ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2026


ქალების ფიქრები




ულამაზო ქალი:
ნეტა, ვინმე მაინც შემამჩნევდეს. ოდესმე, ვინმეს მოვწონებივარ? ლამაზი გოგოს შემოსვლაზე, ხომ ყველა კაცი იშმუშნება? ზოგს თვალები უნათდება, ზოგს მოუსვენრობა იპყრობს, ზოგი იწყენს, რომ მის გვერდით არაა და მისი აზრით, არც არანაირი შანსი აქვს, ზოგს კი იმედით ევსება გული და გასაცნობად ემზადება, ერთი სიტყვით, გულგრილი არავინ რჩება. მე კი, მე... ულამაზო ვარ. ჩემთან, ბიჭები მხოლოდ ძმაკაცობენ. დიდი დიდი, „რა ჭკვიანო ხარო“,_ მითხრან. ალბათ, ვინმე თუ ცოლობას შემომთავაზებს, მას მართლა ბრმად ვეყვარები, რადგან მე არც მდიდარი ვარ, ანგარება რომ ამოძრავებდეს, და არც ელიტურ ფენას ვეკუთვნი, გზის გაკვალვა რომ უნდოდეს.
ლამაზი ქალი:
შემომხედავს ჩემი დაქალი და მეუბნება: „რატომ მოიწყენ ხოლმე? ლამაზი ხარ, წარმატებული, ცხოვრება შენია.“ მე კი, გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტად, ვოცნებობ, არ დამიჯერებთ და, ერთ რამეზე: უხილავი ვიყო, ანუ, ვერავინ მამჩნევდეს და ასე, ჩემთვის, თავისუფლად ვიარო. მსურს, ბიჭებს ჩემთან მეგობრობა შეეძლოთ; რომ ყველგან ბუნებრივად ვგრძნობდე თავს და არა რაღაც დაძაბულად, შუბლზე შტამპით: „ლამაზი ხარ, ასე არ გიხდება, არ შეგეფერება.“ ზოგჯერ, კი მსიამოვნებს ასე ცხოვრება, მაგრამ ხშირად, მღლის. ან არადა, სულ შინაც ხომ არ ვიჯდები მზეთუნახავივით? ამ კოვიდმა კი გადამაქცია ნამდვილ ყამარად, თანაც, მეთერთმეტეზე ვცხოვრობ. ზედმეტი სიფრთხილისა და იმუნიტეტის დაქვეითების გადამკიდე, გარეთ სულ უფრო და უფრო იშვიათად გავდივარ. თავი ნესტან-დარეჯანი მგონია, რადგან ხან მკაცრი სიცივის, ხანაც კი აუტანელი სიცხეების გამო, ზოგჯერ ორი-სამი კვირა ისე გავა, სახლში გამოკეტილი ვატარებ დროს.
მონადირე ქალი:
არა, არა, ამდენ ჩემ ფანდს ვერ გაუძლებს, ვერსად დამისხლტება. შანსი არ აქვს, უბრალოდ. ამდენ ფულს ვახარჯავ, მანქანას ვთხოულობ, და ვანებივრებ. მეუბნება: ცოლს გავშორდებიო, და ასეც იქნება. ყველას ეგონა, დავრჩი გაუთხოვარი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ბევრი მას ალფონსს ეძახის, მაგრამ მე ძალიანაც მაწყობს. თან, რა „კრასავჩიკია“. ჰოდა, თუ ჩემი გეგმა კარგად წავიდა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ბავშვს ჩავიგორებ მკლავებში და რადგანაც ჯერ მხოლოდ ოცდაჩვიდმეტის ვარ, მეორესაც მოვასწრებ. თანაც, ლამაზი ბავშვები გამოგვივა. ისეირნოს ქალებში, რამდენიც უნდა. შვილები მეყოლება, ნუ ქმარიც, ზოგჯერ მაინც. ჰოდა, არარაობას აღარ სჯობია?
ნაკლებად ლამაზი, მაგრამ „გაქაჩული“.
აუ, არ ვიცი რა. მე რომ ბიჭი მეპრანჭება, აღარ ვიცი, მამაჩემის ფული და მდგომარეობა მოსწონს, თუ მე. რა ვქნა? როგორ გავთხოვდე, და მერე, მთელი ცხოვრება, ვითმინო, სიყვარულს საყვარელთან როგორ დაუწყებს ძებნას, მე კი მხოლოდ ფულის ტომრად გამომიყენებს? რა ედარდება? ხუთი თაყვანისმცემელი მყავს. ღმერთო, მომეცი უნარი, გავარჩიო, რომელია ის ერთი მაინც მათ შორის, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. რომ სწორი არჩევანი გავაკეთო!
რომანტიკული ქალი:
არ ვიცი, რატომ მიყვარდა ცალმხრივად. ზოგჯერ მინდა, იმათ შორის ვიყო, ვისაც სიყვარული საერთოდ არ შეუძლია. მაშინ ხომ ავცდებოდი ამხელა ტანჯვას, სიყვარულის სამსალას რომ ეძახიან, რომელიც მერე გაუსაძლის დეპრესიასა და სულიერ დისბალანსში გადადის. იქნებ, ღირდეს, რომ დავთმო ეს დიადი გრძნობა და სიტყვა „მიყვარხარ“, და ის გავცვალო მეორე სიტყვაში „ვუყვარვარ“. მხოლოდ მას ვუპასუხო, ვისაც ჩემთვის უცემს გული? ასე, ხომ ცხოვრებას გავიმარტივებ? მეტ იმედგაცრუებას ვეღარ გავუძლებ. მე ქალი ვარ, ქალი, ჰოდა თუ ქალი არის ტრფობის ობიექტი, ის, პირველ რიგში, უნდა უყვარდეთ, და მერე მასაც თუ ცოტათი შეუყვარდება, კარგია. ქალი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და არა ტანჯვისთვის. ჩემო თავო, გაიაზრებ ამას ერთხელ და სამუდამოდ? ჰოდა, მეშველოს იქნება, ასე თუ ვიფიქრებ, ჰაა?! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები