ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2009


უცნაური ბავშვია ჩემი და...

ახლა უკვე რვა წლისაა. მაშინ ექვსის იყო. არაფერი დაუნახავს, უფრო სწორად არავინ დაანახა, ისეთი დაიმახსოვროს როგორსაც სულ ხედავდაო. (მისთვის სულ იღიმოდა... იმ დღემდე...) მოსმენით ბევრი რამ გაიგო, ესმოდა ჩურჩული, ტირილი... ხედავდა მხოლოდ მოფუსფუსე ადამიანებს, ბევრ ადამიანებს, პატარა სახლში რომ შედი-გადიოდნენ შეუსვენებლივ. დედიკოს ჩაცვენილ თვალებს და დაიკოს ნაღვლიან ღიმილს მულტფილმებს რომ ურთავდა, გაერთე და ოთახიდან არ გამოხვიდეო... კიდევ ერთი რაღაც დაინახა... სანთელი...სურათსაც მოკრა თვალი... დაიბნა, იკითხა სანთელი რატომ ანთიაო. რომ მიხვდა ტყუილი უთხრეს მას მერე კითხვები აღარ დაუსვამს...რაღაც ხდებოდა და ამას ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, არ ლაპარაკობდა (არც ახლა ლაპარაკობს).
-რატომ არაფერს ამბობს?არც არასდროს ახსენებს
-ვერ ხვდება ალბათ...
-არა მგონი, ხვდება, ისე აცეცებს თვალებს...
  დიდი, ილუსტრაციებიანი წიგნი, დღემდე ხელშეუხებლად დევს. მას მერე ერთადერთხელ გადმოიღო, დაათვალიერა (ალბათ მოენატრა...), უხმოდ მოუთათუნა პაწაწუნა, თხელი თითები და ისევ თაროზე შემოდო. ხელშეუხებელი განძია... მისი საჩუქარი...
-გენატრება?
- . . . . . . . . .
-როგორ იყო რობოტუნებს რომ გეთამაშებოდა და სკოლის კარში გააშეშე? აბა მომიყევი რააა, რა სასაცილო იყო მაშინ... – , ვიღიმი, ვაკვირდები, მინდა ავიყოლიო... თვალებს ხრის, ხმას არ იღებს, არ მყვება, ვიძაბები და ვარჩევ მოვეშვა... არადა უკვე რვა წლისაა, მაშინ მხოლოდ ექვსის იყო...
  მის სურათთან ხშირად თამაშობს. სათამაშოები მიაქვს და ალაგებს. თუ არავინ მიაქცევს ყურადღებას ელაპარაკება... (ალბათ სათამაშოებს...) ან რა მნიშვნელობა აქვს, უყვარს იქ თამაში. მყუდრო კუთხეა და თბილი, რაღაცნაირად...
-ხატი ბურთი გამოიტანე რა, ვითამაშოთ...
-არა ლიკა ვააა
-გამოიტანე რააა
-არა, გამისკდება
-მერე რა? ახალს იყიდი
-მამა ვეღარ მიყიდის ახალს...
  არა, ჩვენთან არასდროს ლაპარაკობს, მერე რა რომ რვა წლისაა? დიდია და უკვე ესმის (მაშინაც ესმოდა მიუხედავად იმისა რომ ექვსის იყო), მაგრამ...
  უცნაური ბავშვია ჩემი და...
მას მამასავით ოდნავ ჩახლეჩილი ხმის ტემბრი და ჩაჩხვლეტილი ნიკაპი აქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები