ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2008


ხამსა და კოკა-კოლა( გაგრძელება)

                  კოკა-კოლა



  უხვმშობლიანი ბავშვობა ჰქონდა თემურ ცირეკიძეს, იგივე შურიკას. ალბათ მესამე კლასში იქნებოდა, როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. მამამ სხვა ქალი მოიყვანა, დედა კი სხვა კაცს წაყვა ცოლად და ერთმანეთის ჯინაზე პატარა შურიკას აიძულებდნენ რომ დედინაცვალისთვისაც დედა დაეძახა და მამინაცვალისთვისაც მამა. ასე რომ შურას ორი დედა და ორი მამა ჰყავდა, შესაბამისად ოთხი ბებია და ოთხი ბაბუა.
  შურა ბავშვობიდან მიხვდა რაოდენ მტკივნეული იყო სიმართლის თქმა. თუ კი ოჯახში ჰკითხავდნენ რომელი დედა ან რომელი მამა უფრო გიყვარსო, საკმარისი იყო სიმართლე ეთქვა, იმდენი ხელი მოხვდებოდა თავში, თვითონ იანგარიშეთ. გამოცდილება მიღებული, ამ კითხვაზე თავს ჩაწევდა და დაიწყებდა ზლუქუნს, მერე სათვალიდან ისეთი სახით ამოხედავდა კითხვის დამსმელ დედებს და მამებს, ბავშვს თავისი გაჭირვება არ ეყოფა და ჩვენ რაღას ვტკენთ გულსო აფიქრებინებდა. მაინც ყველაზე მეტად სკოლის მეექვსე კლასში აუხილა სათვალეებიანი თვალები სიმართლემ.
  სკოლაში “კარნავალი” ტარდებოდა და კლასის დამრიგებელმა ბავშვებს დაავალა რომ მათ მიერ წაკითხული მხატვრული ლიტერატურის ცნობილი გმირების ტანსაცმელში გამოწყობილიყვნენ, თანაც, ერთმანეთისთვის არ უნდა ეთქვათ რომელ გმირს ანსახიერებდნენ. მხოლოდ კარნავალზე უნდა გამოეცნოთ ვინ რომელი გმირი იყო.
  ვანიჩკა კაპანაძემ, დედამისის ექიმის ხალათი ჩაიცვა, თავზე ექიმის ქუდი დაიხურა, ჯიბეში “ფონენდოსკოპი” ჩაიდო, სიმინდის წვერები მიიწება, სათვალე გაიკეთა და წავიდა კარნავალზე “აიბოლიტი”.
  აჩუნია ნიჟარაძემ კი, მამამისის მილიციის ფორმა ჩაიცვა ლეიტენანტის “პაგონებით”, მერე მეზობელს, გრიშა ასათიანს ჩიბუხი ენათხოვრა და “შერლოკ-ჰოლმსი” წავიდა სკოლაში. მოკლედ, ვინც რა მოახერხა და რომელი გმირიც მოსწონდათ, იმ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები.
  შურიკამ კი მის მეზობელს, მოცეკვავე ავთოია ნიშნიანიძეს ჩოხა სთხოვა, რომელმაც ჯერ უარი უთხრა, მერე შეეცოდა და  ოსური ცეკვის თეთრი ჩოხა  მისცა, ოღონდ ქილების გარეშე, გამიტეხავო. ამაზეც დიდი მადლობელი იყო, რადგან მის საყვარელ გმირს აუცილებლად ჩოხა უნდა სცმოდა, თან დარწმუნებული იყო რომ მისი გმირი, გმირთა გმირი იყო და სკოლის კარნავალზე აუცილებლად ის გაიმარჯვებდა.
  ჩოხა მოირგო, ექვს მანეთიანი სპორტული რეიტუზი, რომელსაც მუხლის თავები ჰქონდა გამოშვერილი, ამოიცვა, ფეხზე ჩინური “დვამიაჩა” კედები ჩაიცვა, წელზე ერთ-ერთი ბაბუის ნაქონი სამხედრო ქამარი შემოირტყა, რომელზედაც წითელარმიელის ხუთქიმიანი ვარსკვლავი კიაფობდა, წელში კარნავალისთვის სპეციალურად მისი გამოთლილი ხის ხმალი გაირჭო, სარკეში ჩაიხედა, სათვალე გაწმინდა და გახარებული მისი საყვარელი გმირი მზად იყო სკოლაში წასასვლელად!
  სკოლის ეზოში  დირექტორი ვალოდია ხოტივარი შეეჩეხა. გაბადრული სახით, ჩოხაში ხის ხმალგარჭობილი, ჩინურ კედებიანი, ჩალისფერთმიანი და სათვალის ქვემოდან ამოხედული ელოდება შურიკა, კარნავალის ჟიურის თავმჯდომარის შეფასებას, რომელიც აუცილებლად უნდა მიმხვდარიყო გმირის ვინაობას.
- ცირეკიძე! რა არის ეს, რა გაცვია! - შეეკითხა გაოცებული დირექტორი.
შურამ იფიქრა ალბათ კარგად ვერ შემხედაო და უფრო მიუახლოვდა.
- კარნავალის ტანსაცმელი პატივცემულო. - უპასუხა სიხარულით.   
- კარნავალის როა ქე უყურებ მე! აბა სკოლაში რო მოხვიდე ასე, წაგიყვანდი წინწკილაზე (ფსიქიური საავადმყოფოა, ძალიან საშიში და მღელვარე ავადმყოფებისათვის.)
- მაინც რომელი გმირი ხარ? - დაინტერესდა დირექტორი.
- გიორგი ვარ სააკაძე! - ამაყად უპასუხა ჩინურ კედებიანმა გიორგი სააკაძემ.
  ამის გამგონე ხოტივარმა ისეთი სასტიკი სახე მიიღო, ალბათ შაჰ-აბასი რომ მიიღებდა სააკაძის ღალატის გაგებისას, მერე ისეთი შემოკრა შურიკას გაშლილი ხელი, ეროვნული გმირის გაპამპულავებისთვის, მთელი კლასი ორი დღე ეძებდა შურას სათვალეს. გალახული, შეურაცყოფილი და აღრიალებული სააკაძე, პეპელივით გარბოდა სკოლის ეზოდან.
- სკოლაში არ დაგინახო მოსული მშობლის გარეშე! - მიძახა დირექტორმა სააკაძეს.
  ამ ამბის მერე თემურ ცირეკიძე, საბოლოოდ დარწმუნდა რომ სიმართლისთვის შეიძლება კარგად გალახულიყო და ყველანაირად ცდილობდა რომ აღარავის არ გაელახა! ცხოვრების ამ დაუვიწყარ გაკვეთილს, დიდობაშიც ოსტატურად იყენებდა შურიკა.
  მართალია თვალში ისე ვერ იხედებოდა, როგორც ჯანმრთელი მხედველი მაგრამ ვანიჩკა კაპანაძის თქმით: მაგი ბიჭო ერთი კვირის გამოსახედს ერთ დღეში იხედებაო!..
  ქეიფი უყვარდა შურას! ეხლა უკვე უმუშევრად დარჩენილი, ყოფილი რესტორან “თოლიას” ხელმძღვანელი, (რესტორანიც ისტორიულ ადგილს შეეწირა) ისე ლამაზად გაქეიფებდა უფულოდ, ქუთაისის ნებისმიერ რესტორანში, გეგონებოდა მისი იყო რესტორანი. მერე კი უწევდა მევალეების მოთაფვლა და ეხლა იმათ აქეიფებდა. მოკლედ სუფრა და მევალეები არ აკლდა შურას დამოუკიდებელ ქუთაისში.
  თითქმის ერთ თვეზე მეტი იყო გასული ხამსას ამბის მერე, როცა ვანიჩკა კაპანაძე შემთხვევით შეხვდა შურიკას კინო “ქრონიკასთან”.
- ვა შურა?! სად ხარ ბიჭო სად დაიკარგე. - შეეკითხა ვანიჩკა.
- რა ვიცი, საქმეები მქონდა. - უპასუხა ძალიან საქმეებით დაკავებულმა.
- რა ქენი შე ჩემა, რა უქენი აჩუნიას არ გრცხვენია?
- რა უქენი?! - შეეკითხა ვითომ არაფრის მქნალი შურა.
- რა უქენი?! ვითომ არ იცი?
- რა უქენი?! - გამოიშტერა თავი შურამ.
- შურა!!! მორჩი ახლა და მითხარი რატომ გოუსკვაპარჭინე აჩუნიას?
- ნაწყენია? - გამოტყდა შურა ღიმილით.
- ნაწყენი კი არა, აბდუშაჰილივით გეძებდა ტყე-ტყე რო ენახე.. - მოგკლავდა
უნდოდა ეთქვა, მაგრამ ნაწვიმარი ლეღვი გაახსენდა და ის უთხრა.

- აუუ, მაგას რა შეირიგებს, თქვა ლეღვის ამბავის მოსმენისთანავე
მტკივნეულად შურამ.
-  რა და ქე იცი შენ რა! ბაზრის არაყი არ გამოვა, არც მაღაზიის, აუხსნა ვანიჩკამ.
                         
- აპა რა გამოვა? - იკითხა შერიგების სურვილით დაინტერესებულმა.
-  რა და ნატურალური ღვინო!
-  მერე სად ვიშოვო ნატური ღვინო? - ხმამაღლა იფიქრა შურამ.
- სადაც გინდა! თუ არა და ლეღვი! ლეღვი! - შეახსენა ვანიჩკამ.
- აუ გამახსენდა! კოსტიას აქ სუფთა ქაშერი!
-  რომელ კოსტიას?-  დაინტერესდა ვანიჩკა.
- კოსტიას ბიჭო, კოსტიას! ქე რო გალიფე შარვალივით აქ ლოყები იმას.
- კიწოიას? - მიხვდა ვანიჩკა.
- ჰო კიწოიას!
-  მერე, კიწოია მოგცემს ქაშერს? - შეეკითხა ვანიჩკა.
- მომცემს კი არა, თავის ჭურჭლიანათაც გამომატანს!!! - თქვა გახარებულმა სუფთა ღვინის პოვნით და ლეღვის ამბავს უკვე თითქმის გადარჩენილმა შურიკამ.
-  ვითომ რატომ მოგცემს!? თანაც ჭურჭლიანად. - დაინტერესდა ვანიჩკა.
-  რატო ბიჭო და კიწოია იყო ჩემთან მოსული, ვინმე თვალის ექიმბაშს ხომ არ იცნობო.
-  კიწოია თვითონ თვალის ექიმია და შენთან რა უნდოდა?
-  ბიჭო, “აჩკებით” დევიბადე და აპა ვისთან უნდა მისულიყო, მოკლედ თვალები ატკივდა  და... 
- კიწოია სხვებს მკურნალობს თვალებს, კაცმა რუსეთში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და თავის თვალებს ვერ უმკურნალა? - შეეკითხა ვანიჩკა.
-  რავა, რუსეთში ინსტიტუტ დამთავრებულს არ შეიძლება თვალები ეტკინოს? იმკურნალა თავისი გამოწერილი წამლებით და რო არ მოურჩა მერე მევიდა ჩემთან, ვინმე ექიმბაშს ხო არ იცნობ, ეგება მიშველოსო. ჰო და მე მყავდა სოფელ კვახჭირში ნაცნობი ექიმბაში მიტუშა, ძველი ტრაქტორისტი და იმასთან დამყავს სამკურნალოდ.
-  რით მკურნალობს? - დაინტერესდა თვითონაც ექიმად ნამუშევარი ვანიჩკა.
-  რით და კვერცხებს აფარებს თვალებზე, - მერე გაახსენდა მიტუშა ექიმბაშის წამალს ერთ კომპონენტს რომ აკლებდა და დაუმატა - მოხარშულს!
-  რა კვერცხებს? - დაინტერესდა ვანიჩკა, მის საექიმო პრაქტიკაში, პირველად მოსმენილი ახალი მკურნალობის მეთოდით.
-  რა და ჩემ კვერცხებს! ქათმის ბიჭო, ქათმის! ჰოდა იმის შიშით სადმე რო არ ვთქვა, კიწოია თვალის ექიმს, მიტუშა ექიმბაში დღეში სამჯერ კვერცხებს აფარებს თვალებზე თქვა, რავა ფიქრობ ღვინოს დამიკავებს?!
- ნაღდად არ დაგიკავებს! - დაეთანხმა ქაშერის სმის მოლოდინით, ნაწვიმარი ლეღვის ამბავს გადარჩენილ შურიკას, გახარებული ვანიჩკა. 
    აღარ გადადო შურამ შერიგების ამბავი და მეორე დღესვე გამოართვა კიწოიას ქაშერი ღვინო მისივე ჭურჭლით, მერე სასურსათო მაღაზიაში შეიარა რომელსაც შ.პ.ს. “ოთარი და დარეჯანი” ერქვა. სადაც შურა ხშირი სტუმარი იყო იმის გამო რომ ამ ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დარეჯანი მოსწონდა, რომელსაც შურიკას სიტყვებით თუ ვიტყვით, უკანონო მშენებლობასავით ჰქონდა მიდგმული ძუძუები.
    გამოართვა შურამ უკანონო მშენებლობის პატრონს, ერთი მთლიანი ძეხვი, ორი სოფელ ქვიტირის “ბუხანკა” პური, ერთი თავი ყველი, რა თქმა უნდა “პოსლეზე” და სასმელ-სანოვაგით ხელდამშვენებული წავიდა შესარიგებლად.
    ნიჟარაძეების ჭიშკართან შავი “ვოლგა” იდგა ანტენებით გაწყობილი. ალბათ თანამდებობის პირია სტუმრად, იფიქრა შურამ. მერე ჭიშკარში შევიდა და ეზოში აჩუნიას დის, ჟანას ერთ ოთახიან სახლში, რომელიც ბოსტანში აუშენეს ქალიშვილს, იქ შეჰყო თავი იმის გასაგებად, უდროო დროს ხომ არ იყო მისული. ჟანა რომელიც ყავაში ჩახედვით და კარტზე მარჩიელობით ირჩენდა თავს, ოთახში დახვდა შურას სარეცხის მოსახარში ჯოხით ხელში, მის გვერდზე კაცი იდგა, რომელსაც ალუმინის დიდი ქვაბი თავზე ჰქონდა ჩამოცმული ისე რომ სახე არ უჩანდა. კაცს ქვაბი სახელურებით ეჭირა, ქვაბზე კი ორი ანთებული სანთელი იყო დამაგრებული. ჟანა ქვაბიანი კაცის ირგვლივ დადიოდა და სარეცხის ჯოხს ენერგიულად უკაკუნებდა ქვაბს, თანაც რაღაცას ბუტბუტებდა, შურა მიხვდა რომ ჟანა, ჰალსტუხიან თანამდებობის პირს ეხმარებოდა ავი თვალის მოხსნაში. თვითონ შურას არ სჯეროდა ავი თვალის, რადგან მის თვალებს დიდ ლინზებიანი სათვალე იცავდა.
- აჩუნია სახლშია? - ჩუმად იკითხა შურამ. ჟანამ ისე რომ უკვე თითქმის დამფრთხალი ავი თვალი უკან არ მობრუნებულიყო თანამდებობის კაცთან, შურას პასუხი არ გასცა, მხოლოდ სარეცხის ჯოხით მიახვედრა რომ სახლშიაო. შურა, ჟანას სახლიდან გამოსული, ნიჟარაძეების მეორე სართულზე, აჩუნიას ოთახში შევიდა. ოთახში აჩუნია და გია კუხიანიძე ნარდს თამაშობდნენ, ვანიჩკა კაპანაძე კი რადიო “დამოუკიდებელი თეთრი ქვების” მუსიკალურ გვერდს უსმენდა.
- სალამი ბიჭებს! - მიესალმა შურა.- შურას გაუმარჯოს! - მიესალმენ ვანიჩკა და გია, აჩუნიამ კი ერთი ახედა შურას და ნარდის თამაში გააგრძელა.
- შურა რა არის ეს? - ჰკითხა ვანიჩკამ ხუთ ლიტრიან ღვინის ჭურჭელზე, ვითომ არ იცოდა.
- არაფერი ბიჭო, ერთმა ჩემმა ზესტაფონელმა ნაცნობმა მეღვინემ გამომიგზავნა სუფთა ციცქაა დაკუმპლული. - თქვა და ხუთლიტრიანი ღვინის ჭურჭელი ჟურნალების მაგიდაზე შემოდგა. - ვიფიქრე ბიჭებთან ერთად დავლევთქვა! -  ძეხვი პური და ყველი პარკიდან ამოიღო და ისიც მაგიდაზე დადო.
-  ჰე! დავანებოთ ახლა თამაშს თავი და საქმეს მივხედოთ! - ურჩია აჩუნიას გია კუხიანიძემ. ვანიჩკამ კი კარადიდან ჭიქა გადმოიღო, ჭურჭელს თავი მოხსნა და დაისხა ღვინო დასაჭაშნიკებლად.
- აუ რა ღვინოა! სუფთა ყურძნი წვენია. - თქვა მეჭაშნიკემ.
-  მერე ჩვენც გაგვასინჯე მარტო რო სვამ. - უსაყვედურა კუხიანიძემ. ვანიჩკამ გიას ღვინო ჩამოუსხა და მიაწოდა.
-  ჩვენ გაგვიმარჯოს! - თქვა კუხემ და წრუპუნით დალია. - მართლა მაგარი ღვინოა ძმაო! - ტუჩების წმენდით დაეთანხმა ვანიჩკას.
-  აჩუ დალიე, ნახე რა არის?! - სავსე ჭიქა მიაწოდა ვანიჩკამ. აჩუნიამ ჭიქა გამოართვა, გაგვიმარჯოსო თქვა და დალია. სუნთქვა შეკრული ელოდება შურიკა აჩუნიას, მერე აჩუმ ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო და... დაჯექი სკამზე რა ფეხზე დგახარ! - უთხრა შურას. ეს უკვე ნაწვიმარი ლეღვის ამბავის დასასრული იყო.
  შურა სკამზე დაჯდა, ვანიჩკამ პური და ყველი დაჭრა, კუხემ ძეხვი, აჩუნიამ კი ღვინო ჩამოასხა, შესვეს ახალი წლის მოახლოვების სადღეგრძელო, მერე მშობლების, მერე საძმაკაცოს, მერე ქუთაისის, ხამსას აღარ იხსენებდნენ! ხამსა უკვე წარსულია! რაც იყო იყო!
- აჩუ სიგარეტი მომაწევინე. - თხოვა ვანიჩკამ აჩუნიას, სიგარეტი გათავებულიყო.
- მეიცა ჩავალ და ამევიტან. -  თქვა არჩილმა. ფეხზე ადგა და სიგარეტის მოსატანად გავიდა.ნიჟარაძეების სახლის წინ ჯიხური იყო, სადაც აჩუმ ორი თევზის კონსერვი, ოთხი ბოთლი კოკა-კოლა და ოთხი კოლოფი უფილტრო სიგარეტი იყიდა. არჩილი მალე დაბრუნდა, სუფრას თევზის კონსერვი შემატა, კოკა-კოლა და სიგარეტი კი ყველას ჩამოურიგა.

    ფირმა კოკა-კოლა, გრანდიოზულ გათამაშებას აწყობდა პირველად        საქართველოში, სარეკლამო დაფებით იყო მოფენილი მთელი საქართველო. ქუთაისშიც შემოაღწია კოკა-კოლას წითელმა ფერებმა. თამაშდებოდა: ბურთები, მაისურები, ფოტოაპარატები, კეპები კოკა-კოლას წარწერით და აგრეთვე თამაშდებოდა ასი ათასი კოკა-კოლას ბოთლი. სუფრაზე ყველამ გახსნა თავისი კუთვნილი ბოთლი და შეამოწმა თავსახურები, მოგების იმედით.
- მეიგეთ რამე? - იკითხა ვანიჩკა კაპანაძემ.
- რას მგაგებინებენ ბიჭო რამეს! ბურთი მაინც მემეგო, ბოვშს გოუხარდებოდა, ფეხბურთზე დადის და ბუშტით ვარჯიშობს სახლში! - თქვა კუხემ.
- შენ ამოგივიდა რამე? - ეხლა აჩუნის ჰკითხეს, - არაფერი მაგათი...…აუ, ვინც ასი ათას ბოთლს მეიგებს ხო აშენდება. - თქვა აჩუმ.
- შურა, შენ ამოგივიდა რამე? - ეხლა შურას ჰკითხეს, შურამ ბოთლის 
სახურავი სათვალეზე მიიდო, ჩააშტერდა და... გაფითრებული სახით, ისედაც თეთრი იყო გაფითრებას ვერ შეამჩნევდნენ, ძლივს ამოღერღა არაფერიო. ერთი სადღეგრძელოს მერე მოიბოდიშა ტუალეტში გავალო და ჭიშკრისკენ წავიდა. ქუჩაში გამოსულმა, ბოთლის თავსახური ჯიბიდან ამოიღო ისევ სათვალეზე მიიდო, თავსახურში არც ბურთი, არც ფოტო აპარატი, არც მაისური და კეპი არ ეხატა, ეხატა კოკა-კოლას ბოთლი და ეწერა მ ო გ ე ბ ა! ეს იყო ასი ათას ბოთლიანი სუპერპრიზი! რომლის რეკლამებმა ორი დღეა გადაჭრელა მთელი ქუთაისი. ეს არის ის, როდესაც თვით მაღალი ღმერთი ასაჩუქრებს მის რჩეულს.
ასიათასი ბოთლი, ბოთლი ოთხმოცი თეთრი, გამრავლებული ასიათასზე, ეს ხომ ოთხმოცი ათასი ლარია! იფიქრა შურამ, მერე ჰაერში აიწია და... ეხლა საითაც უნდა იქეთ გაფრინდება!
    შურა იქვე “პეტრე პავლოვის” ეკლესიაში შეფრინდა, მღვდელს ლარიანი სანთელი გამოართვა “პოსლეზე”, მადლობა უთხრა უფალს მეორედ გაჩენისთვის და სახლისკენ გაფრინდა. ბიჭებმა კი ღვინის სმა გააგრძელეს, შურა რომ აღარ გამოჩნდა, იფიქრეს ალბათ სახლში წავიდაო, იცოდნენ  “მალალიტრაჟკა” რომ იყო და არ გაკვირვებიათ, უფრო მეტი ციცქის ქაშერი დარჩებოდათ დასალევად. სახლამდე შურა მის საყვარელ მაღაზია შ.პ.ს. “ოთარი და დარეჯანში” შეფრინდა.
- რა იყო თემო, ასე უცებ იქეიფე? - შეეკითხა უკანონო მშენებლობის პატრონი, რომელიც შურას მის დაბადების სახელს ეძახდა.
- არა დაჯი! სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ძმაკაცი რომ მყავს თბილისში მიხაილოვიჩი, ბევრჯერ მაქ მოყოლილი, იმან დამირეკა და მთხოვა, გაიგე ერთი ქუთაისში ორმოცდაათ თეთრად კოკა-კოლას ბოთლს ხო ჩაიბარებენო.
-  “ლევი” ხო არაა ბიჭო? - შეეკითხა დაჯია.
- არა გოგო, მიხაილოვიჩი ლევს იკადრებს? მე უნდა რო მომეხმაროს და... ისე რამდენს ჩაიბარებ რო რამე იყოს?! - საქმეზე გადავიდა ხედვა მოკლებული მაგრამ ყნოსვა განვითარებული შურა.
- ორმოცდაათ თეთრს იმწუთშივე გაგისტუმრებ რამდენსაც მოიტან.
ეს იყო დღეს პატარა მაგრამ მეორე სასიხარულო ამბავი, საოცრება ხდება, ბედს გავახსენდი – იფიქრა შურამ.
- ხო ყველა მაღაზია ჩაიბარებს? - გადაამოწმა ბაზარი მარკეტოლოგმა.
- მაგ ფასად ყველა, რა თქმა უნდა! - უკვე მესამედ გაახარა ბედმა შურა. მეტ სიხარულს გული ვეღარ გაუძლებდა, დარეჯანს დაემშვიდობა და სახლში გაფრინდა.
  ეზოში შეფრენილმა, ბებიამისი ანეტა დაინახა, სარეცხს ხსნიდა თოკიდან.
- ბებია, მეიტანე გრეჩიხა ბოვშიზა? - შეეკითხა ანეტა რომელი მისი უმცროსი ბიჭის კვებაზე ჰყავდათ მიმაგრებული.
- გრეჩიხაც მევიტანე ბებია და შემწვარი გოჭიც!
- მერე სად გაქ ბებია, ხელში რო არ გიჭირავს? - დაკვირდა ანეტა შურას.
- სად მაქ და ჯიბეში!
- ჯიბით მოტანილი გრეჩიხა ეყოფა თამაზიას?
- ანეტა! ნუ ბჟუტურობ, სახლში შემოდი დროზე. – უთხრა კარებთან მისულმა. მერე შორენა, შორენას ძახილით ოთახებში დაიწყო ცოლის ძებნა.
- რა იყო თემური? – შემოესმა მეუღლის ხმა.
- შორენა! სასწრაფოდ ჩემთან მოდით მთელი ოჯახი! – გასცა ბრძანება შურამ.
- სასწრაფოდ რატომ? – შეეკითხა შორენა.
- გააკეთე რასაც გეუბნები! – ხმას აუწია შურამ
- რა მოხდა ბიჭო?
- ყველა კარები დაკეტეთ! 
- ამოიღე ხმა, რა ხდება! – შეშინდა შორენა.
- მევიდა!! – თქვა შურამ.
- რა მევიდა?? 
- შორენა, შორენა, როგორც იქნა მევიდა! – ისევ გაიმეორა შურამ
- აუუ, ეს ნასვამია და “ბელაია გარიაჩკამ” მოაკითხა. – თქვა დივანზე წამოწოლილმა უფროსმა ბიჭმა რამაზიმ.
შურამ რამაზის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია.
- ბედი გვესტუმრა შორენა, ბედი!!
- მერე ბედი თუ გვესტუმრა, კარებს რატომ გვაკეტიებ? – არ ჩერდებოდა რამაზი.
- რა ბედი, გაგვაგებინე რა ხდება თემური! – ვერ გაერკვა შორენა.
- მევიგე! კოკა-კოლას სუპერ პრიზი ასიათასი ბოთლი, ეს იგივეა რაც ოთხმოცი ათასი ლარი! – როგორც იქნა თქვა შურამ. მერე ჯიბიდან კოკაკოლას მოგებული თავსახური ამოიღო და ოჯახს აჩვენა.
გაოცებული ათვალიერებდნენ ოჯახის წევრები პირველად ნანახ მოგებულ კოკა-კოლას თავსახურს. სიჩუმე    რამაზიმ დაარღვია.
- მამა, ხო მიყიდი “პერეხადიაში” კლასის ბ. მ. ვ.-ს? არ ღირს ძვირი.
- ჯერ რემონტი უნდა გავაკეთოთ. – თქვა შორენამ რომელიც ხელს არ უშვებდა თავსახურს.
- მე მამა “აკარდიონი” მინდა. – თქვა პატარა თამაზიმ.
- “შახმატზე” ტყვილა დამყავხარ შე შობელძაღლო? – გაუბრაზდა შურა, რომელიც დარწმუნებული იყო რომ პატარა თამზიკო  ჭადრაკის "ბოტვინიკი" იყო.
- მამა, ქეიფი ქე გიყვარს და რა უჭირს, უყიდე “აკარდიონი”, უფულოდ დაგიკრავს. – იხუმრა რამაზიმ.
- რამაზია! შენ “პერეხადიაში” კლასის ბ.მ.ვ. გინდა ხო? ჰოდა, თუ ჭკვიანად არ ილაპარაკებ, ქე ჩარჩები ფეხით მოსიარულეთა კლასში! მერე ბებიამისს მიუბრუნდა,
- ანეტა, შენ ფაიფურის კბილებს გაგიკეთებ. – უთხრა შურამ უკბილო ანეტას.
- ფაიფურის რათ მინდა ბიჭო, საინებს რო ვრეცხავ, ფაიფურის საინი თუ ხელიდან გამივარდა ხელათ  იფშვნება.
- მაშინ ისეთ რკინის კბილებს გაგიკეთებ, ლურსმნებს  ამოაძრობ პოლიდან!- გაამხნევა ბებია.
- ბებია, ფული დახარჯეთ ჭიჭოთ. – ურჩია ცხოვრება გამოვლილმა ანეტამ.
მთელი ღამე ჭიჭოთ ანგარიშობდნენ! დილით კი ნათესავის მანქანით და მეზობლის  “გრუზოვიკით”,  რომელსაც “პური” ეწერა მიადგნენ ქუთაისის კოკა- კოლას წარმომადგენლობას. ოფისში შურიკა და შორენა შევიდნენ.
- დირექტორი აქ არის? – იკითხა კოკა-კოლას წარმომადგენლობის უკვე ერთ-ერთმა მეწილემ.
- ჯერ არ მოსულა. მე  შემიძლია დაგეხმაროთ? – უთხრა ოფისის მენეჯერმა.
- თქვენ ვერ დამეხმარებით. – ისე თქვა  შურამ, მიახვედრა რომ მისი დონის არ იყო.
მალე დირექტორიც მოვიდა. ოფის-მენეჯერმა სტუმრები დირექტორის კაბინეტში შეიყვანა.
- გამარჯობათ. – მიესალმა დირექტორი.
- გაგიმარჯოთ. -  უპასუხა შურამ და შეთავაზების გარეშე ჩაჯდა სავარძელში. მერე შორენას ანიშნა შენც დაჯექიო, შორენა  დაემორჩილა კაბინეტის მენახევრეს.
- რით შემიძლია გემსახუროთ? – ძალად  გაღიმებული  სახით  შეეკითხა  დირექტორმა, რომელსაც  შურიკა და შორენა კონტროლის პალატის რევიზორები ეგონა.
- ჩვენ მოვიგეთ! – უპასუხა “მოწილემ” და შორენას  ანიშნა წილის დამადასტურებელი ნივთმტკიცება გადაეცა დირექტორისთვის. შორენამ  ბრძანება შეასრულა და საგანგებოდ ცხვირსახოცში გამოფსკვნილი კოკა-კოლას თავსახური მიაწოდა დირექტორს. დირექტორმა თავსახური კარგად დაათვალიერა და ...რევიზიას გადარჩენილმა, სერიოზული სახით  იკითხა:
- კი, მოიგეთ მაგრამ სადაც მოიგეთ იქ არ მოგცეს??
თურმე შურას ერთი ბოთლი კოკა-კოლა ჰქონია მოგებული...
ამის გამგონე შურას, რაც იქ დაემართა, გადმოცემა არ შემიძლია. როგორ გამოვიდნენ ოფისიდან,  არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ შორენა  მარტო გამოვიდა.

კოკა-კოლას ოფისის საწინააღმდეგო მხარეს კი მანქანაში ჩაყუჟული, მისთვის დამახასიათებელი ყიყინით  იხრჩობოდა  აჩუნია ნიჟარაძე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები