ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 მაისი, 2009


დ ო მ ი ნ ო

                          მესამე დამოკიდებულება: სიკვდილი



        დომინოს პრინციპი ცნობილია: ერთ რიგად ჩამწკივებული დომინოს ქვები თავის ჯერს ელოდებიან, და ერთის დაცემას, მეორეს დაცემა მოსდევს და ა.შ. თითოეულისთვის ასეთი დაცემა გარდაუვალია.
        აი, პირველი ქვა წაიქცა, მიჰყვა მეორე, ბგერები ნელა უერთდება ერთიმეორეს, მესამე ნოტი ჰარმონიის იძლევა ძალას, და მეოთხესთან აკავშირებს მეხუთეს გამმას. მეექვსე ტოკავს, პაუზაა საჭირო ალბათ, რომ მეშვიდესგან კვლავ დაიწყოს ახალი ტალღა.
        მუსიკა იბადება და კვდება, თითოეულ ბგერაში, თითოეული ბგერით გაურბის თავის თავს და კვლავ ბრუნდება. მუსიკა ემსგავსება ჭეშმარიტების ძიებას, და ამავდროულად გვავიწყებს ჭეშმარიტების ძიების რუტინულ პროცესს, გვთავაზობს ახალ ჭეშმარიტებას, __ გვათავისუფლებს ახალი ჭეშმარიტებისთვის.
        დომინოს ქვები ერთიმეორეს მიყოლებით ეცემიან და ტრაგედია თვალსაჩინო ხდება, თვალსაჩინო ხდება თითოეული ჩვენთაგანის აქ დგომის მნიშვნელობა, ძვირფასი ხდება სიცოცხლე და სიცოცხლის წარმავალობა, რადგან მუსიკა ჟღერს, ტრაგედია გრძელდება და მუსიკის მსგავსად უსასრულოდ უბრუნდება თავის სათავეს, თუმცა სათავე არ გააჩნია, ეს უბრალოდ წრეხაზია, მარადიული დაბრუნების წრეხაზი. ის რხევები, რომლებმაც ამ ბგერების გაჩენა განაპირობეს, აუცილებლად განმეორდებიან და მათთან ერთად განმეორდება დომინოს პრინციპიც, __ არა ჩვენი სახელებით, არა იმით რაც ჭეშმარიტება გვეგონა, რადგანაც ვფლობდით მას, არამედ იმით რაც ჩვენს ძალისხმევასთან, ჩვენს მებრძოლ სულთან იყო დაკავშირებული, დაკავშირებული იყო ჩვენი სულის სისუფთავესთან.
        მუსიკა არ იკარგება, იგი ყოველთვის ბრუნდება, ბრუნდება იმიტომ რომ მოკვდეს, მოკვდეს იმიტომ რომ გაიჟღეროს.

                          " შევდივარ სასახლეში.
                    წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშრად მივარდნილ კედლებით
                            ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
                    აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის
                                                                                                          ეტლებით,
                            ჰაერი სიკვდილით დაფარეს..."

          დომინოს გამოყენება მარტივია: ჩაიცვი და გაიკეთე ნიღაბი, რათა დამალო სულის სიშიშვლე, რათა დამალო ტრაგედია, რათა დამალო სიკვდილი, დაიხშო ყურები მკვდრადშობილ მუზით და სინდისის მაგივრად გწიწკნიდეს ბუზები. მკვდარი ხარ! მკვდარ ხარ! მკვდარი ხარ! და ამით, სიკვდილსაც ვერ ხედავ ამ შენი სასახლის. მერე რა, დაქრიხარ, ამ ტრასას მიჰყვები, მერე რა, რად ღირხარ? ხვალ აღარ იქნები...

                    "...წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშრად მივარდნილ კედლებით
                                ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:
                        აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის
                                                                                                            ეტლებით,

                          რომელთაც ჰაერი სიკვდილით დაფარეს,
                                      დარბაზში ისმოდა:
                                            დომინო!
                                            დომინო!
                                    გამოჩნდა დომინო".                                           
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს