ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2026


  ჩამოტვირთვა

“თუ პოეტი ხარ”

ლექსებს აღარ ვწერ..
დაიღალა სევდა სევდის ხმით.
ლექსებს აღარ ვწერ..
ტკივილს - არა,
ლექსის ფერს ვიხდი.
ქარს მივყვებოდი.
ღამეს ვტეხდი.
სიზმრებს ვიწერდი.
ცას ვუმალავდი ნატკენ მზერას,
ვხრიდი მიწამდე.
ამოეზარდა დედამიწას ლურჯი ხავერდი,
როცა სხვა მხარეს,
სხვა მზეებით,
სხვა გზას წავედი.
იწურებოდა შავი მთვარე ცხელი მკათათვის,
როცა ჩავხედე სულის სიღრმეს
და იქ დავმთავრდი.
თუკი არ გესმის მშობლიური
და არც უცხო ხმა..
თუკი, ამ ყოფის ყველა დროში
სხვა და უცხო ხარ..
ექო ვერ შობა, შენი სიტყვის ქარში, სივრცემ და
მუჭში დამფრთხალი,
ლექსმდინარი, გული გიცემდა-
სხვანაირია მაშინ შენი ფიქრის აღქმის ხმა.
პოეზიიდან გადმოსული ბასრი დარდი ხარ.
შენთვის, რაც ცაზე დიდია და
ღმერთზე მაღალი,
წვეთავს სისხლივით,
გადარჩენის ლოცვად ღაღადებს.
უადგილოა ყველა მძიმე,
წერტილ-ძახილი..
უადგილოა დაფარულიც, ფარდაახდილიც.
ან იცხოვრე, ან
სტრიქონ- სტრიქონ მოკვდი ბოლომდე.
თუ პოეტი ხარ
სიხარულსაც უნდა გლოვობდე..
და გიხაროდეს,
როცა შენი, დგება აღდგომა.
თუ პოეტი ხარ,
სამყაროში მუდამ მარტო ხარ..
ყველა ფიფქი ხარ,
რაც ოდესმე თეთრად გათოვდა.
ყველა ფანტელის ხელისგულზე მშვიდი დადნობა.
ყველა წვეთი ხარ, რაც სამყარომ მიწას აწვიმა,
ყველა ამბავი, ავდარში თუ დარში, რაც ითქვა.
თუ პოეტი ხარ,
უნდა იყო ქარიც, ბალახიც..
და მოყვე ისე, არასოდეს თვალით ნანახი,
რაც არ გქონია, თითქოს თავად გადაგხდა ერთხელ
და ყველა ამბავს საკუთარი სისხლიდან წერდე.
თუ პოეტი ხარ, დაწერილსაც ოდესმე იწვნევ,
და მოუყვები წყალს, აწ უკვე, ნალექსარ სიზმრებს.
თუ პოეტი ხარ, ნუღარ დაწერ,
ნუღარ მოკვდები!
ქოთანში ჩარგე,
აყვავილე თოთო სიტყვები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები