ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2009


თვალში გრძნობა ჩამივარდა

გუშინ თვალში გრძნობა ჩამივარდა, რა არ ვცადე, ორი თითიც კი ამოვისვი, მაგრამ ვერაფრით ამოვიღე. მითხრეს - თავი დაანებე, ეგრე თვალს უარესად გაიღიზიანებ, იყოს და დროთა განმავლობაში, ან ცრემლი ამორეცხავს, ან ორგანიზმი თვითონ მოერევა და გაიწოვსო.
არც კი ვიცი რა ვქნა, რომ გაიწოვოს და გულს არ მოეწონოს, ან ფიქრები მომიწამლოს?! ამორეცხოს და იქნებ ესაა რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.
მოკლედ ძალიან გამაწვალა, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერი სხვანაირი თვალით დავინახე. რაც მომწონდა, არ ვიცი აღარ მომწონს და გავღიზიანდე, თუ მოვეფერო და დავწყნარდები.
დამარიგეს შორს სივრცეს უყურე და თვალი დაგიმშვიდდებაო. ასეც მოვიქეცი, ჰოდა დავიკარგე. ჩავრჩი სადღაც უსასრულობაში. ერთი უბედურება არ მეყოფოდა?! ახლა სახლის გზასაც კი ვეღარ ვპოულობ. დავეხეტები ასე, გუშინდელის მერე და ყველას სათითაოდ ვეკითხები - გრძნობა ხომ არ დაგიკარგავთ, თვალში ჩამივარდა და მაწუხებს-მეთქი. ზოგს გიჟი ვგონივარ, ზოგს კი ვეცოდები.
ერთმა მითხრა - ნეტა მე ჩამვარდნოდაო. გამიკვირდა, ვკითხე - მერე და რომ არ მოგწონებოდა, მთელი ცხოვრება რომ დაეტანჯე. გაეცინა, თანაგრძნობით მომითათუნა მხარზე ხელი და წავიდა. მეც წავედი. სახლის გზას კი მივაგენი, მაგრამ სულ სხვა მხარეს წავედი. არ მინდოდა შინ ასეთი აფორიაქებული დავბრუნებულიყავი. ვიფიქრე, მე თუ ასე მაწვალებს, სხვას რომ გავუზიარო შევაწუხებ-მეთქი. ხალხს თვალს ვეღარ ვუსწორებდი, მრცხვენოდა - ამ ციცქნა ნაგლეჯმა რა მიყო და გზაზე დიდ გრძნობას რომ გადავყროდი...
ისევ ჩემებისკენ გამიწია გულმა. შინ რომ შევიხედე, ნაცნობი გარემო თითქოს მალამოსავით მომეცხო თვალზე. მესიამოვნა, იქაურობის სიყვარული გულში ჩავიხუტე, თვალებში სინათლე დამიბრუნდა, თითქოს აქამდე ბრმა ვიყავი, ირგვლივ მიმოვიხედე და მივხვდი, რომ აღარაფერი მაწუხებდა, ის უაზრო ტვირთი მომეხსნა და რაღაცისგან განვთავისუფლდი. ეიფორია დამეუფლა, გული ისე ამიძგერდა, რომ ლამის საგულედან ამოხტა. ის ჰორიზონტი გამახსენდა, სიცარიელეში ჩაკარგული რომ მივყვებოდი და რაღაცას ვეძებდი. აი, მაშინ კი მივხვდი, თუ რატომ მეგონა, რომ თვალში ჩამივარდა. თურმე ჩემს ირგვლივ ყოფილა, თანაც უკვე დიდი ხნის წინ ნაპოვნი და მე კი ვერ ვხედავდი.
ცრემლი წამსკდა და შევკრთი - არ ამომირეცხოს-მეთქი, გულმა კი ფანცქალით მითხრა - ნუ გეშინია უკვე რა ხანია ორგანიზმმა გაიწოვა და მე შევისისხლხორცეო. ეს მესიამოვნა და გულს დაწყნარება დავუწყე. გულმა პასუხად შემომიბღვირა - ბოლომდე ნუ ჩამაქრობ, თორემ დამეძინება და შენ ისევ გამეპარები, დაუწყებ ისევ რაღაცას ძებნას, მე კი ამდენს ვეღარ გავუძლებ, გავსკდები და მერე ვეღარაფერს მიშველიო...
ვიპოვნე თუმცა ნაპოვნი მქონდა, დავინახე ის, რაც სულ ჩემ თვალწინ ყოფილა, ვიგრძენი, თუმცა სულ ამას ვგრძნობდი, გულმაც გამიგო და მაპატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები