლავ აქტიურია: სეგედის თქმით, კავკასიის ჟანდარმერიის მიერ თუთაშხიას დასაჭერად ხუთი ათას მანეთიანი ჯილდოს გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ იგი ბრუნდება ქვეყანაში და ანარქისტ ბუბუტეიშვილთან ერთად ფოთში მევახშე კაჯა ბულავას არბევს. ამასთან დაკავშირებით მოვიგონოთ, თუ რას ამბობს ამ რომანის მთავარი მთხრობელი, გრაფი სეგედი: ,,მაშინ ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რამ იფეთქა ამ სახელიანი აბრაგის გულსა და გონებაში ისეთმა, რომ ძველებური ჟინით, გამჭრიახობითა და ენერგიით დაუბრუნდა საქართველოში საქმიანობასა და ცეცხლთან თამაშს...“ (გვ. 54). როგორც ვხედავთ, ნაწარმოების მთავარი მთხრობელი სრულიად სხვა აზრისაა აბრაგ დათა თუთაშხიაზე, ვიდრე კრიტიკოსი რევაზ თვარაძე, რომელიც, ფაქტიურად, რეალურ არგუმენტებს უვლის გვერდს და იმავდროულად იგონებს ან თხზავს საკუთარს. მთავარი მთხრობელისთვის დათა თუთაშხია ცეცხლთან (იმპერიული სახელმწიფო) მოთამაშე აბრაგია, ხოლო კრიტიკოსისთვის - ასკეტი და განდეგილი; დ)მთავრობასთან შერიგების შემდეგ, თუთაშხია საკუთარ კარმიდამოში მუშაობს (საკმაოდ წარმატებით) და საქმის სიმრავლიდან გამომდინარე არსად დადის. გარდა ამისა, ბეგლარ გვალიას მონათხრობის მიხედვით - დღეობები, ქორწილები, ნათლობები აბრაგისთვის არ იყო, ვინაიდან ხალხს ვერ ეგუებოდაო.  ცხადია, დღეობებზე, ქორწილებსა და ნათლობებზე უარის მთქმელი ასკეტად ვერ ჩაითვლება. თანაც, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ შერიგების პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, სახნოვის უხეში ჩარევის ,,წყალობით“); ე)ბოლოს კი, თუთაშხია ნებაყოფლობით მიდის ციხეში, სადაც ოთხ წელზე მეტ ხანს დაჰყოფს და მონაწილეობს იქ მოწყობილ აჯანყებასა და გაქცევაში. თუთაშხია ამ აჯანყების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და უშუალო ორგანიზატორი გახლდათ, ამიტომ მისი ცხოვრების არც ამ პერიოდზე ითქმის - პატიმრობაში იგი ასკეტი და განდეგილი იყოო; ვ)რჩება აბრაგის ცხოვრების ერთი პერიოდი, როცა იგი უარს ამბობს საზოგადოების რიგითი წევრების მხრიდან სიკეთე-ბოროტების ყოფით დონეზე გამოვლინებებისას პროცესებში უშუალო ჩარევაზე, რასაც ადრე აქტიურად მიმართავდა. აბრაგის ცხოვრების ამ პერიოდის ანალიზს ცოტა მოგვიანებით მივმართავ. 
       
  მეორე წინადადებაში ორი უზუსტობაა: ა)გააბრაგებულმა თუთაშხიამ ზემოთ ციტირებული აზრი რელიგიებისა და რელიგიურობის შესახებ დედა ეფემიასთან კი არა, მოხუც მორდეხისთან საუბრისას გააჟღერა. ამიტომ, ცხადია, ამ საკითხთან წინამძღვრის დაკავშირება უადგილოა და ბუნდოვანების ხელოვნურად შექმნას უწყობს ხელს; ბ)დედა ეფემიამ აბრაგს არა უბრალოდ მონასტერში წასვლა ურჩია, არამედ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა. აი, ციტატა რომანის რუსული თარგმანიდან: ,,Я помогу тебе... Тебя примет... под другим именем один из монастырей в России“ (стр. 492). აქ აშკარად ჩანს, რომ დედა ეფემია დათა თუთაშხიას, ფაქტიურად, რუსეთში გადაკარგვა-გადახვეწას ურჩევს და არა იმას, რასაც მონასტერში წასვლა ჰქვია.

  მესამე წინადადებაში რ. თვარაძე, მართალია, ამბობს, რომ დათა თუთაშხია არ არის ასკეტი იმ გაგებით, როგორადაც ეს დედა ეფემიას წარმოუდგენიაო, მაგრამ იქვე არ გვიხსნის, თავად სად და რაში ხედავს აბრაგის ასკეტობას. ამას იგი მოგვიანებით აკეთებს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებულ ჩემეულ ანალიზსაც მოგვიანებით მივმართავ.
 
  საანალიზო ამონარიდის მეორე აბზაცის მეოთხე წინადადებაში რ. თვარაძე წერს, რომ აბრაგი თუთაშხია, თავის თავშესაფარში, სრულ სიმარტოვეში, გარე სამყაროსგან თითქმის სრულიად მოწყვეტილი ატარებდა თავისი ცხოვრების წლებს თუ არა, თვეებს მაინცო, მაგრამ გმირის ეს პერიოდები რომანის ავტორს ნაკლებად აინტერესებსო. ამასთან დაკავშირებით ვიტყვი შემდეგს: ა)საქმეში ჩახედულ მკითხველს თვარაძისეული ეს წინადადება მხოლოდ გააღიმებს, ვინაიდან რომანში ასეთი რამ არ გვხვდება, - მთავარი გმირი არც თავშესაფარშია, არც სრულ სიმარტოვეში, მით უფრო, არც გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი; ბ)ვრცელი რომანის ავტორს ისეთი რა სირთულე უნდა წარმოქმნოდა, ნაწარმოებში სადმე ვერ მიეთითებინა - როდის ან რომელ თავშესაფარში, თანაც რა ხნის მანძილზე იმალებოდა აბრაგი თუთაშხია; გ)რეალურად, სახელმწიფოს მხრიდან დათა თუთაშხიას მოუხელთებლობა ამ უკანასკნელის მიერ საცხოვრებლის ხშირ ცვლას უკავშირდება და არა აბრაგის ერთ ადგილზე ცხოვრებას, როგორი შენიღბულ-დაცულიც არ უნდა ყოფილიყო მისი ეს თავშესაფარი.

  ახლა ვნახოთ მეხუთე, გრძელი წინადადება, ფრჩხილებში მოქცეული ნაწილის ჩათვლით: ა)აქ რ. თვარაძეს მოჰყავს ციტატა რუსული თარგმანის პირველი თავის (ГЛАВА ПЕРВАЯ) ეპიგრაფიდან:  ამ ციტატაში იგი ახსენებს ,,Туташха“-ს, რაც რომანის რუსულ თარგმანში არ გვხვდება. თარგმანის ზემოხსენებული ეპიგრაფის ბოლოს წერია შემდეგი: ,,И отвернулся от народа своего, перестал слушать стенания его“ (стр. 8). ცხადია, ,,Туташха“-ს მოუხსენიებლობა თარგმანის ამ ნაწილში ან ხსენება თვარაძის წერილში აზრობრივად არაფერს ცვლის არც თარგმანსა და არც წერილში, მაგრამ ისმის სხვა, საფუძვლიანი კითხვა: რ. თვარაძემ თავისი წერილი რუსული თარგმანის მიხედვით დაწერა თუ დედნის (ორიგინალი) საფუძველზე? ყველა წესის მიხედვით, მას ეს წერილი რუსულ თარგმანზე დაყრდნობით უნდა შეექმნა, გაეთვალისწინებინა ამ თარგმანის სპეციფიკა და ციტატებიც აქედან გამომდინარე მოეტანა მასში. თუმცა, ძნელი სათქმელია, - ყოველივე ეს რ. თვარაძის თუ საბჭოთა იმპერიული ცენზურის შეუსაბამობებია. მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიტყვი: შესაძლოა რ. თვარაძის ეს წერილი თავიდანვე ქართულად დაიწერა (რომანის დედნის და არა თარგმანის მიხედვით), შემდეგ ითარგმნა რუსულად, ბოლოს კი, ცენზურამ იგი იდეურად მოარგო საბჭოთა მრავალეროვნული (იმპერიული) სახელმწიფოსა და ერთპარტიული ხელისუფლების მოთხოვნებს ისე, რომ თარგმნილ ტექსტთან ამ წერილის ნიუანსების შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება არც გახსენებიათ; ბ)ფრჩხილებში მოყვანილ წინადადებაში რ. თვარაძე მითოლოგიურ თუთაშხას რეალურ თუთაშხიასთან აიგივებს და ამას წიგნის ავტორს ,,აბრალებს“: ავტორს აქ მხედველობაში აქვსო გმირის არა ფიზიკური, არამედ სულიერი დაშორება ცხოვრებისგანო: დათა თუთაშხია უწინდებურად ადამიანებს შორის ცხოვრობსო, მაგრამ ის იმდენად ჩაფლულია თავის თავში, რომ მის გარშემო მომხდარი ამბები მას არ აღელვებსო. ეს გახლავთ რომანის მთავარი გმირის მოქმედებებისა და ქცევის უკუღმართული გაგება, მცდელობა, - აბრაგის ცხოვრების ერთი ეტაპის ამგვარი ახსნისა. ყველაფერი პირიქითაა, -  ამ ეტაპზე დათა თუთაშხია მხოლოდ ფიზიკურ ჩარევაზე ამბობს უარს და მისი ასეთი ქცევები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სულიერი უკუსვლა. აბრაგის თავს გადამხდარი ისტორიები მისივე გულსა და გონებაში მძაფრად აისახებიან და მას აქტიური, ზოგადი სახის ანალიზისაკენ უბიძგებენ. სხვაგვარად რომ ვთქვა, თუთაშხიას ცხოვრების ამ ეტაპს არ შეიძლება ეწოდოს духовный отход от жизны. აქ - не трогает его - არასწორია. დუქანში დატრიალებული, კიკუსთან დაკავშირებული ისტორია გავიხსენოთ და აბრაგის პოზიცია ამ ისტორიაში: ,,არაა ჩემი საქმე. აღარაფერი აღარაა ჩემი საქმე, თუ მე არ მეხება, მე! ეგენი არც ერთი არაა ჩემი ჩარევის ღირსი. მივა კიკუ ამაღამ მაგასთან. რომ ჩავერიო, არ მივიდეს, იქნება, მაგრამ უარესს შვრებიან მერე. ვიცი ეს! - თუთაშხია დადუმდა, ხელი ჩაიქნია და დასძინა: გავათავე ეგენი მე!“(გვ.164). აქ აშკარად ჩანს, რომ მთავარი გმირი უკიდურესად გაწბილებულია, თან გაგულისებული და უარს მხოლოდ ფიზიკურ ჩარევაზე ამბობს. ამასთან, ეს არის მოცემულ კონკრეტულ პროცესში ჯიბრით არ ჩამრევის და არა ხელჩაქნეულის პოზიცია. მოცემულ სიტუაციაში აბრაგს შინაარსობრივად უფრო მოკლედ, თანაც მშვიდი ინტონაციით რომ გადმოეცა თავისი პოზიცია, მაშინ იქნებოდა შესაძლებელი მავანს ეთქვა - ,,...происходящее вокруг не трогает его“. გარდა ამისა, მთავარი გმირის მიერ ამ სიტუაციაში ხელის რეალური ჩაქნევა (სულიერი უკუსვლა) ნაწარმოების დასრულების ტოლფასი იქნებოდა.
   
  მეექვსე და მეშვიდე წინადადებაში რ. თვარაძე მიმართავს აბრაგის ასკეტური ცხოვრების დახასიათებას. იგი ამბობს (ჩემეული თარგმანი): სწორედ მის ასეთ ცხოვრებას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი ასკეტიზმი. მისი მოთხოვნები მინიმალურია და იგი მათ იკმაყოფილებს მხოლოდ იმ ზომით, რაც არსებობისთვისაა აუცილებელიო. ამის შემდეგ, პატივცემული კრიტიკოსი, მისივე რწმენით, ლამის წმინდანად აცხადებს აბრაგს - ... და ვერავითარი ყოველდღიური ჭუჭყი ვერ ეკარება მის სუფთა სინდისსა და უმწიკვლო პატიოსნებასო.
 
  მივმართოთ ამ წინადადებების ანალიზს თანმიმდევრობით: ა)თუთაშხიას მრავალეტაპიანი ცხოვრების ეს ერთი ეტაპი ასკეტური არ იყო, უფრო პასიური. ამის თაობაზე რ. თვარაძე თავად მიუთითებს ამავე წერილში: ,,Дата Туташхиа же тем временем прошел долгий путь духовной эволюции. Начал он с того, что во всех случаях старался быть защитником правды; потом, отчаявшись, ополчился в душе на все человечество, избрал пассивную позицию, решил не вмешиваться ни в чьи дела...“ (стр.734). როგორც ვხედავთ, ამ ციტატაში პატივცემული რ. თვარაძე პირდაპირ აცხადებს: დათა თუთაშხიამ თავისი ცხოვრების მორიგ ეტაპზე აირჩია პასიური პოზიციაო, - გადაწყვიტა აღარ ჩარეულიყო არავის საქმეშიო. აშკარაა, - რ. თვარაძის ამ ბოლო, მცირე ზომის ციტატაში სხვა ლოგიკაა მოცემული, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილი პირველი, ვრცელი ამონარიდის ლოგიკას. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ განსახილველი წერილის უმთავრესი დებულებების შექმნა-ჩამოყალიბებაში რ. თვარაძეს, სავარაუდოდ, ცენზურა ,,დაეხმარა“; ბ)აზრი იმის თაობაზე, რომ - Потребности его минимальны, საღიმილოა და პროლეტარის აღწერა-დახასიათებას ჰგავს. გავიხსენოთ  პორუჩიკი ანდრიევსკი, რომელიც ნაწარმოების დასაწყისში, სხვა თვისებებთან ერთად, ასეთ რამესაც ამბობს თუთაშხიაზე: ,,კოხტად, მოხდენილად იცვამს. უყვარს შავი ფერის ქართული ჩოხები და ხშირად იცვლის ერთიმეორეზე უკეთეს ცხენებს. ერთი სიტყვით, მის არისტოკრატ თანამემამულეთაგან თითქმის არაფრით განსხვავდება“(გვ.15). შესაბამისად, თუ ნაწარმოების ავტორი დასაწყისშივე ამცნობს მკითხველს მთავარი გმირის ხასიათის უმნიშვნელოვანეს (არისტოკრატიული) ნიშნებს, ასეთი გმირი ლიტერატურული ტექსტის პირველივე მესამედში (დაახლოებით 700 გვერდიანი რომანის მეორასე გვერდის მიდამოები) სრულიად განსხვავებულ ვინმედ, თანაც თავისთავად, ვერ გარდაიქმნება (ცნობისათვის: რომანის მთავარი გმირის ანალოგიური შეფასებები ნაწარმოებში სხვაგანაც გვხვდება, სხვადასხვა მთხრობელების მხრიდან დაფიქსირებული). ამასთან დაკავშირებით მოვიყვან დამატებით არგუმენტებს: გავიხსენოთ გიგო ტატიშვილის ნაამბობი, რომელსაც მოსაღამოვებულზე დურუ ძიგუას დუქანში მიმავალი იასე ბერი და დათა თუთაშხია წამოეწევიან. ტატიშვილი ასე ყვება მეორე მგზავრზე, რომელიც ბერთან ერთად მიდიოდა: ,,...მეორე - მგზავრი, რიგიანად ჩაცმულ-დახურული ახალგაზრდა კაცი. ნაბადქვეშ ძვირფასი ქამარ-ხანჯალი და ხისბუდიანი მაუზერი შევნიშნე“(გვ.147). როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე, რომელსაც რ. თვარაძე ასკეტურს უწოდებს, თუთაშხია მინიმალური მოთხოვნებით არ ცხოვრობს. გარდა ამისა, აბრაგის ცხოვრების ამავე ეტაპს განეკუთვნება მისივე მოგზაურობა თბილისში, რომელ მოგზაურობაზეც რთულია ითქვას - თავის საარსებო მოთხოვნებს, თითქმის თვენახევრის მანძილზე, იგი მინიმალურ დონეზე იკმაყოფილებდა. ასევე: ცნობილია, რომ ამ მოგზაურობის დაწყებამდე აბრაგმა მოხუცი მორდეხისგან ათი ათასი ისესხა. თბილისში ჩასულმა აბრაგმა ადვოკატ ხურციძეს მასთანვე გამართული ზეპირი მორიგება-მოლაპარაკების დასასრულს, გარიგების საბუთის გაფორმებამდე, წინდაწინ შესატანი თანხის შესახებ უთხრა შემდეგი: ,, - ოცი ათასი თუ კმარა? ოცდაათი მაქვს თან სულ. ათ ათასს დავიტოვებ, იყოს მაინც’’(გვ.211). როგორც ამ საუბრიდან ჩანს, თბილისში სამოგზაურო საერთო თანხის (ოცდაათი ათასი) მხოლოდ მესამედის წარმოშობის წყაროა ცნობილი მკითხველისათვის - მოხუცი მორდეხი. დანარჩენი ოცი ათასის შესახებ ცნობები არ გვაქვს. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის დაზუსტებას, ეს ოცი ათასიც სესხი იყო თუ აბრაგის პირადი თანხა. მთავარი, ამ შემთხვევაში, სხვა რამეა - თუთაშხიას, მისი ცხოვრების ამ ეტაპზე საკმაოდ მსხვილ თანხებთან ჰქონდა წვდომა. შედარებისთვის ვიტყვი: მუშნი ზარანდია გადაბირებული, მრავალშვილიანი ოჯახის პატრონ ბონია მეწისქვილეს თვეში თხუთმეტ მანეთს უხდიდა, ხოლო მეორე გადაბირებულს - მოსე ჯაგალია - სამ მანეთს. ეს კი, თავის მხრივ, იმის დასტურია, რომ აბრაგი, მატერიალური თვალსაზრისით, არსებობისთვის აუცილებელი მინიმალურის დონემდე არ დაშვებულა. ნაწარმოებში არც იმაზეა საუბარი, რომ თუთაშხიას არსებობისათვის საჭირო ფულადი სახსრები, მართალია, გააჩნდა, მაგრამ შეგნებულად ცდილობდა მცირედით დაკმაყოფილებულიყო; გ)რა მიზანს ემსახურება ბოლო წინადადადება - ...და ვერავითარი ყოველდღიური ჭუჭყი ვერ ეკარება მის სუფთა სინდისსა და უმწიკვლო პატიოსნებას? პასუხი: იმპერიის მესვეურებმა, მათმა ცენზურამ ვერ მოახერხეს რომანის რუსულ თარგმანში ეროვნული სულისკვეთების მქონე ტექსტების სრულად წაშლა, ამოძირკვა, ამიტომ ისინი განმარტებითი ხასიათის წერილის მეშვეობით (თანაც ქართველი კრიტიკოსის ავტორობით) შეეცადნენ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ეროვნული გმირის ნაცვლად სუფთა სინდისისა და უმწიკვლო პატიოსნების მქონე ზნეობრივ გმირად წარმოეჩინათ მეტროპოლოლიის (არა მარტო) ფართო მკითხველის თვალში; დ)აქ წარმოდგენილ ა, ბ, გ პუნქტებში დაფიქსირებული ჩემეული ანალიზი რ. თვარაძის მოსაზრებების კრიტიკა-ანალიზია. ახლა კი, პატივცემულ მკითხველს შევთავაზებ ნაწარმოების ლოგიკიდან გამომდინარე ანალიზს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ აბრაგ დათა თუთაშხიას ასკეტიზმთან და განდეგილობასთან არაფერი აკავშირებდა: ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ მუშნი ზარანდიას გადასვლამ  ჟანდარმერიაში (თუთაშხიას გააბრაგებიდან ხუთი წლის შემდეგ) მისი ბიძაშვილის მანამდელი ურთიერთობა ხალხთან (მეტ-ნაკლებად ჰარმონიული) შეცვალა, თუმცა, მეტი სიზუსტით იმის თქმაც შეიძლება, რომ სიტუაცია ისედაც იცვლებოდა (სეგედის სიტყვები, - ,,...უწყვეტი და მარადისი მზისა ქვეშე არაფერია...“), უბრალოდ ჟანდარმმა ეს პროცესი დააჩქარა და თუთაშხიასთვის გაუსაძლისად აქცია. სწორედ აქედან გამომდინარე აკეთებს დათა თუთაშხია ამ რთული პერიოდის შემაჯამებელ დასკვნას მორდეხისთან საუბრისას: ,, - ისეთი და იმდენი მოხდა ჩემს ახლომახლოს ადრეც და ბოლო ხანებშიც, რომ ვერ გამოვიტანე აზრი, რა ვქნა და როგორ ვიყო მერე. ეს უნდა ვიცოდე მე, არ შემიძლია სხვაფრად“ (გვ. 205). ალბათ, პატივცემული მკითხველი, აბრაგის ამ დასკვნასთან დაკავშირებით ორ რამეში დამეთანხმება: ა)ერთი მხრივ, იმაში, რომ ეს გახლავთ აბრაგის უკანონო ცხოვრების საკმაოდ გრძელი პერიოდის (ზარანდიას ჟანდარმერიაში გადასვლიდან დაწყებული) შემაჯამებელი დასკვნა; ბ)მეორე მხრივ, ამ დასკვნაში არსად არ არის არც ასკეტიზმი და არც განდეგილობა. ეს დასკვნა გახლავთ ჟანდარმის მიერ დევნილი აბრაგის კუთხეში მიმწყვდევის აღიარება დევნილისავე მხრიდან. აბრაგ დათა თუთაშხიას თვარაძისეული ასკეტიზმისა და განდეგილობის ნარატივი აქ დამთავრებულიცაა და დასრულებულიც. თუმცა, საკითხი ამით არ ამოიწურება. ეს ლოგიკა, სათანადო ახსნა-განმარტებების გზით ბოლომდე მიყვანას ობიექტურად ითხოვს: კუთხეში მიმწყვდეული აბრაგისთვის არავითარი აზრი აღარ აქვს ადრინდელ სიბრტყეზე, წინანდელ განზომილებებში დარჩენას. სწორედ ამიტომ, იგი მიმართავს ამ სიბრტყის შეცვლას - დედაქალაქის ინტელექტუალურ გარემოში შესვლას (გარკვეული დროით) თავისი პირობებით, როგორც ფინანსურად, ისე დღის წესრიგის დონეზე (,,სადაც წახვალთ - წამიყვანეთ მეც. ვისთანაც ატარებთ დროს - გამაცანით ის ხალხი...“გვ. 208). აბრაგს ეს გეგმა უკვე ჰქონდა, როდესაც მოხუც მორდეხის ესტუმრა, რაც მოხუცთან დაწყებული საუბრის გაგრძელებისას ჩანს: ,,წავალ, გული უნდა გადავაყოლო რამეს. საქნელი, რაც არის და რასაც ვეძებ, ის, იქნებ, მე რომ მივდივარ, იქაა და მე რომ მინდა ვქნა, იმაშია სწორედ? ნახვა უნდა ამას...“ (გვ.205). ამის შემდეგ თუთაშხია მორდეხის ათი ათას სთხოვს სესხად. როგორც ვხედავთ, დათა თუთაშხიას ინტერესი, მის გარშემო შექმნილ რთულ ვითარებაში, მომავალ საქნელს უკავშირდება და არა ასკეტიზმსა და განდეგილობას. ეს საქნელი კი, თავის მხრივ, უკავშირდება იმპერიის ტყვეობაში მყოფ სამშობლოს, მის აწმყოსა და მომავალს და იგი, როგორც დევნილი აბრაგი მზადაა ამ საქმის (საერო) ერთი, საწყისი ნაწილი სესხით დააფინანსოს. 
                       
  ვნახოთ მორიგი ამონარიდი: ,,в общем эпиграфе к роману о Туташхе сказано: был он ,,духом собирательним“. Согласно же эпиграфу ко второй части, ужасный дракон тоже ,,дух собирательный“. Это обстоятельство, несомненно, подтверждает то, о чем уже говорилось выше, - ,,Дата Туташхиа“ может быть прочитан как в эмпирическом, так и в духовном плане (как книга о внутренней борьбе добра и зла): Туташхиа борется с драконом, и арена этой борьбы – внутренная сущность всего человеческого рода или отдельной личности (в духовном плане) и весь мир (в эмпирическом плане).
Мы подошли к наиболее сложному вопросу. Земное воплощение Туташхи – Дата Туташхиа. В мифологическом плане Туташхиа противостоит дракону. Кому же в эмпирическом плане противостоит Дата Туташхиа? Ведь земное воплощение дракона тоже непременно должно существовать, это предопределено всей внутренней логикой романа (не с обобщенным же, отвлеченным злом борется конкретный Дата Туташхиа). Этот вопрос не случайно представляется самым сложным, головоломным. Ибо не так-то просто обьявить Мушни Зарандиа земным воплощением ужасного дракона – символа зла.“ (стр.732).

  ანალიზი: ა)თუ ვნახავთ რომანის რუსული თარგმანის საერთო ეპიგრაფს, იქ არ წერია ის, რასაც ამ ამონარიდის პირველი აბზაცის პირველ წინადადებაში გვთავაზობს პატივცემული რ. თვარაძე. თარგმანის საერთო ეპიგრაფში წერია შემდეგი: ,,Не будучи человеком во плоти, был он, однако, духом человеческим, во глубинах души обитавшим и во все составы ее входящим” (стр. 5). როგორც ვხედავთ, რომანის რუსულ თარგმანში მოცემულია дух человеческий, ხოლო თვარაძის წერილში - дух собырательний. დედნისეული გახლავთ თვარაძის ვარიანტი, მაგრამ პატივცემული რ. თვარაძე თვითნებურ თარგმანს ვერ შესთავაზებდა მკითხველს, მას ეს ციტირება თარგმნილი ტექსტიდან უნდა მოეხდინა. შესაბამისად, ნაწარმოების რუსული თარგმანისა და განსახილველი წერილის ტექსტებს შორის იგრძნობა ცენზორების  მიერ გაწეული ,,შრომა“.  ამ ,,შრომის“ შედეგი ისაა, რომ რომანის რუსულ თარგმანში დედნისეული კრებითი სული ადამიანური სულით ჩანაცვლდა ისე, რომ რ. თვარაძის წერილში არსებული მართებული ვარიანტი არც გახსენებიათ და თარგმნილ ტექსტთან მისი შესაბამისობაში მოყვანა არც უცდიათ; ბ)იგივე ციტატის პირველი აბზაცის მეორე წინადადება და რუსული თარგმანის მეორე თავის ეპიგრაფის შესაბამისი წინადადება ასევე ურთიერთგანსხვავებულია: ,,Но был он, однако, не только зверем, но и созданием, ибо гнездился в глуби души человеческой и был основой всех составов ее”(стр. 149). როგორც ვხედავთ, საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იყო კრებითი სულის ხსენება-დაფიქსირება. ერთი მხრივ, ეს არცაა გასაკვირი - ისინი ხომ ათეიზმს ქადაგებდნენ. მეორე მხრივ, ეს გახლავთ ხელოვნური ბუნდოვანების შექმნისა და მკითხველი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობები; გ)პირველი აბზაცის მესამე წინადადება, როგორც გამოჩნდება მსჯელობისას, რ. თვარაძის ამ წერილში უმთავრესია, ვინაიდან პატივცემული კრიტიკოსი აქ ცდილობს ხელოვნურ აქცენტირებას და იმის დასაბუთებას, რომ წიგნი ,,დათა თუთაშხია“, თურმე, შესაძლებელია წაკითხულ იქნას, როგორც სიკეთისა და ბოროტების შიგა ბრძოლა. ამ ბრძოლის ასპარეზი, წერილის ავტორის აზრით, არის ადამიანთა მთელი მოდგმის ან ცალკეული პიროვნებების შიგა სამყარო. რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? პირველი: მიუხედავად იმისა, რომ რ. თვარაძე თავის წერილში აღიარებს რომანის მთავარი გმირის სულიერი ევოლუციის ეტაპობრიობას (გვ. 729, 734), იგი, ამ წინადადებასა და წერილში საერთოდ, არაფერს ამბობს იმაზე, დათა თუთაშხიას, როგორც ლიტერატურულ პერსონაჟს სხვა საკითხებთან მიმართებაშიც რომ აქვს გავლილი პიროვნული ზრდის გარკვეული ეტაპები: ,,ა)სიკეთის ქმნის ბუნებრივი, შეიძლება ითქვას, რამდენადმე გულუბრყვილო გაგებიდან, მოყვასის გულისათვის მსხვერპლად მისვლის იდეის გაცნობიერება-განხორციელებამდე; ბ)ცალკეული პიროვნებების ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნიდან ადამიანთა ფართო მასების ფსიქოლოგიის შეცნობა-გაგებამდე; გ)სამართლიანი აბრაგის ამპლუადან ერისკაცობამდე“ (იხ. ანანია ბროველი, დათა თუთაშხიას პიროვნული ზრდა, როგორც საფრთხე იმპერიული სახელმწიფოსათვის. ,,ჭოროხი“ #6. 2009.) გარდა ამისა, პატივცემულ რ. თვარაძეს არ სურს გაიხსენოს ის, რომ რომანს ერთ უძლიერესს ხაზად გასდევს მისი პერსონაჟების მსჯელობები იმპერიულ სახელმწიფოსა და მის უბოროტეს ბუნება-გამოვლინებებზე და რომ ამ საკითხებზე ამავე პერსონაჟების ერთი ნაწილი დათა თუთაშხიასთან ერთად კავკასიის ჟანდარმთა შეფსაც კი ღიად, პირდაპირი ტექსტით ესაუბრნენ დაპყრობილი მცირერიცხოვანი ერების პრობლემებთან დაკავშირებით, რაც რუსულ თარგმანშიაც (დიდწილად უცვლელად) გვხვდება; მეორე: ,,დათა თუთაშხია“ როგორც წიგნი არ ეძღვნება სიკეთისა და ბოროტების შიგა ბრძოლას. ეს ნონსენსია. რატომ? თუ აბრაგი თუთაშხიას ცხოვრება ევოლუციურია პიროვნულ დონეზე, ასეთი რამ არ ითქმის მუშნი ზარანდიაზე, ვინაიდან ნაწარმოებში ჟანდარმის მხრიდან ,,внутренная борьба“ არანაირი ფორმით არ ვლინდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წიგნი არ ეძღვნება სიკეთისა და ბოროტების შიგა ბრძოლას. ამასთან დაკავშირებით მოვიყვან დამატებით არგუმენტს: ნაწარმოების დასაწყისში რომანის მთავარი მთხრობელი, გრაფი სეგედი, მკითხველს ამცნობს იმის შესახებ, რომ წიგნი ეძღვნება ორ ძლიერ პიროვნებას - აბრაგ დათა თუთაშხიას და მის მამიდაშვილს, პოლკოვნიკ მუშნი ზარანდიას, მათ ცხოვრებასა და ურთიერთობასო. აქედან გამომდინარე, თუ წიგნი ეძღვნება ზემოხსენებულ ორ პიროვნებას, ხოლო მათგან ერთს საერთოდ არ ახასიათებს შინაგანი ბრძოლა კეთილი და ბოროტი საწყისების დონეზე, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ,,книга о внутренней борьбе добра и зла“. კიდევ ერთი არგუმენტი ასეთია: როცა ზარანდიამ ინფორმაციის სამსახური შექმნა და პროექტი შესამოწმებლად სეგედის წარუდგინა, მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:
,, - ბატონო ზარანდია, თქვენ თქვით, ამ ღონისძიების ზნეობრივ მხარეზე სრულიადაც არ დავფიქრებულვარო. მართლა ასეა?
  - დიახ. არც რომელიმე სხვა ღონისძიების ჩატარების წინ მიფიქრია ზნეობრივ მხარეზე. მე ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, ხოლო როგორ, რა ხერხით, რა საშუალებით უნდა გაკეთდეს, ამას ინტუიცია მკარნახობს. ამ ნაკარნახევს ჩემივე ზნეობის ნორმებთან არასდროს ვათანხმებ. რახან ინტუიციამ ასე მიკარნახა, მაშასადამე, ზნეობასთანაც ქვეცნობიერად, ჩემს უნებურად შეთანხმებულია, - მითხრა ზარანდიამ“ (გვ.183).
ეს კითხვა-პასუხი ადასტურებს: ზარანდიას შემთხვევაში ,,внутренная борьба добра и зла“ შეუძლებელია. შესაბამისად, რევაზ თვარაძის მცდელობა, წიგნი ,,დათა თუთაშხია“ წარმოაჩინოს როგორც სიკეთისა და ბოროტების შიდა ბრძოლად, უსაფუძვლოა;
დ)ახლა განვიხილოთ მეორე აბზაცის მთავარი აზრი: ,,Земное воплощение Туташхи – Дата Туташхиа. В мифологическом плане Туташхиа противостоит дракону. Кому же в эмпирическом плане противостоит Дата Туташхиа?“ აქ, მეორე წინადადებაში, Туташхиа-ს ნაცვლად უნდა იყოს - Туташха. მთავარი კი ისაა, რომ დიდი ხნის მანძილზე დათა თუთაშხია მუშნი ზარანდიას კი არ ემეტოქეობებოდა, არამედ ხალხის, უბრალო ადამიანების ქომაგი იყო, სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების საკითხებით იყო დაკავებული,  ძალადობით ლელოს გამტან კაცებს ებრძოდა, პოლიციას კუკუდამალობანას ეთამაშებოდა და ა.შ. თბილისის ინტელექტუალურ გარემოში მოხვედრილს კი რეალურად (თანაც მრავალმხრივად) დაანახეს ბოროტების სათავე - იმპერიული სახელმწიფო. ამის შემდეგ თუთაშხიას ქმედებები, გარკვეულწილად, იცვლება, მათ შორის იმპერიულ სახელმწიფოსთან მიმართებაშიც. იმავდროულად, მან იცის, რომ პოლიციელებს შორის არის ვიღაც ერთი, ჭკვიანი ჟანდარმი, თუმცა დიდი ხნის მანძილზე ვერ აზუსტებს - ვინ არის იგი. ამ პოლიციელის ვინაობას  თუთაშხია, ფაქტობრივად, ნაწარმოების დასასრულს, ბონია მეწისქვილესთან საუბრისას იგებს. შესაბამისად, აბრაგს არ შეეძლო განეხილა ზარანდია დასაპირისპირებელ სუბიექტად, თუმცა ვარაუდის დონეზე ეჭვი სწორედ მის მიმართ ჰქონდა. გავიხსენოთ, თუ რას ეუბნება თუთაშხია თავის მეგობარ იალქანიძეს ნაწარმოების დასასრულს: ,, - სანდო კაცის ნათქვამია, მარა სხვა ადგილიდანაც უნდა გავიგო და მაშინ დავიჯერებ საბოლოოდ. ამ ჩავლაზე უნდა ვნახო ის კაცი... - თუთაშხიამ იალქანიძეს შეხედა, მეტად გაფაციცებული მოლოდინი დაინახა და დასძინა: - ჩემი მამიდაშვილი - მუშნი ზარანდია!“ (გვ. 655). ის კაცი, ვინც ამ ჩავლაზე უნდა ნახოს აბრაგმა გახლავთ ბონია მეწისქვილე, რომელიც მასთან შევლილ თუთაშხიას საუბრის დასასრულს მოახსენებს, რომ წისქვილი მას ზარანდიამ შეაძენინა და რომ ძალიან ბოროტი კაცია პოლკოვნიკიო და თუთაშხიას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. როგორ განიხილავდა დათა თუთაშხია მუშნი ზარანდიას? გავიხსენოთ, თუ როგორ იხსენებს  ბეგლარ გვალია თუთაშხიას ნაამბობს სულელი პოლიციელების შესახებ:,,სანამდე ყუბანში გადავიდოდი, იქამდე ვისწავლე მათი ხრიკები. იმიტომ ვისწავლე ადვილად, თვარა, ერთი ჭკვიანი ჩაერია საქმეში და მას მერე რამდენჯერმე მოვტყუვდი პატარა ბიჭივით. იმ ერთის მეტი მაგათში არავინ არ ღირს არაფრად. აბრაგებს კი არა, ინდაურებს უნდა დევდნენ მაგენი. ეს ერთი ვიღაცაა, მართლა კაცია და ჩემი გაფუჭება მისი ხელით იქნება - ვიცი მე ეს. თუ გავიგე როდისმე, ვინაა ის კაცი, აღთქმა მაქვს დადებული: ძღვენი უნდა მივართვა, დიდი ძღვენი... კარგზე კარგი ცხენი იქნება, ალბათ, ან სხვა რამ კიდევ: მასეთ კაცს დაფასება ჭირია, ასე მწამს მე“ (გვ.304). როგორც ვხედავთ, თუთაშხია ზარანდიას მეტოქედ არ განიხილავდა, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ცხენის ჩუქების საკითხში აბრაგმა მნიშვნელოვანი კორექტივი შეიტანა მისი განხორციელების მომენტისთვის - კი არ აჩუქა, არამედ მიუყვანა მხოლოდ, თვალის შესავლებად, რათა მოგვიანებით ,,ნაქურდალი“  პოლიციას პატრონისთვის დაებრუნებინა. აქ აუცილებელია კიდევ ერთი ციტატის მოყვანა, რომელიც უკავშირდება დათა თუთაშხიასა და მისი ბალყარელი ძმადნაფიცის ბილალ ზანკშის საუბრის ერთ ნაწილს: ,,იმ კაცმა სამი წლის წინ იცოდა, მისთვის ძღვენი რომ უნდა მიმერთმია. განზრახ ისეთ ხალხში ვთქვი, ამბავს რომელიც მიუტანდა. ყველაფერი იცის მან: ვისი ცხენია, ვინ მოიპარა და რა გზებით უნდა მივიყვანო საქართველოში. თუ ხედავ, ჩემი კიდევ ერთი გზა მე თვითონ გავაგებინე - გააკეთოს თავისი საქმე. არაფერი გამოუვა ისევ. თვითონ თუ ვერ დარწმუნდა, რომ ვერ მჯობნის და თუ ვერ მიხვდა, რატომ ვერ მჯობნის - ხალხი დარწმუნდება და ერთხელ კიდევ დაინახავს, ავი საქმე კარგ საქმეს ვერ აჯობებს საბოლოოდ“ (გვ.648). დათა თუთაშხიას ეს სიტყვები იმის დასტურია, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო და მისი ერთი აღზევებული მოხელე ყოვლის შემძლენი არ არიან, ხოლო, მეორე მხრივ, აბრაგი საუბრობს ჟანდარმის დარწმუნებაზე, იმაზე, რომ მუშნის პირადი, საჟანდარმე რესურსი  არ არის საკმარისი ქვეყნის ტერიტორიის ყოველი მონაკვეთის გასაკონტროლებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით ვიტყვი შემდეგს: თუ პატივცემული რ. თვარაძე თავიდან თუთაშხიას დაპირისპირებაზე საუბრობს ზარანდიასთან მიმართებაში, ბოლოსწინა 734-ე გვერდზე საპირისპირო აზრს ავითარებს: Всю жизнь состязался и боролся Мушни Зарандия с Датой Туташхиа (когда скрыто, а когда явно)“, რაც კვლავ და კვლავ გაღიმებას იწვევს.

  ვნახოთ მორიგი ამონარიდი: ,,И только тогда оказался обреченным на поражение Мушни Зарандиа, когда Дата Туташхиа понял, что уничтожить зло насилием – невозможно, что его нужно превратить в добро. А сделать это дано лишь тому, кому под силу самопожертвование ради ближнего“ (стр.734).

ანალიზი: ა)პირველი წინადადება სრული ჭეშმარიტებაა ზოგად დონეზე, თუმცა, კონკრეტულ დონეზე მიჩქმალულია უმთავრესი: მუშნი ზარანდია ვინმე ყოფითი დონის ბოროტი კი არ არის, არამედ დამპყრობელი ქვეყნის სამსახურში აღზევებული ბოროტია, ანტიეროვნული ძალაა, რომელიც აძლიერებს იმპერიულ სახელმწიფოს ინდივიდუალური, პიროვნული რესურსით, ასევე - გადაბირებული თანამემამულეებით, მათი მოსყიდვა-გამოყენებით ამავე იმპერიის სასარგებლოდ და იმავდროულად, - საკუთარი ქვეყნის საზიანოდ. სწორედ ამ ბოროტების დამარცხების მიზნით დათა თუთაშხია უარს ამბობს ძალის უწინდებურ გამოყენებაზე (მოსე ჯაგალია, ბონია მეწისქვილე და სხვები) აწ უკვე გადაბირებულებთან (ჟანდარმის მიერ) მიმართებაში და მათთან ურთიერთობისას ირჩევს პირდაპირი, გულახდილი საუბრებით გადარწმუნების გზას. ცხადია, რ. თვარაძეს ამის დაწერა არ შეეძლო  საბჭოთა იმპერიული სახელმწიფოს პირობებში და სწორედ ამიტომ მიმართა მან სიკეთე-ბოროტების შესახებ საუბარს ზოგად დონეზე; ბ)ამ ციტატის მეორე წინადადებაში საუბარია მოყვასის გულისათვის მსხვერპლად მისვლაზე. რომანის დედნისეულ ვარიანტში ამ საკითხზე IV კარის ეპიგრაფის ბოლოს წერია შემდეგი: ,,მიეცა თუთაშხა ნებითა თვისითა წამებასა უმძიმესსა, სწორად მათისა, რომელნი იყვნენ ერისკაცნი უწამებულესნი. შემდგომ მარტვილობისა განმოეფინა შუბლისა იგურდივ ნათელი სხივთა, უკუმოიქცა სოფელსა და ჰრქვა:
- ესერა, კაცნო! მოველ ხსნისათვის თქვენდა მძლავრებისაგან ურჩხულისა. ჰა, მაგალითი, ვით არს ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის, ერისა მარადისობისათვის, სრულქმნისათვის სულისა კაცობრიულისა!“ (გვ.518).
რ. თვარაძეს ,,самопожертвование ради ближнего“ რომანის დედნისეული ტექსტის  IV კარის ეპიგრაფის აქ მოტანილი ციტატის ბოლო წინადადებიდან აქვს აღებული (თავის წერილში მოტანილი ციტირებები დედნისეულია და არა თარგმანიდან მოტანილი), ვინაიდან რომანის რუსულ თარგმანში ეს წინადადება არ გვხვდება. ცხადია, საბჭოთა იმპერიული სახელმწიფოსათვის მიუღებელი იყო დაპყრობილი ხალხების ლიტერატურულ ტექსტებში ისეთი ცნებებისა და შესიტყვებების გაჟღერება, როგორებიცაა - მოყვასი და მისთვის მსხვერპლად მისვლა, ერი და მისი მარადისობა, კაცობრიული სული და მისი სრულქმნა. მით უფრო, მათთვის სრულიად არასასურველი იყო ამგვარი ცნებების გადატანა-გადათარგმნა ,,უფროსი ძმის“ ენაზე, ვინაიდან, ამ ენის მეშვეობით ეს ცნებები ხელმისაწვდომი ხდებოდა სხვა დაპყრობილი ერების შვილებისათვის, რასაც იმპერიის საფუძველთა საფუძვლების მორყევა შეეძლო.

  ვნახოთ კიდევ ერთი ამონარიდი: Дата Туташхиа действительно прожил жизнь мученика и отшельника. И возможно, мы будем не столь уж далеки от истины, если признаем его добровольный приход в тюрьму отражением тех мифологических моделей, согласно которым лучшим сынам рода человеческого на пути к совершенству было дано заглянуть в ужасную бездну. И снова в мифологическом плане: ,,И тогда вознеслась душа Туташха на небо, а плоть осталась на земле. В луну превратилась душа его, и человек во плоти стал богом“(გვ.735).

ანალიზი: 1)პირველ წინადადებაში დათა თუთაშხია უკვე გვევლინება, როგორც мученик и отшельник. პატივცემულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს - რ. თვარაძე, ცოტა ზემოთ, აბრაგს მოიხსენიებდა როგორც аскет и отшельник, რაც ღიმილის მომგვრელია; 2)დათა თუთაშხია ციხეში ზნეობრივი სრულყოფის მიზნით არ წასულა, - ეს ნონსენსია. არც იმისათვის, - თავისი ცხოვრების ახალი, მოწამებრივი გზა განევლო ორთაჭალის ციხეში ჩაჯდომით. აბრაგის ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომის ნამდვილი მიზეზები თვით მუშნი ზარანდიამაც კი არ იცოდა (იხ. შალვა ზარანდიას მონათხრობი - (გვ. 432-434). არც აბრაგს ჰქონდა ბოლომდე (ვიდრე ჟანდარმერიაში მისვლამდე ათიოდე წუთით ადრე) გაცნობიერებული ჩაჯდომის მიზანშეწონილობა (იხ. ხისფეხიანისა და თუთაშხიას ხანმოკლე საუბარი, გვ.514). ამ საკითხთან დაკავშირებით აქ ვიტყვი მხოლოდ შემდეგს: ციხეში მოწყობილი აჯანყების დროს დათა თუთაშხია გადის ადამიანთა ფართო მასების მართვის განუმეორებელ სკოლას, ეუფლება  ასეთი მასების მართვის ცოდნას. (იხ. ანანია ბროველი, დათა თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა და გაქცევის მიზეზების გამო. ჭოროხი. 2010);
3)რ. თვარაძისეული ,,заглянуть в ужасную бездну“ გახლავთ ცალმხრივი და მიკერძოებული შეფასება. თბილისის ინტელექტუალური გარემო, მასთან სტუმრად მისულ ჟანდარმთა შეფ სეგედის პირდაპირი ტექსტით უხსნის იმას, თუ როგორი ,,ужасная бездна“ არსებობს ციხის გარეთ, იმპერიულ საზოგადოებაში. ,,საშინელი უფსკრული“ ნაწარმოებში ყველგანაა, არა მარტო ციხეში. უპირველეს ყოვლისა, ,,ужасная бездна“ იმპერიული სახელმწიფოს მართვის სისტემაშია, რომლის ნაწილიც გახლავთ მისივე პენიტენციალური ქვესისტემა, რაზეც ნაწარმოებში საკმაოდ ვრცლადაა მოთხრობილი; 4)აქ ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი ფაქტი: ამონარიდის ბოლო წინადადება - ,,В луну превратилась душа его, и человек во плоти стал богом“ - არ გვხვდება რომანის რუსული თარგმანის  IV  თავის (ГЛАВА ЧЕТВЕРТАЯ) ეპიგრაფში, როგორც საბოლოო შედეგი თუთაშხას სულიერი ქმედებებისა. ანუ თუთაშხას გაღმერთების ფაქტი იმპერიულმა ცენზურამ ხელოვნურად უკუაგდო. რას ვგულისხმობ? ამის გასარკვევად მოკლედ და თანმიმდევრულად გადავავლოთ თვალი რუსული თარგმანის ეპიგრაფებს, განსაკუთრებით მათ დაბოლოებებს: ა)თარგმანის პირველი კარის (ГЛАВА ПЕРВАЯ) ეპიგრაფის ბოლო ორი წინადადება ასეთია: ,,И отвернулся от народа своего, перестал слушать стенания его. Ибо не был он богом“(стр. 8). როგორც ვხედავთ, რუსული თარგმანის პირველი კარის ეპიგრაფში დაფიქსირებულია ის, რომ თავისი ცხოვრების საწყის ეტაპზე თუთაშხა არ იყო ღმერთი; ბ)მეორე კარის (ГЛАВА ВТОРАЯ) ეპიგრაფის ბოლო წინადადება ასე გამოიყურება: ,,Ибо не был богом Туташха“ (стр.150); გ)მესამე კარის (ГЛАВА ТРЕТЬЯ) ეპიგრაფის ბოლო წინადადება ასეთია: ,,И был он тогда в замыслях своих уже богом“ (стр.350); როგორც ვხედავთ, აქ თუთაშხა გვევლინება ,,...განზრახვასა თვისსა შინა ღმერთად!“ დ)თარგმანის ბოლო, მეოთხე კარში (ГЛАВА ЧЕТВЕРТАЯ) კი, არათუ თუთაშხას გაღმერთებაა უკუგდებული, არამედ ნახსენებიც კი არ არის, თუ როგორ განვითარდა ის ლოგიკური პროცესი, რომელიც პირველ ეპიგრაფში დაიწყო და განვითარდა მეორე-მესამე  ეპიგრაფებში (стр.528).

  ჩემი მიზანი და ამოცანა არ გახლავთ ცენზურის ამ ქმედებებთან დაკავშირებით შინაარსობრივად ტევადი შეფასებების მიწოდება პატივცემული მკითხველისათვის, თუმცა მოკლედ ვიტყვი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ: თუთაშხას, როგორც ძე ხორციელის გაღმერთების ფაქტის ხელოვნური უკუგდება, ამოგდება ლოგიკური ჯაჭვიდან და გაქრობა თარგმანიდან, რომელი თარგმანის ბოლო სიტყვად გვევლინება რ. თვარაძის წერილი სათაურით -  ,,Судьба Божественного Рыцаря“, ასევე გახლავთ ერთი უმნიშვნელოვანესი შეუსაბამობა, გამოვლენილი საბჭოთა იმპერიული ცენზურის მხრიდან და დაფიქსირებული ,,დათა თუთაშხიას“ ამ პირველ, უცხოენოვან თარგმანში.   

მაისი, 2026.             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს