 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 20 მაისი, 2009 |
სიზმრის ქვეყანა
თავი მეორე
მოხუცის გამოქვაბულიდან, საკმაოდ დიდი გზა ჰქონდათ სიზმრის ფერიის მაძებრებს გასავლელი. დაიღალნენ, საგზალიც შემოეჭამათ და შიმშილმაც შეაწუხათ. - სახლში მინდა - წაიწუწუნა ინაინამ. - უფლისწული უფრო გამძლე აღმოჩნდა, ალბათ იმიტომ რომ ბიჭი იყო და თანაც უღრუბლო სამეფოს ტახტის მემკვიდრე. - რას ამბობ ინაინა, სიზმრის ფერია არ მოვძებნოთ, აღარ გინდა? კი ბატონო, დავბრუნდეთ, მე რა მენაღვლება, სიზმარი მე კი არ დამიკარგავს, შენ დაკარგე. - არა, არა წავიდეთ, გზა განვაგრძოთ. უბრალოდ დავიღალე და მომშივდა. - თავი იმართლა დამორცხვებულმა გოგონამ. ამასობაში ტყეშიც შევიდნენ. გარშემო ისეთი სილამაზე იყო, რომ დაღლა იმავე წუთს გადაავიწყდათ. აღარც შიმშილი აწუხებდათ. ბილიკს სულ ხტუნვა-ხტუნვით მიუყვებოდნენ. აქეთ- იქიდან ჩიტები ესალმებოდნენ, ყვავილები უღიმოდნენ. ხეები ერთმანეთს ატყობინებდნენ: “მოვიდნენ, მოვიდნენო”. გარშემო ყველაფერი მწიფდა. ხეები ტოტებს უხრიდნენ და მწიფე ხილი პირდაპირ ხელებში უცვიოდათ ბავშვებს. - რა გემრიელია ყველაფერი, - აღტაცება ვერ დამალა ბიჭმა. - ეს ჯადოსნური ტყეა, ხილიც ეტყობა ჯადოსნურია და იმიტომ არის ასეთი გემრიელი. - უპასუხა გოგონამ. გზად ცოტა დაისვენეს კიდეც. ხის ჩრდილში წამოწვნენ და ცას გახედეს. ცას თითქოს განსაკუთრებული, იასამნისფერ-ლურჯ-ცისფერ-მოვარდისფრო ფერი გადაჰკრავდა. - საოცრებაა - ბავშვები აღტაცებას ვერ მალავდნენ. ტოტები სულ უფრო დაბლა ეშვებოდა და მწიფე ალუბლები პირდაპირ პირში უხტებოდა და-ძმას. მათი კისკისი ზარის წკრიალივით გადაეცემოდა ხიდან ხეს, ბუჩქიდან ბუჩქს და ტყეც მათთან ერთად კისკისებდა. ნასიამოვნები ბავშვები წამოდგნენ და გზა განაგრძეს. - აი, დიდი ხე, ალბათ ამაზე გვეუბნებოდა მოხუცი. - ტყის ბოლოს, უზარმაზარი ხე იდგა. მწვერვალი თითქოს ცას სწვდებოდა. ტოტები კი იმხელაზე ჰქონდა გაშლილი, გეგონებოდა ტყეს გარშემორტყმოდა და მშობელივით, რაღაც საშიშროებისაგან იცავდა. ხეს დიდი ფუღურო ამშვენებდა. ფუღურო ყვავილებით იყო მორთულ-მოკაზმული. ნათლად ჩანდა, რომ აქ ქალი ცხოვრობდა. ბავშვები ხეს მიუახლოვდნენ. გამარჯობა ბებო, ხომ არ გაგაღვიძეთ? შენი თმების მადლმა, სახლში შემოგვიშვებ? სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრეს, რომ ფუღუროდან ქალი გამოვიდა, რომელიც არაფრით არ ჰგავდა მოხუცის ბებიას. შვილიშვილი უფრო გეგონებოდა. თმა კოჭამდე ჰქონდა ჩამოშლილი. თვალები ცისფრად შეეღება, ტუჩებზე კი კვასკვასა წითელი პომადა ესვა. მოკლე ქვედაბოლო ეცვა და მაღალ ქუსლებზე შესკუპულიყო. ბავშვები პირღია შესცქეროდნენ ქალს, ასეთი რამ ცხოვრებაში არ ენახათ. - გამარჯობა - ორ ხმაში მიმართეს ბებიას. - გამარჯობა ჩემო ლამაზებო, კარგებო და ტკბილებო. აქამდე სად იყავით? ძალიან დაგაგვიანდათ. ცხელ-ცხელი ფუნთუშები გელოდებათ. შემოდით, რაღას დგეხართ? ბავშვები ფუღუროში შევიდნენ. აქ უფრო მეტი სასწაული ელოდათ. ოთახი ვარდისფრად იყო მორთული. ფარდები, კედლები, საწოლი და კომპიუტერიც კი ვარდისფრად ანათებდა, სურნელიც თითქოს ვარდისა იდგა. - რა ლამაზია - ვერ დამალა აღტაცება ინაინამ. - მოგწონს? - კეკლუცად გაიღიმა ბებომ. - ძალიან. - სახლში რომ დაბრუნდები, შენი ოთახიც ზუსტად ასე დაგხვდება მორთული. - რანაირად? - შენ ხომ სიზმრების ქვეყანაში მიდიხარ? - დიახ. - ჰოდა, როგორც კი შენს სამეფოს გადმოაბიჯე, ზღაპარში ამოყავი თავი. - ესეიგი, სახლში რომ დავბრუნდები, ზღაპარი დამთავრდება? - არა, შენ და შენი ძმა უკვე ზღაპრის გმირები ხართ. ერთ საიდუმლოს გაგანდობ. სიზმრის ფერიამ სპეციალურად მიგატოვა. შენი გამოცდა გადაწყვიტა. ჯერ ერთი აინტერესებდა, წახვიდოდი თუ არა მის საძებნელად. მეორეც ერთი, წინ დიდი თავგადასავლები გელის, მათ შორის სახიფათოც. თუ თავს გაართმევ, სიზმარიც დაგიბრუნდება და შენი სამეფოც ზღაპრულ სამყაროდ დარჩება სამუდამოდ. შენ ეს უნდა დაიმსახურო. უფრო სწორედ, ორივემ დაიმსახუროთ. მეტს ვერაფერს გეტყვი, დანარჩენს შენ თვითონ გაიგებ. - ჩემს ვარდისფერ ოთახში კომპიუტერი მექნება? - გექნება, თანაც აუცილებლად ვარდისფერი. აბა, გეყოფა ლაპარაკი. ივახშმეთ და დაიძინეთ. დილით ადრე უნდა დაადგეთ გზას. ბავშვებმა გემრიელად მიირთვეს და მალევე ჩაეძინათ. დილით ადრე, და-ძმა გემრიელი ყავის სუნმა გააღვიძა. - რას დალევთ, კაპუჩინოს, უბრალოდ ხსნად ყავას თუ კაკაოს? - კაკაოს - უპასუხა ინაინამ, - კაპუჩინო და ხსნადი ყავა არ იცოდა რა იყო, მაგრამ არ შეიმჩნია. - ჩვენ კაკაო გვიყვარს, ბაბუამ, უფრო სწორედ შენმა შვილიშვილმა, კაკაო დაგვალევინა და ძალიან მოგვეწონა. - ვინ არის ჩემი შვილიშვილი, ეგ მიხრწნილი ბებერი? სულ გამოსულელებულა. ეგ ჩემი ბაბუაა, განა არ მეტყობა, რომ მე უფრო ახალგაზრდა ვარ? - ტუჩები დააწყო ბებომ და სარკეში ამაყად ჩაიხედა - ნახე რა მშვენიერი ვარ. - რა ლამაზი თმა გაქვს - შეუქო თმა ინაინამ. - ჰო, თმა ნამდვილად ძვირფასი მაქვს. - გაიღიმა ბებომ. - ახლა მისმინეთ. ჩემგან რომ გახვალთ, მდინარეს მიადგებით. ნაპირთან ნავია დაბმული. ნავში ჩასხდებით და მდინარეს გადაცურავთ. ცოტას რომ გაივლით, დიდ ჭიშკარს მიადგებით. იმ ეზოში ოქროს ხე დგას, ოქროს ხეს ალმასის ხუთი ბურთულა ასხია. თქვენ ხუთივე გჭირდებათ, რომ სიზმრის ქვეყანამდე მიაღწიოთ. ოქროს ხეს, ბაყბაყდევი იცავს და ახლოს არავის აკარებს. - ცხრათავიანი დევია? - ცხრათავიანი არა ორმოცდაცხრათავიანი. ერთი თავი აქვს, ისიც ცარიელი. მხოლოდ ის იცის, რომ ალმასები არავის არ უნდა გაატანოს. თავის თავს ბაყბაყდევს ეძახის. ამ დროს კი ჩვეულებრივი დევია, რომლის მოტყუებაც, როგორც ყველა ზღაპარში ხდება, ძალიან ადვილია. თქვენ თუ ამას მოახერხებთ და ალმასებს ხელში ჩაიგდებთ, სიზმრის ქვეყნისაკენ გზა ხსნილი გექნებათ. ჭიშკარს რომ მიუახლოვდებით, დააკაკუნებთ და წარმოსთქვამთ: გამარჯობა დევო, ხომ არ გაგაღვიძეთ? ბაყბაყდევი რომ ხარ, სახლში შემოგვიშვებ? ახლა წადით, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. თუ რამე გაგიჭირდათ მობილურით დამიკავშირდით. - უკანა გზაზე რომ წამოვალთ, აუცილებლად გინახულებთ - წარმოსთქვა ინაინამ და ბებოს ჩაეხუტა. ქალს თვალებზე ცრემლები მოადგა. - რამდენი ხანია არავინ მომფერებია, - ჩაილაპარაკა და ინაინა გულზე მაგრად მიიკრო. - შენც მოდი ბიჭო, არ გეკადრება თუ რა. ჰო, ისე შენ რა გქვია? - აკაროსი. - აკაროსი? ეგ რა სახელია. მოდი რა, მე აკას დაგიძახებ. აკაროსი რაღაც არ მომწონს. - ჩვენთან აკაროსი, ერთ-ერთი მეფეების სახელია. - ჰოდა აკაროსი იქ დაგიძახონ. აქ კიდევ აკა იყავი, კარგი? - კარგი, კარგი. მხოლოდ იმის ხათრით, ასეთ გემრიელ ფუნთუშებს რომ აცხობ. ბებომ საგზალი ჩაუწყო კალათაში, ფუნთუშებიც არ დავიწყებია. ბავშვებს დაემშვიდობა და აცრემლებული ფუღუროში მიიმალა. ინაინა და აკა ნავში ჩასხდნენ და მეორე ნაპირისაკენ გასცურეს. მდინარის წყალი ცისფერი და სრულიად გამჭვირვალე იყო, ისე რომ კენჭებსაც კი დაითვლიდი. და-ძმა უყურებდა, როგორ დაცურავდნენ ფსკერზე სხვადასხვა ფერის თევზები. ციდან კი წყალში, მსუბუქი ღუბლები ირეკლებოდა. ბავშვებს სახეზე, ბედნიერი ღიმილი უთამაშებდათ. ისინი ხომ, ამ ზღაპრული სამყაროს გმირები იყვნენ. მალე ნაპირს მიადგნენ, ნავიდან გადმოვიდნენ, ჭიშკარს მიუახლოვდნენ და წარმოსთქვეს: გამარჯობა დევო, ხომ არ გაგაღვიძეთ? ბაყბაყდევი რომ ხარ, სახლში შემოგვიშვებ? კარი, იმავე წამს გაიღო. ბავშვების თვალწინ უზარმაზარი, ბანჯგვლიანი არსება იდგა. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი შესახედი იყო, ყურებამდე იღიმოდა. - შემოდით, შემოდით, რას დგეხართ, სადა ხართ აქამდე? იცით რამდენი ხანია გელოდებით? ალბათ ორი საუკუნეა. ჩემთან სტუმრად არავინ დადის. ეშინიათ. მე კი მსოფლიოში, ყველაზე კეთილი ბაყბაყდევი ვარ. - მართლა კეთილი ხარ? - დაეჭვდა ინაინა. - მართლა დევი ხარ? - დააზუსტა აკამ. - დევი კი არა, ბაყბაყდევი, თანაც ძალიან ბრაზიანი. - დევმა ჭიშკარი ჩაკეტა. - ბავშვების ყლაპვა მიყვარს. ჰა, ჰა, ჰა, - გადაიხარხარა დევმა, - შეგაშინეთ? გეხუმრეთ. ბავშვებს კი არა, ხორცს საერთოდ არ ვჭამ. ვეგეტარიანელი დევი ვარ. - ვეგეტარიანელი რა არის? - აი, ხორცს რომ არ ჭამს ის. ესეიგი მე. მე ვარ ერთადეთი ვეგეტარიანელი დევი. დევმა ბავშვები სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ავახშმა. მართალია, სუფრაზე მხოლოდ ბოსტნეული იდო, (ჩვენი დევი ხომ ვეგეტარიანელია) მაგრამ მოშიებულმა ბავშვებმა მაინც გემრიელად მიირთვეს. - ახლა დაიძინეთ, ადრე ხართ ასადგომი. სიზმრის ქვეყანამდე კიდევ დიდი და რთული გზა გაქვთ გასავლელი. და-ძმა ცალკე ოთახში დააბინავა დევმა. ისინიც წამოწვნენ და ჩურჩულით დაიწყეს მოლაპარაკება, თუ როგორ მოეტყუებინათ დევი და ალმასები ხელში ჩაეგდოთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეგ დევი მომეწონა...ვეგეტარიანელიაო...ჰაჰაჰა.... რამდენი ვიხალისე...... მერე-მერე....ასე ვეხვეწებოდი ბებოს, ზღაპარს რომ მიკითხავდა ბავშვიობაში..... დიდი მადლობა ...ბავშვობაში მოგზაურობისათვის.....;) :) :) ეგ დევი მომეწონა...ვეგეტარიანელიაო...ჰაჰაჰა.... რამდენი ვიხალისე...... მერე-მერე....ასე ვეხვეწებოდი ბებოს, ზღაპარს რომ მიკითხავდა ბავშვიობაში..... დიდი მადლობა ...ბავშვობაში მოგზაურობისათვის.....;) :) :)
6. დევი კი არა, ბაყბაყდევი, თანაც ძალიან ბრაზიანი. - დევმა ჭიშკარი ჩაკეტა. - ბავშვების ყლაპვა მიყვარს.
ვიცნობ მე მაგას... მზე გადამიყლაპა, მთვარეც, ცაც უნდოდა, მარა პირიდან გამოვგლიჯე...
ძალიან ლამაზი ზღაპრები გაქვს... ძილისწინ წავიკითხავ ხოლმე...555555555 დევი კი არა, ბაყბაყდევი, თანაც ძალიან ბრაზიანი. - დევმა ჭიშკარი ჩაკეტა. - ბავშვების ყლაპვა მიყვარს.
ვიცნობ მე მაგას... მზე გადამიყლაპა, მთვარეც, ცაც უნდოდა, მარა პირიდან გამოვგლიჯე...
ძალიან ლამაზი ზღაპრები გაქვს... ძილისწინ წავიკითხავ ხოლმე...555555555
3. სულ ღიმილით ჩავიკითხე...რა კარგი ხარ ნანა :) სულ ღიმილით ჩავიკითხე...რა კარგი ხარ ნანა :)
2. გაიხარე... რამდენი ხანია, გემრიელი ზღაპარი აღარ წამიკითხავს. 5 გაიხარე... რამდენი ხანია, გემრიელი ზღაპარი აღარ წამიკითხავს. 5
1. მეც მომინდა იმ ფუღუროში... :)
ძალიან საყვარელი,თბილი და კეთილი თხრობაა... თანაც საინტერესო ახლანდელი ბავშვებისთვის... დიდი სიამოვნებით წავუკითხავ ჩემს შვილს... მეც მომინდა იმ ფუღუროში... :)
ძალიან საყვარელი,თბილი და კეთილი თხრობაა... თანაც საინტერესო ახლანდელი ბავშვებისთვის... დიდი სიამოვნებით წავუკითხავ ჩემს შვილს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|