გვალვიანი მიწასავით დამშრალი თვალებით გაჰყურებდა გზას. გზა კი ისეთი იყო, ზედაც არ უყურებდა, თითქოს არაფრად მიიჩნევდა, არც უთანაგრძნობდა, არც გამოელაპარაკებოდა, ვერც დარდს ამოსთქვამდი მასთან, არც სიხარულის მიზეზს მოგცემდა, გეგონება, თავადაც იმდენი ენახოს, იმდენი გაეგოს და იმდენი გადაეტანოს, უკვე გული გაჰქვავებოდეს, აღარც დამნახავი იყო არაფრის, აღარც შემგრძნობი. ვეღარც მართა გრძნობდა ვერაფერს. -ერთხელ მსმენია, ორჯერ მსმენია, სამჯერ მსმენია, მაგრამ დღენიადაგ, ქა?! არა, ჩვენ დაგვეკითხა რო დაყარა?!-სადღაც შორიდან მოდიოდა მეპურე მზიას სიტყვები. სხეულში დიდი სიცარიელე იდგა. ამ წუთას აღარც შიმშილს გრძნობდა, არც ტკივილს, არც სევდას, არც შიშს. ეს თუა დასასრულიო, -ვიღაც სხვამ შემოიტანა მის სხეულში სიტყვები. მერე ეს სიტყვები ისე დაიშალა, ისე დანამცეცდა, თითქოს პური ყოფილიყოს. პურის მოგონებაზე სიყვითლეშპარული თითის ბალიშებზე ხმელი მარცვლების შეხება იგრძნო. ხსოვნა მოვიდა: შემოდგომისპირია. არყისფერი დილა დგას. სამფეხა სკამზე ზის ბებია. ფერდაკარგული ხილაბანდით წაუკრავს თოვლისფერი თმა. ფეხებს შორის ალუმინის ჯამი უდგას, დამარილებული თითებით გაჭირებით ჭრის მატიტელას ჭუკებისთვის და თან მართას აგულიანებს: -აგრე, შვილო, აგრე, ბაბო გენაცვლოს, კარქათ დაფხვენი, წვრილად, წვრილად დაუფხვენი, შვილო. ვინც მტრედებს აჭმევს, თავის მიცვალებულებს აპურებს იმიერში... „ვინც მტრედებს აჭმევს“-ჯერ ბუნდოვანი აზრი მოდის და მერე თითქოს ნისლი იფანტება და სიტყვები იღებენ ფორმას, თავისი ფერი და სუნი უბრუნდებათ, ხორცს ისხამენ. შემოდგომის სუსხიანი, გაცრეცილი დილა დგას. სოფელი თავის წესს არ ღალატობს, გაზეპირებული ლოცვასავით უფიქროდ იმეორებს გასულ დღეს, სანამ ამ მომაკვდინებელ წესრიგს ელვასავით არ გააპობს შემზარავი კივილი. და როგორც უწინ განგაშის მაუწყებელი ზარების ხმაზე იკრიბებოდნენ, ისე მოიჯარა სოფლის კაცი და ქალი მართას ძირგამომპალ და კოჭლ სახლთან. მორყეული კბილივით არამყარი კიბის საფეხურზე იჯდა მართა, გამჭვირვალობამდე მსუბუქ სხეულს წინ და უკან არწევდა, ხელში სისხლიანი შეშის ნაჭერი შერჩენოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: იქ აღარ ეშიებათო და... იქ აღარ ეშიებათო და... ბავშვები კი კაკანათში გაბმული ჩიტებივით ერთხანს ფეთქავდნენ და მერე უსიზმრო ძილს მინებდნენ. ხალხი იდგა გაყინული, თითქოს რაღაც ძალას ქვაკაცებად ექცია, მერე როგორც მეწყერმა იცის ხოლმე, ისე მოსწყდა ადგილს და თან წამოიღო თავისი ქვა-ღორღი, მოსწყდა ერთიანად, მძლავრი, შეუკავებელი, ყველაფრის წამლეკავი, რათა თავის გულში ჩაემარხა, სამუდამოდ შთაენთქა დავიწყების მორევში, მართას კი ხელში ისევ შეშის სისხლიანი ნაჭერი ეჭირა, ისეთი ძალით ჩაებღუჯა, თითქოს ის ყოფილიყოს მისი საშველი, მისი ერთადერთი იმედი და სისხლით გავსებული პირით, ძლივს გასაგონად ლუღლუღებდა: „მტრედებს აჭამეთ, მტრედებს წვრილ... წვრილ-წვრილად უნდა დაუფხვნათ პური...“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. როლანო
<3 მადლობა. როლანო
<3 მადლობა.
3. გული გამიჩერდა +5 გული გამიჩერდა +5
2. მუხა
დიდი მადლობა <3 მუხა
დიდი მადლობა <3
1. შინაგანი განცდების საოცარი გადმოცემა იცით. შინაგანი განცდების საოცარი გადმოცემა იცით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|