ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2009


ათი წუთი (არშემდგარი პროზა)

  ისევ ბანალურად იწყება დღე. მაღვიძარამ ისევ 07:30 დაიწყო კივილი და მეც უკვე მერამდენედ გადავწიე ათი წუთით, თუმცა, განა რამდენი ათი წუთია საათში? მოკლედ ბუზღუნით ავდექი, როგორც ყოველთვის მეძინება, არადა ეს დღეები ადრე ვიძინებ... სარკეში ვიყურები და... ,,ნეტა არ შეიძლება პირ დაუბანელი და თმა დაუვარცხნელი (არადა ჩემს თმას ჯერ-ჯერობით ვარცხნა არ სჭირდება) გასვლა?” რათქმა უნდა შეიძლება, მაგრამ... ,, უფ”  ჩავიქნიე ხელი და მზადებას შევუდექი, სადაცაა ბარნო დარეკავს, მეტყვის ათ წუთში გამოვალო, მერე ათ წუთში კიდევ რომ დარეკავს გამოვდივარო, მე ვეტყვი ჩაის ვსვამთქო, მერე კიდევ ათ წუთში ცხრაც გახდება და გავალთ...
  დღეს მელანქოლიურმა განწყობამ ამომიჩემა (თავი მომაბეზრა). ვიღიმები და ამდროს, ფეხზე მკიდია ეს ღიმილი, არ მეპიტნავება, მაგრამ უჟმურ გამომეტყველებას ხომ არ მივიღებ? ტეხავს, ახალგაზრდა გოგო ხარო, ესაო, ისაო, გამიჩმახებენ, კითხვებს მომაყრიან, პასუხები კი არ მაქვს.  მე რავიცი რატო ამომიჩემა? კითხონ ამომჩემებელს. ამაზე ფიქრიც მომბეზრდა.
  ე.წ. მარშუტკიდან ხალხს ვადევნებ თვალს. ,,უფ მომენატრა...” ვინ? მე ვინ აღარ მენატრება, სულ მენატრება რაც თავი მახსოვს და ახლაც რომ მომენატროს რა? არც არაფერი”. ჩემს თავს მე თვითონ ვპასუხობ. დღეს ბევრს ვფიქრობ, დავიღალე.
  მერე ფოთლებს ვაკვირდები როგორ წყდებიან ტოტებს და ნელ-ნელა ცვივიან... მამა მახსენდება... არ ვიცი რატომ... (ან ვიცი...) ისე ჩამოვდივარ გაჩერებაზე და შევდივარ სკოლაში, რომ ზარის დარეკვამდე ვერ ვხვდები. რაზე ვფიქრობდი? არვიცი...
  ხატიას მუსიკის მასწავლებელმა ამაყუდა მოსწავლესავით და შენიშვნა მომცა, ნოტები არ იცოდაო. გავბრაზდი, მოვიღუშე, ჩემს აწურულ დას დავუბღვირე და ,,შემდეგზე ეცოდინებამეთქი” ვუპასუხე. ხატია ცუციკივით ჩუმად მომდევს უკან და თვალებს “ყვლეპავს” როგორც სჩვევია, ელოდება როდის დავტუქსავ.
-რატომ არ იცოდი?
-ვიცოდი
-რატომ ვერ უპასუხე აბა?
-........
-პიანინოსთან გსვამთ?
-არა
-აბა ზეპირად უნდა გცოდნოდა?
-ხო
-მერე რა უნდა მაგას? დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. – გამოვიდე თავი, თითქოს და ამის იქით ვიცოდე რამე...
-ეგ ვიცი
-აბა რაღა უნდა?
-წერით
-ნოტები?
-ხო, წიგნში ხატია და უნდა დავუხატოთ დაფაზე
  ახლა უკვე მასწავლებელზე ვბრაზდები, ნახატებით ნოტების სწავლა არ გამიგია, (ისე ნოტებს ვერც მე ვიტანდი დასანახად ბავშვობაში, ფუუუუუ), “უბერავს ამის მასწავლებელი” ვფიქრობ და მეღიმება, მაგრამ:
- ხოდა დაჯდები, ისწავლი და ჩააბარებ
- .................
(რა ვქნა მოვალე ვარ ვიზრუნო მის სწორად აღზრდაზე ). კლასელი წამოგვეწია და ჩუმად გააბეს ჭორაობა (ამათ რაღა საიდუმლო აქვთ ნეტა) ვუსმენ...
- ხატი ნახე ნინომ რა მეთოდი მოიგონა? ლამის იტირა გუკასთან არ დამსვაო, ეგრე მეც კი არ მინდა სანდროსთან ჯდომა, მაგრამ... იმ შტერ დათოს კი ჯობია...
  მეცინება, თავს ვიკავებ და აღარ ვაგრძელებ ჯაშუშობას, ესეც მომბეზრდა.
კორპუსის წინ გიჟ იუზას ვათვალიერებ. ( ყველა გიჟს ეძახის, არადა ჩემი აზრით გიჟი სულაც არაა, უბრალოდ აფრენს საკაიფოდ, როგორც ყველა, მაგრამ მაინცდამაინც ამისი რატომ ჩანს არვიცი...) არ ზის, ე.ი. ლიფტით არავინ დამემგზავრება, (რაქნას უყვარს ლიფტით კატაობა, აშავებს რამეს ვითომ? დიდი ამბავი, ვიღაცას შოკოლადის ნაყინი უყვარს).
  სახლი. მიყვარს სახლი. კომპს ვრთავ, იქნებ გამომიკეთდეს ხასიათი, თან ვფიქრობ, ნეტა გოგა ჩემი ე.წ. მეუღლე სახლში ეგდოს და სოფელში არ იყოს წათრეული ცოლ-შვილთან ერთად, თორე კარგად მეყოლე ინტერნეტო... (ჩემი აზრით კი ეს კაცი ავადმყოფია, უცნაური ფობიითაა შეპყრობილი, სახლიდან როცა გადის, თუნდაც 5 წუთით, აუცილებლად თიშავს ინტერნეტს დენცკვიტადან, მეკიდე კაი ცოლივით ველოდები როდის მოეთრევა სახლშიდა ჩართავს. ისე, რაქნას ამანაც, ეშინია პაჟარი არ გაჩნდეს, რადგან დენცქვიტა უცნაურ ხმებს გამოსცემს თურმე ამ ბოლო დროს...რა გინდა რო ქნა? ვერაფერს იზამ... )
  ინტერნეტი მაქვს, მაგრამ ესეც მბეზრდება და ვწერ. რა იბოდიალეო, არავინ მკითხოს, უბრალოდ მელანქოლიამ ამომიჩემა და გადავწყვიტე მე თქვენ ამომეჩემებინეთ. არშემდგარი აბსურდული პროზები მაინც მოდაშია და... ეჰ, წავალ ახლა ყავას ვიყიდი, იქნებ გამიმართლოს და იუზაც დამემგზავროს. გაიხარებს, ლიფტით რომ გაიკატავებს ცოტას. რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის... მით უფრო გიჟს... არ ჯობია გიჟი გერქვას? დილით თმაგაწეწილი, პირ დაუბანელი გამოხვალ უპრობლემოდ და ათი წუთითაც გაიხანგრძლივებ ძილს...

უფ, არადა წერაც მომბეზრდა... დღეს აშკარად მელანქოლიურ განწყობაზე ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები