ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2026


ერთი კაცი

ერთი კაცი იყო.
იჯდა, კაცი, ქვაზე, გზის პირას და  გაუსაძლისად სტკიოდა. სტკიოდა და
ამ მიზეზით, ხშირად ოხრავდა, წამით ამოაყოლებდა იმ ტკივილს და მერე ტკივილით, მალევე,  ისევ  ივსებოდა. 
ერთ დღეს, კაცმა, ტკივილი ვეღარ  დაიტია და ინატრა -
ნეტავი, წყლად ვიქცე და მთის მდინარეში მოვხდეო. იქიდან ზღვაში აღმოვჩნდები და ჩემი გაუსაძლისი ტკივილი განელდებაო.
ფიქრი  დაასრულა და, მართლაც წყლად იქცა და მთის ცივ მდინარეში აღმოჩნდა.
  მდინარის ცივმა წყალმა, ტკივილი გაუგრილა და დაუამა.
მიედინებოდა მდინარე და მიჰყვებოდა დაამებული ტკივილი.
მიჰყვებოდა, და მოუთმენლად ელოდება, წყლადქცეული კაცი, ზღვაში ჩაღვრას.
ერთ ალაგას, იქ, სადაც მდინარე მკვეთრად იცვლიდა მიმართულებას და დაბლა ეშვებოდა,
  ტკივილი მოულოდნელად ნაპირზე ავარდა და, იქვე, ახლოს, პატარა  გუბეში აღმოჩნდა.
იქით მიდგა, აქეთ მოდგა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა იმ გუბიდან განთავისუფლება და მდინარეში დაბრუნება.
  იგრძნო, რომ განელებულმა  ტკივილმა იმატა. უფრო.
კიდევ უფრო და, როდესაც ტკივილი, ისეთივე გაუსაძლისი გახდა, როგორც, მაშინ, ვიდრე წყლად იქცეოდა და კაცი იყო,  ინატრა -  ნეტავი,  ბალახის ღეროდ ვიქცე და მინდორში, ნიავზე, ვგრილდებოდეო.
  ფიქრი კი დაასრულა და მინდორში აღმოჩნდა.  ბალახის  სხვა ღეროებისგან ვერაფრით განასხვავებდით.
ეს, იყო, ოდნავ მეტად დაეხარა თავი, ვიდრე სხვა ღეროებს.
  ნიავი უბერავდა და ამან მართლაც დაუამა ტკივილი, ტანზე რომ  ცეცხლივით მოსდებოდა.
მერე მზემ დააცხუნა და ნიავიც ჩადგა.
ტკივილმა ისევ იმატა და, როდესაც ისევ გაუსაძლისი გახდა, ინატრა - ნეტავი,  ფრინველად ვიქცე და მაღლა ცაში, ჰაერის ცივი ნაკადით, იქნებ, ტკივილი გავიგრილოო.
  ახლაც აუხდა ნატვრა და ფრთებგაშლილი,  ზევიდან გადმოჰყურებდა არემარეს. ჰაერის ნაკადმა, მართლაც დაუამა ტკივილი, მაგრამ ქვევით, მდინარის პირას, მინდორზე კაცი დაინახა, სრულიად უდარდელად რომ დასეირნობდა, და თავისი  ტკივილი, გაახსენდა. გაახსენდა და ისე ძლიერ ასტკივდა, რომ ფრთების მოკეცვა და შურდულივით მიწაზე  დანარცხება  გადაწყვიტა, მაგრამ ვიდრე მიწას მიუახლოვდა,  ინატრა, ნეტავი იმ უდარდელ კაცად მაქცია, მდინარის პირას, მინდორში რომ დასეირნობსო.
  წამში აუსრულდა ნატვრა.
დადიოდა კაცი  და არაფერი სტკიოდა. არაფერი სტკიოდა და არაფერი აღელვებდა. არაფერი აღელვებდა და არაფერი ადარდებდა.
  კაცმა, გულგრილად ჩაურა მინდვრის ყვავილებს, ცისკენ აღმართულ დიდრონ, ულამაზეს ხეებს,  არ აუხედავს ლურჯი  ცისკენ, მზერა არ მიუპყრია  მთის დათოვლილი მწერვალებისკენ, მზისგან რომ თავმომწონედ ელვარებდნენ, არ  აფორიაქებდა მგალობელთა ჯადოსნური მღერა, ვერ გრძნობდა ბუნების უფაქიზესი ჰაერის გემოს.    კაცი, დადიოდა  ტკივილის გარეშე, მაგრამ  ვერაფერს ამჩნევდა, ვერაფერს გრძნობდა, არაფერი ცრემლს არ ჰგვრიდა და ვერაფრით ხარობდა.
კაცი,
ცარიელი იყო.
თავის თავს ვერ სცნობდა.
არ მოსწონდა ამგვარი სიცარიელე.
ფიქრობდა:
,,მერე, რა, რომ გაუსაძლისად მტკიოდა?
ამ სიცარიელეს, ის ტკივილი მერჩივნა.
მაშინ, ცოცხალი  ვიყავი.
  ახლა, ნამდვილად მკვდარი ვარ,,
იფიქრა, იფიქრა,  კაცმა და გადაწყვიტა:
  ინატრა,
ისევ იმ კაცად გადაქცეულიყო, გაუსაძლის ტკივილს რომ ატარებდა.
როგორც კი, ფიქრი დაასრულა, ნატვრა აუხდა.
იჯდა კაცი ქვაზე, გზის პირას და ისევ სტკიოდა, მაგრამ  უკვე იცოდა, რომ სიცარიელეს, თუნდაც ტკივილანი  სისავსე სჯობდა  და ტკივილი გაუსაძლისად აღარ ეჩვენებოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები