ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
1 ივნისი, 2009


სიზმრის ქვეყანა (თავი მეექვსე)


                      თავი მეექვსე


მალე ბაყბაყდევის დიდი გალავანიც გამოჩნდა. აი, სასახლეც. ჭიშკართან მოხუცი ბაბუ და ბებო იდგნენ. ბაყბაყდევი, რატომღაც შუაში ჩაეყენებინათ და ბავშვებს ხელს უქნევდნენ.
- ჩქარა, ჩქარა, - ნამტირალევი ხმით ყვიროდა დევი. - ყველანი ძირს დაეშვნენ. ინაინამ ალმასის ბურთულა ამოიღო და დამხვდურებს ფეხებთან მიუგორა. ის, რაც შემდეგ მოხდა ყველასათვის გასაკვირი, უფრო სწორედ გაურკვეველი აღმოჩნდა. ბაბუ, რომელიც თავის უზარმაზარ წვერში იყო გახვეული, ჩვეულებრივ, ძალიან ელეგანტურ, ლურჯ კოსტუმში გამოწყობილ, სიმპათიურ მამაკაცად მოგვევლინა. ბებო კი, სასიამოვნო შესახედაობის, სანდომიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მორცხვად იღიმოდა.
- ძალიან სასაცილო ვიყავი? რაღა მე ჩამაგდეს ასეთ დღეში. - ჩვენი კეთილი ბაყბაყდევი კი, პატარა ბიჭუნა აღმოჩნდა, არა მგონია ასაკით აკაროსზე უფროსი ყოფილიყო.
- მე მანონი ვარ, ეს ჩემი მეუღლეა. ეს კიდევ ჩვენი ვაჟი. - გააცნო ქალმა თავისი ოჯახი.
- მე, ძალიან მომწონდა ბაყბაყდევობა, უბრალოდ ცოტა მოწყენილი ვიყავი. ვერავისთან ვთამაშობდი. ერთადერთი, ქვის კაცებს ვესაუბრებოდი საათობით, ისინი კი მიყურებდნენ და ვერ მპასუხობდნენ, - განაცხადა ბიჭუნამ.
- ახლავე გავაცოცხლებ, ერთი ბურთულა კიდევ დამრჩა. - წამოიძახა გახარებულმა ინაინამ და გაიქცა ოთახისაკენ, სადაც ოქროს ხე იყო დარგული.
- ინაინა, გაჩერდი. კარი ბაყუჩამ გააღოს, (ასე ერქვა ყოფილ ბაყბაყდევს) ალმასის ბურთულა თვალდახუჭულმა შეაგორე. ადამიანის ხმებს რომ გაიგებ, თვალები მხოლოდ მაშინ გაახილე. - მიმართა ლილიამ გოგონას. -  თორემ შენც გაქვავდები, ჯადოს ძალა სრულად არ დაუკარგავს. - ბაყუჩა და ინაინა ოთახის კართან შეჩერდნენ, ბიჭუნამ კარი გამოაღო. თვალდახუჭულმა გოგონამ ბურთულა შეაგდო და იმავ წამს, ასობით ადამიანი ერთდროულად ალაპარაკდა.
ინაინა გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მათ. სულ მამაკაცები იყვნენ, სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებულად ჩაცმულნი. ზოგს მეფის ან უფლისწულის სამოსი ეცვა, ზოგს გლეხის, ზოგსაც მათხოვრის ძონძები უფარავდა სხეულს. ბევრი მათგანი ინაინასათვის უცნაურ ტანსაცმელში, ჯინსებსა და მაისურებში გამოწყობილიყვნენ., ყველანი ძვირფასეულობის მაძიებლები იყვნენ. მამაკაცები გოგონასაკენ შებრუნდნენ, უბრონისა არ იყოს, “გვეშველაო” წამოიძახეს და კარისაკენ გაემართნენ.
- დიდი მადლობა, პატარა გოგო. შეიძლება დადგეს დრო და ჩვენც გამოგადგეთ. - მამაკაცებს გარეთ ეჩქარებოდათ გასვლა. ზოგი წინ გარბოდა, ზოგიც თავს ხრიდა და ზრდილობიანად სხვას უთმობდა გზას. საბოლოოდ ოთახი დაცარიელდა და ინაინა და ბაყუჩა მარტო დარჩნენ.
- ინაინა შეხედე, ოქროს ხეს შეხედე, - წამოიძახა ბიჭმა
- შეიძლება შევხედო? არ გავქვავდები?
- უკვე შეიძლება. არანაირი ჯადო აღარ არსებობს. - ინაინამ თვალები გაახილა და ოქროს ხეს შეხედა. ოთახში ლილიაც შემოვიდა. დანარჩენებიც: აკაროსი, უბრონი, დრაგო და ბაყუჩას დედ-მამაც თან ახლდნენ.
- ლილია, რა ლამაზია არა ოქროს ხე, როგორ ბრწყინავს. - ლილიამ არაფერი უპასუხა. ინაინამ შეამჩნია, რომ გადიას ხელში ხუთი ალმასის ბურთულა ეჭირა. ლილია წინ წაიწია და ბურთულები ხეს შეაყარა. ალმასებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. უცებ ხე თითქოს გაცოცხლდა. ის რაც მეგობრებმა დაინახეს, ვერც ზღაპარში ნახავ და ვერც სინამდვილეში, ვერც ჯადოსნურ სკივრში იპოვნი და ვერც სიზმრის ქვეყანაში.
ოთახის კუთხეში ტოტებგაშლილი, პატარძალივით გაბრწყინებული და სასიძოსავით ამაყი ოქროს ხე იდგა. ტოტებზე უხვად ესხა თვალ-მარგალიტი. ფოთლები ზურმუხტისა ჰქონდა. იაგუნდის წითელი თვლები კი ლურჯ საფირონს თითქოს ეჯიბრებოდნენ: “მე უფრო ლამაზი ვარ, თუ შენო”. ყველაზე მორცხვად, სხვადასხვა ფერის მარგალიტები გამოიყურებოდნენ, მაგრამ მიუხედავად სისადავისა, სადედოფლო გვირგვინისათვის იყვნენ გამზადებულნი.
ინაინა და ბაყუჩა თვალებს არ უჯერებდნენ.
- ნეტავ ისევ სიზმრის ქვეყანაში ხომ არ ვართ? - იკითხა ხმადაბლა გოგონამ. ლილიამ გულიანად გაიცინა.
- არა, ჩემო საყვარლებო. ეს იყო ბოლო დავალება, რაც უნდა შემესრულებინა. ახლა ოქროს ხე თავის ადგილს, “სიზმრი ქვეყანას” დაუბრუნდება. ამის თქმა და ოქროს ხის გაქრობა ერთი იყო. ლილიამ შვებით ამოისუნთქა. ახლა შეგვიძლია სახლებისაკენ დავიძრათ.
- ინაინა, შეიძლება შენთან სტუმრად მოვიდე ხოლმე? - ჰკითხა უბრონმა გოგონას, - დრაგოსაც წამოვიყვან, მინდა შენი ვარდისფერი ოთახი ვნახო.
- მართლა დამხვდება ვარდისფერი ოთახი? - მუდარით სავსე თვალებით შეხედა ინაინამ ქალბატონ მანონს.
- რასაკვირველია დაგხვდება. ეს ჩემი კი არა, სიზმრის ქვეყნის დედოფლის საჩუქარია. - უპასუხა ქალმა.
- რა კარგია, მაშინ ჩემს დაბადების დღეზე, ყველას გეპატიჟებით. ერთ კვირაში ათი წლის ვხდები. - გოგონამ უბრონს თბილად გაუღიმა, ბაყუჩას თმებზე მოეფერა და ლილიას ჩაჰკიდა ხელი. - ჩვენ წავედით, მშობლები გველოდებიან. - შუაში ლილია, აქეთ-იქით კი ინაინა და აკაროსი ჩქარი ნაბიჯით გაუყვნენ გზას სასახლისაკენ.
- ლილია, აგვაფრინე რა, - სთხოვა აკაროსმა.
- აგაფრინოთ რა, ჩიტი კი არა ვარ. ზღაპრები დამთავრდა, ჩვენ სახლებში ვბრუნდებით.
- სახლებში თუ სახლში?
- ჰო სახლში, დაღლილობისაგან მეც სულ დავიბენი.
მალე სასახლეც გამოჩნდა. მეფე-დედოფალი აივანზე იდგნენ და ძალიან მშვიდად საუბრობდნენ.
- დიდხანს მოგიწიათ ხომ იცი სეირნობა, - საყვედურნარევი ხმით მიმართა დედოფალმა გადიასა და ბავშვებს. წადით, ივახშმეთ და დაიძინეთ.
- კი მაგრამ, ჩვენ ამდენი ვიმოგზაურეთ და ესენი ასე მშვიდად როგორ არიან? - გაუკვირდა ინაინას.
- სინამდვილეში მხოლოდ ერთი დღე გავიდა, ჩვენ ხომ ზღაპრულ ქვეყანაში ვიმყოფებოდით, იქ კი დრო სხვანაირად მიდის. აბა წავედით ინაინა, შენი ოთახი ვნახოთ. - გადია ბავშვებით გოგონას ოთახში შევიდა. ოთახი მართლაც თითქოს ვარდისფრად ანათებდა, მაგიდაზე ვარდისფერი კომპიუტერი იდგა. ეკრანიდან კი, სიზმრის დედოფალი უღიმოდა და ხელს უქნევდა. ინაინა აღტაცებას ვერ მალავდა.
- მეც ხომ მათამაშებ ხოლმე კომპიუტერზე? - როგორც იქნა ამოიღო ხმა აკაროსმა.
- შენ ვინ გასწავლა კომპიუტერზე თამაში? - ჰკითხა ლილიამ.
- ბაბუმ, იცი რა მაგარი თამაშები ვიცი? დისკებიც გამომატანა. - ლილიას გაეღიმა და თავი გადააქნია.
- გათამაშებ აბა რას ვიზამ. - უპასუხა დაიკომ, - თუ კარგად მოიქცევი რასაკვირველია. წამოდი ვივახშმოთ, თორემ ისე დავიღალე, ლამის ზეზეულად დამეძინოს.
ბავშვებმა ივახშმეს, დედმამას ძილი ნებისა უსურვეს და დასაძინებლად წავიდნენ. აკაროსმა სთხოვა ლილიას, “დღეს ინაინას ოთახში დავწვები, მეც მინდა ვარდისფერ ოთახში ძილიო”. გადია სიამოვნებით დათანხმდა და ბავშვები გვერდი-გვერდ დააწვინა. თვითონ იქვე სავარძელში ჩაჯდა. ხელში წიგნი ეჭირა, წიგნს ოქროს ასოებით ეწერა სათაური: “სკივრში ნაპოვნი ზღაპრები, (სიზმრის ქვეყანა)”.
ლილიამ წიგნი დახურა, ფეხაკრეფით წამოდგა, სხვენში ავიდა. დიდი, ძველებური სკივრი გახსნა, წიგნს ხელი გადაუსვა თითქოს მოეფერაო და ფრთხილად მოათავსა სხვა წიგნების გვერდით. “ცოტა ხანს დაისვენეთ, კიდევ მოგაკითხავთ”, - ჩაილაპარაკა თავისთვის. ფრთები გაისწორა და სიზმრის ქვეყნისაკენ გაფრინდა.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები