ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 მაისი, 2009


უკვდავება

ერთ კაცზე მიამბეს, ისიც ჩემნაირად სამხედრო ყოფილა და ლექსებს წერდა. კარგი კაცი იყო ცხონებულიო,  დააყოლეს. თავის ოთახში, საწერ მაგიდასთან უპოვიათ... ხელში კალამი ეჭირა და მაგიდაზე კი ლექსი ტიროდა, ბოლო სტრიქონი აკლდა... რა სევდიანი დასასრულია... არა, ის კაცი საკმაოდ ხნიერი ყოფილა, ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყოლია,  მე ლექსი მქონდა მხედველობაში. ღმერთის განგებას ჩვენ რას გავუგებთ - ლექსს ბოლო სტრიქონად სიკვდილი მიუსაჯა, ავტორს კი - მარადიული ცხოვრება... მაშინვე გოგი გამახსენდა ცაბაძე... სცენა, გედის სიმღერა... ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ხელოვანმა, რა ბედნიერი ხალხი ყოფილა - ღმერთმა თავიანთი საყვარელი საქმით გააცილა იმ ქვეყნად, ჩვენ კი... ჩვენ მათ გარეშე ცხოვრება მოგვისაჯა.
ამ ამბის შემდეგ, რატომღაც, სიტყვა უკვდავების მნიშვნელობაზე ფიქრი ამეკვიატა. ბოლოს უკვდავება ორად გავყავი - სულიერი და უსულო. სულიერ უკვდავებაზე უკვე მოგახსენეთ, ხოლო უსულოზე ახლავე გიამბობთ.
წარმოიდგინეთ, ცხოვრობს ადამიანი, ჰყავს ცოლი, შვილები, მეგობრები, მოკლედ აქვს ყველაფერი ის, რაც ირგვლივ მყოფ საზოგადოებას მასზე ნორმალური ადამიანის სტატუსის მინიჭების საშუალებას აძლევს. ცხოვრობს და რაღაცის გამო ღმერთი მას უკვდავებას მიუსჯის... ეს სასჯელიც ამეკვიატა. ალბათ უსულ-გულოდ ცხოვრება დანაშაულად მიმაჩნია და იმიტომ... მიუსჯის და რა ხდება შემდეგ?! რა და მოევლინება იმ კაცს დრო ჯალათად, დაუხოცავს მეგობრებს, ახლობლებს, ცოლს. ამას არ აკმარებს და მერე შვილებზე გადავა, მერე შვილიშვილებზე... არა, თქვენ ამ ხალხზე ნუ იდარდებთ. მათ თავისი იცხოვრეს და უმეტესობა ბედნიერიც კი წავიდა, ალბათ, ამ ქვეყნიდან... მე ის კაცი მეცოდება, განა რა უნდა დაეშავებინა ამისთანა...
ლოდინი ყველაზე კარგად დროს ეხერხება,  ჰო და ისიც ჩაუსაფრდება ამ კაცს, დაუცდის, თუ როდის დაკარგავს სიცოცხლის ჟინს და აი მაშინ, ათი წლის, თუ ათი საუკუნის შემდეგ წაართმევს სულს, დატოვებს ასე ცარიელ-ტარიელს  თავის მარტოობასთან, აუტანელ უკვდავებასთან პირისპირ და სწორედ მაშინ დაიწყება სასჯელის მოხდა... რა უნდა თქვა ასეთ ადამაიანზე? ალბათ - უკვდავია, მაგრამ მოკვდაო, ხოლო იმათზე კი ვიზეც თავიდან მოგიყევით - მოკვდნენ, მაგრამ უკვდავნი არიანო...
ერთ წიგნზე ვმუშაობდით, უკვე ორი ტომი გამოვიდა, სამწუხაროდ მესამე ტომიც გახდა საჭირო, იმედია ისიც გამოვა... რატომ სამწუხაროდ? იმიტომ, რომ ამ წიგნში აფხაზეთში, ომის დროს დაღუპელი ბიჭების სურათები და ბიოგრაფიებია და ორმა ტომმა ისინი ვერ დაიტია... წიგნს  სწორედ რომ „უკვდავება” ჰქვია. მე და ჩემი ახლობლები ხშირად ვფურცლავთ ამ წიგნს, იმიტომ, რომ ამ „უკვდავებაში” ბევრი ჩვენი მეგობარიცაა...
ეჰ რას იზამ, დრო მიდის, წინ მიგვერეკება - გაიარეთ, გაიარეთ, ცხოვრება გრძელდებაო - გვიძახის, მაგრამ მე ამ ბოლო დროს, რატომღაც, სიტყვა უკვდავების მნიშვნელობაზე ფიქრი ამეკვიატა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები