ა.-ს
შენ აღარ ჩანხარ, ლექსმაც დამტოვა, წამომეწია გზაზე ავდარი. არ ვიცი ვინ ვარ, სად ვარ, რატომ ვარ, ან რად ვარ ასე მიუსაფარი.
უშენოდ ყველა წამი ბერწია, თითქოს არი და თითქოს არც არი, გზაზე ავდარი წამომეწია და წინ ნაბიჯიც ვეღარ დავძარი.
როგორ გავუძლო ამდენ განსაცდელს?! მე შენი დიდი დუმილი მტკივა. ვაითუ შლეგი ისე გზას ავცდე, ცელით მსერავდეს დეკემბრის ყინვა...
უკვე არც ვიცი ვინა ვარ ახლა, დრო მეპარება, ვით ღამის ქურდი, ყველაფერს შენი ატყვია დამღა და მაინც დუმხარ, ვით ადრე დუმდი.
მე მელოდები, ზღვა ღელავს, ღელავს და ნაპირებთან აღწევს საწადელს. მეც შენთან მოვალ, ვით თეთრი ევა, წლებმა სიცოცხლე თუ დამაცადეს!
ახლა მარტო ვარ, აღარც შენ ჩანხარ და კვლავ მეწევა გზაზე ავდარი, მაგ შენს დიდ დუმილს მზის სითბო ახლავს — კალმით ნაგვემი და ნაზამთრალი.
მე მოვალ, თუმცა ღამეა ბნელი, იძირებიან ბნელში თაღები... შენს ნაკოცნ ჩიბუხს ვკოცნი, მე ნელა მოვალ და ლექსად ჩაგისახლდები.
ტანზე მოვისხამ შენს ლამაზ თითებს, ვით უსახლკარო — მეფის მანტიას, შენა ხარ ჩემი ფაქტიც და მითიც, ყველაფერს შენი დამღა ატყვია
და მაინც არსად, სულ არსად ჩანხარ, შენ, ჩემი სულის ჩამონათალი. ვაითუ ბედი ავ ბორბალს ხლართავს და კვლავ ქირქილებს ბედი — აფთარი!
ის გამომიტანს ბოლო განაჩენს, და ვიდრე მოსვლა არ არის გვიან, უნდა მოვიდე, თუ მსურს გადავრჩე. შენ ჩემი დიდი დუმილი გქვია!
მოწყალე იყო თუმცა გამჩენი, მემძიმებოდა დაღლილს გოლგოთა, ამოვდიოდი და ამ მარჯვენით შენკენ ხის დიდი ჯვარი მომქონდა.
ბევრჯერ განვრთხმულვარ უგონოდ გზაზე, და წილი ჰყარეს ჩემზე ცოდვებმა და ჩემი წილი ძმარიც შემასვეს გზაზე, შენკენ რომ მომიწოდებდა.
მტკიოდა სული, მეწვოდა ხორცი — ლექსი თქმული და ლექსი უთქმელი. ამოვდიოდი ჩოქვით და ლოცვით და ძლივს მომქონდა ჩემი ურთხელი.
ამოვდიოდი და ჩემს ნაკვალევს თან აჩნდა შენი ნატერფალები, მე ცოდვებისგან ცრემლით განმბანეს მე შენთვის სიკვდილს ავეფარები!
მწერ, რომ სისხლი სდის შენს თეთრ სამოსელს, რომ დროა!.. დროა, ჩამოგხსნან ჯვრიდან. მე კი... მე ჯვრიდან უკვე ჩამომხსნეს და ახლა შენი გამოხსნა მინდა.
2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ღმერთო, რა უნდა დავწერო ამ საოცარი შეფასების პასუხად! მაბედნიერებთ, მუხა! პატივია ჩემთვის! მადლობა! უღრმესი მადლობა! <3 ღმერთო, რა უნდა დავწერო ამ საოცარი შეფასების პასუხად! მაბედნიერებთ, მუხა! პატივია ჩემთვის! მადლობა! უღრმესი მადლობა! <3
1. ეს არის შედევრი, სასკოლო სწავლებაში უნდა იყოს გაწერილი, ასეთს ლექს ველოდი ნამდვილად ჩვენი ურაკპარაკის, უნიჭიერეს და ინტელეტუალ წევრის ვიკასაგან. წარმატებები. ეს არის შედევრი, სასკოლო სწავლებაში უნდა იყოს გაწერილი, ასეთს ლექს ველოდი ნამდვილად ჩვენი ურაკპარაკის, უნიჭიერეს და ინტელეტუალ წევრის ვიკასაგან. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|