ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2026


კაირო

დავიწყე ჩანაწერების დახარისხება. 
შორი მოგზაურობისას ასე გამყავს დრო,  ჩვეულებრივ, ვზივარ  ჩემთვის, ტურისტებით სავსე ავტობუსში და რაღაცეებს ვრითმავ.  ტვინი ისვენებს.  არ სჭირდება  აზრის ძიება. მერე ჩამთვლემს, მერე ისევ ვაგრძელებ…და ბოლო-ბოლო, სადმე მივალთ, რომ მუხლი გავშალოთ!

ნინო დარბაისელი

კაირო

ავს გაუმიჯნო კაი, რო,
ჯერ უნდა ნახო კაირო!
იხილე ბნელში მუმია,
თუ სადმე მუზეუმია.

გარეთ- სიცხეა სიცხური -
- მართლა ვარვარა, ფიცხური,
ფეხით სავალი - მრავალი,
ვისი დაგედო რა ვალი,

რომ  ასე იხრუკებოდე,
მალი-მალ იკარგებოდე,
ყველგან- კამერა, რაცია,
უშიშროების კაცია.

ხიფათი? - არტისტულია,
თუ ტურისტული ტურია!
ქვიშა, აუ, რა ცხელია!
ხალხი? - აურაცხელია.

მოგდევენ სად ქოფაკები,
ღიაა სარკოფაგები,
აქლემს ეხვევა ბუზები,
კუთხეში - შენ იბუზები.

პირამიდებში - ხვლიკები,
გადამყიდველთა ხრიკები:
-ვითომ იპოვეს მონეტა,
რა ფულად დაგითმონ ნეტა?

მობრძანდა არქიმანდრიტი,
მე მიკვირს,  ავა მანდ რითი.
ანდა იზიდავს  ემანდ - რა?
სასუნთქად გინდა სკაფანდრა!

ველია გადატრუსული,
ყველგან გაისმის  რუსული.
ნილოსთან - პაპირუსები.
რუსები, აქაც?  რუსები?

სადაც კი რამე ხედია,
საითაც გამიხედია?
სულიერი თუ უსულო,
შენია, ენავ რუსულო?

ვინ მომაყენებს ზიანებს,
უბრალოდ, მაღიზიანებს,
თუმცა  ტურისტებს რას ვერჩი,
რას  აძლევთ ომი, რას - ქერჩი?

ვიხილე  ვინ ფარაონი?-
-სახლნი უსახურაონი,
სულ ბანიანი სახლები,
ძველებია თუ ახლები,

გზისპირს მოჩანან, ნარგავი
ახლოა, შიგნით - ნაგავი,
უცხო თვალს გარიდებული,
მუყაო - უხვად გდებული,

ცა - ლიაპისის ფერია,
მსგავი აღარაფერია.
ცისკიდე - ოლეანდრია,
წინ - გველის ალექსანდრია.

სადღაც - წარწერა ქართული,
სხვა ანბანებში ჩართული.
გულის  ნანატრი კადრია.
მეფეთა შენაკადრია.

მზის ჩასვლას - რას შეადრია,
ზღვამან  ტალღები სად რია?
მთვარეც ისეთი ბადრია,
პოეტთა ალექსანდრია!
ხილვათა ალექსანდრია!

მივედიიიით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები