ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
4 მაისი, 2009


გთხოვთ, გაათავისუფლოთ,... ვაგონები

    რა თქმა უნდაო, არადა რომ უნდა? აბა რატომ უჭირს თქმა?
  ტირიფზე უფრო მტირალა, იაზე უფრო იასამანი, ტკივილზე უფრო მწარე, აი ასეთი სიყვარული ვიცი მე და არ წახვიდე რა...
  მწვერვალს ამოფარებული ღრუბელივით იდუმალია სიტყვები შენი.  მიზიდავ ძალიან, მაგრამ მრცხვენია და მეშინია, მრცხვენია, სხვა რას იტყვისთქო, მეშინია ეგ ადგილი უკვე დაკავებული არ დამხვდეს...

  ადამიანს იმხელა გული აქვსო, რამხელაც მუშტი. საინტერესოა არა... მოუფრთხილდით ჩემს გულს, პატარაა და ბევრს ვერ გაუძლებს...

  ახმეტელის თეატრი, ბოლო გაჩერება, გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები!

  აბა რა გითხრა, მომენატრე და ვერ ვბედავ ვთქვა... თუმცა რაღა, თუმცა რაღა...

  მწარე წამლის გემოსავით დამყვება ჩემი მოწამლული სისხლი.
  _ექიმო, ღვიძლი ახლოა ნაღვლის ბუშტთან?
  _რა შეკითხვაა?
  _ რა ვიცი, აბა რატომ მაქვს ნაღველის გემო?
  _ ააა, და ღვიძლის გემო ჯობდა?
  _რა, ეგ შემრჩა კიდე?
ექიმი ჩემზე ოპტიმისტია და არაფერს ამბობს, მე კი ვცდლობ ბალიშზე თავი უმწეოდ გავაქნიო... ვიცი რომ აღარ.

  მნახველები იყვნენ წეღან, დედაჩემი იყო და ჩემი პატარა, თუმცა რაღა პატარა, უკვე ხუთისაა და კითხვაც იცის, დედას გავს. აჰ, ვინმემ არ გამიგოს, სადაური დედა აბა მე ვარ? ისე გამოსტაცეს დედა ჩემს შვილს სასამართლოებით და ათასი საზიზღრობებით, თითქოს მართლა კომბოსტოში იყოს ნაპოვნი. ნეტა ეგ ზღაპარი მოსწონს?!

  ახლა შენი ერთი ზარი მთელ დარჩენილ სიცოცხლეს მირჩევნია, ვიცი საცოდავი და ღირსებადაკარგული ადამიანის ბოდვასავით ჟღერს, მაგრამ, ჯერ ერთი, მართლაც ასეა და მეორეც, ამ ოთხ კედელში სიყვარულიც რომ ავუკრძალო საკუთარ თავს, ალბათ მთლად გავგიჟდები... მე ეს არ მინდა...მინდა ფხიზელი გონებით შევხვდე სიკვდილს...
  ამ ბოლოს სულ საზვერეებზე ვფიქრობ, რომელიც უნდა გავიარო, ნეტა რამდენს მივაღწევ? და ისე სტოიკოსი გავხდი, როგორც მარკუს ავრელიუსი. სტოიკოსი,... სტოიციზმი,... სტოა....

  ბევრი, ბევრი ცრემლი და ყვავილი... მიწა ცოტა სველია, ალბათ გუშინ დილით თუ იწვიმა. დღესაც აპირებს გაწვიმებას.
  _მოვასწროთ მაინც დამარხვა, არ გაწვიმდეს ერთი.
_მოიცა, ქალო, რას ამბობ ერთი...
  ამდენი ყვავილი რომ სიცოცხლეში ეჩუქებინათ, იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო ... ამაზე ვფიქრობ, თუ ეს მე ვარ?
 
  ამერია ყვალაფერი, მხოლოდ მაშინ ვიყავი მშვიდად, როცა პაატა იყო მოსული, ჩემი მეგობარია, ადრე სტიხაროსანი იყო, ცხრა წლიდან და სიცოცხლის ნახევარზე ბევრად მეტი საკურთხეველში გაატარა. ახლა მღვდლად უკურთხებიათ... უხდებოდა წვერი.. მაზიარა... აღსარებაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მახსოვს ბევრი ვიტირე, მეც და მანაც... მითხრა, ძალიან გტკივაო, არა მეთქი, მოვატყუე, მაგრამ მაინც მიხვდა და მაგიტომაც იტირა. ახლა სასაფლაოზე ლოცვას კთხულობს და ისევ ტირის... ეეჰ...
 
_ყველაფერი უნდა გასინჯო?
  _ხო, აბა რა?
  _თორე რაც მოგეწონა დაიტოვე... გაუმაძღრობის სინდრომმა იცის ეგ!

  თქვენი გული ჩვენსაზე უფრო დიდია, ჩვენ ვიცით ეს (ამიტომ ვითხოვთ გამეტებით დაგვაბინაოთ თქვენთან, გულში,) თქვენ არა და ამიტომ ისე გადაგვაბიჯებთ, არც კი დახედავთ...
    იცანი შენი თავი? აბა რატომ ღიმილობ ტუჩის კუთხეში?

ყველაფერი გავსინჯე და ვერაფერი დავიტოვე რაც მომეწონა, მაძიებელს ვგავდი და ვგავარ ახლაც. შემიპყრო ნარკოტიკმა და არავის უფიქრა რომ ნარკომანი არ არსებობს ნარკომანისთვის, ეს ეგზონიმია და არავინ ცდილობს ამის გაგებას გულით...
  რამდენი ადამიანი დაიხოცა ომებში, შიმშლობით, გადასახლებაში და ათას უბედურებაში, მე კი აქ მოვკვდი ქალაქის შუაგულში და ასე უღირსად.
  და მართლაც, თუ საკუთარ სარეცელზე არ გიწერია სიკვდილიო, აღარა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაგიხუჭავსო გაყინულ თვალებს....
  მე ნუ დამიხუჭავთ, ნურავინ. უბრალოდ ბოლომდე გადამაფარეთ სუდარა, არ მეშინია ამას რომ ვამბობ. სტოიკოსი ვარ მეთქი...
  ბოლო გაჩერებაა, გთხოვთ გაათავისუფლოთ... ვაგონები. დაჭერილი, დაპატიმრებული, დატუსაღებული ვაგონები...
  ბოლოა გაჩერება და მერე აღარ გაჩერდება... აქედან მარტო! აქედან უკვე მარტო...

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები