ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2009


ჩემი ლამაზი შვილი...

  იცი, შევეგუე თითქოს უშენობას.
  ჩვეულად, აივანზე ვიდექი და მივხვდი, რომ შევეგუე ამას.
  შევეგუე  ახლა რომ  მარტო ვარ ამ სამყაროში და, რომ ჩვენი ბინა ცარიელია შენგან.
  რომ იცე როგორ იზრდება ჩემი შვილი, როგორ მეფერება. როგორ ისწავლა ლაპარაკი და როგორ ცდილობდა დაეძახა ჩემთვის დედა. როგორ ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას და როგორ მეჭიდებოდა თითებით მე... ძალიან პატარა იყო...
  შენ გგავს, შენი თვალები აქვს, მწვანე და ღრმა...
  ჩემი ლამაზი შვილი..
  ხმაც შენი აქვს, დაბალი და თბილი, და სავსე, რაღაცნაირად. ყველა სიტყვით შენს თავს მახსენებს. თან ჯერ სულ პტარაა და ცდილობს დიდი იყოს...
  იცი როგორ იძინებს ჩემი შვილი?
  ერთი ხელი ლოყის ქვეს აქვს ამოდებული და მეორეთი ჩემი ხელი უჭირავს. ძალიან მშვიდად სუნთქავს და ზოგჯერ იღიმება, ოცნებისფერი გადაჰკრავს სახეზე. მთელ ღამეს ხანდახან მის ცქერაში ვატარებ. ფანჯრიდან შემოსული ქალაქის ღამის განათების მკრთალი სიყვითლე მის სახეს მინათებს...
  ისეთი ლამაზია ჩემი შვილი...
  ყოველ დილით ყელზე შემომაჭდობს ხელებს და თვალებს მიკოცნის, მაღვიძებს, მერე თმებს მიწეწავს და ერთობა. არ ესმის ჩემი ნამძინარევი "გეყოფა"...
  ერთხელ იცი რა გააკეთა, ჩემმა ძმამ ყვავილები მომიტანა ჩემი დაბადებისდღის წინა დღეს _" თამ, ხვალ არ მეცლება და დღეს გაჩუქებო, ხვალ გვინ შემოვივლი ალბათო". ჰოდა, მეორე დილით გავიხედე და ის ვარდები სულ დაეფურცლა და ოთახში მოეფანტა და მარტო ერთი ვარდით შუა საწოლზე მედგა. ისეთი საყვარელი იყო...
  _დე, ვარდის ფურცლებით მოგიქარგე ოცნების კაბაო.. გამაგიჟა ლამის.
  იცი როგორია ჩემი შვილი?
  იცი როგორ იცინის?თავს უკან გადაკიდებს და ლამის მთელი გული ამოიტანოს. ერთხელ ისე შემეშინდა, მივვარდი და მაგრად შევანჯღრიე. ნუ გეშინია, დეო.. მაშინ გავქვავდი.
  იცი როგორ ჭამს ჩემი შვილი?
ნელა და გემრიელად. სულ ასე იცის, დღეს რა მოგვცა ღმერთმა? და ბოლოს_ მადლობა ღმერთს და შენ, დე...
  იცი როგორ ლოცულობს ჩემი შვილი?
  ხატების წინ დგება და ნელა იწერს პირჯვარს. ჯერ მხოლოდ "მამაო ჩვენო" იცის და იესოს ლოცვა. ჯერ პატარაა.. დანარჩენს თავისი სიტყვებით.
  იცი რა უყვარს ჩემს შვილს?
  მე, დილა და ერთი ლამაზი პაწია გოგო. მისი ტოლია და ბაღში მასთან ერთად დადის. ნია ჰქვია, ნიავივით ნაზია და ძალიან ლამაზი და ცისფერი თვალები აქვს. ისეთი საყვარელია...
  იცი, შარშან ზაფხულს ბებოსთან ვისვენებდით სოფელში მე და ჩემი შვილი. მეზობელს თურმე ვარდების ბაღი ჰქონია. და  ერთ ღამესაც გამაღვიძა პატარა ხელებით და მითხრა, "ნახე, დე, რა ტკბილიაო"... ბულბული გალობდა. მერე ბებოს ეუბნებოდა დილით_ ბებეკა, წუხელ ბულბულმა იავნანა უმღერა ვარდებს,  მეც რომ მიმღეროდა დედაო.  იმის მერე ადვილად ვაძინებდი შუადღეზე, ღამით ბულბულს ვუსმინოთ-მეთქი. იმ ზაფხულს ყველა თბილი ღამე ბებოს აივანზე გავატარეთ ბულბულის მოსმენში. მხოლოდ გათენებისა ჩაეძინებოდა ჩემს მხარზე პატარას.
  ის იცი, რატომ ტირის ჩემი შვილი?
  იმიტომ, რომ ღამე ოთახში მნარტო დარჩენის ეშინია, იმიტომ, რომ წვიმის დროს ჭექა-ქუხილს ვერ იტანს, იმიტომ, რომ არ იცის როგორ ააწყოს დაშლილი სათამაშო, იმიტომ, რომ მე ყოველდღე სამსახურში მივდივარ, თითონ კი _ ბაღში. ტირის იმიტომ, რომ ეშინია იმ ბოროტი კაცის, მე რომ მატირებს ხოლმე.
  იცი, ჩემს შვილს ჰგონია, რომ ყველა მარგალიტი, რაც კი უნახავს, ჩემი ცრემლია და სულ მთხოვს, მეტი აღარ ვიტირო, თორემ სულ გამიყიდიან ჩემს მარგალიტებს.
  იცი, ჩემმა შვილმა სამყაროს მისი თვალებით ყურება მასწავლა...
  შენ კი, შენ კი... შენ უბრალოდ ადექი და წადი. იმიტომ, რომ შეგეშინდა შვილის, საკუთარი შვილის, რომელიც სიცოცხლეს ითხოვდა და აბა რა უნდა დაეშავებინა შენთვის?! უბრალოდ, ლაჩარი იყავი და მაგიტომ წადი.
  იცი, რომ მომკვდარიყავი, რომ მომკვდომოდი,  ისე ლამაზად, ისე ქალურად გიტირებდი.. შავს ვატარებდი და შენი ქვრივი ვიქნებოდი, ვიმარგალიტებდი შენს საფლავთან და თეთრად მოგიპენტავდი მიწას შენს გულზე, შვილს კი შენზე ვუამბობდი.
ახლა კი, ასეთს გაგკიცხავს მთელი კაცობრიობა, ჩემი და შენი მოდგმა და იქნებ მიხვდე, ხანდახან სიკვდილი უკეთესი გამოსავალია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები