ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2026


,,მოუყევით,,



ერთერთი რეგიონის პატარა  ქალაქის თეატრში, სპექტაკლის დასადგმელად ჩავედი.
  უკოხტავეს  ქალაქს, სამი მხრიდან, ვეებერთელა მთები დაჰყურებდნენ და, თითქოს, გუშაგებივით დარაჯობდნენ იქაურ შესამჩნევ მყუდროებას.
სიმწვანეში ჩაფლული ქალაქის ქუჩებში, მზე ერთგვარი ცნობისმოყვარეობით იჭყიტებოდა და ჭადრების და ცაცხვების  ფოთლებს შორის აქა-იქ შეღწეული სხივების ნათებები,  ასფალტზე ანცად დახტოდნენ და  მხიარულად გიღიმოდნენ.
სტუმართმოყვარე  ქალაქმა კარგად მიმიღო.  თბილი, ხალისიანი და მდიდარი  სუფრები,
სიმღერებით, ლექსებით, ისტორიებით და მრავალი საინტერესო  ამბებით.
ერთმა ისტორიამ განსაკუთრებით მომხიბლა. ფიქრად გამომყვა იმ სუფრიდან და ერთ დღეს, მალხაზს, ვისგანაც  ეს ამბავი მოვისმინე, ვთხოვე, სერგო პაპასთან მივეყვანე, რადგან მისი გაცნობა ძალიან მომინდა.
კვირას ვესტუმროთო,  მითხრა, ხვალ მთაში ადისო.
არადა, ოთხმოცდაშვიდი წლის იქნებაო.
პარასკევი დღე იყო.
შაბათ საღამოს უცნაური,  ფორიაქი დამეწყო, რომლის მიზეზს მხოლოდ მეორე დღეს  მივხვდი, როდესაც გავიგე, რომ, სერგო პაპა, მთაში გარდაცვლილა.
  მისიანს, არავის ვიცნობდი, მაგრამ ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატავად წასვლა გადავწყვიტე, რადგან შიგნით რაღაც ნამდვილად  ჩამწყდა.
ამის შესახებ, მალხაზს ვუთხარი და ერთად მივედით სერგო პაპას სამძიმარზე.
  მალხაზი, სერგო პაპას შვილს ესაუბრებოდა.
მე იქვე, ახლოს ვიდექი.  მერე ერთად მოვიდნენ ჩემთან და, გარდაცვლილის შვილმა,  მიხომ, მთხოვა, რომ ქელეხის სუფრას დავსწრებოდი.
  მადლობა გადავუხადე.
სერგო პაპას გარდაცვალების რამდენიმე ვერსია ითქვა, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ იქ სრულად მოვისმენდი ამ მიზეზს და იმ ამბავსაც, რაც ასე ძალიან მაინტერესებდა და რაც მალხაზისგან მხოლოდ მშრალად ვიცოდი.
  პროცესიას რაღაცნაირი სიჩუმე მიჰყვებოდა.
პატივიანი.
  ქელეხის სუფრას გამოცდილი თამადა უძღვებოდა. დინჯი და ზომიერად სევდიანი.
  უფალი ადიდეს,
მიცვალებული ახსენეს და თამადამ, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს მიმართა, რომელთა შორის სერგო პაპას ახლო ნათესავების გარდა, მათი მეგობრებიც იყვნენ.
  - პატივცემულო სტუმრებო,
ჩვენს პატარა ქალაქში, ყველამ იცის ის ამბავი, რაც მინდა მოგითხროთ.
ზოგადად, სერგო პაპაზე ბევრი რამის მოყოლა შემიძლია, მაგრამ, ის, რასაც გიამბობთ, ვფიქრობ, ყველაზე კარგად აჩვენებს მის ბუნებას.
  მგონი, შეამჩნიეთ, როგორი მდუმარება ახლდა დღევანდელ დაკრძალვას. ეს შემთხვევითი სულაც არ იყო.
თავად იყო ასეთი ჩუმი და უსიტყვო, მაგრამ ქმედების ადამიანი. ბავშვობიდან ასეთი ყოფილა.
უხმოდ აკეთებდა ყველა საქმეს, რასაც დაავალებდნენ და რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ.
  ჰოდა, ახლა ამბავსაც მივადექით.
პატარა იყო, სერგო პაპა, თავისმა მამა მიხამ, რომ ჯიხვზე სანადიროდ წაიყვანა.
ჯიხვებისთვის ჩვენი მთები დაბალია, მაგრამ თუ ქალაქის შემოსასვლელიდან იმ მთებს გახედავთ, მარჯვენა მხარეს  მთა რომ არის, აი იქ, ჭრელ, ზოლებიან  სიშიშვლეს შეამჩნევდით.  ის პირველად  გასულ საუკუნეში  ჩამოიშალა და  ზოლები გამოაჩინა.
  რამდენიმე ზოლი რომ თეთრ ფენად გაჰყვება, მარილია და ამ არემარეში ეს იშვიათი ადგილია.
  მაშინ, ჯიხვები შორიდან მოდიოდნენ ამ მარილის ასალოკად.
ჰოდა, წავიდნენ სერგო პაპა და ძია მიხა, ერთად სანადიროდ.
ძია მიხა, კარგი მონადირე იყო და  მალევე მოხსნა  იმ კლდიდან ჯიხვი, სწორედ მაშინ, მარილს რომ ლოკავდა.
მერე, სერგო პაპა ჰყვებოდა, როგორ მოსწყდა დაჭრილი  ჯიხვი იმ კლდეს, როგორ გაიფრინა დიდი მანძილი  და როგორ დალია სული, როდესაც ქვებს დაენარცხა.
  ჰყვებოდა, წამით როგორ ეტკინა მთელი სხეული და როგორ უთხრა მამას - მამა, ეს რა ჩაიდინე?-ო.
ძია მიხას, ასე უთქვამს - კაცი ხარ და სუსტი გული კაცს არ შეჰშვენისო.
ამ ამბის შემდეგ, კლდე მალევე ისევ  ჩამოიშალა  და უკვე იმგვარად, რომ მარილისთვის მოსული  ჯიხვები იმ ფენებამდე ვეღარ  ავიდოდნენ.
იმ წელიწადს, მოულოდნელად,  ძია მიხა გარდაიცვალა.
დაობლდა, თერთმეტი წლის ბიჭი სერგო.
კაცივით ამოუდგა დედას გვერდში, რომელიც ამბობდა - ეს ვინ მაჩუქა  ღმერთმაო, იგეთი ყოჩაღია,  ყველა საქმე გამოსდის ხელიდან და ზოგჯერ მამამისსაც კი სჯობნისო.
შრომობდა, სერგო ბიჭი და დედას ახარებდა.
ეს კი იყო, ხშირად ჩაფიქრებული დაუნახავს ბიჭუნა დედას და - ალბათ, მამამისზე დარდობსო - თავისთვის უთქვამს.
როგორ არა, დარდობა მამაზე, მაგრამ სხვა საფიქრალიც ჰქონდა სერგო ბიჭსა - იმაზე ეფიქრებოდა, რომ
გაზაფხულ-ზაფხულში, იმ მარილისთვის ჯიხვები შორიდან რომ მოვლენ და გადმოხრილ  კლდეზე  ვეღარ ავლენ, რა უნდა ჰქნან-ო?
  ერთ დღეს, სახლისკენ მიმავალმა თვალი მოჰკრა, მეზობელ ანდრიას,  მაღაზიიდან  როგორ გამოჰქონდა ერთი ტომარა მარილი და იმწამსვე გაუელვა თავში აზრმა, რომელმაც სადარდებელი გაუქარწყლა.
გაზაფხულამდე დრო იყო.
სერგო ბიჭმა, ვარჯიში დაიწყო, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ, როდესაც დედა სახლში არ იყო, ნახევრად სავსე ქვებიან ტომარას ზურგზე მოიკიდებდა და დიდი ეზოს ერთი ბოლოდან, მეორემდე რამდენჯერმე წაიღ-წამოიღებდა და ყოველ მესამე დღეს, ტომარას თითო მოზრდილ ქვას ამატებდა.
მერე შეისვენებდა და იმ მთებს გახედავდა, სადაც  ასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მაისის იმ დილას ადრიანად ადგა,  შოთის პურს ყუა წაატეხა და დანარჩენი  უბეში გაუშვა. მერე, წყლით სავსე ბოთლს ყელზე თოკი გამოაბა, მაგრად განასკვა და, ის თოკი, წელზე ქამრად შემოირტყა.
მერე, ზურგზე ერთი ტომარა მარილი მოიგდო და ეზოდან გადავიდა.
  გზას ოთხი საათი მაინც დასჭირდა.
  ისე აიარა ამოდენა მთა, დაღლა არ უგრძვნია. ადგილზე მისულმა ტომარა ძირს დადო, გადმოწეული კლდის ქვეშ, ისე რომ წვიმას არ დაესველებინა,  ღრმად  შესწია და პირი გადაუხსნა.
  მაშინვე უკან  გამობრუნდა, რადგან დედას არ ენერვიულა.
ყოველი შემდგომი წლების  გაზაფხულ-ზაფხულში, იმ არემარეში  ხედავდნენ მარილის ასალოკად შორიდან მოსულ ჯიხვებს.
ეს ამბავი, სამოცდათექსმეტი წელი გრძელდებოდა.
წელს ბოლო ატანა იყო.
როდესაც სამი დღის წინ,  სერგო პაპას შეაგვიანდა, ოთხნი ავედით იმ ალაგას და შორიდან დავინახეთ მუხლმოყრილი ჯიხვების გუნდი, კლდის ძირს ზურგითმიყრდნობილ გარდაცვლილ სერგო პაპას რომ დარაჯობდნენ.
  ვიდრე სულ ახლოს არ მივედით, არ აიშალნენ. მთიდან
ჩამოვდიოდით და სერგო პაპას მოვასვენებდით.
გზად რამდენჯერმე გავხედეთ ჯიხვებს.  ყველა  იდგა და ჩვენსკენ იხედებოდა.
მათ მზერაში იყო რაღაც ამოუცნობი, იდუმალი და მისტიური.
როდესაც თითქმის სულ დაბლა დავეშვით, მთებიდან ბღავილი შემოგვესმა, რომელიც
ოთხივეს სევდიანი გვეჩვენა.
აი, ასეთი კაცი წავიდა დღეს და მინდა მხოლოდ ერთი რამ გთხოვოთ, მოუყევით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რომ იყო ამ ქალაქში ასეთი კაცი, რომელმაც მრავალ ჩვენგანს, სულ სხვაგვარად დაგვანახა სამყარო და უთხარით თქვენს შვილებს, რომ სამოცდათექვსმეტი წელია არც ამ ქალაქიდან და არც ახლო სოფლებიდან არც ჯიხვზე და არც სხვა რაიმე ცხოველ-ნადირზე, არავის უნადირია.
მე, ჰაერზე გავედი. მთებს ორი დიდი ცაცხვის ხე ეფარებოდა. ჩამავალი მზის სხივები ალაგალაგ იმ ცაცხვების ფოთლებს ეთამაშებოდნენ. თვალწინ, პაპა სერგოს მშვიდი სახე დამიდგა, ტირიფის ფოთლებს შორის შემოპარულმა  ცნობისმოყვარე მზის სხივმა, იქ, სასაფლაოზე  უკანასკნელად რომ  მიუალერსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები